"კონკურსები ლამის ერთადერთია, რაც ლიტერატურულ სივრცეში საინტერესო ხდება"ამბიონი "კონკურსები ლამის ერთადერთია, რაც ლიტერატურულ სივრცეში საინტერესო ხდება"
მთავარი » კულტურა

“კონკურსები ლამის ერთადერთია, რაც ლიტერატურულ სივრცეში საინტერესო ხდება”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.05.2010 3 კომენტარი | 2,724 ნახვა

თეა თოფურიათეა თოფურია პროფესიით ჟურნალისტია. ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა ახალ წელზე ლექსი დაწერა. ამის შემდეგ კი, თუ რამდენიმე ლექსს არ ჩავთვლით, სტუდენტობამდე არაფერი დაუწერია. დღეს ქალბატონი თეა ავტორია როგორც მოთხრობების, ისე – ლექსების. მისი პირველი წიგნია “პიტნის კალო”, რომელშიც შესულია მწერლის პროზაც და პოეზიაც. ინტერნეტ-ჟურნალ “ამბიონს” თეა თოფურია თავად ესაუბრა:

მოთხრობებსაც წერთ და ლექსებსაც… თქვენთვის რომელი უფრო შრომატევადია?

– ზოგადად პროზა ყოველთვის უფრო შრომატევადია, თუნდაც იმიტომ რომ 50 გვერდის დაწერას უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე – ნახევარი გვერდის. ეს მარტივად რომ ვთქვათ. ისე, მაინც გააჩნია, რის ხასიათზე ხარ. ხანდახან, პირიქით, ლექსის დაწერაც ისე გიჭირს, აღარც კი გჯერა, როდესმე რამე თუ დაგიწერია.

– გაქვთ რამდენიმე დაუმთავრებელი მოთხრობა. რატომ? თუ აპირებთ მათ დასრულებას?

– დაუმთავრებელი მოთხრობები იმიტომ მაქვს, რომ მოთხრობა ერთ დღეში არ იწერება. დამთავრებაც მინდა და ისიც, რომ ახლები დავწერო. შეუძლებელი არაფერია. ხანდახან ასეა, წერ, წერ და ბოლოს აღმოაჩენ, რომ რისი თქმაც გინდოდა, ის მაინც ვერ თქვი. მერე ეს ნაწერი რამდენიმე თვე გიდევს, რომ დრო გავიდეს და ცივ გონებაზე გადახედო. ხანდახან სათქმელი კი არა, განწყობა გინდა გადმოსცე. ანუ რაღაც კონკრეტული გრძნობა, კონკრეტული განწყობა გაქვს და რასაც დაწერ, ისე უნდა დაწერო, რომ მკითხველმაც იგივე იგრძნოს. ამას მხატვრობაში უფრო ახერხებენ. არის ნახატები, უნდა დადგე და შინაარსი გამოიტანო, ზოგი კი უბრალოდ განწყობას გადმოსცემს. მგონია, რომ ლიტერატურაში ეს უფრო რთულად მისაღწევია.

– თქვენს ლექსებს არ აქვს სათაურები. რატომ?

– მარტივი მიზეზის გამო, სათაურის მოფიქრება არ მეხერხება.

– თქვენი პირველი წიგნია “პიტნის კალო” – როდის გამოვიდა ეს წიგნი? რა ნაწარმოებები შედის მასში?

– ეს წიგნი 2007 წელს გამოვიდა. ძირითადად ის ნაწარმოებები შევიდა, რომელიც 2004-2007 წლებში მაქვს დაწერილი.

– კონკურსებში თუ მიგიღიათ მონაწილეობა? რა შეგძინათ ამ კონკურსებმა?

– დიახ. კონკურსები ლამის ერთადერთია, რაც ლიტერატურულ სივრცეში საინტერესო ხდება. უკეთესი იქნებოდა, უფრო მეტი ყოფილიყო. ეს ლიტერატურასაც დახვეწავდა და მკითხველსაც.

– თქვენი აზრით, რას ნიშნავს ჯანსაღი კრიტიკა და დღეს საქართველოში თუ არსებობს?

– არის, მაგრამ იშვიათად. კრიტიკა რომ გქონდეს, კრიტიკოსები უნდა გყავდეს. კრიტიკოსობა კი ნიშნავს ზომიერებას. რას ვგულისხმობ? დღეს რაც რეცენზიები იწერება ის ან ლანძღვაა, ან ქება, ან მცირე და ზედაპირული შენიშვნები, რომელიც ავტორს განვითარების თვალსაზრისით ვერაფერში წაადგება. კრიტიკის წაკითხვისას არ უნდა დაგრჩეს შთაბეჭდილება, რომ ვიღაცამ ამის დაწერით გული მოიოხა. კრიტიკა უნდა იყოს არგუმენტირებული, კონკრეტული და გემოვნებიანი, ხოტბისა და სატირის გარეშე, მარტო ასეთ კრიტიკას მიიღებს ავტორიც, საზოგადოებაც და მარტო ასეთ კრიტიკას გაითვალისწინებს.

– გვიამბეთ თქვენი გეგმების შესახებ…

– მალე ჩემი კიდევ ერთი წიგნი გამოვა, ამჯერად ზღაპრების. რაც შეეხებათ დიდებს, ბოლო წლებში ბევრი ლექსი დამიგროვდა და მინდა, მომავალ წელს ერთი კრებული გამოვცე. შეიძლება ლიტერატურული საღამოც მოვაწყო, თუმცა არ მიყვარს და ვერიდები ხოლმე.

– დღეს რა მდგომარეობაშია პოეზია? თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს ნამდვილი პოეტი და რა უნდა იყოს მისი უმთავრესი დანიშნულება?

– ქართული პოეზია სხვა ქვეყნების პოეზიისგან დიდად არ განსხვავდება. გვყავს ნიჭიერი ავტორები, რომლებსაც სადმე, განვითარებულ ქვეყანაში რომ ეცხოვრათ, ახლა ძალიან წარმატებულები იქნებოდნენ. სიტუაცია ისეთია, როგორც ყოველთვის, წერს ბევრი, აქედან რამდენიმე – კარგად. პოეტი ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ აქვს ხედვა, აქვს მონდომება და აქვს სათქმელი, რომელიც ღირებულია.

– “სიყვარული ხანდახან ასეთიც არის, ღარიბი კაცის მაცივარს ჰგავს. დილით გამოაღებ არაფერია, შუადღეს გამოაღებ – ისევ არაფერი… არადა, რა მაცივრის ბრალია, რომ გშია?! ვისი რა ბრალია, რომ შეგიყვარდა?!” რას ნიშნავს თქვენთვის “სიყვარული” და რა ადგილი უჭირავს მას თქვენს შემოქმედებაში?

– საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს. სიყვარული ნიშნავს, რომ უარს ამბობ კომფორტზე – იყო შენთვის. სიყვარული ადამიანში ახალი განზომილების აღმოჩენაა. ადამიანი საკუთარ თავს თავად ვერ აღმოაჩენს, ის სხვამ უნდა იპოვოს. ეს სხვა ან ღმერთი შეიძლება იყოს, ან მეორე ადამიანი. შეიძლება მთელი ცხოვრება უყურო ხალხს და ვერასდროს შეგიყვარდეს, შესაბამისად, ვერც ის გაიგო, რატომ მაინც და მაინც ადამიანია ღვთის ხატი და არა, მაგალითად, მარტორქა. იმიტომ, რომ კომპიუტერზე მუშაობა იცის? არა, იმიტომ, რომ მას აქვს ის მთავარი თვისება, რომელიც ღვთის მთავარი მახასიათებელიცაა – სიყვარულის გაცემის და მიღების უნარი.

სიყვარული ძალიან ჰგავს მათემატიკურ აღმოჩენას. მაგალითად, კაცობრიობის განვითარების პირველ ეტაპებზე ადამიანები მარტო კვადრატებს ხაზავდნენ, მერე ვიღაცამ უფრო პროგრესულმა, შეხედა და მიხვდა, რომ თუ კვადრატს სივრცეში წარმოვიდგენთ, ის კუბია. ასეთი აღმოჩენები ყოველთვის ძლიერი პიროვნებების მიერ კეთდება. სიყვარულიც დაახლოებით ასეთი რამ არის, მას პიროვნება სჭირდება – რომელსაც ეყოფა გამბედაობა, ადამიანს სივრცე დაამატოს, სხვა განზომილებაში წარმოიდგინოს. რეალურად, ამას მხოლოდ დანახვა უნდა, ეს სივრცე ადამიანს ისედაც დაბადებიდან აქვს.

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

  • თეო says:

    მინდა ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობა.

  • ვოლდემარი says:

    რა მიზნით გინდა და რის შესახებ წერ?

  • ჰემოგლობინი says:

    საინტერესო ავტორი ჩანს. რატომ ვფიქრობ? იმიტომ, რომ საინტერესოდ მსჯელობს0 ისე მსჯელობს, ყოველ წინადადებაშე გრძნობ, ამაზე დიდხანს უფიქრია. ყოველშემთხვევაში, ერთი შეხედვითაც მიხვდები, მისი გული სისულელეებით არ იკვებება და არც მხითხველს გამოკვებავს:))))
    თან რა ეშმაკურად იღიმება ფოტოზეეეეეეე!!!! ზღვისპირელია ალბათ, ზღვისპირელივით ლამაზი თვალები და თვალისფერი აქვს:))))

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი