მთავარი » ეკლესია-მონასტრები

ლიხაურის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.06.2021 | 509 ნახვა

ლიხაურის ეკლესია — ღვთისმშობლის სახელობის დარბაზული ეკლესია გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ლიხაურში მდებარეობს. ლიხაურის ეკლესიის კომპლექსი, რომელიც შედგება საკუთრივ ეკლესიის, სამრეკლოსა და გალავნისგან არის ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლი.

ლიხაურის ეკლესია ექვთიმე თაყაიშვილისა და დიმიტრი ბაქრძის აზრით აშენდა 1352 წელს გურიის მფლობელ კახაბერის დროს. ხელოვნებათმცოდნეების აზრით ტაძარი აგებული უნდა იყოს XIII საუკუნის მეორე ნახევარში. ამ პერიოდისთვის დამახასიაეთებელია წინა ეპოქის ოსტატობის დაქვეითება, ნაწილების მექანიკური დაქვემდებარება მთელისადმი. ეს ტენდენცია კარგად ჩანს ლიხაურის ეკლესიაშიც. ირღვევა ფასადთა გაფორმების კომპოზიციური სრულყოფა, ორნამენტები მკვეთრად გეომეტრიზებულია. მკვლევარ გია ჭანიშვილის აზრით ლიხაური მარუშან ვარდანისძის მიერ უნდა იყოს აშენებული, ხოლო კახაბერ გურიელს კი სტოა აუშენებია.

მოგვიანო პერიოდისაა ლიხაურის ეკლესიის სამხრეთ ფასადიც, რომელიც მორღვეულია და ქვითა და აგურით აღუდგენიათ. მასზე დატანებული სარკმლები გვიანი შუასაუკუნეების ტიპური ნიმუშებია და იდენტურია ასევე აღდგენილი ჯუმათის ეკლესიის სამხრეთ ფასადის სარკმლებისა. სავარაუდოდ, აღდგენითი სამუშაოები ჯუმათსა და ლიხაურში ერთსა და იმავე პირს უწარმოებია. აღდგენილითი სამუშაოები ჩაუტარებიათ გიორგი IV გურიელსა და დედოფალ ხვარამზეს.

1889-1932 წლებში ეკლესიაში მოღვაწეობდა და მისი უკანასკნელი წინამძღვარი იყო მგალობელი ნესტორ კონტრიძე. კონტრიძე ცხოვრობდა ეკლესიასთან ახლომდებარე სენაკში. მან მოუარა და შეინახა XI საუკუნის ლიხაურის სახარება, რომელიც 1890 წლის 21 მარტს შეაკაზმინა. სახარება დღეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის Q ფონდშია დაცული. სახარება გურიიდან თბილისში 1924 წელს აკაკი შანიძემ და შალვა ამირანაშვილმა წაიღეს. 1924 წელს კომუნისტებმა დაარბიეს ტაძარი და გაძარცვეს ძვირფასეულობისგან.

1989 წელს განხორციელდა ტაძრის და სამრეკლოს რესტავრაცია. 2010-11 წლებში ეკლესიის დამეწყრილ ტერიტორიაზე სამ ტერასად აშენდა 10 მეტრის სიმაღლისა და 23 მეტრის სიგრძის რკინა–ბეტონის საყრდენი კედელი აშენდა, რათა ძეგლი დაცული იყოს სტიქიური მოვლენენის დროს.

ეკლესია მდებარეობს სოფლის ცენტრში შემაღლებულ ბორცვზე. მის ირგვლივ სოფლის სასაფლაოა. ეკლესიის შენობა თლილი ქვითაა ნაშენი. ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა. იგი კვადრატის ფორმისაა, აღმოსავლეთ ნაწილში გარეთ განზიდული ხუთწახნაგიანი აბსიდით. აბსიდა ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას, დარბაზი კი – ერთსაფეხურზე. აბსიდის სამ წახნაგზე თითო თაღოვანი სარკმელია, რომლებიც საგულდაგულოდ არის მოჩუქურთმებული. ეკლესიას შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. დასავლეთიდან მიშენებული აქვს კარიბჭე, რომელიც მოგვიანებით უნდა იყოს მიდგმული. დასავლეთის კედელში ასევე გაჭრილია სარკმელი. მათ ორნამენტიანი და ლილვებით მოჩარჩოებული საპირეები აქვთ. ჩრდილოეთის კედელში გაკეთებული ერთი და სამხრეთის კედელში დატანებული ორი სარკმელი სწორკუთხაა და ისინიც ორნამენტული საპირითაა მოჩარჩოებული. ტაძარი დასრულებულია თაროსებრი ლავგარდნით. კარიბჭე დასავლეთის მხრიდან შეწყვილებული თაღითაა გახსნილი. ეკლესიას ეტყობა გადაკეთებათა კვალი. საშენ მასალად გამოყენებულია სხვადასხვა ზომის კარგად გათლილი, მონაცრისფრო კვადრები, სახურავისთვის კი – ორფერდა კრამიტი.

ეკლესიას იცავდა ქვის გალავანი, რომელშიც დატანებული იყო ოთხკუთხიანი სამრეკლო. ამჟამად გალავანი მხოლოდ ნაწილობრივაა შემორჩენილი ჩრდილოეთის მხრიდან.

ლიხაურის ეკლესია მთლიანად იყო მოხატული. ფრესკები მე-15-16 საუკუნეებით თარიღდება. ფრესკებიდან საინტერესო იყო ოთხი პორტრეტი ერისკაცებისა. ლიხაურის ფრესკები მოხატულობის განახლების საბაბით ჩამოფხიკეს 1990-იანი წლების პირველ ნახევარში და ტაძარი ხელახლა მოხატეს. მისი მძიმედ დაზიანებული ნარჩენები ინახება თბილისის სამხატვრო აკადემიაში და მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სტატუსი. მხატვრობიდან ტაძარში ამჟამად დარჩენილია მხოლოდ ორი: გარდამოხსნისა და და საფლავის გახნსის სცენები.

ტაძრის დასავლეთით დგას 1422 წლებში აშენებული სამრეკლო. ის იმავე ქვითაა ნაგები, რითაც ეკლესია — ბაცი ნაცრისფერი მაგარი ქვით. სამრეკლო წარმოადგენს ორსართულიან ნაგებობას. პირველი სართული დასავლეთ-აღმოსავლეთის ღერძზე თაღით გახსნილი კარიბჭეა, რომლის კედელშიც მეორე სართულზე ასასვლელი კიბეა დატანებული. ეს სართული, განსხვავებით მეორე სართულისგან, თავდაპირველი სახითაა შემორჩენილი. მეორე სართული გეგმით ოვალური რვათაღიანი ფანჩატურია, რომელშიც სამრეკლოა მოწყობილი. ნაგებობა დასრულებულია გუმბათისებური სახურავით. სამრეკლოს ხის სახურავი აქვს, რომელიც ოთხ, ძალზედ მახვილ ქვის სვეტს ეყრდნობა. მის ქვეშ ორი ზარია, რომლეთაგან ერთი ძველია თუჯისაა, უენო და უწარწერო. სამრეკლოს კედლების შიდა მხარე, ისევე როგორც ფასადი, მოპირკეთებულია თლილი ქვით. ინტერიერში ქვის დამუშავება უფრო უხეშია, ვიდრე გარედან.

მორთულობა პირველ სართულს ამკობს. ორივე ფასადი ყურძნის მტევნებისა და ხის ფოთლების სახეებით იყო მოჩუქურთმებული. გამოსახულებანი შემორჩენილი არ არის. სამრეკლოს ფასადებში ჩართულია ვერძის თავის ჰორელიეფი. დასავლეთის ფასადზე მოთავსებული ასომთავრული სამშენებლო წარწერის თანახმად, იგი 1422 წლით თარიღდება. წარწერიდან ჩანს ლიხაურის ძველი სახელწოდება რეხოელი. წარწერის შინაარსო შემდეგია:

ვიკიციტატა
„Ⴕ჻ ႰႨ჻ ႷႣ჻ ႼႭ჻ ႶႧႨႱ჻ ႫႸႭႡႤႪႭ჻ ႰႤႾႭႤႪႨႱႠႭ჻ ႸႤ჻ ႢႢႨ჻ ႢႳႰႪႨ჻ ႣႠ჻ ႣႣႭႴႠႪႨ჻ ႤႪႬႤ჻ ႠႫႨႬ჻ ႣႠ჻ ႱႬ.“

(ქორონიკონსა 110 ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო რეხოელისაო შეიწყალე გრიგოლ გურიელი და დედოფალი ელენე ამინ და კირილეისონ.)

1873 წელს დმიტრი ბაქრაძემ გურიაში მოგზაურობისას ლიხაურის 4 (წმიდა იაკობის, მაცხოვრის და ორი ღვთისმშობლის) ხატი აღწერა, ხოლო კონდაკოვი თავის ნაშრომში 7 ხატს აღწერს (დამატებით ტრიპტიქის ფრაგმენტებს).

1896 წლის დიმიტრი ერმაკოვის კატალოგში შეტანილია: ზარი მხედრული წარწერით, მაცხოვრის, წმინდა იაკობის, წმინდა გიორგისა და ღვთისმშობლის სამი ხატი.

1890 წლის ნაშრომში კონდაკოვი ერმაკოვის ხატების გვერდით ახსენებს კარედსაც, რომელიც იმ დროისათვის უკვე საკმაოდ შელახული იყო.

ეკლესიაში დაცული იყო XII საუკუნის წმიდა იაკობის ოქროს ხატი. ხატს აქვს წარწერა, რომელიც იხსენიებს მარუშიან ვარდანისძეს და მის მეუღლეს, სამძივართა ასულ ხათთას (ხათუთას). ღვთისმშობლის ხატის წარწერა იხსენიებს კახაბერ I გურიელს და ქორონიკონს 1352, საიდანაც ექვთიმე თაყაიშვილი ვარაუდობდა ტაძრის აგების თარიღს. ლიხაურის ხატებზე გამოკვეთილი წარწერები უძველესია გურიის ძველ წარწერებს შორის, რომლებიც გვხვდება შემოქმედში, ჯუმათში და ამ მხარის ზოგიერთ სხვა ეკლესიაში.

ლიხაურის ტაძარში აგრეთვე დაცული იყო მაცხოვრის XI საუკუნის ოქროს ხატი, მაცხოვრის მცირე ხატი ხის კუბოში, XII-XIII საუკუნეების ტრიპტიხი პეტრე და პავლე მოციქულებისა და მთავარანგელოზების გამოსახულებით. ლიხაურში ინახებოდა ორი ძველი ქართული ხელნაწერი: ტყავზე ნაწერი XI საუკუნის „ოთხთავი“ და „ჟამნი“. ლიხაურის სახარება 1890 წლის 21 მარტს შეაკაზმინა ტაძრის წინამძღვარმა ნესტორ კონტრიძემ. ოთხთავი დღეისთვის დაზიანებული და დაშლილია, აკლია გვერდები. ტექსტი ნუსხურია, დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის Q ფონდში.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი