მთავარი » ხატები და ფრესკები

ლეონ მეფის ღვთისმშობლის სავედრებელი ხატი ხობიდან (X ს.)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.03.2016 | 2,096 ნახვა

ლეონ მეფის ღვთისმშობლის სავედრებელი ხატი ხობიდან (X ს.) ქრისტიანულ ტრადიციაში სავედრებელი ხატების ძვირფასი ლითონით შემკობას მეტად ფართო და ღრმა სიმბოლური საზრისი აქვს. წმინდანთა გამოსახულების ძვირფასი ლითონით შემოსვა დასაბამს იღებს მოგვთა თაყვანისცემის სახარებისეული ნარატივიდან. მოგვებმა ჩვილ იესოს თაყვანისცემის ნიშნად ოქრო, გუნდრუკი და მური მიართვეს. ოქრო-ვერცხლი ღვთაებრივი ძალის მატარებლად მიიჩნეოდა და ამიტომ ხატის სასწაულოქმედი ძალა ძვირფას ლითონთა არსშიც იყო ჩადებული. აქედან, ქრისტიანულ ღმრთისმსახურებაში ფართოდ გავრცელდა სავედრებელი ხატების ძვირფასი ლითონით შემკობის ტრადიცია.
ჭედურშესამოსლიან ხატებს შორის ერთ-ერთი უძველესია X საუკუნით დათარიღებული ლეონ მეფის ღვთისმშობლის სავედრებელი ხატი. ხატის ცენტრალური არე ღვთისმშობლის ფერწერულ გამოსახულებას უჭირავს. მარჯვნივ დახრილი თავი ერთდროულად სევდასა და სისადავეს გამოხატავს. ხატის გარშემო არე ოთხივე მხრიდან მცენარეულ გირლანდაში ჩართული წმინდა სახეთა მედალიონებითაა მოჩარჩოებული. ხატის ჭედური არშია ვედრების თემას ეძღვნება და ხსნის იდეასთანაა დაკავშირებული. ღვთისმშობელი წარმოდგენილია ვედრების პოზაში, მისი ვედრება მიმართულია მაცხოვისკენ, რომელიც გამოსახული იყო ხატის მარჯვენა კუთხეში. მარხცხენაში კი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზები არიან წარმოდგენილნი. ეს გამოსახულებები შესრულებული იყო ტიხრული მინანქრით. დღეისათვის ისინი ღვთისმშობლის დიადემასთან ერთად დაკარგულია. ხატი ძლიერ დაზიანებულია. დაკარგულია ასევე ღვთისმშობლის ფერწერული სახე. მისი აღდგენა-რესტავრაცია XIX საუკუნეში მოხდა. ამავე პერიოდს ეკუთვნის ხატის ორნამენტული ჩარჩოს რესტავრირება.

X საუკუნეში შექმნილი ეს ხატი ხობიდან მეფის სულის მოსახსენიებელი წარწერით მმართველთა ხსენების უადრესი შემორჩენილი მაგალითია. ღვთისმშობლის ფიგურის ქვედა მხარეს ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა მოთავსებული: „ქ., ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო, მეოხ ეყავნ წინაშე ქრისტესა სულსა ლეონ მეფისა“. წარწერიდან ირკვევა, რომ ღვთისმშობლის ეს ხატი მეფის სულის მოსახსენიებლად შეუქმნიათ. ხატი შექმნილია ლეონ მეფის გარდაცვალების შემდეგ. იგი გვიანი X საუკუნითაა დათარიღებული. ხატი ამჟამად დაცულია სქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

ხატი -ლოცვის საგანი, შუამავალი მლოცველსა და ზეციურ სამყაროს შორის, ღვთიურ სამყაროსთან მიახლების საშუალება, განსაკუთრებლ დატვირთვას იღებს, რომელიც ხშირად მისი შესრულების ტექნიკაზე აისახება.

მოამზადა ლია სერგიამ

გამოყენებული ლიტერატურა:

1. მაჩაბელი, კიტი. 2000. „ქართული ჭედური ხატების ზოგიერთი ასპექტი.“ სამეცნიერო შრომების კრებული, 118-131.
2. ჭიჭონაძე, ნინო. 2014 წელი. ხატი: კულტი და ხელოვენება. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.
3. სტატია ლინკიდან: http://www.abculture.ge/index.php?do=full&id=881. ნახვის დრო: 2016 წლის 7 მარტი,.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი