მთავარი » საეკლესიო ხელოვნება

ლელა ზარნაძის ხატწერა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.06.2017 | 1,335 ნახვა

“ხატზე მუშაობა დიდი სიამოვნებაა. სრული სიმშვიდე გეუფლება და თითქოს გარეგნულადაც იცვლები…”

ლელა ზარნაძე ლელა ზარნაძე პროფესიით მხატვარია. მან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა. ხატწერა მოგვიანებით, 2004 წლიდან დაიწყო. მის მიერ დაწერილი ხატები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, აშშ-ში და თბილისში, წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძარშია დაბრძანებული. “ნამდვილად არ ვიცი, ვიმსახურებ კი ამ დიდ პასუხისმგებლობას?” – აღნიშნა “ამბიონთან” საუბრისას ხატმწერმა, რომელიც შემოქმედების შესახებ გვესაუბრა.

ლელა ზარნაძე: „ჩემი პირველი ნამუშევარი, პანტანასას ღვთისმშობლის ხატი იყო, რომელიც ჩემი მოძღვრის, წმ. პანტელეიმონ მკურნალის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ დავით შენგელიას კურთხევით დაიწერა. სურვილი მქონდა, ღვთისმშობლის ხატი ტაძრისთვის შემეწირა და მამა დავითს ვთხოვე, ჩვენი ტაძრის ხატმწერთან დავეკავშირებინე. ჩემმა უსაყვარლესმა მოძღვარმა კი თითქმის „მიბრძანა“ (რა თქმა უნდა, ხუმრობით), თავად შემესრულებინა ხატი და ამ ფორმით შემეწირა ტაძრისთვის. ძალიან შევშინდი. ვფიქრობდი, მხოლოდ კურთხევა შემესრულებინა, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი, ხატი სრულყოფილი გამომივიდოდა. შევისწავლე ხატის შესაქმნელად საჭირო მასალები, მოვიძიე ღვთისმშობლის ხატები და შევუდექი მუშაობას. საოცარი იყო ის განწყობა, რომელიც მაშინ დამეუფლა და დღესაც თან მდევს.

პანტანასა მუშაობის პროცესში თითქოს წმინდანი, რომლის ხატსაც ვასრულებ უკან მიდგას და მეხმარება, თითქოს მას როგორც სურს, ისე გამომდის. მახსოვს წმ. მამა გაბრიელის ხატზე მუშაობის დროს, 3-ჯერ შევეცადე ისეთი მომღიმარი თვალები დამეხატა როგორიც ცხოვრებაში (ფოტოებზე) ჰქონდა, სამჯერვე ერთი და იგივე სევდიანი თვალი გამოვიდა…

დღეს დაფიდან დაწყებული ყველაფერს თავად ვამზადებ. ვშოულობ ფიცარს, სასურველია ცაცხვის ხის, ვაჭრევინებ სასურველ ზომაზე, ვაშრობ, ვგრუნტავ და ვიწყებ მუშაობას. მუშაობის დაწყების წინ ვეცნობი წმინდანის ცხოვრებას, ვლოცულობ და ვითხოვ შეწევნას, თითქოს ხატის დასრულებამდე მის უშუალო თანადგომას ვგრძნობ.“

როგორ ქმნით ხატს?

საღებავად ვიყენებ პიგმენტს (დაფქვილი ქვა), ეს უძველესი ტექნოლოგიაა, იგი იხსნება კვერცხის გულში და სპეციალური დამზადება სჭირდება. თითოეულ ფერს საკუთარი სიმბოლური დატვირთვა აქვს: თეთრი – სიწმინდის სიმბოლოა, მეწამული – მსხვერპლშეწირვის, ოქროსფერი-სასუფევლის და ასე შემდეგ. ღვთისმშობლის სამოსი იწერება მეწამული ან ლურჯი ფერით. ხატზე განსაკუთრებით მეტყველი თვალები და ხელები უნდა იყოს. ის შეიძლება უტრირებულიც იყოს, მაგრამ დამახასიათებელი თავისი – სითბოთი, სიყვარულით, სიმშვიდით და ცოდვათა სინანულისა და ლოცვისათვის უნდა განგვაწყობდეს. სწორედ ეს განასხვავებს ხატს – ნახატისაგან.

წმ.მამა გაბრიელი ხატის წარწერა დამაგვირგვინებელი ეტაპია. იგი კეთდება ძველი ასომთავრული ასოებითა და ქარაგმებით. წარწერა თითქოს ასრულებს და კრავს, აერთიანებს ხატს- აწმყოსა და წარსულს შორის. წარწერის გაკეთების შემდეგ, პირადად მე მიუცხოვდება თითქოს ხატი. ის, რომელიც იყო მხოლოდ ჩემი (პირობითად) ხდება საზოგადო.

ხატის დაწერისთვის განსაზღვრული დრო არ არსებობს. ხატის წერას რომ ვიწყებ, დაღამებამდე შეუსვენებლად ვმუშაობ. ღამის განათებაზე ფერები იცვლება და მხოლოდ ამიტომ ვჩერდები.
ხატზე მუშაობა დიდი სიამოვნებაა. სრული სიმშვიდე გეუფლება და თითქოს გარეგნულადაც იცვლები.

როგორ ვისწავლოთ ხატწერა?

ხატის დაწერა სულიერი მდგომარეობაა და მას არ სჭირდება განსაკუთრებული ნიჭი. ძველი ხატები და ფრესკები ხომ თვითნასწავლი ოსტატების მიერ იყო შექმნილი და საკმაოდ კარგადაც შესრულებული. აუცილებელია რწმენა, დიდი სიყვარული, მონდომება, ხატვის საფუძვლების შესწავლა და ცოდნა იმისა, როდესაც დიდ სიწმინდეს ვეხებით, სიწმინდითვე უნდა განვიმსჭვალოთ. მთავარია, საკუთარ ნიჭსა და შემოქმედებაზე ამბიცია არ გაგვიჩნდეს.

“შენს გაკეთებულ ჯვარსა და ხატზე რომ სხვა ილოცებს, ნახევარი მადლი შენზე გადმოდის” – ამბობდა მამა გაბრიელი და ამაზე დიდი ჯილდო და სტიმული რა უნდა არსებობდეს?!

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.