მთავარი » კულტურა

კომანის ტრაგედია – ქართულ-აფხაზური ერთსულოვნების სიმბოლო

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.05.2011 56 კომენტარი | 15,085 ნახვა

კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლის “კომანის გულწითელა, თეთრი მტრედი” პრემიერა 6 მაისს კ.მარჯანიშვილის თეატრის მცირე სცენაზე შედგა.

პროექტი ქალაქ თბილისის მერიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით მეუფე დანიელის ლოცვა–კურთხევით განხორციელდა.
premiera align=
სპექტაკლი მოგვითხრობს აფხაზეთის ომის დროს სოფ. კომანში მომხდარ ლეგენდად ქცეულ რეალურ ამბავს, ქართველი მღვდელ-მონაზონის – მამა ანდრიასა და აფხაზი ქველმოქმედის – იური ანუას უდანაშაულოდ დახვრეტის ტრაგედიას, მათ თავგანწირვას, გმირობას, რაც ქართულ–აფხაზური ერთსულოვნების სიმბოლოდ იქცა.

მთავარი თემა კი სინანულია, რაც აფხაზი მეომრების საქციელიდან ჩანს. ისინი ხვდებიან, რომ ამ უსამართლო ომს სრულიად უდანაშაულო ადამიანები და მათ შორის, საეკლესიო პირები ეწირებიან.

თუ როგორ შეიქმნა პიესა, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოება გაეცნოს კომანის ტრაგედიის უნიკალურ ისტორიას, რას გულისხმობს პიესის სათაური “კომანის გულწითელა, თეთრი მტრედი”, გვესაუბრება პიესის ერთ-ერთი ავტორი, დრამატურგი ოთარ პერტახია, რომელიც ამავე დროს აღნიშნული თეატრალური პროექტის ავტორიცაა.

ოთარ პერტახია (დრამატურგი): “პიესაზე მუშაობისას ნელ-ნელა ხდებოდა იმის გაცნობიერება, რომ აფხაზეთის ომის დროს კომანში დატრიალებული ტრაგედია ჩვენ თვალწინ მოხდა და ისეთი ადამიანები, როგორებიც იყვნენ მამა ანდრია ყურაშვილი და იური ანუა, ჩვენ გვერდით ცხოვრობდნენ. კომანის ლეგენდად ქცეულ ისტორიაში, მიუხედავად იმისა, რომ რეალური ამბავია, იყო რაღაც მხატვრულად რთულად მოსახელთებელი ნიუანსები, რომელსაც მასალებზე მუშაობის პროცესში ზუსტი მიგნება სჭირდებოდა. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო როგორც მამა ანდრიას ოჯახის წევრებს, ასევე იური ანუას მეუღლესა და ქალიშვილს, რომლებმაც ბევრი საჭირო ინფორმაცია მოგვაწოდეს. ამ პროცესში აქტიურად გახლდათ ჩართული დეკანოზი მამა დავით დათუაშვილი, რომელიც პროექტის კონსულტანტი იყო. მამა დავითის მხარდაჭერას ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობდი, რაც ძალიან მეხმარებოდა მუშაობის პროცესში. ასე თანდათან გამოიკვეთნენ პერსონაჟები, შინაარსი, თემა, იდეა და პიესას პირვანდელი სახე მიეცა. მერე ამ პროცესში ჩაერთო ირაკლი სამსონაძე და ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგად საბოლოოდ შეიქმნა პიესა სახელწოდებით „კომანის გულწითელა, თეთრი მტრედი”.

პიესაზე მუშაობის დროს შეიძლება უამრავი მასალა შეაგროვო, მაგრამ რა დაგჭირდება ამ ზღვა მასალიდან და რა შევა პიესაში, ან რა დაბადებს ამა თუ იმ მხატვრულ სახეს, ეს შეუცნობელი შემოქმედებითი პროცესია, რომელსაც ვერ ახსნი. შემიძლია გითხრათ, პიესის კონცეფციის ერთი-ერთი ხაზი განსაზღვრა ახალგაზრდა აფხაზი მეომრის დაური ზუხბას რეალურმა პერსონაჟმა, რომელიც ნამდვილი აფხაზი კაცის განსახიერებად იქცა. ის ერთადერთი აღმოჩნდა იმ მომენტისათვის ომის კოშმარში, რომელმაც ქართველი მღვდელ-მონაზონის მამა ანდრიასა და პროგრესულად მოაზროვნე აფხაზი ბიზნესმენის იური ანუას დახვრეტის ფაქტი გააცნობიერა და ჩადენილი დანაშაული მოინანია. ყველამ კარგად ვიცით, ვინ ხელმძღვანელობდა ამ ომს და ვისი უშუალო დაკვეთით მიმდინარეობდა საომარი დაპირისპირება ქართველებსა და აფხაზებს შორის, მხედველობაში მყავს ე.წ. მესამე ძალა, რომელსაც საბჭოთა რუსეთის არმიის ჩინოსნები წარმოადგენდნენ. ასე შეიქმნა წითელი არმიის ოფიცრის განზოგადებული სახე, როგორც ბოროტებისა და ომის სიმბოლოსი. ჩვენს პიესაში დანაშაულის პროცესის გაცნობიერება თითოეული პერსონაჟის მიერ საინტერსოდ მიმდინარეობს და ფატალურად სრულდება მათთვის. პიესის სათაური ბევრ რამეზე მიანიშნებს. თეთრი მტრედი, როგორც მშვიდობის, სიყვარულისა და სიკეთის სიმბოლო, წითელგულა, ეს უკვე მისი გამორჩეულობის ნიშანია, ის შესაძლოა არის ბედისწერის მაცნე, ან სულაც ანგელოზი, რომელიც ეცხადება მამა ანდრიას და მოსალოდნელი თავგანწირვისათვის ამზადებს, შესაძლოა, ეს უკვე მისი ზვარაკად შეწირული სულია.

კიდევ ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ შეუძლებელია მადლობა არ გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ყველაფერი გააკეთა ამ პროექტის განხორციელებისათვის.”

დეკანოზი დავითი დათუაშვილი (პროექტის კონსულტანტი): “სპექტაკლის მნიშვნელობა მხოლოდ იმით არ განისაზღვრება, რომ შეეხება ისეთ მტკივნეულ თემას, როგორიც არის აფხაზეთის ტრაგედია. მამა ანდრიას შეგნებულად გადადგმულმა ნაბიჯმა ჩვენ, მომავალ თაობას საფიქრელად დაგვიტოვა აზრი, რომ სიყვარულმა, სიკეთემ ყოველთვის შეიძლება გაიმარჯვოს და სძლიოს ბოროტებას. სპექტაკლი საკუთარ თავზე ამაღლებას ეძღვნება. ადამიანი, რომელიც გმირობის, ანუ მოწამეობის გზაზე დგება, მიდის იმ დასკვნამდე, რომ მის მიერ გაწეული მსხვერპლი სათნო არის როგორც ღვთისათვის, ისე ადამიანებისათვის. მამა ანდრია არის იმ იდეის მატარებელი, რომელიც ზოგადად ეკლესიაში, იესო ქრისტეში დევს. ეს არის უდიდესი მიტევების, პატიების, მოყვასის სიყვარულისა და საკუთარი სიცოცხლის მსხვერპლის გაღების ფასად ადამიანთა სულების გადარჩენისათვის გადადგმული ნაბიჯი. ამ სახეში ჩვენ უნდა დავინახოთ ყველა ის სასულიერო პირი, რომელმაც თავი შესწირა სხვათა კეთილდღეობასა და გადარჩენას.

არ შეიძლება იარაღი ვაჟღარუნოთ და აფხაზეთში ასე დავბრუნდეთ. ეს მამა ანდრიას გზით – სიყვარულით, ერთმანეთის პატიებით, მიტევებით, ერთმანეთისადმი ღვთაებრივი ამაღლებული გრძნობითა და მონანიებითაა შესაძლებელი, ასეთი გრძნობა კი დიდ სიყვარულს დაბადებს.

komaniპიესის მიხედვით, ადამიანებს ეძლევათ საშუალება კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ, რა არის სიკეთე, ბოროტება, რომ განარჩიონ ერთმანეთისგან კარგი და ცუდი. პიესაში არა მარტო აფხაზეთის ომზეა ყურადღება გამახვილებული, არამედ ადამიანთა ურთიერთობებზე, მათ ვნებებზე, დამოკიდებულებასა და იდეათა ბრძოლაზე.

ცნობილია ერთი რუსი ოფიცრის შეხედულება, რომელიც ცდილობს აფხაზების დამონებასა და იმის დარწმუნებას, რომ მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობა, უზრუნველყოფაა საკმარისი, საჭიროა ზეიმი, დღესასწაული და მთავარია, ვცხოვრობდეთ ყოფიერებაში. რაც შეეხება მეორე იდეას, რომელსაც მამა ანდრია ატარებს, ეს არის სულიერი ამაღლების, გაკეთილშობილების გზა, რომლის საფუძველზეც ადამიანს შეუძლია, თავისი თავი აცხონოს და ამ ცხოვრებაშივე შეძლოს სხვა ადამიანებთან კეთილი ურთიერთობის დამყარება, იმ საზოგადოების ჩამოყალიბება, სადაც უფრო მნიშვნელოვანი იქნება მორალური ღურებულებები და არა – მატერიალური. ეს ორი იდეა ეჭიდება ერთმანეთს ამ პიესაში. იმარჯვებს, რა თქმა უნდა, კეთილი – მამა ანდრიას იდეა.”

სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი სპექტაკლით “კომანის გულწითელა, თეთრი მტრედი” 7 და 12 მაისსაც წარსდგება მაყურებლის წინაშე.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

56 კომენტარი »

  • მარიამი says:

    მამა დავითმა კარგად აღნიშნა, რომ აფხაზეთი იარაღის ჟღარუნით არ უნდა დავიბრუნოთ, ეს მხოლოდ სიყვარულით და სიკეთით უნდა შევძლოთ…….

  • გიო says:

    დასაფასებელი შრომა გასწიეს იმ ადამიანებმა, ვინც ეს პროექტი განახორციელა. ეს ისტორია არ უნდა დაკარგულიყო.

  • თორნიკე says:

    ბრავო!!! კარგი ინტერვიუა და აქედან გამომდინარე ამ სპექტაკლმა უფრო მიმიზიდა. იმედია მე და ჩემს მეგობრებს წარმოდგენის ნახვის საშუალებაც მოგვეცემა.

  • კახა says:

    ვფიქრობ, სწორედ ასეთი ისტორიები გვაკლია სცენაზე, თორემ ჩვენს ისტორიაში ბლომადაა საგმირო ეპიზოდები, მაგრამ ყურადღებას ამაზე იშვიათად თუ ამახვილებს ვინმე, არადა პირველ რიგში ეს ხელოვანს მოეთხოვება. აი ავიღოთ ამერიკელები, რამდენი მხატვრული ფილმი შეიქმნა ვიეტნამის, თუნდაც ერაყის ანდა ავღანეთში ამერიკელი ჯარისჯაცების თავდადების შესახებ. ჩვენთან ეს მაინც მეათეხარისხოვანი თემაა რატომღაც. საინტერესო იყო ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრებები, ალბათ ამით უნდა ხელმძღვანელობდეს ხელოვანი, როცა ასეთ თემას კიდებს ხელს. გილოცავთ.

  • ემა says:

    პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო პიესის ავტორებს, დამდგმელ ჯგუფს, კონსულტანტსა და სპონსორებს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი გაკეთდა. ვარ აფხაზეთიდან, ვცხოვორბ უკრაინაში, სამწუხაროდ, ვინაიდან მე ამჟამად საქართველოში არ ვიმყოფები, არ მაქვს საშუალება ვნახო ეს წარმოდგენა, ჩვენი, ანუ საზღვარგარეთ მყოფი ქართველების თხოვნა იქნებოდა, იქნებ ამ სპექტაკლის ვიდეო ვერსია გადაღებულიყო, რომლის ნახვის საშუალება ჩვენც მოგვეცემოდა ან ტელევიზიით ან კიდევ ინტერნეტის საშუალებით. ჩემი აზრით, ამ რეალური ფაქტის შესახებ, რომელიც ამტკიცებს ქართველებისა და აფხაზების მეგობრობას, უფრო ფართო საზოგადოებამ უნდა გაიგოს. თუ გაითვალისწინებთ ჩვენს თხოვნას, უსაზღვროდ მადლობელი ვიქნებით. გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ.

  • ლუკა says:

    დიდი ეროვნული საქმე გაკეთდა. პირადად ვულოცავ ბატონ ოთარ პერტახიას ამ წარმატებას.

  • თემური სოხუმიდან says:

    ამ პროექტით ყველა ჩვენთაგანის სატკივარი გამოითქვა. სასიხარულო ამბავია, რომ ასე გულთან მიიტანეთ აფხაზეთის პრობლემა. გამიჩნდა რწმენა, რომ ვიღაცას ვახსოვართ. დიდი მადლობა მამა დავითს და ბატონ ოთარს ასეთი თბილი სიტყვებისათვის. ეს ისტორია ამას ნამდვილად იმსახურებს.

  • ირაკლი says:

    მადლობა ღმერთს, რომ მომეცა საშუალება მენახა ეს სპექტაკლი.შთაბეჭდილება დღემდე მომყვება,საინტერესოდ იყო წარმოჩენილი ეს ისტორია და ქვეყნის სატკივარი,ჩვენსა და აფხაზებს შორის მხოლოდ მშვიდობის გზით და სინანულით შეიძლება ურთიერთობის აღდგენა.ვეთანხმები მამა დავითის აზრს.რაც შეეხება დრამატურგიას,მინდა ვთქვა,რომ ყველა პერსონაჟი ისე ცოცხლად და მხატვრულად იყო გააზრებული მაღალ დონეზე,რომ წარუშლელი კვალი დატოვა ჩემში,თითქოს მეც ამ ამბის მონაწილე ვიყავი და თითოეული გმირის მოქმედებას განვიცდიდი.რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა ამ პროექტის ავტორსა და დრამატურგს ბატონ ოთარ პერტახიას და ასევე ირაკლი სამსონაძეს.საქართველოს ყველა მოქალაქეს ვურჩევდი ენახა ეს სპექტაკლი,რათა უკეთ ჩაწვდეს ჩვენი ქვეყნის სატკივარს და თანამონაწილე იყოს ამ პრობლემის მოგვარებაში,ვის როგორც შეუძლია.

  • გენო says:

    გუშინ დავესწარი სპექტაკლს, სრული ანშლაგი იყო. საინტერესო და ძალიან მომხიბვლელი სანახაობა ვიხილე ნამდვილად. გილოცავთ. ვიცი ძალიან ბევრს უნდა ამ სპექტაკლის ნახვა და ალბათ შეძლებენ.მსახიობები ბრწყინვალედ თამაშობდნენ. ამბავი კი ისე იყო გადმოცემული, გითრევდა, იმდენად ცოცხალი იყო სპექტაკლი.მე ვიტყოდი ასე, საუკუნის პროექტია თავისი მნიშვნელობით. წარმატებებს გისურვებთ.

  • თიკა says:

    ძალიან მინდა ვნახოოოოო, 12-ში ვიყავით და საწმუხაროდ ბილეთები არ შეგვხვდა. არ შეიძლება რომ სეზონის დახურვამდე ითამაშოთ ეს სპექტაკლი? ჩვენი თხოვნა იქნებააა. გმადლობთ.

  • თამუნა says:

    რა ხმაურია ამ სპექტაკლის გარშემო, მთელი ქალაქი ამაზე საუბრობს. ერთი მანახა, რა არის ამისთანა. ამ ისტორიის შესახებ მეც ბევრი გამიგია, ისე კარგია რომ ეს აისახა სცენაზე, თუმცა წარმოდგენა არ მინახავს და ვერაფერს ვიტყვი მის ღირებულებაზე. ამ კომენტარებიდან კი ერთი შევიტყვე, რომ ქართველ მაყურებელს აშკარად მოენატრა ქართული ისტორიული თემები და ეს თავისთავად უკვე სასიხარულო ფაქტია.შევეცდები ვნახო. ინტერვიუდან გამომდინარე კი ერთი შემიძლია ვთქვა, ავტორს და კონსულტანტს კარგად აქვთ გააზრებული თემა და სავსებით გასაგებია მათი მოტივაციაც. სხვათაშორის, მოტივაციას იმიტომ გავუსვი ხაზი, რომ დღეს ბევრი რამე კეთდება, მაგრამ აზრიანი კი იშვიათად გამოდის რამე. იმედი მაქვს, ეს პროექტი წარმატებული იქნება.

  • თენგო says:

    ძალიან მაგარი იდეაა. მეც მინდა ნახვა! გენაცვალეთ ყველას ვინც ქართულ საქმეს აკეთებთ. უკვალოდ არაფერი ქრებაო, ნათქვამია და იქნებ ამ კეთილმა საქმემ შედეგიც თუნდაც უმნიშვნელო მაინც მოგვცეს. ნაბიჯები თუ არ გადავდგით ერთმანეთისკენ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება ისე ვერ მოხდება. დაგლოცოთ ღმერთმა.

  • რატი, ნიკა, ლელუკა says:

    მოგესალმებით ყველას ათენიდან. გული გვწყდება რომ ამჟამად საქართველოში არ ვიმყოფებით.ყოველი მიზეზის გარეშე დავესწრებოდით ამ წარმოდგენას. იქნებ მართლაც გაითვალისწინოთ საზღვარგარეთ მყოფი ქართველების სურვილი და მოხერხდეს ისე რომ ჩვენსც მოგვეცეს ნახვის საშუალება. გილოცავთ. ეს ისტორია ათენში მოვისმინეთ მორწმუნე ბერძენი ადამიანისგან, რომელიც წარმოშობით აფხაზეთიდანაა. მართლაც დიდი საქმე გაკეთდა. მონატრებით გეფერებით ყველას.

  • ნინო says:

    ყოჩაღ თქვენ რომ ასეთი დაინტერესება გამოიწვიეთ… მთლად დაღუპულად არ გვქონია საქმე.:)) ესეიგი გვაქვს გადარჩენის შანსები. რახან ქართველ კაცს ჯერ კიდევ აღელვებს მსგავსი თემები. ყველამ გაიგოს, სანამ აფხაზეთი არ დაბრუნდება, ქვეყანას არაფერი ეშველება. იქნებ ყველაფერი რაც ახლა კეთდება ამისკენაა მიმართული. ღმერთმა ქნას.:)) სპექტაკლს კი ვნახავ რადგან ამ ინტერვიუს და კომენტარების შემდეგ იდიოტი უნდა ვიყო არ ვნახო. მართლა მაინტერსებს როგორ არის გადაწყვეტილი ეს პრობლემა ავტორების მიერ.

  • დავითი says:

    ვნახე, ძალიან მომეწონა! უღრმესი მადლობა პროექტის ავტორებს და შემსრულებლებს ამ თემის წამოწევისათვის. აუცილებლად ნახეთ ეს სპექტაკლი, რადგან ყველაფერთან ერთად იგრძნობა, რომ ზნეობრივი გმირის აუცილებლობა დღევანდელი ქართული საზოგადოებისათვის მეტად მნიშვნელოვანია.
    ვკითხულობდი სტატიას და კომენტარებს და უცებ წამომიტივტვდა ,,ვეფხვისა და მოყმის” ერთი სტროფი ,,იქნება ვეფხვის დედაი, ჩემზედ მეტადა სტირისა…”

  • ეთერი says:

    ჩვენმა მთავრობამ თავისი ბიუჯეტიდან სწორედ ამისთანა პროექტების დასაფინანსებლად უნდა გამოყოს თანხები და ამ შემთხვევაში სწორედაც მოიქცა. თბილისის მერიას და აფხაზეთის მთავრობას მადლობას მოვახსენებთ ამის გამო. სასიხარულოა, რომ ჩვენს შორის არიან ისეთი ხელოვანები რომლებიც ახმოვანებენ ნაციონალურ პრობლემებს და განსჯის საგნად აქცევენ, მხოლოდ ასეთი გზით თუ განვითარდება ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება.მადლობა ყველას ამ ნაღდი ისტორიული პროექტის განხორციელებისათვის და მათ ვინც ეს ჩვენამდე მოიტანეს.

  • სალი და ანი says:

    ბრწყინვალე იდეა, ბრწყინვალე წარმოდგენა, ვესწრებოდით და აღფრთოვანებულები დავრჩით. ამ ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ჩვენს შეფასებაში რომ არ შევმცდარვართ.მსგავსი პიროვნებების ხელში სულაც არ არის გასაკვირი რომ ეს პროექტი შედგა! გილოცავთ და ნახეეეეეეთ ვისაც შეგიძლიათ. ჩვენი რჩევა იქნება :))))))

  • ნაირა says:

    გაიხარეთ, ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ რაღაც შვება ვიგრძენი. ძალიან მომინდა ეს წარმოდგენა ჩემ შვილებთან ერთად ვნახო. ღმერთმა წარმატებები არ მოგაკლოთ. ჩვენს შვილებს ეს ჭირდებათ. გაგაძლიეროთ უფალმა!

  • ლევანი says:

    ძალიან მაგარი რაღაცეები წავიკითხე აქ და გავიგე! საღოლ თქვენ. კიდევ როდის იქნება, უკვე მივიდივართ ძმაკაცები.ჯიგარი ხალხი ხართ!!!!!!!

  • გიორგი (სხვა) says:

    როგორც ვიცი 24 მაისს იქნება კიდევ.

  • დიმა says:

    დღეს ასეთი იდეები იშვიათობაა. გამეხარდა რომ თეატრი დაინტერესდა ამ ისტორიით. იმედი მაქვს ბევრი მაყურებელი ეყოლება. რასაც ბატონი ოთარი ამბობს გასაგებია, რადგან მართლაც ძნელია ისტორიულ თემატიკაზე ნაწარმოების შექმნა. ვეთანხმები რომ ამას ზუსტი მიგნება ჭირდება. რაღა დაგიმალოთ და გამიკვირდა მაგრამ ამავე დროს გამეხარდა კიდეც რომ ეს პროექტი მერიამ დააფინანსა. გილოცავთ და ერთი სული მაქვს ვნახო ეს კომანის ისტორია სცენაზე.

  • ალეკო says:

    მარტო ამისთვის ღირდა ამის წაკითხვა იმდენი ინფორმაცია მივიღე, ზუსტად ის რაც ჩემს გულს გაუხარდებოდა. იცოცხლეთ რომ ასეთი იდეები გამოძრავებთ და აკეთებთ კიდეც საქმეს. ნახვის რა მოგახსენოთ, ამჟამად გერმანიაში ვიმყოფები, მაგრამ როგორც კი ჩამოვალ თბილისში და მომეცემა ამის საშუალება, ვნახავ აუცილებლად.მადლობა ამ იმედისათვის.:))

  • მაია და ლადო says:

    მხოლოდ რწმენამ შეიძლება გადაგვარჩინოს. თუ არ ვენდეთ ერთმანეთს, აფხაზები და ქართველები საერთო ენას ვერ გამოვნახავთ. მამა ანდრია და იური ანუა ამის ცოცხალი მაგალითები არიან. მათ დაიჯერეს ერთმანეთის გულწრფელობა და ამით გაიმარჯვეს ბოროტებაზე. სწორედ დღეს უნდა გავამახვილოთ ასეთ მომენტებზე ყურადღება რომ თაობებმა მამების შეცდომები არ დაუშვან. მადლობა ორგანიზატორებს.

  • ელდინო says:

    ღვთისათვის სათნო საქმე გააკეთეთ და ამიტომაც გაამართლა.ღმერთმა სულ სიკეთით და გამარჯვებით გატაროთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. თქვენისთანა ადამიანები ნუ მოუშალოს ღმერთმა ჩვენს სამშობლოს.

  • სოფო says:

    ამისთანა გულწრფელი ინტერვიუ და მკითხველის გულითადი გამონათქვამები კარგა ხანია არ წამიკითხავს. ბედნიერების განცდა მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება თუ ამ ერთსულოვნებას რეალობაშიც შევინარჩუნებთ.ჩემო ძვირფასებო, თქვენი ღვაწლი არასოდეს დაიკარგება. გილოცავთ.

