მთავარი » ქრისტიანობა

წმიდანი საკვირველთმოქმედნი, უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე – რომსა შინა წამებულნი (+284)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.07.2020 | 398 ნახვა

14 ივლისი

წმიდანი უვეცხლონი, კოზმა და დამიანე ღვიძლი ძმები იყვნენ და ქალაქ რომში ცხოვრობდნენ. ქრისტიანმა მშობლებმა ღვთისმოშიშებით აღზარდეს შვილები და მკურნალობის ხელოვნებას დააუფლეს. კეთილმსახურებით გამორჩეული კოზმა და დამიანე უფალმა სასწაულებრივი კურნების ნიჭით დააჯილდოვა. ისინი უსასყიდლოდ წამლობდნენ ავადმყოფებს და ეუბნებოდნენ: „ჩვენ საკუთარი ძალებით კი არ ვკურნავთ სნეულებს, არამედ უფლის სახელით. ირწმუნეთ ქრისტე და განიკურნებით“. როცა მშობლებისგან მდიდარი მემკვიდრეობა მიიღეს, მათ ქონების გაყიდვა და გლახაკთა დახმარება დაიწყეს. თავიანთი სიკეთით, გულმოწყალებითა და უანგარობით წმიდანებმა მრავალი მოაქციეს ქრისტეს სჯულზე.

კოზმასა და დამიანეს ღვთივსათნო ცხოვრებამ, საზოგადოე-ბაში მათმა ავტორიტეტმა, რომის ხელისუფალთა ყურადღება მიიპყრო და მკურნალთა შესაპყრობად მეომრები გაგზავნეს. ძმები რომ ვერ იპოვეს, მეომრებმა სხვა ქრისტიანები დაატუსაღეს. მაშინ კოზმა და დამიანე მხედრებს ჩაბარდნენ იმ პირობით, რომ პყრობილები გაეთავისუფლებინათ. რომში უფლის რჩეულები თავდაპირველად საპყრობილეში ჩააგდეს, შემდეგ კი სამსჯავროზე წარადგინეს. მათ იმპერატორის წინაშე ახოვნად აღიარეს თავიანთი სარწმუნოება.

იმპერატორ კარუსს (282-283), ღვთის განგებით, სნეულება შეეყარა და საკუთარ მაგალითზე დარწმუნდა უფლის ყოვლისშემძლეობაში. ამაყმა თვითმპყრობელმა შემწეობა ითხოვა წმიდა ძმებისაგან და აღთქმა დადო, რომ ქრისტეს შეუდგებოდა. კოზმამ და დამიანემ უწამლეს იმპერატორს, რის შემდეგაც ორივენი გაათავისუფლეს.

რაც ვერ შეძლო წარმართთა სიძულვილმა და რომაელ ხელისუფალთა სისასტიკემ, მოახერხა შურმა: მხცოვანი მკურნალი – მასწავლებელი, რომელთანაც ძმები თავის დროზე ექიმობას სწავლობდნენ, მათმა დიდებამ შურით აღავსო, მოწაფეები ტყეში გაიტყუა თითქოსდა იშვიათი სამკურნალო მცენარეების შესაგროვებლად. აქ, ბოროტისგან გონდაბინდულმა, ვერაგულად მოკლა ძმები და მათი წმიდა ცხედრები მდინარეს მისცა (ამ დღის წმინდანები, კოზმა და დამიანე უნდა განვასხვაოთ მათი მოსახელე წმინდანებისგან, რომელთა ხსენებაც აღინიშნება 17 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი