ლინდა ლომიძე – “ჩემი სკოლა” – სსიპ.სოფელი რუსთავის საჯარო სკოლა
ჩემი სკოლა მდებარეობს ასპინძის რაიონ სოფელ რუსთავში. იგი სამსართულიანია და ირგვლივ ლამაზი ბაღი აქვს შემოვლებული.
სკოლა ცხრა საათზე მხიარულ ჰანგებს წაიღიღინებს ხოლმე, გვიხმობს ბავშვებს, რომ საკლასო ოთახებში გამოგვამწყვდიოს ორმოცდახუთი წუთით.
ჩვენი კლასები ძალიან მყუდრო და სადაა. კარს შეაღებ თუარა, მაშინვე იდუმალი გრძნობა დაგეუფლება. ყოველთვის მგონია, რომ ეს ოთახები გაჟღენთილია უამრავი ცოდნითა და ინფორმაციით, ისინი ჩვენთან ერთად სწავლობენ და ითვისებენ ყველაფერს. ამიტომაც მე, თორმეტივე კლასს ,,სკოლის საიდუმლო“ წევრებს ვეძახი.
განსაკუთრებით მიყვარს სააქტო დარბაზი ,სპორტ დარბაზი და კომპიუტერების ოთახი. სააქტო დარბაზიდან გამუდმებით ისმის ხან მხიარული, ხან კი სევდიანი სიმღერის ხმა,იგი დერეფნებს ეფინება და ჩვენც გვამხიარულებს.
სპორტ დარბაზში ყველაფერი განსხვავებულია. შეხვალ თუარა თამაშის სურვილი გიჩნდება. მაშინვე თვალში მოგხვდება საცოდავი ბურთი, რომელიც ამდენი თამაშისაგან და ფეხის რტყმისაგან გაშავებულა. მინდა ვანუგეშო და გავამხნევო, მაგრამ იმდენად დიდია სურვილი თამაშის, სირბილის და ხტუნვის, რომ ორთაბრძოლაში ვიწვევ მას.
კომპიუტერების ოთახი პატარაა. ერთი ფანჯარა და ორი კარი აქვს. ერთერთიდან დირექტორის კაბინეტში შეგიძლია შესვლა. ბავშვებს განსაკუთრებულად გვხიბლავს ამ ოთახში შესვლა და სასწავლო პროცესი.
ჩემი სკოლა განსაკუთრებულია ჩემთვის. აქ ყველას ერთმანეთისთვის რაღაც კარგი აქვს გაკეთებული. მყავს ბევრი მეგობარი და საუკეთესო კლასელები. ძალიან მიყვარს ჩემი კლასი, რომელიც სუფთა და ლამაზია. მსიამოვნებს ცარცის ხმა, რომელიც სულ ეთამაშება დაფას. ცეცხლიც სულ გუზგუზებს და უფრო მყუდროს ხდის გარემოს. ეს ყველაფერი ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს და ენით აღუწერელ გრძნობას ბადებს.
არდადეგები, რომელიც ძალიან მიყვარს ზოგჯერ ერთფეროვანი ხდება. სკოლას რომ ჩავუვლი, თითქოს სევდიანი ხმით მიხმობს თავისთან. მეც სევდიანი თვალებით ვუმზერ და მოლოდინით ვივსები. მინდა რაც შეიძლება მალე დაიწყოს სასწავლო პროცესი. ეს ურთიერთობა უხილავ ძაფს ჰგავს, რომელსაც სიტყვებით ბოლომდე ვერ გადმოსცემ.
მასწავლებლები ყოველთვის გვეხმარებიან წინსვლაში. მათი გვერდში დგომა დიდი სტიმულია ჩემთვის. მათი დახმარებით ვხვეწ, ჩემს ფანტაზიას და გონებრივ შესაძლებლობებს. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენ კარგი განათლება მივიღოთ და ვიყოთ სრულყოფილნი, განვითარებულნი და ჩამოყალიბებული ადამიანები. ამისთვის დიდი მადლობა თითოეულ აქ მომუშავე პედაგოგს. მადლობა მას, ვინც ეს განათლების კერა დაარსა რუსთავის მიწაზე. ის ჩემი სახლია…
ლინდა ლომიძე 11 წლის
სსიპ.სოფელი რუსთავის საჯარო სკოლა
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.