მთავარი » ქრისტიანობა

დიდმოწამე კონსტანტი-კახი, ქართველთა მთავარი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.12.2010 | 1,223 ნახვა

კონსტანტი-კახიწმიდა დიდმოწამე კონსტანტი დაიბადა დაახლოებით 767 წელს. იგი ქართლში ცხოვრობდა. კონსტანტის “ეწოდა კახი სახელად მამულისა მის ქუეყანისა”.

კონსტანტს არამარტო საქართველოსა და კავკასიაში, არამედ საბერძნეთის სამეფო კარზეც კარგად იცნობდნენ, როგორც ღვთისმოშიშსა და უაღრესად ქველმოქმედ ადამიანს.

კონსტანტი იყო წარჩინებული ოჯახის შვილი. მისი სახელი მეფეებსაც სმენოდათ. იგი დიდ მამულებსა და სიმდიდრეს ფლობდა ქართლში.

კონსტანტის ძალიან უნდოდა სიონის, უფლის საფლავისა და სხვა წმიდა ადგილების მოხილვა. ამ სურვილით აღვსილი გაემგზავრა იერუსალიმში, მოილოცა წმიდა ადგილები, დიდად დაეხმარა ეკლესიებს, იერუსალიმში მცხოვრებ გლახაკებს; შემდეგ მოინახულა და მოილოცა უდაბნოსა და მდ. იორდანეს მონასტრებიც. წმიდა მამებმა თავიანთი ლოცვა – კურთხევით აღავსეს ქართველი მთავარი და ისე გამოგზავნეს სამშობლოში. კონსტანტის ქართლში დაბრუნების შემდეგაც არ დავიწყებია იერუსალიმი _ იგი ყოველწლიურად აგზავნიდა ოცდაათი ათას ვერცხლს იქაური ეკლესია – მონასტრებისა და იერუსალიმში მცხოვრები გლახაკებისათვის თავისი მსახურის ხელით.

კონსტანტი უკვე 85 წლის იყო, როცა ქართლში ქრისტიანების დევნა დაიწყო. ეს გახლდათ დრო, როდესაც ბუღა თურქი არაბების 200 000- იანი ძლიერი ლაშქრით შეიჭრა ქართლში თბილისის განდგომილი ამირას დასამორჩილებლად.

არაბებმა შეიპყრეს კონსტანტი, როგორც წარჩინებული და ქართველთა წინამძღოლი და თბილისში, ბუღას წინაშე გაგზავნეს.
ბუღამ ყვედრებით უთხრა ქართველ მთავარს: “განა არ იცი, რომ ვერავინ შეძლებს ჩვენგან გაქცევას და ჩვენს დამარცხებას. ღმერთმა თქვენი თავი ჩვენ მოგვცა თქვენს მოსაკლავად.” კონსტანტიმ უპასუხა: ” მეც ვიცი, რომ თქვენს ხელთა ვართ, მაგრამ ეს ხდება არა თქვენი ძლიერების მიზეზით, არამედ იმის გამო, რომ ღმერთი გვსჯის ჩვენი ცოდვებისათვის”. ამ საუბრის შემდეგ ბუღას ბრძანებით რკინის ბორკილდადებული კონსტანტი სამარიაში, ბაბილოვნეთის ქალაქში გააგზავნეს და არაბთა ხალიფის, ჯაფარ აბრაჰამის ძის წინაშე წარადგინეს. არაბთა ხალიფამ ამ სიტყვებით მიმართა კონსტანტის: “გონიერი კაცი ჩანხარ და როგორ შეგიძლია, ღმერთად აღიარო ქალისაგან შობილი უბრალო ადამიანი ან გჯეროდეს, რომ ღმერთს შეიძლება ძე ჰყავდეს? უარყავი შენი ცრუ სარწმუნოება, მოიქეცი ჩვენს რჯულზე და ჩემს თანამზრახველად გაგხდი, უდიდეს პატივს მოგანიჭებ და უპირველეს კაცად გაქცევ შენს სამშობლოში; მაგრამ თუკი არ შეისმენ ჩემს სიტყვებს, მახვილით მოვაკვლევინებ შენს თავს. შენს ხორცს ფრინველების საჯიჯგნად გავხდი.” კონსტანტიმ უპასუხა: “არ მეშინია შენი მახვილის, რადგან შენ შეგიძლია, ხორციელად მომკლა, მაგრამ ჩემი სული შენს ხელთ არ არის. მეშინია მხოლოდ ჩემი უფლისა, მისი, ვისაც შეუძლია მოკვდინება სულითაც და ხორცითაც. ამიტომ სიხარულით ავიტან ყველანაირ გასაჭირს ჩემი უფლის სახელით.” ხალიფა მრისხანებით აივსო ამ სიტყვების მოსმენისას და ბრძანა, საპყრობილეში ჩაეგდოთ ქართველი მთავარი.

საპყრობილეში კონსტანტი ხალიფას ბრძანებით მოინახულა ორმა გამაჰმადიანებულმა სომეხმა მთავარმა. ერთ დროს ისინი, კონსტანტის მსგავსად, დატყვევებულები ჩამოიყვანეს არაბთა ხალიფასთან და აიძულეს, თავიანთი ნებით აეღოთ ხელი ქრისტიანობაზე. მთავრები შეეცადნენ ზეგავლენა მოეხდინათ კონსტანტიზე; ურჩიეს მას, ეხსნა თავისი სიცოცხლე და უარი ეთქვა სარწმუნოებაზე. კონსტანტიმ შერისხა სომეხი მთავრები, ხელაპყრობით წამოიწყო ლოცვა, გალობა და შესთხოვა უფალს, დაემკვიდრებინა იგი წმიდა გიორგის გვერდით, რომლის ხსენებაც აღინიშნებოდა იმ დღეს. კონსტანტის გარშემო მდგომნი სცემდნენ და ტანჯავდნენ, მაგრამ გალობა და ლოცვა მთავარს ვერ შეაწყვეტინეს. ხალიფასთან მიბრუნებულმა სომეხმა მთავრებმა მას უამბეს ყველაფერი, რაც ნახეს და მოისმინეს. ხალიფა განრისხდა და ბრძანა, თავი მოეკვეთათ კონსტანტისათვის; ბრძანების შესრულება კი ხალიფამ სომეხ მთავრებს დააკისრა,რადგან არ ენდობოდა მათ და ამით სურდა, ორივე გამოეცადა. მთავრები წავიდნენ, კონსტანტის ქედზე ჩასცეს მახვილი, მაგრამ ვერაფერი დააკლეს მოხუცებულ მთავარს. როდესაც ეს ხალიფამ გაიგო, გააგზავნა ერთი გადამთიელი თავის მსახურთაგან, რომელმაც მახვილით მოკვეთა თავი კონსტანტის. მისი გვამი ერთ მაღალ ძელზე ჩამოკიდეს; მთელმა ხალხმა იხილა სასწაული, რომელიც აღსრულდა კონსტანტის გვამზე. კონსტანტი მოკლეს 853 წლის 10 ნოემბერს, წმიდა გიორგის დღესასწაულზე, პარასკევ დღეს.

რამდენიმე წლის შემდეგ ქართველებმა წმიდა კონსტანტი-კახის ნეშტი სამშობლოში გადმოასვენეს, თუმცა უცნობია მისი ნეშტის კონკრეტული ადგილსამყოფელი.

მოამზადა ქეთი ჭელიძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.