მთავარი » ეკლესია-მონასტრები

კრწანისის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.06.2013 ერთი კომენტარი | 8,519 ნახვა

კრწანისის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია კრწანისში, კრწანისის ქ.#82–ში მდებარეობს.

კრწანისის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

დანგრევის პირას მისულ ტაძარსა და კელიებს წლების მანძილზე საცხოვრებლად იყენებენ. ადგილობრივი მცხოვრებლები დღემდე ითხოვენ ალტერნატიულ საცხოვრებლებს, თუმცა პრობლემა კვლავ გადაუჭრელია.
პლატონ იოსელიანი ღვთისმშობლის ეკლესიის შესახებ წერდა: „ ..კრწანისის მთებზე, ადრე არსებული და აწ დაცარიელებული სოფლის ძველი შენობების ნაშთებითურთ. მთელი ეს მიდამო, ყველა ვენახითა და ხეხილნარიანად ქართველ მეფეთაგან ოდითგანვე სიონის ტაძრისადმი იყო შეწირული. ტფილელი მიტროპოლიტები განაგებდნენ ეკლესიასაც და ყველა ნარგავსაც, რომელნიც უმთავრესად საეკლესიო ყმებს ეკუთვნოდათ. როდესაც სოფელი დაღესტნის ველურ მთიელთა შემოსევისას დაინგრა, ეკლესიაც დაზიანდა,რომელმაც მეფე თეიმურაზ მეორის მეფობამდე (ასე1740 წლამდე) იარსება). ახლა მას სომხები ფლობენ, რომელნიც მას უდიდესი მოწიწებით ეკიდებიან. აქ დიდხანს ესვენა მეფე თეიმურაზ პირველის, ქეთევან წამებულის ძის ნეშტი, რომელიც ასტრაბადში 1663 წელს გარდაიცვალა და აქედანგადაიტანეს კახელებმა ალავერდის ტაძარში დასაკრძალავად. ამ მიდამოს ახალ–უბნის სახელით იცნობდნენ“.

კრწანისის ველი მდებარეობს თბილისის სამხრეთით მაღლობ ადგილზე, სადაც ახლა ბაღებია გაშენებული. ეს ადგილი მაღლიდან დაჰყურებს ორთაჭალას და განჯიდან მომავალ გზას…

კრწანისის ფართო ველი გორაკებითაა გარშემორტყმული. სამხრეთით კლდოვანი მთა გადმოჰყურებს, ხოლო ქალაქის მხრიდან ღრმა ხევია.

ეკლესია მდებარეობს თბილისის სამხრეთ-დასავლეთით თელეთის მთის ქვეშ, სადაც ფერდობებზე გაშენებული ყოფილა მშვენიერი წინანაურის ბაღები.

ეკლესია, აგრეთვე, ცნობილი იყო“ წინანაურის ეკლესიის“ სახელით. გაზეთი „ივერია“ 1888 წელს წერს, რომ 2 აგვისტოს წინანაურობა აღუნიშნავთ, რომელსაც უამრავი ადამიანი დასწრებია. კრწანისის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია წინანაურის ტაძარს გზა ორი ჰქონია. ერთი -ბილიკი და მეორე -საეტლო. ორივე გზა ერთმანეთს ეკლესიის მახლობლად უერთდებოდა, სადაც ორღობეა. აქ ისეთი სივიწროვე ყოფილა, ორ ეტლს ძალიან უჭირდა ერთმანეთის გვერდის აქცევა და ფეხით მოსიარულენიც დიდი გაჭირვებით მიმოდიოდნენ.

1892 წელს ეკლესიას იკავებს ვინმე ტერ–გრიქურ მათეოზიანცი. იგი წერილს წერს გაზეთ „ივერიის“ რედაქციას, სადაც მადლობას იხდის წინა წელს ( 1891 წ.) მონასტერში სარემონტო სამუშაოებისთვის. ეკლესიის ტრაპეზი, სალარო, ანუ სადიაკვნე და მომლოცველებისთვის მომზადებული რამდენიმე ოთახი თავისი ხარჯით უსასყიდლოდ შეუკეთებია ვინმე გორელ აღალი თუთაევს, რომელიც თბილისში სახლის საღებავებით ვაჭრობს. წინანაურის ეკლესიის შენობა სრულიად შეუკეთებელ–შეუღებავი იყო. იმავე აღალ თუთაევს წელსაც უსასყიდლოდ შეუღებავს შვიდი ოთახი და წყლის ფარდულები( წერს ტერ–გრიქურ–მათეოზიანცი).

კრწანისის ველის პირველი საჯარო ისტორიული პანაშვიდი 1895 წლის 11 სექტემბერს ჩატარდა.
ხელმძღვანელი გახლდნენ კონსტანტინე მუხრან–ბაგრატიონი, ილია, აკაკი, ხევსურ–არაგველები.
პანაშვიდს ესწრებოდა 100 წლის მოხუცებული ყავარჯნით, ერეკლე მეფის ბრძოლის მოწმე,ძმები გურიელები -ჯაბა დავახტანგი.

ასევე ცნობილია, რომ ასტრაბადში გარდაცვლილი მეფე თეიმურაზ პირველი წინანაურის ეკლესიიდან კახელებმა ხელით ალავერდის ტაძარში გადაასვენეს, სადაც ახლა განისვენებს.
ტაძარი ორსართულიანია. პირველი სართული ამჟამად დახურული და შეუსწავლელია. მაცხოვრებლები პირველ სართულზე სამარხების არსებობას მიუთითებენ.

ნაშენია ქართული აგურით.

შემორჩენილია დასავლეთის ნაწილის ნაშთები, რომელიც მსგავსია გია აბესაძის ქუჩაზე მდებარე თბილისის თელეთის წმ. გიორგის კარისა, სადაც, ასევე, ეკლესიაში შესასვლელი პორტალია გადარჩენილი.
ეკლესიის სამხრეთით კლდეში არსებობს უძველესი წყარო, ჩრდილოეთით-კელიები (ტაძრის შემადგენლობაში 100–მდე კელია შედიოდა), ხოლო სამრეკლო ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობდა“.
საბჭოთა პერიოდში ღვთისმშობლის სახელობის ტაძარსაც საწყობად იყენებდნენ.

მოამზადა ქეთი ჭელიძემ

საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების მასალებზე დაყრდნობით


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი