მთავარი » კულტურა

ლალისყურის ციხე, ჩოლოყაშვილების საგვარეულო

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.03.2018 | 404 ნახვა

თელავის მუნიციპალიტეტში მდებარე XVIII-XIX საუკუნეების ლალისყურის ციხეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა (2018 წლის 9 იანვარი).

ციხე ააგო კახეთის მეფე დავით II იმამ-ყული-ხანმა 1702-1722 წლებში. ვახუშტისთან იხსენიება, როგორც ლეკებთან ბრძოლის მთავარი საყრდენი. პლატონ იოსელიანის თქმით, ის თავად ჯარდან ჩოლოყაშვილს ეკუთვნოდა. ლალისყურის ციხე მისივე თქმით, 1742 წ. ციხე მნიშვნელოვნად დანგრეულა ძლიერი მიწისძვრის შედეგად, მაგრამ მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ციხე ერეკლე მეორის ბრძანებით 50-იან წლებში აღუდგენიათ. მეცხრამეტე საუკუნეში ციხემ გარკვეული ცვლილება განიცადა – ეზოში აშენდა სასახლე და გადაკეთდა სამხრეთ-აღმოსავლეთი კოშკი. ციხე გეგმით კვადრატს უახლოვდება (100×97 მ. საკადასტრო მონაცემებით მისი ფართობია 10590 კმ.მ. ნაგებია რიყის ქვით. შიგადაშიგ გამოყენებულია აგური. გალავნის ოთხივე კუთხეში ცილინდრული კოშკია, შუაში კი – ნახევრადცილინდრული კოშკები. სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკის პირველ სართულზე ბუხარი და სწოკუთხა ნიშებია. ნიშებში თითო სათოფურია, კედლებში კი შეწყვილებული სათოფურები.

კოშკი მე-19 საუკუნეში გადაუკეთებიათ – მეორე სართულზე დაუშენებიათ ოთხკუთხა ფორმის ოთახი. აქაც აღმოსავლეთს მხარეს ბუხარია. კედლებში ფართო სარკმლებია დატანებული. კოშკს გარედან კონტრფორსები აქვს მიშენებული. ლალისყურის ციხე ჩრდილო-აღმოსავლეთის კოშკი აღარ შემორჩა – ის მდინარემ დაანგრია. ჩრდილო-დასავლეთის კოშკი ოთხსართულიანი ყოფილა. მეოთხე სართული აღარაა შემორჩენილი. დანარჩენ სამ სართულს ეზოს მხრიდან კარი აქვს, რომელთა პირდაპირ მეორე და მესამე სართულზე ბუხრებია გაკეთებული. ყველა სართულზე დატანებულია სათოფურები. სამხრეთ-დასავლეთი კოშკიდან მესამე სართული ნაწილობრივაა შემორჩენილი. პირველ და მეორე სართულებს დამოუკიდებელი კარი აქვს. პირველ სართულზე ეზოს მხარეს სარკმელია. დანარჩენ ნაწილში სათოფურებია. მეორე სართულზე სათოფურებთან ერთად კედელში ბუხარია დატანებული. გალავნის შუაში ჩართული კოშკები ნახევრადცილინდრულია. ისინი სამსახრთულიანები ყოფილა. შემორჩენილია პირველი და მეორე სართულები, მესამე სართული ნაწილობრივ. კოშკებს პირველ სართულებზე სათოფურები და სარკმლები აქვთ, მეორე სართულზე მათ ბუხრებიც ემატებათ. გალავნის სამხრეთი კედლიდან 5 მეტრის დაშორებით დგას გვიანი შუა საუკუნეების ეკლესია სამრეკლოთი. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყის ქვით და აგურით (12.8×6.1 მ). შეისრულთაღიანი შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. ორივე კარი შიგნიდან და გარედან სწორკუთხა შეღრმავებაშია მოქცეული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომლის ღერძზე შეისრულთაღიანი სარკმელია გაჭრილი. მის ორივე მხარეს თითო ასევე შეისრულთაღიანი ნიშია. საკურთხევლის იატაკი ერთი საფეხურითაა ამაღლებული და წინ ნახევარწრიული ამბიონი აქვს. სარკმლის წინ სწორკუთხა აგურის ტრაპეზია. ორ-ორი შეისრული სარკმელი ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლებშიცაა. დარბაზი ორ ნაწილადაა გაყოფილი გრძივ კედლებში ჩართული წყვილი პილასტრით, რომელზეც კამარის საბჯენი თაღი გადადის. ასეთივე წყვილი პილასტრი და მასზე გადასული თაღია დასავლეთი კედლის კიდეებში. პილასტრებს შორის აგურით დეკორატიული შეისრული თაღნარია გაკეთებული. ტაძარი გადახურულია კრამიტით. ეკლესიას დასავლეთიდან მიდგმული აქვს თანადროული სამსართულიანი სამრეკლო. პირველი სართული სამი მხრივ თაღებით გახსნილი კარიბჭეა, მეორე სართული საცხოვრებელი ოთახი, მესამე სართული ფანჩატურიანი სამრეკლო იყო, რომელიც ამჟამად მონგრეულია. პირველი სართულის თაღები შეისრულია. ჩრდილოეთის და სამხრეთის ტოლია, დასავლეთის – უფრო დიდი. დასავლეთის თაღის ორივე მხარეს აგურით გამოყვანილი ჩაღრმავებული შეისრული ნიშია, რომელშიც ჩრდილოეთის მხარეს კიბეა დატანებული მეორე სართულზე ასასვლელად. მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელში შეისრული ბუხარია, რომელიც მოგვიანებით კარად გადაუკეთებიათ. კედლებში საკრმლები და თაღებია დატანებული. ჩრდილოეთის მხარეს კიბეებია დატანებული. პირველი სართული გადახურულია შეისრული კამარით, მეორე სართული – ჯვრული კამარით. სამხრეთ-აღმოსავლეთ კოშკსა და ეკლესიას შორის დგას მე-19 ს. აშენებული სასახლე. ის ორსართულიანია. ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. პირველ სართულზე ჩრდილოეთის მხარეს სამი საკარე და ორი ფართო კარის ღიობია. მეორე სართულზე სამი კარი და ერთი სარკმელი. მეორე სართულს ხის აივანი ქონია. პირველი სართული მხოლოდ ჩრდილოეთის მხარეს, ანუ ეზოსკენაა გახსნილი. დანარჩენ კედლებში თაღოვანი ბუხრები და სწორკუთხა ღრმა თაღჩებია გაკეთებული. მეორე სართული თითქმის ყველა მხარესაა სარკმლებით გახსნილი, აღმოსავლეთის მხარეს კარია – მეორე სართულზე ასასვლელი კიბის პირისპის, ჩრდილოეთის კედელში კი აივანზე გასასვლელი კარები. მეორე სართულის სამხრეთ კედელში მაღალი სწორკუთხა ბუხარია. სართულშორისი გადახურვა ხის იყო. პირველ სართულზე სამი ოთახი უნდა ყოფილიყო, ამდენივე ივარაუდება მეორე სართულზეც. სასახლის გადახურვა საერთოდ არ შემორჩა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.