მთავარი » სხვადასხვა

კვარკვალიტა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.04.2013 | 2,442 ნახვა

ცხელ-ცხელი ამბები

აკაკი წერეთელივინა სთქვა, რომ ჩვენში საზოგადო არა არის რაო, მაშინ როდესაც რაც ერთზედ ითქმის, რასაკვირველია აუგობით, ის ათში ცხრასაც ეკუთვნის? საკვირველი ქალია ეს კნეინა, რომელსაც ჩვენ დავარქვათ კვარკვალიტა: მის მნახველს არ შეუძლია, როცა მას უჭვრეტს, რომ სხვა საგანიც არ წარმოედგინოს მის მისამსგავსებლად: ეს ჩინებული კნეინა ზოგს თხუთმეტი დღის მთვარედ ეჩვენება, ზოგს ცისკრის ვარსკვლავად, ზოგს ვარდის კოკრად, ზოგს სულის მტრედად, და ზოგს გულის იადონად.

მე კი ტყუილს არ მოგახსენებთ, რომ რამდენჯერაც უნდა ვნახო, რომ ყოველთვის ღლავი მომაგონდება ხოლმე. ეგებ ბევრმა არ იცოდეს, თუ რა არის ღლავი? იმერულათ ღლავი და ქართულად ლოქო ეწოდება მისთანა ერთგვარ-თევზს, რომელიც უხმოდ პირს ძალიან აღებს, თავი მსხვილი აქვს და უვარგი, ფაშვი დიდი აქვს, მაგრამ ზედ მობმული კუდი კი მარჯვეთ საქნევი და გემრიელი…

გარეგნობით ვისაც უნდა ჰგვანდეს კნეინა კვარკვალიტა, ჩვენთვის სულ ერთია; ჩვენ მხოლოდ მისი შინაგანი დაფარული, ღირსება გავსინჯოთ!

დიდის მოწიწებით ინახავს მარხვას… წირვა-ლოცვას არ აკლდება და ისეთის ყურადღებითაც ისმენს, რომ არა თუ მღვდელის სიტყვები, ერის წაჩურჩულებაც არ გამოეპარება ხოლმე იმ წირვის დროს. სანამ შუა წირვა დაიწყებოდეს, იმან სულ იცის, ვის რა ფერი ტანისამოსი აცვია და როგორ არის შეკერილი.

ქართული ნახევარი დავიწყებია, რუსული ნახევარზედ მეტი ვერ მოუსწრია; მაგრამ ამითი არა წაუგია რა: რუსებს ჰგონიათ, თუ ქართული ძალიან იცისო და რუსული რომ კარგად არ იცოდეს, რა გასაკვირალიაო; და აგრეთვე ქართველებს ჰგონია, თუ რუსული ზედმიწევნით იცის და ქართული კარგი არ იცოდეს, რა უყოთო! საკვირველი მიმხდური ქალიც არის: რომ რამეს გაიგონებს, დაუგდებს ყურს. მერე გასინჯავს ნათქვამს და იტყვის, ისე კი არ უნდა ყოფილიყო ის საქმე, სწორედ ასე იქნებაო, და გადააკეთებს ხოლმე ისე, როგორც მას ჰგონია. ზარმაცი არ გეგონოსთ შვილებს ვერ ზდის ხოლმე, თორემ სხვას ყველაფერს ძალიან ზდის. ჭინჭველასოდენ ამბავს ერთ დღეს აქლემის ოდენათ გადააქცევს ხოლმე. – გაასუქებს ხოლმე და ან კი როგორ არ გაასუქოს, რომ ჩვენში საბალახეები კარგია ამგვარი პირუტყვებისათვის…

ერთი სიტყვით, კნეინა კვარკვალიტას ყოველივე ღირსებას, კალმით კი არა, კეტითაც ვერ აწერს კაცი, რომ უნდოდეს, ამ ჟამათ კნეინა ძალიან მოწყენილი არის და მწუხარების მოსაქარვებლად სულ ამას იმღერის: “გამიფრინდა სიხარულის ფრინველი, ლეილუმ!” და სხვა… ვინც კი ყური მოჰკრა ამ სიმღერას, გამვლელი თუ გამომვლელი, ყველა ასე ამბობს: ვაი, რას გადურევია ეს ქალბატონი?… როგორც იქნაო, მოგვხედა ღმერთმა, ძლივს მწუხარების დათვი მოვიშორეთ და ეს კიო სიხარულის ფრინველათ იგონებსო და სწუხსო!…

მაგრამ ხალხმა რაც უნდა სთქვას, კვარკვალიტა იმას რას დასდევს, როდესაც მას თავის საკუთარი ჰაზრი აქვს და საკუთარი გრძნობანი? “ალიას დარდი ფლავიაო”, ნათქვამია, ხალხი სხვას ჰფიქრობს და კნეინა სხვას, ხალხი ამბობს: “ნეტა რა ჩიტი მოგვიფრინდება? როგორც მტრედი კიდობნისა, ზეთის ხილის შტოთი მოგვიფრინდება, იმ წარღვნის შემდეგ გაახლების ნიშნად, თუ ყვავივით მძორებს დაუწყებს ძებნას?” აძლევს ამ კითხვას თავის თავს და გულის კანკალით თვითონვე პასუხს აძლევს: რასაკვირველია, რომ მტრედით, – ორი წარღვნა ერთად ვის გაუგონიაო!… მაგრამ ცისარტყელაც რომ არსად სჩანს? ამ მწუხარე ფიქრებს ჰფანტავს შემდეგი სიმღერით: “არვინ იცის, რა გამოვა რისაგან!… თუ რომ ხმები გაიყოფა მტრისაგან და სხვ…”

ამავე დროს კნეინა კვარკვალიტა ფიქრობს: “სიძე ყოველთვის მაყრულით მოგვყავს, მაგრამ ვაი, რომ ზარით გასტუმრება გვჭირდება ხოლმეო. ნეტავი ამ ახალ-სიძეს, თუ უყვარს ღლავი, მაგრამ ან კი რად მინდა! იმას თურმე თავის საკუთარი აუზი აქვს… მაგრამ ესეც უნდა სთქვას კაცმა, შინაური ღლავი რას მოუშლის გარეულს?” აქ ამ აზრით კნეინა ეშხში მოდის და იმღერის რაღაც იმედიანი ხმით… და ჰყვირის: გოგო! გოგო! ჩქარა სარკე, სარკე მომეცით! იღებს საჩქაროდ ხელში სარკეს, იხედება, მაგრამ უეცრად შეშინებული ერთს იკივლებს და ხელიდამ აგდებს სარკეს!… რამ შეაშინა კნეინა კვარკვალიტა? ნეტავი რა დაინახა სარკეში? ის რომ ვიღაც მოჩვენებას მისთვის სარკეში ზურგი შემოექცია და ზედ ეს სიტყვები ეწერა: “კნეინებო კვარკვალიტებო! რადგანაც წარღვნა გათავდა, წყალი დაშრა და ხმელეთი ჩნდება; იქ სადაც დღემდი თევზები თავისუფლად სცურავდენ, ღლავებს ბინა აღარ ექნებათ, მათ ნაცვლად იქ მათს ადგილს ოთხფეხი თვინიერები დაიჭერენ და თქვენთან ნურაფერს უკაცრავათო!…” გადაიქცა ქალბატონი, ვეღარ მოაბრუნეს, გდია ისევ გულშემოყრილი, ექიმები თავს ახვევიან, მაჯას უსინჯავენ, და სულ სხვა და სხვა ნაირად ხსნიან მის ავათმყოფობას: ზოგი რას ამბობს და ზოგი რას! – ერთი ამბობს, ორსული არისო; მეორე – ახლა აპირობს დაორსულებას და მიტომ ეყრება გულსაო; მესამე ამტკიცებს, თუ სულ დაკარგული აქვს დაორსულების იმედი და მის გამო შემოაწვა სევდა და სხვა. მაგრამ მართალი ვერავისაგან გავიგეთ…

შელოცვაზედ კნეინა კვარკვალიტამ ცალი ფეხი გაიქნია და შემდეგში რა იქნება, არ ვიცით!…

დაიბეჭდა გაზეთ “დროებაში” 1870 წ. #20, ხელმოუწერელია

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი