მთავარი » საზოგადოება

“ლექსო, ამოგთქომ, ოხერო”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.07.2017 | 574 ნახვა

მიხა ხელაშვილი ერთხელ მე და ჰამლეტ გონაშვილი ანაგაში ვართ სუფრასთან, ვსაუბრობთ ათას თემაზე, ხალხურ პოეზიასაც გადავწვდით და ვეუბნები: ჰამლეტ, ნახე რა მაგარი ხალხური ლექსია, კოტეტიშვილის წიგნში ამოვიკითხე: ,,ლექსო, ამოგთქომ ოხერო, თორო იქნება ვკვდებოდე და შენ კი, ჩემად სამღერლად, სააქაოსა რჩებოდე”. ასე გავაგრძელე ლექსი და ჩავათავე ბოლომდე. ჰამლეტმა გულდასმით მისმინა და ღიმილით მეუბნება: შენ გგონია, რომ ეგ ლექსი ხალხურია? _ რა ვიცი, მე ასე მგონია, ხომ გითხარი კოტეტიშვილის წიგნში ამოვიკითხე მეთქი.. _ მაგაში ცუდი არაფერია, რომ ხალხი მას როგორც ფოლკლორის ნიმუშს, ისე იცნობს, მაგრამ სინამდვილეში, მას კონკრეტული ავტორი ჰყავსო. მე მოუთმენლობა გამოვიჩინე და ჩავეძიე. ჰამლეტს, როგორც ჩვეოდა ხოლმე, უფრო დიდ ინტერესში ჩამაგდო და დიდხანს მაწვალა. ნიშნის მოგებით მეუბნებოდა, ნუ ხარ სულსწრაფიო! შემდეგ მომიყვა ტრაგიკული ისტორია ამ ლექსის ავტორისა, ახალგაზრდა ვაჟკაცი ფშაველი ბიჭისა, რომელსაც უსაზღვროდ უყვარდა დედა და ეს ლექსიც სწორედ დედას მიუძღვნა. მისი სახელი და გვარი გახლდათ მიხა ხელაშვილი. ჰამლეტი ისეთი გასაოცარი ემოციით და შთაგონებით მიყვებოდა, რომ მაშინვე ჩემს გონებაში წარმოსახვით გადაიშალა თავგანწირული ბრძოლა იმ- დროინდელი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის.

მიხა ხელაშვილი, სრულიად ახალგაზრდა, ჯერ კიდევ ოცი წლის შეუერთდა აჯანყებულ ქართველთა რაზმებს, რომელსაც მეთაურობდა დიდი მამულიშვილი ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი. მიხა თურმე დიდი ნდობით სარგებლობდა ქაქუცასთან და ხშირად აძლევდა უფლებას წასულიყო დედის მოსანახულებლად თავის სოფელში, თუ არ ვცდები, სოფელ მაღაროს_კარში, როგორც ჰამლეტმა მითხრა. ერთხელაც, ის დედასთან ჩუმად მისულა სანახავად, იგი დააბეზღეს. მის სახლს ალყა შემოარტყეს ჩეკისტებმა და მოსთხოვეს დანებება. მიხა ხელაშვილს გამოუღია ფანჯარა, გადამხტარა და სროლით ტყისკენ გაქცეულა… მაგრამ მტრის ტყვია დაეწია და სიცოცხლეს გამოასალმა ქართველი ვაჟკაცი, მომავალი დიდი პოეტი.

რასაც მე გიყვებით, ჩემო ძვირფასო მკითხველო, ჰამლეტ გონაშვილის ვერსიაა. არ დაგიმალავთ და ამ ამბავმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მეც და ჰამლეტსაც თვალზე ცრემლი მოგვადგა, ყელში გაჩრილი ტკივილიანი ბოღმა სადღეგრძელოში ჩავახრჩეთ…

ამ მონათხრობიდან თითქმის ექვსი-შვიდი წელი გავიდა. ჰამლეტი გარდაიცვალა. მე ყოველთვის გონებაში მქონდა, სად შეიძლებოდა დაკარგულიყო ხელაშვილის ლექსები. ალბათ, ექნებოდა სხვა შედევრებიც. 1989 წლის ივლისში, სრულიად შემთხვევით, წასვლა მომიხდა წითელწყაროს რაიონში, ელდარის საძოვრებზე ტარიბანაში, სადაც მეცხვარეები თავიანთ საქონელს აზამთრებენ. თუში მეგობარი ელდარ ბაინდურაშვილი, რომელიც იქ მუშაობდა, საბჭოთა მეურნეობის ფერმის გამგედ, სულ მეხვეწებოდა, ოღონდ ჩამოდი ჩემთან და ცხოვრებაში არ დაგავიწყდება აქ გატარებული დროვო. მართლაც ივლისის ცხელი დღე იყო. ჩემი ავტომობილით გავემგზავრე. ჩავედი ზემოქედში, სადაც ასევე მყავს უძვირფასესი მეგობარი მურად ციგროშვილი. დიდი ხნის უნახავი მყავდა და ძალიან გაუხარდა ჩემი ნახვა. სიტუაცია ავუხსენი და შემპირდა, რომ თავად წამყვებოდა სოფელ ტარიბანაში, თუმცა, წასვლამდე აქ მოვილხინოთო და გზა ხვალ დილით გავაგრძელოთო, ნაბახუსევზე უფრო კარგია ქეიფიო… რა თქმა უნდა დამითანხმა.

მეორე დილით ჩემი მანქანა ადგილზე გავაჩერეთ და მურადის რაფით ავიღეთ გეზი სოფლისაკენ. _ძალიან ცუდი გზებია და სადმე შენი მანქანით არ ჩავრჩეთო _ მირჩია მეგობარმა. საათნახევრის შემდეგ ჩვენ მივაღწიეთ საქართველოს ერთ-ერთ განაპირა სოფელს, რომლის იქით უკვე იწყებაAაზერბაიჯანის რესპუბლიკა. ჩავედით პატარა დასახლებული ადგილის ცენტრში, რომელიც ერთი ათიოდე ან ხუთმეტიოდე კომლით იყო დასახლებული, ძირითადად მწყემსებით აღმოსავლეთ საქართველოდან, კერძოდ კახეთიდან, სადაც აზამთრებდნენ, კოლმეურნეობების საქონელს, ცხვარს, ძროხას და კიდევ სხვა დანარჩენ პირუტყვს. გადმოვედით მანქანიდან და პირველსავე შემხვედრს ვკითხე თუ სად შეიძლებოდა მენახა ელდარ ბაინდურაშვილი, ფერმის გამგე. მიმასწავლეს მისი სახლი, რომელიც შედგებოდა ორი სართულისაგან და, ძირითადად, მწყემსები ცხოვრობდნენ. მე და ჩემი მეგობარი მურად ციგროშვილი გავემართეთ ამ სახლისაკენ, შევედით პირველ სართულზე და პირველსავე კარებზე დავაკაკუნეთ, მაგრამ კარები არავინ არ გაგვიღო. ავედით მეორე სართულზე და პირდაპირ შევედით ღია კარებში, სადაც ლოგინზე წამოწოლილი გახლდათ ერთი შუახნის კაცი. მივესალმეთ და ავუხსენით ჩვენი მისვლის მიზეზი, რომ ვეძებთ მეგობარს სახელად ელდარ ბაინდურაშვილს. ის საკმაოდ დინჯად წამოდგა საწოლიდან, ზრდილობიანად მოგვესალმა, როგორც მთის ხალხს ჩვევია და გვითხრა, რომ ელდარი გუშინ წავიდა წითელწყაროში ქორწილში და აქამდისაც უნდა ჩამოსულიყოვო, ჩვენ მადლობა გადავუხადეთ მას, ცოტა შევწუხდით კიდეც, რომ არ დაგვხვდა, ჩავჯექით მანქანაში და ვაპირებდით უკან დაბრუნებას სოფელ ზემოქედში. ამ დროს მოედანზე შემოვარდა ეგრედწოდებული კოლხოზნიკი, რომელშიც იჯდა ჩვენი მეგობარი ელდარი. გახარებული გადმოვხტი მანქანიდან და წავედი პირდაპირ მისი კაბინისკენ. ელდარმა დამინახა, მანქანიდან გადმოვიდა გაღიმებული, გულში ჩამიკრა, მეხვეოდა და მკოცნიდა, რაკი შენ აქ ჩამოხვედი, მე ნამდვილად აღარ მოვკვდებიო. საკმაოდ შეზარხოშებული ჩანდა, მეგობრებს გასძახა, კარგი საკლავი მოეყვანათ და შედგომოდნენ საპატიო ,,სტუმრისათვის” საკადრის სამზადისს.

მართლაც, რამდენიმე ხანში, ალბათ საათნახევარში, იქვე მახლობლად მშვენიერ მდელოზე, ხის ჩრდილში გაიშალა ნამდვილი მწყემსური სუფრა, სადაც ყველაზე მეტად ჭარბობდა ცხვრის ხორცისაგან დამზადებული კერძები და საუკეთესო ზემო ქედური რქაწითელი. მასპინძელს გაეწია, მაგრამ არაფერი არ გამომივიდა. რაღა გაეწყობოდა, შევუდექი მისიის შესრულებას. ელდარმა რამდენიმე სადღეგრძელოს შემდეგ მთხოვა, რაიმე გვემღერა მასთან შეხუმრებული ვიყავი და იუმორით მივუგე: _მე კი ვიმღერებ მაგრამ შენ რა უნდა ქნა, ხმა შენ არა გაქვს და სმენა, მარტომ როგორ ვიმღერო მეთქი. გაიცინა: _ ნამდვილად ვერ მოგეხმარები, მაგრამ ჩონგურს კი გიშოვიო. _ მაგ სიკეთეს თუ იზამ, საქმეს წაადგება მეთქი,_ სუფრასთან მჯდომ ერთ-ერთ ახალგაზრდა ბიჭს მისცა მანქანის გასაღები და სთხოვა, ასულიყო იმ მაღალ გორაზე, ხელი გაიშვირა აღმოსავლეთისაკენ, სადაც მოჩანდა ერთი პატარა ქოხის მსგავსი სახლი: ეკითხა ცოლ-ქმარი ციგროშვილები და ელდარის სახელით მათგან ეთხოვა ჩომგური. იქამდე იქნებოდა სამასი, ოთხასი მეტრი და ბიჭი მანქანით წავიდა. მალევე უკან დაბრუნდა ხელცარიელი. მოხუცს უთქვამს, მე ჩემს ჩონგურს ვერავის ვერ ვათხოვებო! ჩემი მეგობარი ელდარი განრისხდა, ახლა მეორე ბიჭი გააგზავნა. სულ რამდენიმე წუთში ისიც ხელცარიელი დაბრუნდა. ელდარი სასტიკად ნაწყენი დარჩა. ძლივს დავამშვიდე. ამოუწურავი რეპერტუარი მქონდა და ჩონგურის გარეშეც საკმაოდ მხიარულად ვიქეიფეთ გვიანობამდის. შემდეგ მოგვასვენეს და დილამდე, მართლაც, შესანიშნავად მეძინა. გამომეღვიძა, გავიხედე, რიჟრაჟი იყო. წამოვდექი ლოგინიდან, ჩავიცვი და ჩავედი ეზოში. ვცდილობ, როგორმე ბახუსიდან გამოვიდე, გამახსენდა გუშინდელი ამბავი ჩონგურის შესახებ. გულში ჩამრჩა. ვიფიქრე, ალბათ ეს რაღაც განსაკუთრებული ოსტატობით გათლილი და ჟღერადობითაც გამორჩეული ინსტრუმენტი იქნება მეთქი. ძალიან მომინდა ამ ჩონგურის ნახვა. ამ დროს ეზოში შევნიშნე ერთი ახალგაზრდა ბიჭი. ვთხოვე: ძმობილო, გამომყევი იმ კაცთან, რა ჩონგური აქვს, მინდა ვნახო მეთქი. გაეცინა და მიპასუხა: კი წამოვალ სტუმარო კაცო, მაგრამ, მაგ კაცს ყველა იცნობს, განსაკუთრებული ჩამოსხმაა, ფშავლებს ნამდვილად არა ჰგავს თავის ხასიათითო. მერე მე ვუთხარი, შენ გამომყევი და ნახე, თუ პურმარილიც არ ვაკისრებინო მეთქი.

ერთი სიტყვით, როგორც იქნა დავითანხმე გაყოლაზე. მე ჯერ კიდევ ღრმა ბახუსში ვიყავი და დავიწყეთ მაღალ ფერდობზე ნელ-ნელა ასვლა. თანდათან უფრო ნათდებოდა და მზეც უკვე იწვერებოდა. როგორც მივაღწიეთ ქოხამდე. დავინახე ერთი მოხუცი ქალი, ასე 60-65 წლის, მივესალმე ფშავურ კილოზე რიხიანად. ქალი უცბად შემობრუნდა ჩვენკენ, ეტყობა ამ დილაადრიან არავის ელოდა, გაგვიღიმა და პასუხიც დაგვიბრუნა: _ ღმერთმა გამარჯობა არ მოგაკლოთ შვილებო, მობრძანდით, ხინკალს ვაკეთებ და ეხლავე მოგართმევთ ათ წუთშიო. მართლაც, არ გასულა დიდი ხანი, საინით ხელში მოგვიტანა ხინკალი და ერთი ხელადა ღვინო. მერე გამოგვკითხა სადაუროება. ვეღარ მოვითმინე და პასუხის ნაცვლად ვუთხარი: ბებო მაიტა ის ჩონგური გვათხოვე, გუშინ რომ გთხოვეთ ორჯერ, კაცი გამოგიგზავნეთ, იქ არ მომეცა საშუალება ჩონგურზე სიმღერისა და აქ მაინც უნდა გიმღერო, თან დავაყოლე _სად არის თქვენი კაცი ბებო?_ ჩემმა კაცმა ძროხები გარეკა ახლახანს და მაგ ჩონგურის გულისთვის წუხელ კარგადაც შევჯორე. დიდი რამე ჩონგური არ გეგონოთ, თავის ხელით გამოჩორკნა; დაჯდება ხოლმე თვითონ, არც ხმა აქვს და არც სმენა, არც დაკვრა იცის და ხანდახან მთელი დღე უკრავს, გული მაქ წაღებული მაგისგან. ერთიც იქნება და გადავუგდებ ხევში ამ ჩონგურსო. ფშავლის იუმორზე მე თან გულიანად ვიცინოდი და თან ვაქებდი მოხუცს: რა კარგი ქალი ყოფილხარ ბებო, ღმერთმა აგაშენოს მეთქი. მისი ოჯახის სადღეგრძელოც შევსვი, და ვთხოვე, რომ გამოეტანა ჩონგური, თვალით მაინც დამენახა, თანაც რამეს დავამღერებდი. ბებო სახლში შებრუნდა, გამოიტანა სპეციალურად შეკერილ ბუდეში ჩასმული ჩონგური, თან დააყოლა: არ მოგვისწროს, თორემ დაგვხოცავს სუყველასო! მე ვუთხარ: ნუ გეშინია ბებო, ფშავლების წესი არ არის სტუმარს ცუდად მოექცეს და ამიტომაც არ მეშინია, თანაც, მეც ფშაველი ვარ წარმოშობით, გოგოლაურის გვარისა გახლავართ მეთქი. ვლაპარაკობდი და თან ჩონგურს ვიღებდი თავისი ბუდიდან. ამოვიღე, ხელში შევატრიალ_შემოვატრიალე, გადავხედე ჩემს ახლად გაცნობილ ბიჭს და ისეთი სიცილი აგვიტყდა ორივეს, რომ ერთმანეთს ვეღარ ვაჩერებდით. _ბებიაჩემო, ამ ჩონგურს მიმალავდით მეთქი? თვითონაც იცინოდა და გვეუბნებოდა: რა ვქნა, ასეთი მყავს ეგ უბედურ დღეზე გაჩენილი, ნეტავ სიმღერა მაინც იცოდეს და ჯანდაბას! და თან დააყოლა: _ ღმერთი გიშველით, ფრთხილად მოექეცით ჩონგურს, სადმე ნაკაწრი არ გაუჩნდეს, თორემ ვერ გადავურჩები ცოცხალიო! _ამ სიტყვებმა კიდევ უფრო დიდი სიცილი გამოიწვია ჩვენში, წამოვხტი ჩონგურიანად, მაგრად მოვეხვიე და ვაკოცე მასპინძელს მადლიერების ნიშნად. როგორც აღმოჩნდა_ ეს ჩვენი მოხუცი კაცი თურმე ცაცია ყოფილა და მარცხენაზე ჰქონია ჩონგური აწყობილი. როგორც იქნა მარჯვენაზე გადმოვაწყე. ბევრი ვეცადე, რომ ჩონგური ნორმალურად ამეწყო, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ,,ჯორი” ხან იქით გარბოდა და ხან აქეთ, ერთ ადგილზე ვერ გავაჩერე. ლადები იმდენად უზუსტოდ იყო ჩასმული, რომ წყობას ვერ იჭერდა, მაგრამ ვინაიდან სიმღერის ხასიათზე ვიყავი, ჩემთვის ვთქვი გუნებაში: რა მნიშვნელობა აქვს, გინდა ეს მჭერია ხელში, გინდა ჩვენებური თონის გრძელი დედას პური. მეც ავდექი, ჩამოვკარ_ ჩამოვაფხაკუნე ამ ,,თონის პურზე” და შემოვძახე:

მიხა ხელაშვილი

,,ლექსო ამოგთქომ ოხერო,
თორო იქნება ვკვდებოდე
და შენ კი ჩემად სამღერლად
სააქაოსა რჩებოდე.
გიმღედნენ ჩემებრ სწორები
ფანდურის ხმაზე ჰყვებოდე,
ქვეყანა მხიარულობდეს . . . . . .
და მე საფლავში ვლპებოდე!”

მოხუცი ქალბატონი ქოხში იყო შესული, სუფრისთვის კიდევ რაღაცის შემომატებას აპირებდა. სიმღერა ბოლომდე ჩამთავრებული არ მქონდა, რომ უცბად ის გამოვარდა ქოხიდან მოხუცი ქალისთვის შეუფერებელი სწრაფი მოძრაობით, ფართოდ გახელილი, გაკვირვებული თვალებით ნელა-ნელა მომიახლოვდა და მეუბნება: _შენ საიდან იცი მამაჩემის ლექსი?! _ამ ხმაში იგრძნობოდა რაღაც განსაკუთრებული, მძიმე სევდაში არეული სიამაყე და სიყვარული … მე გავაჩერე დაკვრა. უცბად ვერ მივხვდი, რას მეკითხებოდა და შევუტრიალე კითხვა: ბებიაჩემო, ვინ მამაშენი? _ მამაჩემი, მიხა ხელაშვილი, ეგ ლექსი მამაჩემის ლექსია! მე მოულოდნელობისგან გავშრი… უცბად გამახსენდა წლების წინანდელი ამბავი; ჰამლეტ გონაშვილთან საუბარი ამ ლექსის შესახებ.

ჩემო მკითხველო, არ დაგიმალავთ და გეტყვით; ასე განცვიფრებული არასოდეს ვყოფილვარ. მას შემდეგ რაც ეს ლექსი აღმოვაჩინე და შევისწავლე ზეპირად, რაც მისი ავტორის ვინაობა შევიტყვე, მოსვენება დავკარგე. არ არსებობდა სუფრა ან სადმე პოეზიაზე საუბარი, რომ ეს ლექსი არ მეთქვას. ფიქრებით ხშირად ვიყავი ხოლმე ჩემთვის შორეულ და უცნობ ადამიანთან, მაგრამ სულიერად ძალიან ახლობელთან. ხშირად მიფიქრია: ნეტავი როგორი ბიჭი იყო, როგორი შეხედულების, როგორ დადიოდა, როგორ ქეიფობდა ან როგორ თხზავდა ლექსებს და როგორ წერდა… და ამ დროს, სრულიად მოულოდნელად ჩემ წინ დგას ადამიანი, რომელიც მეუბნება, რომ ის მიხა ხელაშვილის შვილია! ხომ წარმოგიდგენიათ, იმ მომენტისათვის ჩემი მდგომარეობა. მე ჩონგური ნელა დავდე მაგიდაზე, მივუახლოვდი მასპინძელს, ხელი მოვხვიე, უკვე არა როგორც ჩვეულებრივ ერთ უცხო დედაბერს, არამედ როგორც ბრწყინვალე პოეტის მიხა ხელაშვილის შვილს, რომელიც უსაზღვროდ იყო შეყვარებული თავის სამშობლოზე. მე სრულიად გამოვედი ბახუსისაგან და კითხვები დავაყარე, სიმართლე იყო ეს ამბავი თუ არა; თავად რა ერქვა და ა.შ. ქალბატონმა თამარმა (თურმე ასე ერქვა ) შემომხედა ცრემლიანი თვალებით და ძალიან დარბაისლურად მეუბნება: _ტყვილი რა საკადრისია შვილო, ეხლავე გაჩვენებ! _ ის შევიდა ქოხში და რამდენიმე წამში გამოიტანა ჩანთა, აბგა, რომელსაც ჩემს ბავშვობაში გაჭირვებულ მოწაფეებს უკერავნენ მშობლები რაღაც სქელი მატერიისგან ან ტყავისგან. მოიტანა აბგა და დადო მაგიდაზე. მე დიდი მოწიწებით მოვკიდე ხელი, გავხსენი და შიგ აღმოჩნდა მიხა ხელაშვილის ხელით ნაწერი ლექსები, მოთხრობები, დედასთან მიწერილი წერილები და იმ ლექსის დედანი, რომელიც უზომოდ მიყვარდა და მიყვარს: ,,ლექსო ამოგთქომ ოხერო”. ასევე აღმოჩნდა ერთი ფოტოსურათი გარდაცვლილი მიხა ხელაშვილისა. როგორც გაირკვა, დახვრეტის შემდეგ გადაღებული. მდევრებს მძინარესათვის დაუხლიათ ტყვიები, შემდეგ ტყეში გადაქცეულ დიდი წიფლის ხეზე დაუწვენიათ სიგრძეზე, თავთან დადგომიან ტყავ-კეპკიანი ჩეკისტები და გადაუღიათ სურათი. მათ სახეს რომ დავაკვირდი, გამოკრთოდა მხოლოდ ერთი რამ: მონადირეები რომ მოკლავენ ნადირს და დასთამაშებთ ღიმილი მოუთმენლობისა, რომ ნანადირევი ჩქარა გაიყონ. მაგრამ იმ უბედურებმა არ იცოდნენ თუ ვინ მოკლეს, ისევე როგორც არ იცოდნენ, ვის კლავდნენ ილია ჭავჭავაძის სახით! ასეთებს ხომ მუდამ ერთი მიზანი აერთიანებთ; როგორ მოკლან საქართველო, და დღესაც ბევრია ისეთები, ვინც მსგავს საქმეზე მოაწერენ ხელს.

მართალი გითხრათ, ამ ფოტოს ნახვის შემდეგ რამდენიმე წუთს ფიქრებში ჩავიძირე და ჩემს გარშემო ვერც ვერაფერს ვხედავდი, ვერც ვერავის ვამჩნევდი. ისევ მოხუცმა დაარღვია დუმილი, განცდა შემამჩნია და მიხას მოსაგონარი სადღეგრძელოს თქმა შემომთავაზა, მე დავასხი დოქიდან ღვინო, შევავსე ჭიქები, მაგრამ სანამ სადღეგრძელოს ვიტყოდი, ვთხოვე მიხას შვილს- ქალბატონ თამარს, რამდენიმე სიტყვით მაინც ეთქვა, თუ როგორ დაიღუპა მისი სახელოვანი მშობელი. მიხა ხელაშვილის სახელი იმდენად აკრძალული იყო, ხსენებასაც კი ერიდებოდნენ. თვითონ შვილსაც კი შევამჩნიე, შიშის კოპლექსი ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი. თუმცა, ხათრი არ გამიტეხა და მოკლედ მომიყვა მიხას უკანასკნელი წუთები. ის ჩუმად მეგობართან მისულა სახლში, მეგობარს ძალიან გახარებია მისი სტუმრობა (მეგობრის გვარ-სახელი არ უთქვამს) და ხინკლის მომზადება დაუწყია, მაგრამ მიხა ამჩნევდა თურმე, მეგობარს ხელები უკანკალებდა და არაბუნებრივად იქცეოდა. მალევე მეორე მეგობარი შემოსულა, ის კი უკვე ,,კომკავშირელი” იყო. შემდეგ დაუწყიათ ქეიფი და აძალებდნენ არაყს. მიხამ ეს ყველაფერი შეამჩნია და უთხრა: ვიცი, დღეს თქვენ ჩემი მოკვლა გინდათ, დავალებული გაქვთ, მაგრამ ერთსა გთხოვთ, კაცურად მოიქცეთ, მაგათი ტყვიით არ მომკლათო! ამოიღო თავისი ტყვია და დაუდო მაგიდაზე. მათ ძლიერ შეუცხადებიათ, ერთ-ერთს ტირილიც კი დაუწყია, _მიხა, როგორ გვკადრებ მაგასაო, მაგრამ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო, მიხა დაათვრეს, იქვე მიაძინეს, და ბავშვობის მეგობარმა მთვრალი მიხა ხელაშვილი ხელის აუკანკალებლად, მძინარე ჩაცხრილა. მე კარგა ხანს გაოგნებული ვიჯექი ამბის მოყოლის შემდეგ თუშის ბიჭთან ერთად, უსიტყვოდ ვცლიდი ჭიქიდან ღვინოს, შემდეგ ქალბატონ თამარს ვთხოვე, რომ ეს ჩანთა გაეტანებინა ჩემთვის, რამე თუ არ დაკარგულიყო, სამწუხაროდ! მან ცივი უარი მითხრა, რადგან მამის დანატოვარს წუთითაც ვერ შეელეოდა: სანამ ცოცხალი ვიქნები, ის ჩემთან დარჩებაო! მე გამოვევმშვიდობე მასპინძელს, ერთხელ კიდევ გადავეხვიე და დავპირდი, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი, ვნახავდი ისეთ ვინმეს, ვინც მიხას შემორჩენილ საუნჯეს, მის შემოქმედებას მიხედავდა. ჩვენ დავბრუნდით უკან, ჩვენი მეგობრებისკენ. მზე უკვე კარგა ხნის ამოსული იყო. გარშემო ყველაფერი ბრწყინავდა. თუმცა, ვერაფერმა ხასიათზე ვეღარ მომიყვანა. ჩემს მეგობრებს, ელდარსა და მურადის ერთი ამბავი აუტეხიათ. ჩვენი გაუჩინარების მომენტიდან, სად არ მეძებეს და ვერსად მიპოვეს. ზუსტად იმ დროს მოვედით, როცა ბჭობდნენ, ახლა საით მხარეს ვეძებოთო. ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ჩვენ იმ ჩონგურის სანახავად ვიყავით ასულები ძალიან მაღალ გორაზე, სადაც ჩონგურთან ერთად ვიპოვე ბრწყინვალე პოეტის და დიდი ვაჟკაცის მიხა ხელაშვილის შვილი, ქალბატონი თამარი და ის ჩანთა, რომელშიც ინახებოდა მიხა ხელაშვილის უკვდავი შედევრები. მე ჩემს მეგობრებს მოკლედ მოვუყევი ყველაფერი. მიუხედავად დიდი ხვეწნისა, ჩვენ იქ აღარ გავჩერდით. წამოვედით ქედში, მეორე დღეს კი დავბრუნდი თბილისში. მინდოდა მომეძებნა ვინმე, ვინც მიხა ხელაშვილის შემოქმედების სამზეოზე გამოტანას მოაბამდა თავს, მაგრამ მაშინდელ საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გამო ვერავინ დავაინტერესე. ყველა თავის პრობლემებს ჩიოდა. ახლახან შევიტყვე, რომ მწერალ გიგი ხორნაულს გამოუცია შესანიშნავი წიგნი მიხა ხელაშვილზე, რაც უთუოდ დიდი საქმეა ამ შესანიშნავი პოეტის უკვდავსაყოფად და მე პირადად, დიდ მადლობას ვუძღვნი წიგნის ავტორს!

დარწმუნებული ვარ, ჰამლეტ გონაშვილი რომ შესწრებოდა ყველაფერს, რაც მოგიყევით, დიდად გახარებული დარჩებოდა!

ირაკლი მათიკაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ღვთის სიბრძნეს განეშორება ის, ვინც საკუთარ თავს ბრძნად ჩათვლის"- წმ. ისააკ ასური.