მთავარი » ქრისტიანობა

“ლოცვის არსი ღმერთთან კავშირია”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.04.2012 ერთი კომენტარი | 4,832 ნახვა

ღმერთმა ადამიანებს, სხვა ყველა ცოცხალი არსებისაგან განსხვავებით, აღმატებული მდგომარეობა და უნარ-ჩვევები მიანიჭა. გონებრივი და მეტყველების ნიჭის მეშვეობით ვცდილობთ, ვიმოქმედოთ და დავუკავშირდეთ გარე სამყაროს. გონებით ვაანალიზებთ და შემდეგ საუბარში გამოვხატავთ ჩვენს შინაგან დამოკიდებულებას, ფიქრებსა და სურვილებს. ლოცვის წიგნი ადამიანები კიდევ ერთ განსაკუთრებულ ნიჭს ფლობენ, მათ აქვთ უნარი, სურვილის შემთხვევაში, ლოცვის საშუალებით ღმერთს უხილავად დაუკავშირდნენ.

რა მნიშვნელობა აქვს ლოცვას და რა არის მისი მთავარი მიზანი? გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე:

“თითოეული ადამიანის ცხოვრებაში დამდგარა ის წუთები, როდესაც მას უხილავი, ზებუნებრივი, ყოვლისშემძლე არსებისადმი – ღმერთისადმი მიუმართავს თავისი ბაგეებით, ან უბრალოდ, თვალთა ზეაღპყრობით მაინც; როდესაც უცხო ძალის შეწევნის იმედიღა დარჩენია. ამ დროს გვავიწყდება ყველა სხვა სახის ცხოვრებისეული ტკივილი, პრობლემა, ჩანაფიქრი და მთელი ძალებით ვცდილობთ, თავი გადავირჩინოთ, თუმცა უმწეოები და უსუსურები ვართ ამ ბრძოლაში. იმდენად აშკარაა ჩვენი ეს სავალალო მდგომარეობა, რომ ერთი გზაღა დაგვრჩენია – დახმარება და იმედი უზენაესის, რომელიც არც ჩანს, არც გვინახავს, მაგრამ მაინც გვეიმედება ეს უხილავი ძალა და არსება.

ამას ჩვენ, ქრისტიანები, ლოცვას ვუწოდებთ, რასაც ამ შემთხვევაში წამიერი ხასიათი გააჩნია, თუმცა თითქმის მთლიანად ასახავს მის არსს: ადამიანი უძლურია და ძალას საჭიროებს, რომელსაც თავად ვერ ფლობს, რის გამოც იმისკენ მიიდრიკება, ვის მიერაც არის შექმნილი, როგორც უმწეო ბავშვი მშობლისაკენ. მიიღებს შველას და მადლიერია. ეს კი გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნაა. ლოცვის შესახებ ცოდნა იმას აქვს, ვისაც ცხოვრებაში მსგავსი რამ გადახდენია. გამოცდილება კი თხოვნის აღსრულების მეხსიერებაა. რაც უფრო ძლიერად, ხშირად და ხანგძლივად აღიბეჭდება მეხსიერებაში უფლის მიერ მიღებული წყალობა, მით მეტად გამოცდილია ადამიანი ლოცვაში.

თუმცა ხშირად ადამიანისა და ღმერთის ამგვარ ურთიერთობაზე ფიქრს სხვა გაგრძელება შეიძლება აღარც გააჩნდეს. ამის ერთადერთი პირობა კვლავაც განსაცდელი აღმოჩნდება ხოლმე. განსაცდელი კი კვლავაც ლოცვას გვაიძულებს. შემოქმედმა გაგვაჩინა, გვასაზრდოვა, გაგვზარდა და ახლა უნდა, რომ შეგვამკოს თავისი მადლით, მაგრამ ამაოდ. შობილმა მშობელს ზურგი შეაქცია. აღარ საჭიროებს უწინდებულ მზრუნველობას. განა თვითონ ვერ წარმართავს გზას, რომელიც მოსწონს? ვინ გადაეღობება თავისი მიზნების განხორციელების გზაზე? ქრება პირვანდელი ბუნებრივი კავშირი დამბადებელსა და დაბადებულს შორის. ამიტომაც ისღა დარჩენია მამას, რომ აიძულოს შვილი და ძალისმიერი გზით მიიყვანოს მშობლიური კერის სიახლოვეს. თუმცა ამ იდუმალ მყუდროებას არ სურს, იძულებით ჩაახშოს ამბოხებული სული. ფიქრობს, იქნებ გონს მოეგოს, ახლა მაინც!

ლოცვის მთავარი მიზეზი კი უმწეობის შემეცნებაა. თუკი ადამიანმა არ იგრძნო დახმარების საჭიროება, იგი შველას ღვთისაგან არ მოითხოვს. ე.ი. თუ არ არის განსაცდელი, არ ლოცულობს. ამიტომაც ზოგჯერ ადამიანებს ჰგონიათ, რომ მორწმუნეები ეკლესიაში სიარულითა და ბევრი ლოცვით ტყუილად დროს კარგავენ და ღმერთს აწუხებენ. “განა ყოველ წუთს განსაცდელი გვაქვს, რომ ასე ხშირად შევაწუხოთ ღმერთი?” ამგვარი შეკითხვა ხშირია. “ვინაიდან ისიც საკმარისი იქნება, თუ გაჭირვების დროს შევთხოვთ უფალს, რადგან მანამდე ყველას თავისი პირადი ცხოვრება აქვს და არ არის საჭირო ღმერთის ამგვარი უხეშად ჩარევა მასში.”

გაუგებარია ასეთი დამოკიდებულება. განა მშობელი წუხდება შვილთან ურთიერთობით?! განა რა ახარებს დედას შვილთან საუბარზე მეტად?! რატომ გვგონია, რომ ყოვლისშემძლე არსება წუხდება მისი შვილებისაგან?!

“ღმერთი არ წუხდება, შემიძლია მივმართო მას, როგორც მორწმუნეებს ჩვევიათ. თუმცა რა ვუთხრა და რის შესახებ ვესაუბრო მას? ეს კი ვეღარ გამიგია.” ეს არის კიდევ ერთი ზღვარი, რომელსაც ადამიანები თავად აღმართავენ ხოლმე. ამგვარ კედელს კი დაბრკოლება და მისგან გამომდინარე საჭიროება ანგრევს. უნდა გვახსოვდეს, რომ უფლისაგან დაშვებულ განსაცდელს კი არ უნდა დაველოდოთ, არამედ ამის გარეშეც უნდა განვიცდიდეთ შემოქმედთან ურთიერთობის გარკვეულ სურვილს.

მოვუსმინოთ წმიდა პავლე მოციქულს: “რა გაქვს, რაც არ მიგიღია?”(1კორ.4,7.) მართლაც, განა ჩემი დაბადება ჩემი ნება იყო? განა მშობლები და ნათესავები მე შევარჩიე? განა სამშობლო, რომლითაც ასე ვამაყობ, ჩემი შექმნილია? განა ჭკუა-გონება, იერი, ფიზიკური სიძლიერე, რითაც შეიძლება, რომ თავი მოვიწონო, ჩემ მიერ მოპოვებულია? განა რა წარმატება მაქვს ცხოვრებაში ისეთი, რასაც ღმერთის ჩარევის გარეშე მივაღწიე? მომცა, მივიღე და გამოვიყენე, მაგრამ რომ არა მისი მფარველობა, საერთოდ აღარ ვიქნებოდი, სხვა რომ აღარაფერი ვთქვა. “ხოლო თუ მიიღე, რად იკვეხნი, თითქოს არ მიგეღოს” (1კორ.4,7).

ამიტომაც მადლიერებით უნდა ვლოცულებდეთ უფლის მიმართ: დილით წინა მშვიდობიანი ღამისა და იმის გამო, რომ დაგვიცვას დღის განმავლობაში. საღამოს იმისათვის, რომ დაგვიფაროს დღისით და ღამე, რათა ახალი დილა გაგვითენდეს მეც და ჩემიანებსაც.

თურმე რამდენ რამეზე გვქონია სასაუბრო უფალთან, მაგრამ ეს ყველაფერი როდია?! ქრისტე ამბობს: “წყალობა მსურს და არა მსხვერპლი” (მათ.9,13). აღნიშნული სიტყვები იმაზე მიუთითებს, რომ მას ჩვენი დასჯა კი არა, დახმარება უნდა. “მაშ, იყავით სრულყოფილნი ისევე, როგორც თქვენი ზეციური მამაა სრულყოფილი” (მათ.5,48), – მოგვიწოდებს იესო ქრისტე. ადამიანის ცხოვრების უმთავრესი მიზანიც ეს უნდა იყოს. ამ სიტყვებზე შესაძლებელია საერთოდ არც გვიფიქრია. თუმცა რა უნდა იყოს იმაზე დიდებული, რომ შემოქმედს მივემსგავსოთ, ვიყოთ მასავით კეთილი, მოწყალე, მშვიდი, ძლიერი?!

ღმერთკაცმა – იესო ქრისტემ თავად იცხოვრა უცოდველად, რითაც ცხოვრების მაგალითი გვიჩვენა. როგორ მოახერხა მან ეს? აი, ამისი პასუხი: “კაცთაგან ეს შეუძლებელია, ხოლო ღვთისაგან ყოველივე შესაძლებელია” (მათ19,26). იგი ღმერთი იყო, მაგრამ ჩვენთვის განკაცდა, რის გამოც კაცობამ ღმერთივით უცოდველობა შეიძინა. ეს არის ქრისტიანული ცხოვრების გზა – ადამიანმა იცხოვროს ღვთაებრივი ენერგიით. უფალთან მიმსგავსებას პიროვნება კი მოახერხებს, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ისევ ღმერთთან ერთობით.

ამრიგად, ღმერთი სიყვარული და სიკეთეა. იგი ზრუნავს, რომ სიყვარული და სიკეთე ჩვენც ვიგრძნოთ და შევიძინოთ. ეს კი მხოლოდ მასთან ურთიერთობით არის შესაძლებელი. იგი ცდილობს ჩვენში შემოღწევას, მაგრამ მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული – შემოვუშვებთ კი მას? როცა მოვიცლით მისთვის, მაშინ ჩდება შანსი; რამდენადაც გავუღებთ გულის კარს, იმ ხარისხით დამკვიდრდება ჩვენში, ამიტომ გვეუბნება იგი: “ითხოვეთ და მოგეცემათო” (ლუკ.11,9).

ზოგიერთი კითხულობს: რატომ ლოცულობენ ამდენს მორწმუნენიო? გიპასუხებთ: ისინი ჩვენგან განსხვავებით ღმერთთან ურთიერთობისთვის ლოცულობენ. მათ ხომ მუდმივად სჭირდებათ იგი?! ვინაიდან მათი ბედნიერება, მშვიდობიანი ცხოვრება და ზნეობრივი სრულყოფა მათში ღვთაების არსებობით არის განპირობებული. ამიტომ ვისაც ღმერთის ერთგულების პრეტენზია აქვს, იგი მას გულით უნდა დაატარებდეს. აი, ეს არის ლოცვის მთავარი არსი – ღმერთთან კავშირი.”

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი