მთავარი » სოფლის მეურნეობა

ლიმონის მოვლა ოთახის პირობებში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.08.2020 | 140 ნახვა

ოთახის პირობებში ლიმონის კულტურის ეფექტურობა დიდად არის დამოკიდებული იმ ჭურჭელზე, რომელშიც ის ირგვება, ამ მიზნისათვის არ გამოდგება: მინის, ფაიფურის, ლითონის, შეღებილი და მოპირკეთებული ჭურჭლები. ლიმონი 6-8 წლის ასაკამდე უმჯობესია გვქონდეს ჩვეულებრივ ბაღის თიხის ან ხის ჭურჭელში, ხოლო შემდეგ ის უნდა გადაირგას კასრში ან ხის ყუთში.

ჭურჭელი მცენარის ზრდის მიხედვით იცვლება ყოველ 2-3 წელიწადში, ხოლო ზრდასრული მცენარისათვის 5-6 წელიწადში ერთხელ. ჭურჭელს ფკერზე უნდა ჰქონდეს 4-5 სადრენაჟო ხვრელი. მიწის ჩაყრის წინ ჭურჭლის ფსკერზე ათავსებენ ქვის ან კრამიტის ნატეხებს, 4-5-სმ. სისქეზე აყრიან მდინარის ქვიშას, ავსებენ სპეციალურად მომზადებული ნიადაგური ნარევით: კორდის მიწა, კარგად გადამწვარი ნაკელი, მდინარის შლამი შეფარდებით 2:1:1- თან, ჭურჭლის ცენტრში რგავენ საკუთარფესვიან ლიმონის ნერგს, ნიადაგს კარგად ტკეპნიან და რწყავენ.

ერთი ჭურჭლიდან მეორეში გადარგვის შემთხვევაში ფესვებს მიწას არ აშორებენ. მას აცლიან მხოლოდ ქვედა სადრენაჟო ნაწილს და ზედა თხელ ფენას. ირგვლივ კი ნიადაგს ჩხირით აფხვიერებენ ფესვების დაუზიანებლად. გადარგვას აწარმოებენ შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე. ახლად ჩარგულ მცენარეს დაუმატებენ ნიადაგის ნარევს, კარგად რწყავენ და ჩრდილში ათავსებენ.

სავეგეტაციო პერიოდში მცენარის ახალ ამონაყრებს, როდესაც ისინი 20-25 სმ მიაღწევენ ბოლო 2-3 ფოთოლს წაჩქმეტენ. ეს ოპერაცია წელიწადში 2-3-ჯერ მეორდება, რაც იწვევს გვერდითი ამონაყრების განვითარებას და კომპაქტური ვარჯის შექმნას.

მცენარის ღრმა გასხვლას აწარმოებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სურთ მისი გაახალგაზრდავება, ან რაიმე მიზეზით ფოთლები მხოლოდ ვარჯის ზემოთ ვითარდება, სხლავენ აგრეთვე გამხმარ და დაკლაკნილ ტოტებს.

ოთახის კულტურის ეფექტურობა დამოკიდებულია მცენარის კვებაზე. კარგ ეფექტს იძლევა თხევადი ორგანული სასუქები. ხსნარის სახით მინერალური სასუქების შეტანის შემთხვევაში 0,5 კგ. რთული კომპლექსური სასუქი იხსნება 10 ლიტრ წყალში და ყოველი 10 დღის შემდეგ მიეცემა მცენარეს მთელ სავეგეტაციო პერიოდში.

გაზაფხულზე მცენარე გამოაქვთ გარეთ ვერანდაზე, დერეფანში, ან ეზოში, რათა თანდათან შევაჩვიოთ ღია გრუნტის პირობებს, უნდა ავარიდოთ მზის პირდაპირი სხივების მოქმედებას. საგაზაფხულო აციების ან წაყინვების შემთხვევაში მცენარე უნდა დაუბრუნოთ ოთახს და ა.შ. შემოდგომით მცენარე ისევ ოთახში უნდა შევიტანოთ.

ოთახის პირობებში ლიმონის კულტურისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგისა და ჰაერის ტენიანობას, ოთახის ტემპერატურას და სინათლის რეჟიმს. ნიადაგის გამოშრობა ან ჭარბი ტენის დაგროვება საზიანოა მცენარისათვის. ზამთრის პერიოდში თუ ოთახში ჰაერის ტენიანობა მკვეთრად ეცემა საჭიროა მცენარის ფოთლების პულვერიზატორით დასველება კვირაში 2-3-ჯერ.

ოთახის პირობებში ლიმონის მცენარეზე მავნებელ-დაავადებათა გავრცელების ალბათობა ნაკლებია, მიუხედავად ამისა ფარიანების, ცრუფარიანებისა და ტკიპების წინააღმდეგ საჭიროა ფოთლების გაწმენდა სარეცხი საპნის წყალხსნარში დასველებული ჩვრით.

მცენარეზე წარმოქმნილი ნაყოფები შერჩევით უნდა მოიწყვიტოს მათი ტექნიკურ სიმწიფეში შესვლის შესაბამისად.

ოთახის პირობებში მცენარის დაბალი მსხმოიარობის ფოთლებისა და ნასკვების ცვენის ან მისი მთლიანად დაღუპვის მიზეზი შეიძლება იყოს: მცენარის მიერ ფოთლების დაკარგვა წინა წელს, ნიადაგის ჭარბი ტენიანობა ან მისი გამოშრობა, ჰაერის დაბალი ტენიანობა, ჰაერის მაღალი ტემპერატურა და მისი დიდი მერყეობა, ცივი წყლით მორწყვა, მზის სხივების პირდაპირი მოქმედება, ოთახის გაუნიავებლობა, მავნებლები, სუსტი განათება, ნიადაგის სიმწირე და ა.შ.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი