მთავარი » კულტურა

ლელა ტაბლიაშვილის მხატვრობა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.11.2016 | 4,543 ნახვა

სამხატვრო აკადემიის პროფესორ ლელა ტაბლიაშვილისთვის მხატვრობა არა მარტო პროფესია, არამედ ცხოვრების სტილია. მუშაობს თითქმის ყველა ტექნიკასა და მასალაში: ფერწერა, გრაფიკა, ანიმაცია, წიგნის ილუსტრაცია, მცირე პლასტიკა. ლელა ტაბლიაშვილი ძერწავს და აკეთებს თოჯინებს. სამხატვრო აკადემიაში ასწავლის ანიმაციის საგანს. ამჟამად ძირითადად დაზგური ფერწერითა და გამოფენებში მონაწილეობითაა დაკავებული.

„ორი კვირის წინ ჩამოვედი პარიზიდან, სადაც ქართველი მხატვრების ჯგუფმა ლუვრში “კარუსელ დე ლუვრის“- სახელწოდების გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა. გამოფენაში მსოფლიოდან 600 მხატვარი და გალერეა გახლდათ წარმოდგენილი. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევა იყო. ჩვენმა ნამუშევრებმა დიდი ინტერესი გამოიწვია. ბევრი გალერეა და კოლექციონერი დაინტერედა და ეს დიდი სტიმულია“, – ამბობს მხატვარი. ლელა ტაბლიაშვილი გახლავთ ასტრიდ ლინდგრენის მემორიალური პრემიის ნომინანტი საქართველოდან 2011-2012წწ.-ში. მხატვარი შვედეთში ორჯერ იყო ნომინირებული ასტრიდ ლინდგრენის სახელობის პრემიაზე, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე.

როგორ დაიწყო ხატვა ქალბატონმა ლელამ და რა დაეხმარა წარმატების მიღწევაში? „ამბიონს“ საკუთარი შემოქმედების შესახებ თავად ესაუბრა.

ლელა ტაბლიაშვილი: – ხატვა ბავშვობიდან დავიწყე. დაახლოებით მე-7 კლასში ვიყავი, მეგობრის მამამ – ცნობილმა არქიტექტორმა ვლადიმერ ქურთიშვილმა დახვეულ ფორმატის ქაღალდში ჩადებული ორი, ძალიან კარგი ხარისხის ფუნჯი მაჩუქა. იმ დროს ასეთი სამხატვრო მასალები არ იშოვებოდა.

ლელა ტაბლიაშვილი

დაახლოებით ამ პერიოდიდან მაქვს შემონახული ნახატები. სკოლის დამთავრებისას უკვე მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი სამხატვრო აკადემიაში სწავლის გაგრძელება. სხვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია. ისეთ გარემოში გავიზარდე და ჩამოვყალიბდი, რომ ალბათ აუცილებლად მხატვარი უნდა გამოვსულიყავი. ჩემი მშობლები ყველანაირად ხელს მიწყობდნენ. წიგნები, მხატვრების კატალოგები და რაც მთავარია, მრავალფეროვანი ყვავილები ყოველთვის მოიპოვებოდა ჩვენს სახლში.

ლელა ტაბლიაშვილი

აკადემიაში ჩასაბარებლად საუკეთესო პედაგოგებთან ვემზადებოდი. შემიძლია ვთქვა, აკადემიაში ჩაბარებამდე მხატვრული განათლება უკვე მიღებული მქონდა. ჩემი პედაგოგები იყვნენ: თემო მაჭავარიანი, ალბერტ დილბარიანი, გივი კასრაძე. სამხატვრო აკადემიაში კი, მამია მალაზონიას სახელოსნოში ვსწავლობდი, დაზგური გრაფიკის კათედრის ანიმაციის განხრით. სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ სულ პედაგოგად ვმუშაობ, მონაწილეობას ვიღებ გამოფენებში და ვასურათებ წიგნებს.

რომელი წიგნები გაქვთ დასურათებული?

– ვმუშაობ წიგნის ილუსტრაციასა და დიზაინზე. საქართველოში ბევრი წიგნი მაქვს ილუსტრირებული: “მიუნჰაუზენის თავგადასავალი“, “ჯოვანინო და პულჩეროზა“ და სხვები. ვმუშაობდი აშშ-ს წიგნის გამომცემლობაში “ნოვასაინფაბლიშერში“, სადაც თვეში 50 სამეცნიერო წიგნის ყდას ვაფორმებდი. ძალიან საინტერესო პროცესი იყო. აგრეთვე, ინტერნეტით ვთანამშრომლობდი მსოფლიოს სხვადასხვა გამომცემლობებთან.

რას ურჩევთ დამწყებ მხატვრებს და იმ პატარებს, რომლებსაც ხატვა ძალიან უყვართ, როგორ უნდა ხატონ?

– მიმაჩნია, რომ უფროსი არც კი უნდა ჩაერიოს პატარების ხატვის პროცესში. ხატონ და თვითონ განვითარდნენ. ძალიან მიყვარს ბავშვების ნახატების დათვალიერება. მათ ნახატებში ბევრ საინტერესოს აღმოაჩენ. უფროსებმა უბრალოდ უნდა დააკვალიანონ მასალის გამოყენებაში.

ლელა ტაბლიაშვილი

აი, უკვე დაახლოებით 12 წლიდან კი, ვისაც სურვილი აქვს ამ პროფესიას გაჰყვეს, შეიძლება მოსამზადებელი ნახატის შესწავლა. რა თქმა უნდა, აუცილებელია ბევრი შრომა. ვთვლი, რომ აკადემიურ ნახატს ყველა კარგი მხატვარი უნდა ფლობდეს. ზრდასრულობაში კი შეუძლია ეძებოს ახალი ტექნიკები, ხერხები, მიმართულებები. მხტვრობა მარტო ხატვა არ არის, მხატვარი უნდა იყოს უაღრესად ერუდირებული, განათლებული და ნაკითხი. უნდა ჰქონდეს თავისი პოზიცია ცხოვრებაში. სამწუხაროდ, მოდის თაობა ელემენტარული არ აქვთ წაკითხული. და პირველს, რასაც სტუდენტებს ვავალებ, ეს არის ამა თუ იმ ნაწარმოების წაკითხვა. მაგალითად, წიგნის ილუსტრატორად ვერ ჩამოყალიბდება მხატვარი, თუ ვაჟა-ფშაველა ან ჰანს ქრისტიან ანდერსენი არა აქვს წაკითხული. კიდევ ბევრი სხვა ნიუანსია გასათვალისწინებელი. ამიტომ, მშობლებს ვურჩევ შვილებს წიგნები წააკითხონ.

ლელა ტაბლიაშვილი

როგორც მხატვარი ლელა ტაბლიაშვილი ამბობს, მისი სამუშაო პროცესი ძალიან ხანგრძლივია, დღეში ზოგჯერ 12 საათს მუშაობს და ალბათ ამანაც განაპირობა მისი პროფესიონალიზმი. თითოეული ნამუშევრის შექმნას დიდი ენერგია მიაქვს, მაგრამ ნახატის გაყიდვისთანავე იწყებს ახლის შექმნას, რომ დანაკლისი არ შეეტყოს სახლის კოლექციას. გული არ წყდება, რომ მისი ნამუშევრები ადგილმდებარეობას იცვლიან. პირიქით, უხარია, რომ ნახატები ახალ ცხოვრებას იწყებენ და სიხარული და პოზიტივი შეაქვთ სხვა ადამიანების ცხოვრებაში.

თეონა ნოზაძე

ლელა ტაბლიაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი