მთავარი » კულტურა

ლადო გუდიაშვილი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.04.2011 2 კომენტარი | 7,992 ნახვა

ლადო გუდიაშვილი – XX საუკუნის ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, პროფესორი… ლადო გუდიაშვილიმის შესახებ ინფორმაციის მოძიება მარტივად არის შესაძლებელი წიგნებისა თუ ინტერნეტის საშუალებით. ამჯერად, მოკლედ მიმოვიხილავ ლადო გუდიაშვილის ბიოგრაფიას და ყურადღებას გავამახვილებ იმ ნაკლებად ცნობილ მასალაზე, რაც საქართველოს ეროვნულ არქივში გახლავთ დაცული.

ლადო გუდიაშვილი დაიბადა 1896 წლის 18 მარტს რკინიგზის მუშის ოჯახში. წარმოშობით მთიულეთიდან იყო. მხატვრობისადმი ინტერესი ბავშვობიდანვე გამოავლინა. 1910 წლის აგვისტოში ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში მიაბარეს, რომელიც 1914 წელს პირველი ხარისხის დიპლომზე დაამთავრა, მიენიჭა მხატვარ-პედაგოგის წოდება და ამავე წელს ვაჟთა II გიმნაზიაში დაიწყო მუშაობა ხატვის მასწავლებლად. პარალელურად შეუდგა შემოქმედებით მოღვაწეობას. მონაწილეობდა ,,ქართველ ხელოვანთა საზოგადოების’‘ სამ ექსპედიციაში: 1916 წელს ნაბახტევის ეკლესიის XV საუკუნის ფრესკების გადმოსახატად მოწყობილ ექსპედიციაში, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესასწავლ ექსპედიციასა და 1917 წელს სამხრეთ საქართველოში ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლების – ოშკის, ხახულის, იშხნის, პარხლის, ოთხთა ეკლესიის შემსწავლელ ექსპედიციაში, რომელსაც ე. თაყაიშვილი ხელმძღვანელობდა. ლადო გუდიაშვილი 1919 წელს საფრანგეთში გაემგზავრა. 1926-1932 წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიაში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა.
1946 წელს კათოლიკოს-პატრიარქის – კალისტრატეს თხოვნით ლადო გუდიაშვილმა ქაშუეთის წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის მოხატვა დაიწყო, თუმცა, საბოლოოდ, მას ბრალად საბჭოთა იდეოლოგიის ღალატი და ღვთის სიყვარული წაუყენეს და სამხატვრო აკადემიიდანაც დაითხოვეს.

უარყოფილი მხატვარი 10 წელი ჩუმად მუშაობდა. 40 წლის განმავლობაში გამოფენა არ მოუწყვია. დაბადების 60 წლისთავთან დაკავშირებით 1957 წლის 12 მაისს თბილისში სამხატვრო გალერეაში გახსნილმა ექსპოზიციამ კი, სადაც საზოგადოებამ უპრეცედენტო მასშტაბის, 835 ნახატი იხილა, მხატვარს საყოველთაო აღიარება მოუტანა. ნელ-ნელა ხელისუფლებასაც მოუბრუნდა გული. გუდიაშვილს რამდენიმე ჯილდო, პრემია თუ ორდენიც მიენიჭა. 1980 წლის ივლისში 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმიდის პანთეონში.

ლადო გუდიაშვილის შესახებ უნიკალური მასალაა დაცული საისტორიო არქივში.თხოვნა აქ ინახება მისი თხოვნა განათლების მინისტრისათვის მიწერილი საშუალო სასწავლებელში ხატვის გაკვეთილების გამოყოფის შესახებ, დათარიღებული 1918 წლის 31 ივლისით: ,,უმორჩილესად გთხოვთ მომცეთ ხატვის გაკვეთილები საშუალო სასწავლებელში”. წერილის ბოლოს ლადო გუდიაშვილის ხელმოწერაა. ასევე, მითითებულია საცხოვრებელი მისამართი: ,,გონჩარნაია (მეთუნეთა) ქუჩა #41 (მე-8-ვე კომისარიატი)”, რაც დღევანდელი მოსე თოიძის ქუჩაა. აქვეა 1918 წლის 28 სექტემბრის ბრძანება საქართვლოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარ-გამგისა, გუდიაშვილის ვაჟთა მეორე გიმნაზიის ხატვის მასწავლებლის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე და ცნობა 1919 წლის 17 მაისით დათარიღებული თბილისის ვაჟთა გიმნაზიის ხატვის მასწავლებლის გუდიაშვილის პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან 27 მაისამდე გათავისუფლების შესახებ (ფონდი 1935, აღ. 2, საქმე 306).

მხატვრებიმნიშვნელოვანია 1920 წლის ივლისის უწყება მთავრობის საქმეთა მმართველობის მიმართ, რომლის თანახმადაც საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად 1919 წლის დეკემბერში გაიგზავნნენ სტუდენტები:
1. ალექსანდრე ჯანელიძე
2. ბარნაბა გელაზანია
3. ვლადიმერ გუდიაშვილი
4. დავით კაკაბაძე
5. შალვა ქიქოძე

იქვეა მითითებული, რომ პირველი ორი, ზოგადად, სკოლისა და განათლების შესასწავლად გაემგზავრა, სამი უკანასკნელი კი – საერთოდ, ხელოვნებისა და, კერძოდ, მხატვრობის; რომ ჩამოთვლილთაგან ოთხი სტუდენტი (ბარნაბა გელაზანიას გარდა) პარიზში ცხოვრობს და თვიურად დახმარების სახით 700 ფრანკს იღებს (ფონდი 1935, აღ. 1, საქმე 950, გვ. 7-8).

სტუდენტები პარიზშისაინტერესო მასალა ინახება საისტორიო არქივში პარიზში სასწავლებლად მყოფი სტუდენტების მატერიალური მდგომარეობის შესახებაც, საიდანაც კარგად ჩანს, თუ რა მძიმე პირობებში უხდებოდათ მათ ცხოვრება. ამ მხრივ მნიშვნელოვანია პარიზელ სტიპენდიანტ სტუდენტთა საერთო კრების თხოვნა საქართველოს დელეგაციისადმი, იშუამდგომლონ მთავრობის წინაშე სტიპენდიანტთა მატერიალური უზრუნველყოფისათვის: ,,ქართველ სტუდენტთა კომიტეტი უმორჩილესად სთხოვს დელეგაციას, რათა მან, თავისი მხრივ, აღძრას შუამდგომლობა მთავრობის წინაშე, რომ სტუდენტთა კრების მიერ აღნიშნული სტუდენტთა საჭიროებანი დაკმაყოფილებულ იქმნან” (ფონდი 1935, აღ. 1, საქმე 1037. გვ. 1-2).
აგრეთვე, მოიპოვება 1920 წლის 24 მაისით დათარიღებული სამი მხატვარ-სტიპენდიანტის, მათ შორის – გუდიაშვილის მიერ შემუშავებული ხარჯთაღრიცხვა, რომელიც, მათივე მითითებით, მხატვრების ნორმალურ და ნაყოფიერ მუშაობას აკმაყოფილებდა (ფონდი 1935, აღ. 1, საქმე 1037. გვ. 4):

თანხები1. 800 ფრანკი ყოველ თვიური საცხოვრებელი ხარჯი, როგორც ყოველ სტუდ. სტიპენდიანტს.
2. 100 ფრანკი დამატებითი სახელოსნოსათვის ან დიდი ნათელი ოთახისათვის.
3. 100 ფრანკი სამხატვრო მასალებისათვის.
სულ 1 000 ფრანკი თვიურად თითოეულ მხატვარს.”

წერილის ბოლოს მხატვრები აღნიშნავენ, რომ ამ ხარჯთაღრიცხვაში არ შედის ის ზედმეტი ხარჯი, რომელიც გამოწვეული იქნება იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე მხატვარი აკადემიაში დაიწყებს მეცადინეობას: ,,ამ შემთხვევისათვის სამასწავლებლო ფული უნდა იქნეს გაღებული დელეგაციის მიერ შესაფერ მოწმობის წარდგენის შემდეგ.” აქვეა გუდიაშვილის, ქიქოძისა და კაკაბაძის ხელმოწერები.

ასევე, მნიშვნელოვანია 1920 წლის 14 ოქტომბრით დათარიღებული წერილი, რომელშიც პარიზში მყოფი სტიპენდიანტი მხატვრები საქართველოს დელეგაციას სთხოვენ, იშუამდგომლონ მთავრობის წინაშე, რათა გაუგრძელონ საზღვარგარეთ ყოფნის ვადა (ფონდი 1935, აღ. 1, საქმე 1037. გვ. 36): წერილი,,ცხრა თვის ჩვენი ადგილობრივი მუშაობა ეხლა იმნაირ ფაზიზშია, რომ მისი შეწყვეტის შედეგი იქნებოდა მთელი ცხრა თვის მუშაობის გაუქმება. ამიტომ საჭიროთ ვცნობთ, რომ ჩვენი წარსული მუშაობა ცოტად მაინც დამთავრებული იქნეს და სამშობლოში ჩვენი დაბრუნება ხელცარიელი არ იყვეს. ჩვენ უწევთ რა ანგარიშს სამშობლოს ცუდ ფინანსურ მდგომარეობას, მიგვაჩნია საჭიროდ ჩვენი საზღვარგარეთ ყოფნის დრო განვსაზღვროთ სულ მცირე მინიმუმით, რომლის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ჩვენი წარსული შრომის ცოტად მაინც დამთავრება. ამიტომ ჩვენ, მხატვრები, გთხოვთ პარიზში მყოფ საქართველოს დელეგაციას, რათა მან იშუამდგომლოს მთავრობის წინაშე, გაგვიგრძელოს ჩვენი საზღვარგარეთ ყოფნა კიდევ 14 თვით. ესე იგი 1921 წლის დამლევამდის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ხნის განმავლობაში ჩვენი შრომა ცოტად მაინც დამთავრებული იქნება.”

საისტორიო არქივში ინახება საზღვარგარეთ მოსწავლე ქართველი სტუდენტებისათვის, მათ შორის – გუდიაშვილისათვის გაცემული დახმარებების ანგარიშები ამერიკელთა შემოწირულობებიდან (1921 წ.) (ფონდი 1891, აღ. 4, საქმე 127) და სოკოლოვის წერილი თბილისიდან პარიზში მყოფი ქართველი მხატვრებისათვის (ლ. გუდიაშვილი, დ. კაკაბაძე, შ. ქიქოძე) რუსი მხატვრების – სორინისა და სუდეიკინის მხრიდან დახმარების გაწევის თაობაზე (1921 წლის 27 აპრილი) (ფონდი 2115, აღ. 1, საქმე 77).

მოამზადა თათია ნავროზაშვილმა
ეროვნული არქივის მასალებზე დაყრდნობით


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი