მთავარი » ჯანმრთელობა

კუჭის წყლულოვანი დაავადებები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.04.2013 24 კომენტარი | 59,206 ნახვა

“კუჭის წყლულის არასწორი ან არასრული მკურნალობა შესაძლოა სიმსივნის მიზეზად იქცეს”…

არსებული მონაცემებით, წყლულოვანი დაავადებები საქართველოში ფართოდაა გავრცელებული, განსაკუთრებით კი დასავლეთში, კუჭის წყლული კერძოდ, სამეგრელოს რეგიონში, სადაც თითქმის ერთნაირი სიხშირით გვხვდება კუჭის წყლულოვანი დაავადებები როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში მაშინ, როცა ზოგადად მამაკაცები უფრო ხშირად ავადდებიან კუჭის წყლულით, ვიდრე ქალები.

კუჭის წყლულოვანი დაავადებების შესახებ “ამბიონს” მედიცინის დოქტორი, ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალის ექიმი გასტროენტეროლოგი, არასამთავრობო ორგანიზაცია “ვეტერანთა ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და თანადგომის ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარე მიმოზა კანკია ესაუბრება:

– რა არის წყლულოვანი დაავადება, რამდენად გავრცელებულია ის საქართველოში და ძირითადად რა ასაკის ადამიანებში გხვდებათ იგი?

წყლულოვან დაავადებას ახასიათებს დესტრუქციული კერების წარმოქმნა კუჭ – ნაწლავის ტრაქტში: ძირითადად ვითარდება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილში, იშვითად – საყლაპავის დისტალურ ნაწილსა და წვრილ ნაწლავში.

წყლულის დიამეტრი სულ მცირე 5მმ.-ს შეადგენს. ეროზიისაგან განსხვავებით, წყლული ლორწოვანის უფრო ღრმა დაზიანებაა და კუნთოვან შრემდე გრძელდება.

წლულოვანი დაავადება აღენიშნება მოსახლეობის დაახლოებით 5%-ს, ხოლო ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში 6-10% შეადგენს.

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული კუჭის წყლულთან შედარებით (6:1) ხშირია და უფრო ახალგაზრდა ასაკში ვითარდება (12:1).
მამაკაცებში წყლული უფრო ხშირია ქალებთან შედარებით (4:1-ზე), თუმცა მინოპაუის შემდეგ ეს სხვაობა ნაკლებად ვლინდება.
“არ არის მჟავა, არ არის პეპსინი, არ არის წყლული,” – შვარცის მიერ მოწოდებული ეს დებულება რადიკალურადაა შეცვლილი: “არ არის პილორული ჰელიკობაქტერია (Hp)-არ არის წყლული”.

უკანასკნელ დრომდე პეპტიკურ წყლულს მულტიფაქტორულ დაავადებად მიიჩნევდნენ, რომელიც ვითარდებოდა კუჭის ლორწოვანის დამცავი უნარის დაქვეითებისა და ამ ფონზე მჟავისა და პეპსინის მოქმედების შედეგად. ითვლებოდა, რომ ერთხელ განვითარებული პეპტიკური წყლული მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდებოდა და მიმდინარეობდა პერიოდული გართულებებითა და რემისიებით. სადღეისოდ ეს შეხედულებები რამდენადმე შეიცვალა. პეპტიკური წყლულის განვითარებაში ძირითადი, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პილორულ ჰელიკობაქტერიასა (Hp) და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (აასს-ბი).

ამრიგად, წყლულოვან დაავადებას ამჟამად განიხილავენ, როგორც ინფექციურ დაავადებას გასტროენტეროლოგიური პროფილით. დადგენილია, რომ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული შემთხვევათა თითქმის 90%-ში განპირობებულია ჰელიკობაქტერიებითა (Hp) და ექვემდებარება სათანადო მკურნალობას ანტიბიოტიკებით.

1960 წლიდან საქართველოში, წყლულოვანი დაავადების შესწავლის მიზნით, ტარდებოდა ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები:

განსაკუთრებით საყურადღებოა მე-20 საუკუნის 60-80-იან წლებში დასავლეთ საქართველოს – სამეგრელოსა (ზუგდიდი, სენაკი, აბაშის რაიონები) და აღმოსავლეთ საქართველოს – კახეთის რეგიონებში (გურჯაანი, ყვარელი), ასევე, თიანეთის რეგიონებში ჩატარებული გამოკვლევის შედეგები.

ერთსა და იმავე პერიოდში შეისწავლეს აღმოსავლეთ საქართველოს – კახეთის მოსახლეობა, როგორც ღვინის მწარმოებელი და ამასთანავე, მისი შედარებით ჭარბად მომხმარებელი რეგიონი და დასავლეთ საქართველოს – სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობა, სადაც საკვებთან ერთად ჭარბი რაოდენობით იღებენ ცხარე წიწაკას. აღმოჩნდა, რომ წყლულოვანი დაავადების მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია დასავლეთ საქართველოს რეგიონში და იგი გაცილებით ჭარბობს აღმოსავლეთ საქართველოს – გურჯაანისა და მაღალმთიანი რაიონების მონაცემებს. კერძოდ, შეფარდება წყლულოვანი დაავადებით შეპყრობილ ქალსა და მამაკაცს შორის შეადგენდა თითქმის (1:1) სამეგრელოში. წყლულოვანი დაავადების ასეთი მაღალი სიხშირე სხვა ავტორთა მიერ არ არის გამოვლენილი. თელავის ღვინის ქარხნის მუშებს, გამომდინარე მათი სამუშაოს თავისებურებებიდან, რომლებსაც თითქმის ყოველდღიურად უხდებოდათ ერთ ლიტრამდე ღვინის მიღება, წყლულოვანი დაავადების გავრცელება მეტად დაბალი პროცენტით გამოუვლინდათ, ვიდრე სამეგრელოს რეგიონში.

– როგორ ხდება კუჭის წყლულოვანი დაავადების დიაგნოსტიკა?

კუჭის გამოკვლევის მეთოდებიდან გასტროსტოპია ითვლება “ოქროს სტანდარტად”. იგი საშუალებას იძლევა, მთლიანად დათვალიერდეს ლორწოვანი გარსი კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ყოველ არეში, შეფასდეს მისი მდგომარეობა, გამოვლინდეს მისი ცვლილებები, განისაზღვროს pH, ჩატარდეს ბიოფსია ბიოფსიური მასალის შემდგომი შესწავლით.

წყლულის გამოვლინების შემდგომი ეტაპია მისი ეტიოლოგიის დადგენა და პილორული ჰელიკობაქტერიის იდენტიფიცირება:

1. არაინვაზიური, სეროლოგიური და სუნთქვითი ტესტები;
2. ურეაზული სუნთქვითი ტესტი-Hp აღმოჩენის ერთ-ერთი საიმედო მეთოდია.
3. კუჭის ბიოპტატის ჰისტოლოგიური შესწავლა.
4. ბიოპტატიდან Hp კულტურის მიღება.
5. Hp არაინვაზიური დიაგნოსტიკა მასსპექტომეტრული მეთოდით, რომელიც ეფუძნება ამოსუნთქულ ჰაერში მონიშნული C13 ნახშირბადის იზოტოპის აღრიცხვას.

რენტგენოლოგიურ გამოკვლევას სადღეისოდ შედარებით ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან ბარიუმის კონტრასტის გამოყენებით პეპტიკური წყლული შეიძლება გამოვლინდეს შემთხვევათა მხოლოდ 70%-ში. უფრო ინფორმაციულია რენტგენოლოგიური კვლევა ორმაგი კონტრასტირებით.

– რატომ ვითარდება წყლული?

წყლულოვანი დაავადების განვითარებაში პილორულ ჰელიკობაქტერიასთან ერთად მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორებია: გენეტიკური წინასწარგანწყობა, ფსიქოგენური ფაქტორი, თამბაქოს წევა, ალკოჰოლი, ყავა, ალიმენტური ფაქტორი და სხვა დაავადებები, როგორიცაა: ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, ფილტვების ემფიზემა, გულის უკმარისობა, ღვიძლის ციროზი, კუჭუკანა ჯირკვლის დაავადებები, თირკმლის უკმარისობა. ასევე, მნიშვნელოვანია დუოდენოგასტრალური ნაღვლოვანი რეფლექსი.

სიმპტომები: ტკივილი, განპირობებული მარილმჟავას მიერ წყლულოვანი დეფექტის არეში ნერვული ქემორეცეპტორების გაღიზიანებით, პილოროსპაზმითა და დუოდენოსპაზმით, სისხლძარღვის სპაზმით გამოწვეული ლორწოვანის იშემიით.

დისპეპსიური სინდრომი: გულძმარვა, ბოყინი, ღებინება და გულისრევა, მადის ცვლილებები, ნაწლავის მოტორიკის დარღვევა.

– რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს წყლულმა?

გართულებები შეიძლება იყოს ინტრაგასტრალური: წყლულის პერფორაცია, პენეტრაცია, წყლულიდან სისხლდენა (გასტროდუოდენალური სისხლდენა), დაავადების ხშირი რეციდივები, გამოხატული ტკივილითა და ხანგრძლივი მიმდინარეობით;

არანამკურნალები, არასწორად, ან როცა მკურნალობის კურსი ბოლომდე არ არის ჩატარებული. შესაძლებელია წყლულის მალიგნიზაცია, ანუ მისი გადაგვარება სიმსივნედ.

1994 წელს კიბოს შემსწავლელმა საერთაშორისო სააგენტომ (IARK) აღიარა ინფექცია პილორული ჰელიკობაქტერია Hp I რიგის კანცეროგენად – კუჭის კიბოს განვითარებასთან აუცილებელ კავშირში.

ექსტაგასტრალური: პილორული ჰელიკობაქტერიის მაღალვირულენტური, ციტოტოქსიური, მავაკუოლიზირებელი შტამებით თანხლებული წყლულოვანი დაავადების ექსტრაგასტრალური გართულებები აღწერილია ლიტერატურაში.

1.განსაკუთრებით, მაღალდიცერენცირებული თავის ტვინის ნეირონების დაზიანება. ინგლისელი ავტორების მიერ აღწერილია ალცეიმერის დაავადების 9% შემთხვევაში პილორული ჰელიკობაქტერიის (Hp) არსებობა;
2. პილორული ჰელიკობაქტერია ათეროგენეზის წინასწარი განწყობის ფაქტორს წარმოადგენს და აქვს პოტენციური როლი მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის ჩამოყალიბებით;
3.ზრდის ოსტეოპოროზის განვითარების რისკს;
4. მონაწილეობს ჰეპატოენცეფალოპატიის განვითარებაში;
5. რევმატოიდული ართრიტის ჩამოყალიბებაში.

– შესაძლებელია თუ არა მისგან სრულად განკურნება და როგორ მკურნალობენ წყლულოვან დაავადებებს?

სადღეისოდ პეპტიკური წყლულის მკურნალობამ რადიკალური ცვლილებები განიცადა. ამჟამად წყლულის მკურნალობის ძირითადი მიზანია პილორული ჰელიკობაქტერიის ერადიკაცია: ანტიბიოტიკო თერაპია და ტრადიციული (ანტაციდები, H2 რეცეპტორების ანტაგონისტები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები,შემომგარსველი) საშუალებიბით მკურნალობა მაასტრიხტის რეკომენდაციების (1996-2000-2005წწ) შესაბამისად.

წყლულოვანი დაავადების მკურნალობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია დიეტური თერაპია, რაც გულისხმობს კუჭის ლორწოვანი გარსის საკვებისმიერი გამღიზიანებელი ფაქტორებისაგან დაცვას, როგორიცაა ცხარე, მჟავე, წიწაკიანი, ტომატიანი საკვების მიღება.

ქართველი და უცხოელი მეცნიერების შესწავლის შედეგებმა აჩვენა, რომ პილორული ჰელიკობაქტერია, რომელიც წარმოადგენს არამარტო საპროფიტსა და კომენსალს, არამედ ჭეშმარიტად პათოგენურ მიკროორგანიზმს. ის კუჭის ლორწოვან გარსს აზიანებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კუჭის ლორწოვანი გარსის ირიტაცია (გაღიზიანება) მოხდება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გამღიზიანებელი ფაქტორების ზემოქმედებით.

ხოლო რაც შეეხება პილორულ ჰელიკობაქტერიას, მისი ზეგავლენით დაზიანებული კუჭის ლორწოვანი გარსის იმუნოგლობულინების წარმომშობი უჯრედოვანი პოპულაციები იცვლება. კერძოდ, ბიოპტატებში აღმოაჩინეს ამ მიკროორგანიზმებზე აბსორბირებული იმუნოგლობულინ-IgA და იმუნოგლობულინ-IgG, რაც კუჭის ლორწოვანი გარსის ინფიცირებასა და მასში პათოლოგიური ცვლილებების არსებობაზე მიუთითებს.

ასე რომ, მკურნალობასთან ერთად პარალელურ რეჟიმში საუბარია დიეტოთერაპიაზე.

დავით დნელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

24 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი