მთავარი » ქრისტიანობა

“ლოცვა არის ენა, რომლითაც შეგიძლია, ესაუბრო უფალს და სხვადასხვა წმიდანს”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.01.2015 | 2,431 ნახვა

დეკანოზი დავით დათუაშვილი (თბილისის წმ. მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია):”ლოცვის მნიშვნელობაზე უამრავი გამონათქვამი და აზრი არსებობს. ამაზე არ შევჩერდები. თუ დამეთანხმები, რომ შენში რწმენა არის, მაშინ ლოცვამ შენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაიჭიროს.

ლოცვა არის ენა, რომლითაც შეგიძლია, ესაუბრო უფალს და სხვადასხვა წმიდანს.

შვილო, ახლა გთხოვ, ყურადღებით იყო. დგება უმნიშვნელოვანესი მომენტი. მშვიდად წაიკითხე შენი პირველი ლოცვა:

“მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა. წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. ამინ.”

ეს, ჩემო საყვარელო შვილო, საუფლო ლოცვაა, რომლითაც განადიდებ სამყაროს შემოქმედს და შეევედრები მას, როგორც საკუთარი თავის, ისე ყოველი ადამიანის სულიერი და ხორციელი გადარჩენისათვის.

დილით როცა გაიღვიძებ, მადლობა შესწირე უფალს და ეს ლოცვა წარმოთქვი. ძილის წინ სიყვარულითა და რწმენით გადაუხადე მადლობა უფალს და ისევ ეს ლოცვა წაიკითხე. იცოდე, რამდენჯერაც წარმოთქვამს შენი ბაგენი ამ საოცარ ლოცვას, იმდენი ზეციური სანთელი აინთება შენი და შენი ოჯახის სახელზე.

შეიყვარე ლოცვა მთელი შენი გულით, მთელი შენი სულითა და მთელი შენი გონებით, რათა განგეღოს კარი უფლის განუსაზღვრელი სიყვარულისა.

აი, მეორე ლოცვა:

“უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი”.

ღვთის სიყვარულში შემოსულო ჩემო შვილო, დაისწავლე ეს, ერთი შეხედვით, მოკლე და უბრალო ლოცვა, რომელსაც უზარმაზარი ძალა გააჩნია. გილხინს თუ გიჭირს, მოგზაურობ თუ სახლში ხარ, სნეული ხარ თუ ჯანმრთელი, იმეორე ეს ლოცვა ხმამაღლა ან გულში და იცოდე, რომ თვით უფალი იესო ქრისტესგან მიიღებ სიმდაბლის მფარველ მანდილს, რომელიც უამრავი განსაცდელისაგან, სულიერი და ხორციელი გაჭირვებისაგან გიხსნის და თუ ამ ლოცვას რწმენითა და სიყვარულით წარმოთქვამ, იცოდე, შენი ნებით განაღებ გულის კარს და შენში შემოვა უფალი და მაცხოვარი შენი, იესო ქრისტე.
რწმენითა და სიყვარულით გაიმეორე ეს ლოცვა: “უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი”. დიდება უფალს!

მესამე ლოცვის დროც დადგა:

“მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი!”

ეს ლოცვა გულსა და სულს განგიწმენდს და თვალი აგეხილება შენ მიერ ჩადენილ ცოდვებზე. მაგრამ ასევე მიიღებ ნუგეშინისცემის მადლს და მიხვდები სიკეთის ქმნის საჭიროებას. დილით ადგომისთანავე, სწავლისა და საქმიანობის დაწყების წინ რწმენით წარმოთქვი და იმ დღეს შენი საქმენი კეთილად წარიმართებიან და სადაც არ უნდა იყო, სულიწმიდის მადლი შენთან იქნება.

გავა ხანი. მრავალჯერ იტყვი ამ ლოცვას. ერთ მშვენიერ დღეს კი გაგინათდება გონების თვალი და მიხვდები, რომ წმიდა ცხოვრებისაკენ სწრაფვა შენთვის ისევე აუცილებელია, როგორც ბავშვისათვის დედის რძე. ამ რძესავით შეგერგოს, შვილო, ამ ლოცვის მადლი!

დაბოლოს, ყოველთვის და ყოველდროს, როცა საშუალება გექნება, პირჯვარი გამოისახე და ეს ლოცვა წარმოთქვი:
“დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!”

ადიდე და ირწმუნე ყოვლადწმიდა სამების ღვთაებრივი სახე, როგორც ერთი მთლიანი ღმერთისა: მამა ღმერთისა, ძე ღმერთისა და სული წმიდისა.

მოვა დრო, როდესაც შენი რწმენა ეკლესიაში მიგიყვანს, ჩაწვდები ადამიანისათვის განცხადებულ ამ ღვთაებრივ საიდუმლოს და საკუთარი სურვილით გულმოდგინედ დაისწავლი მართლმადიდებელი ქრისტიანის სიმბოლოს – მრწამსს.
ღმერთმა ეს რწმენა განგიძლიეროს შენ და საქართველოში მცხოვრებ ყოველ ადამიანს, ამინ!”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი