მთავარი » ქრისტიანობა

როგორ მოვემზადოთ ლოცვისთვის ისე, რომ გონება უცხო ფიქრებით არ გვქონდეს დაკავებული?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.03.2018 | 4,397 ნახვა

“ლოცვა არის ღმერთთან საიდუმლო კავშირი, ღვთის სიყვარულის გამოვლინება”

ადამიანები ლოცვის დროს ხშირად ვერთვებით მიწიერ ფიქრებსა და საზრუნავზე. ყურადღებას ვაქცევთ იმ დროს მოსულ აზრებს. ლოცვის კითხვას კი ხშირად ისე ვასრულებთ, ვერც ვაცნობიერებთ. როგორ მოვემზადოთ ლოცვისთვის ისე, რომ გონება უცხო ფიქრებით არ გვქონდეს დაკავებული? გვესაუბრება მღვდელი გიორგი ბედიაშვილი (წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური):

„ლოცვა მეტად მნიშვნელოვანი საკითხია მორწმუნე ქრისტიანის ცხოვრებაში. სანამ უშუალოდ კითხვას ვუპასუხებთ, საჭიროა ლოცვის შესახებ იმ ძირითად სწავლებას შევეხოთ, რისი ცოდნაც ყველა მორწმუნე ქრისტიანისათვის აუცილებელია. მამა გიორგი ბედიაშვილი როგორც ვიცით, ლოცვა არის ღმერთან საუბარი, ლოცვა (ანუ ღმერთან საუბარი) ვლინდება სამ ფორმაში. ესენია: სავედრებელი, სადიდებელი და სამადლობელი.
ძირითადად, ადამიანები სავედრებელი ფორმით მიმართავენ უფალს. მაშინ, როცა განსაცდელში არაიან. მაგრამ, როცა ადამიანი ძირითადად სადიდებელ და სამადლობელ ლოცვას აღავლენს, ეს უფრო ღრმა სულიერების ნიშანია, რადგან ადამიანი ღმერთს ყველაფრისთვის უნდა მადლობდეს და ადიდებდეს და არა მხოლოდ განსაცდელის ჟამს.

ლოცვის გამოხატულება არ არის მხოლოდ გარეგნული. ის შინაგანი სულიერი კავშირია ღმერთთან და თუ გულდასმით და წრფელად აღევლინება, ადამიანი დიდ ნუგეშსა და სიტკბოებას იღებს ღვთისაგან. წმ. მამები ლოცვას სათნოებათა ბუკეტს უწოდებენ. სახარების ერთ-ერთ ეპიზოდში, როცა მოციქულებმა ვერ განკურნეს ადამიანი, მათ მაცხოვარს ჰკითხეს, თუ რატომ ვერ შეძლეს მისი განკურნება. მაცხოვარმა უპასუხა: „ნათესავი ესე ბოროტი განიდევნება მხოლოდ ლოცვითა და მარხვით“. აქედან და სხვა მსგავსი ეპიზოდებიდან ჩანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ლოცვა.

ლოცვა არის ღმერთთან საიდუმლო კავშირი, ღვთის სიყვარულის გამოვლინება. ნებისმიერი ქრისტიანის საქმე უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდოს ლოცვით. ყოველი საქმის წინ უნდა გამოვითხოვოთ ლოცვა-კურთხევა ღვთისაგან, რამეთუ ადამიანი ყოველი კეთილი საქმის კეთებისთვის უძლურია, თუ ღვთისგან არ მიიღებს შეწევნას. ლოცვას ასკეტურ ლიტერატურაში ძალიან დიდი ადგილი ეთმობა, ასეთ ძლიერ სულიერ იარაღს, რა თქმა უნდა, ჰყავს მტერი, რომელიც კაცთა მოდგმის დასაღუპად იბრძვის, მაგრამ ადამიანს მტრად ჰყავს. ასევე, მისი შინაგანი დაცემული ბუნება და გარე სამყარო. ადამიანს ამ სამ ხელისშემშლელ გარემოებასთან უწევს ბრძოლა, სამივესთან ბრძოლის მეთოდი განსხვავებულია. ბოროტი ცდილობს მლოცველი მადლის მიღების ნაცვლად, ცოდვაში ჩააგდოს, მლოცველს ის მრავალ აზრს მიაწვდის, ეს იქნება წარსული ცხოვრება, მომავალზე ფიქრი თუ სხვადასხვა საზრუნავი, რომ მათი გონება ღმერთის გარდა, ნებისმიერ საგანზე გადაიტანოს და ადამიანი ლოცვას ისე ამთარებს, ვერც კი გაიგო რა ლოცვა წაიკითხა.

ამიტომ, მნიშვნელოვანია, ადამიანმა იცოდეს წმ. მამათა სწავლება ლოცვის შესახებ, თუ რა ბრძოლები ახლავს მას, ასევე როგორ ებრძოლოს ბოროტის ამ მზაკვრულ წინააღმდეგობას. გარემოება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ლოცვის დროს გარშემო უნდა იყოს სიმშვიდე, რომ გონება არ გაეფანტოს მლოცველს და ყურადღება არ გადაიტანოს მის გარშემო მყოფ ადამიანებსა თუ საგნებზე. ლოცვის დაწყებამდე, ადამიანმა უნდა გაიაზროს, რომ ის დგას ცოცხალი ღმერთის წინაშე, რომ ღმერთი ყველგან მყოფი და ყოვლის მხედველია. ასევე, ჰქონდეს უღირსების განცდა „განცდა თვისთა ცოდვათა“ და ილოცოს შემუსვრილი მდაბალი გულით, რომ სათნოეყოს ღმერთს.

ძალიან მნიშვნელოვანია, დილა-საღამოს ლოცვები, ასევე ფსალმუნთ გალობა, ეს მარტივი საქმე არ არის და ადამიანმა გამუდმებით თავი უნდა აიძულოს ლოცვისათვის, ებრძოლოს გონებაგაფანტულობას, სანამ ის ღვთის მადლით შედეგს არ ნახავს, სანამ ლოცვა არ გაშინაგანდება და სულს არ გაუთბობს და ლოცვა არა „ვალდებულებად“, არამედ – სულის სუნთქვად არ გადაიქცევა. თავის იძულება ლოცვისთვის ადამიანის ამღვრეულ სულს „ჩააყენებს კალაპოტში“. წმ. მამები გვირჩევენ, მთელი დღის განმავლობაში, შეძლებისდაგვარად, ვიმეოროთ მოკლე ლოცვები: „უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი“ და „მოწყალებისა კარი განგვიღე…“ – ამ მცირე ლოცვებს აქვს უდიდესი ძალა. წმ. პაისი ათონელი გვირჩევს, ლოცვის წინ წავიკითხოთ წმინდა მამათა ცხოვრება, მათი ღვაწლი ადამიანს ლოცვისთვის განაწყობს“.

როგორი გარემო უნდა შევქმნათ, რომ ჩვენი ლოცვა ნაყოფიერი იყოს?

გარემო უნდა იყოს მშვიდი და მყუდრო, სიმშვიდეში ხდება გონების მობილიზება და ლოცვის ნაყოფიერებაც, ამაზეა დამოკიდებული. ლოცვა, რომელიც გულს გაუთბობს ადამიანს და არა მხოლოდ გარეგნული ფორმით იქნება აღსრულებული. გარემო ყოველთვის ასეთია სასურველი, მაგრამ ერში მყოფი ადამიანი ყოველთვის ასეთ პირობას ვერ შეიქმნის. ამიტომ, ადამიანი უნდა ეცადოს, გულითა და გონებით აღვლენილი ლოცვა დაიმარხოს და მან თავის გული აქციოს მშვიდ და მყუდრო გარემოდ, რომ გარე მოვლენებმა ვერ მოახდინოს მასზე ზეგავლენა.

როგორ უნდა დავაღწიოთ თავი გონებაგაფანთულობას ლოცვისას?

გონებგაფანტულობისგან თავის დაღწევა ეს რთული თემაა და ადამიანი ვერ გადმოცემს ასე მარტივად ამ პროცესს. ის მრავალ რამეზეა დამოკიდებული. პირველი ის არის, რომ ადამიანი გამუდმებით უნდა ცდილობდეს გონებაგაფანტულობას თავი დააღწიოს და თავი მოიზღუდოს ამქვეყნიური ფიქრებისაგან. მისი მზერა და ფიქრი იყოს მიმართული ღვთისა და მარადიულობისკენ. თავი უნდა შეიკავოს ამაომეტყველებისგან და სხვისი განკითხვისგან. ლოცვის დროს, ადამიანმა უნდა გაიაზროს, რომ ის ესაუბრება სამყაროს შემოქმედს. ის დგას ცოცხალი ღმერთის წინაშე. თუ ადამიანი ამას გაიაზრებს, რა თქმა უნდა, ის ყველა ლოცვის დროს შეეცდება ყურადღებით იყოს და თითოეული წარმოთქმული სიტყვა გაიაზროს. გამუდმებით ასეთი ლოცვის შედეგად, დროთა განმავლობაში ადამიანი შეძლებს, შეძლებისდაგვარად, თავი დააღწიოს გონებაგაფანტულობას. ერში ეს მეტად რთული პროცესია, რადგან ამისთვის მნიშვნელოვანია, მშვიდი გარემო. წმ. მამები ლოცვაში წარმატების აუცილებელ პირობად ასახელებენ ასევე მღვიძარებას და მარხვას, ინდივიდუალურად, ადამიანის შესაძლებლობების ფარგლებში.

გვეთვლება თუ არაა ცოდვად უგულისყუროდ წაკითხული ლოცვა?

უგულისყურობა, რა თქმა უნდა, ცოდვაა. მით უმეტეს, თუ მას ღმერთის წინაშე ვიჩენთ. უგულისყურობა ნიშნავს, რომ ჩვენთვის (ვის ან რის მიმართაც ვიჩენთ უგულისყურობას) არ არის მნიშვნელოვანი და მხოლოდ გარეგნული გამოხატულებით ვიფარგლებით, არ გამოვხატათ არც პატივისცემასა და არც სიყვარულს იმის მიმართ, ვის წინაშეც ასეთ საქციელს ვავლენთ. ამიტომ არის ეს მდგომარეობა ცოდვა. თუ ადამიანი გონებაგაფანტულობას არ ებრძოლა და არ შეეცადა მისგან გათავისუფლებას, შეიძლება ითქვას, რომ ის სიცრუეში იმყოფებს თავს.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.