  • ავთო says:

    ჯიგრები ხართ, კაცური საქმე გააკეთეთ და ამას ღმერთიც დაგიფასებთ და ქვეყანაც. გულიანი და ალალი ხალხის გაკეთებული საქმე კი ყოველთვის წაღმა ტრიალებს. დარწმუნებული ვარ მამა ანდრიას და იური ანუას სულები ხარობენ, რომ მათი მსხვერპლი ამაო არ ყოფილა!

  • სანდრო says:

    გეთანხმებით, მამა ანდრიას გზას ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია. ამ სპექტაკლმა ადამიანებზე კეთილი ზემოქმედება უნდა მოახდინოს და სწორი გზა დაანახოს. ჩემთვის აღმოჩენა იყო მთელი ეს ამბავი და მინდა გითხრათ იმოქმედა. ოთარ პერტახია სწორად ამბობს, როცა დანაშაულის პროცესის გაცნობიერებაზე საუბრობს. მთავარიც ხომ ეს არის, გავიგოთ რა დავაშავეთ და რისთვის ვისჯებით. ღმერთმა წარმატებები მოგცეთ.

  • ელენე says:

    გილოცავთ! სპექტაკლის ნახვის საშუალება მე უკვე მომეცა. ძალიან მომეწონა მსახიობების თამაში, განსაკუთრებით გამოვყოფდი ოფიცრის როლის შემსრულებელს, აგრეთვე აფხაზი დაურ ზუხბას შემსრულებელს და სხვებს.სოსო ნემსაძეს განსაკუთრებული ხედვა აქვს და ამ შემთხვევაშიც ძალიან საინტერესო წარმოდგენა შესთავაზა მაყურებელს.მახსოვს მისი დადგმული სპექტაკლი ახმეტელის თეატრში.მაშინაც მომეწონა.ნამდვილად ღირს ნახვა!!!

  • ბორისი says:

    სოხუმის თეატრმა ამ წარმოდგენით მართლაც დიდი მისია შეასრულა. სხვას ვის თუარა სოხუმის ლეგენდარულ თეატრს უნდა დაედგა სპექტაკლი ამთემაზე. თქვენი გულშემატკივარი ვარ, ბატონებო. ამ თემამდე მხოლოდ დიდ გამოცდილებას მიყავხარ, თქვენ კი საკამოდ ტკივილიანი გამცდილება დაგიგროვდათ ამ ხნის მანძილზე, მართლაც გმირები ხართ. ღმერთმა შრომის ძალა მოგცეთ!!! გილოცავთ. გამარჯვებას გისურვებთ თქვენს საქმეში.

  • თეა says:

    მაგრები ხართ!!! გილოცავთ ამ წარმატებას. იმედია 24 ში ბილეთი მეც შემხვდება! :))

  • ხატია says:

    მიხარია, რომ ამდენი გამოხმაურება მოყვა კომანის ტრაგედიას. მამა ანდრიაზე წიგნი მაქვს წაკითხული და აღფრთოვანებული ვიყავი მისი თავგანწირვით. მსგავსი ტრაგედიები რომ არ განმეორდეს, გონს უნდა მოვეგოთ. სტატიის სათაური ზუსტად არის შერჩეული, სწორედ ეს ერთსულოვნება გვჭირდება დღეს მთელ ქვეყანაში. გონიერი ინტერვიუა, სადაც ავტორების სულისკვეთებაც აშკარად ჩანს და გასაგებიცაა, რატომ მოყვა ამდენი გამოხმაურება. სულით და გულით გილოცავთ და მეც ვეცდები დავესწრო სპექტაკლს.

  • ალექსანდრე says:

    აგაშენოთ ღმერთმა და ძალა მოგცეთ ყველა წინააღმდეგობის დასაძლევად. გენაცვალეთ სუყველას!

  • ზურა says:

    მამა ანდრია ნამდვილი მამულიშვილი იყო, ღირსეული ადამიანი და ღვთისმსახური, ამაზე მოწმობს მისი ბიოგრაფიის ამსახველი წიგნი და ყველა ის ადამიანი, ვინც მას პირადად იცნობდა. მისი ნაბიჯი დღეს უკვე მისაბაძ მაგალითად იქცა, იმ შავბნელ პერიოდში მხოლოდ მას აღმოაჩნდა ის გონიერება, რომელიც დღეს ძალიან ჭირდება ერსაც და ბერსაც. ღმერთმა დაგლოცოთ, რომ მამა ანდრიას მადლი მთელ ქვეყანაზე გაავრცელეთ. გილოცავთ.

  • მანანა says:

    იცოცხლეთ, ძვირფასო ქართველებო, გამრავლდით და გაძლიერდით, ღმერთმა გაერთიანებული და აყვავებული გვანახოს ჩვენი ქვეყანა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მამა ანდრიას და იური ანუას სულები, რომ დღესაც ასე აღვიძებენ ჩვენში არსებულ სასიკეთო ძალებს. გილოცავთ, საყვარელო ადამიანებო, დიდებული საქმის ავტორებო, შეგეწიოთ უფალი!

  • ნანიკო says:

    გუშინ ვნახე წარმოდგენა, ორი აზრი არ არის, უდავოდ საინტერესო სპექტაკლი ვნახე!:)) მადლობა ამ სიამოვნებისთვის. ყოჩაღ, ხალხო!!!

  • თემური says:

    ნიშანდობლივია რომ დღევანდელ დროს გაკეთდა ეს პროექტი, დღეს განვითარებული მოვლენების შემდეგ როგორი საჭირო და აუცილებელი ყოფილა ამ თემაზე აქცენტირება. თქვენი იმედი მაქვს მეგობრებო, მადლობა ღმერთს რომ თქვენისთანა მოაზროვნეები კიდევ არსებობენ ჩვენს ქვეყანაში!!!

  • გენო says:

    ამ ინტერვიუმ გული გამიკეთა, პირდაპირ თავშესაფარი აღმოჩნდა, დღეს მომხდარი სიგიჟის შემდეგ არ მეგონა რამე იმედს მომცემდა. იცოცხლეთ, ძვირფასო მეგობრებო! როდის იქნება ეს წარმოდგენა მეც რომ ვნახო. გაიხარეთ, თქვენ დღეს მართლა მიხსენით სასოწარკვეთილებისაგან. ბატონო ოთარ და მამაო დავით დაგლოცოთ ღმერთმა და ჯანმრთელობა მოგცეთ ამისთანა კარგი საქმეების საკეთებლად.

  • ქეთევანი says:

    შესანიშნავი იყო, ძალიან ვისიამოვნე ამ ყველაფრით. აი ამაზე უნდა ილაპარაკოს საზოგადოებამ და არა ვიღაც ნაგიჟრებს(მაპატიეთ) უსმინოს!

  • დათო says:

    ვუერთდები აქ გამოთქმულ სურვილებს და მეც დიდი ინტერესი გამიჩნდა ამ სპექტაკლის მიმართ. კომანის ისტორია კი მართლაც შთამბეჭდავია. მე არაფერი ვიცოდი ამის შესახებ და კმაყოფილი ვარ რომ გავიგე. მაგაშიც ყველას ვეთანხმები რომ დღეს ასეთი ისტორიების ნაკლებობაა და ლამის მასობრივი შეშლილობის ზღვარზე მყოფი ჩვენი საზოგადოება ერთსულოვნების იდეისაკენ უნდა იყოს ორიენტირებული. მით უფრო რომ ამის ცოცხალი მაგალითები გვაქვს. ვუერთდები მილოცვებს და მეც გამარჯვებას გისურვებთ.

  • ნონა (საბერძნეთი) says:

    ძალიან მინდა ახლა ჩემს ქვეყანაში ვიყო თქვენთან ერთად და ამ სიხარულის მოზიარე ვიყო, მენატრებით ჩემო ძვირფასებო, ამ სტატიამ რწმენა მეც შემმატა,გლოცავთ და გეფერებით სხვა ქართველი ემიგრანტების სახელითაც, ჩვენი ოჯახის წევრებს შევატყობინებთ რომ ნახონ ეს სპექტაკლი რომ ნათელი ცხოვრებით იცხოვრონ ჩვენმა შვილებმა, ღმერთს ამას ვთხოვთ. გკოცნით ყველას.

  • თეა says:

    ოთარ, ძალიან მიხარია ეს წარმატება, შენი მონაწილეობა პროექტებში ეს უკვე წარმატების გარანტიაა, არაერთი მაგალითი არსებობს ამის. შესანიშნავი პიროვნება ხარ :)))ღმერთმა მოგცეს კიდევ ბევრი გამარჯვება შენს მეგობრებთან ერთად! მახსენდება შენი შესანიშნავი პიესა „ლიფტში“ :)) მოკლედ მინდა გითხრა რომ ბრწყინვალე იდეები გამოძრავებს და ღმერთმა ხელი მოგიმართოს.

  • მარიკა says:

    მართლა დავინტერესდი როგორი სპექტაკლი დაიდგა. რაც მე მოვისმინე არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა ამ წარმოდგენას. ზოგი ერთს ამბობს, ზოგი კიდევ სხვას, ვატყობ მომხრეა თუ მოწინააღმდეგე, მოეწონა თუ არ მოეწონა ყველა ააღელვა ამ სპექტაკლმა და ეს უკვე ავტორების გამარჯვებაა. რომ ვიცოდე კიდევ როდის იქნება სიამოვნებით წავალ და დავესწრები.;)

  • ლალი says:

    დავიღალე, ხალხო, ამ ქვეყანაში ყველაფრისგან დავიღალე და აქ მგონი ცოტათი მეშველასავით. ნეტა რამდენ ხანს გამყვება ეს განცდა. ისე თქვენ გაიხარეთ, მაგრამ ვითომ გვეშველება რამე?

  • ლონდა says:

    საინტერესოა რას შეცვლის ეს წარმოდგენა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში ან ქართულ კულტურულ სივრცეში როგორ დაიმკვიდრებს თავს, ამას მომავალი გვიჩვენებს. იდეის რა მოგახსენოთ, ნამდვილად ღირსია დაფასებისა.ამიტომ მეც გილოცავთ და ამ ყველაფრის უკეთ გაგების მიზნით მგონი ჯობია ვნახო სპექტაკლი.

  • ლაშა says:

    ამ საიტზე რომ არ მენახა, ამის შესახებ ვერაფერს გავიგებდი. ასეთ მნიშვნელოვან თემაზე სხვადასხვა ტელეარხზე უნდა საუბრობდნენ და არა რაღაც სისულელეებზე, ვის რამდენი ქმარი ან საყვარელი ყავს და ბოდიში და რანაირ საცვალს ხმარობს. კომანზე ილაპარაკეთ, ჟურნალისტებოოოოო

  • სოსო says:

    ლაშა, გეთანხმებით. კომანი ბევრ რამეს მოიცავს თავისი ისტორიითაც და შინაარსითაც. ამაზე ლაპარაკი აუცილებელიც არის. მე ვიცი, რომ კომანი მაშინ ომის დროს გაწირეს, ვის აწყობდა ეს და რატომ? ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება.რატომ არ მიაქციეს ყურადღება და არ დაიცვეს, არ გაამაგრეს კომანი როცა მტერი მის დასაკავბელდა წინ მოიწევდა. ეს ყველამ იცოდა და მაინც არ მიაქციეს ყურადღება!

  • ერეკლე says:

    მჯერა ეს თემა კიდევ არაერთხელ გახდება აქტუალური და ადვილი შესაძლებელია ჰოლივუდიც კი დაინტერესდეს ამ ისტორიით. მართლა შესანიშნავი პროექტია, მეც დიდი ინტერესით დავესწრები, როცა იქნება. გილოცავთ, ბატონო ოთარ და მამაო დავით!!!

  • Tato says:

    Didebuli saqme gagiketebiat, gilocavt, mjera am gzit unda viarot da mashin gamarjvebac chvens mxares iqneba.

  • ზაური says:

    გილოცავთ, მეგობრებო! ჩემო ქართველებო, მოგესალმებით შორეული ამერიკიდან და ვიმედოვნებ მეც მომეცემა საქართველოში ჩამოსვლის საშუალება და მოვახერხებ ამ სპექტაკლის ნახვას. ღმერთს ვთხოვ თქვენი თავი კარგად მიმყოფოს, ჩემი საქართველოს ვენაცვალე, თქვენ გაიხარეთ რომ ასეთ გრანდიოზულ პროექტს აკეთებთ და ჩვენი ქვეყნის სახელისათვის ზრუნავთ. კაცთმოყვარეობა ეს ჩვენი ტრადიციაა და ამ ისტორიის გმირებიც ამ ტრადიციის გამგრძელებლები არიან.

  • ნესტანი says:

    სამწუხაროდ ამ ბოლო დროს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში მოხშირდა რელიგიურ მოღვაწეებზე ქილიკი და მათ მიმართ ცინიკური, არასერიოზული დამოკიდებულება, მე კიდევ იმ ვაიმწერლებთან ერთად ყველას ვურჩევდი, ვისაც ეჭვი ეპარება რომ არსებობენ ჭეშმარიტი მოღვაწეები, რომლებიც ღირსეულად ატარებენ თავიანთ ჯვარს და ემსახურებიან ქრისტეს და ადამიანის სიკეთეს საკუთარი სიცოცხლის ფასად, წაიკითხონ ეს ისტორია და ბოლოსდაბოლოს ნახონ სპექტაკლი, იქნებ გაიგონ რამე და მიხვდნენ, რა სულიერ სიბნელეში ვიმყოფებით.

  • ნიკა-ნიკა says:

    აუ ამ სპექტაკლში რომ მუსიკააა, ეგეთი კარგა ხანია სპეკტაკლებში არ მომისმენია, უმაგრესიაააა!!!

  • სანდრიკა says:

    დავინტერესდი ძალიან! როდის იქნება კიდევ ეს სპექტაკლი რომ ვნახოთ ძმაკაცებმა. ვინმემ ხო არ იცით? მადლობა წინასწარ. :))

  • სალი says:

    იმის ფონზე რაც ჩვენ ირგვლივ ხდება, ამის ნახვა პირდაპირ მისწრება იქნება ქართველი მაყურებლისთვის.მადლობა ამისთვის ყველას.

  • ნუგო says:

    მაინტერესებს! აქტულაურია და ძალიან ღრმა პრობლემაა დღეს. კარგია რომ ამას მიაქციეთ ყურადღება.

  • ეკუნა says:

    კიდევ სად ან როდის არის შესაძლებელი ამ სპექტაკლის ნახვა? ვინმემ ხო არ იცით?

  • კოსტა says:

    „პიესის კონცეფციის ერთი-ერთი ხაზი განსაზღვრა ახალგაზრდა აფხაზი მეომრის დაური ზუხბას რეალურმა პერსონაჟმა, რომელიც ნამდვილი აფხაზი კაცის განსახიერებად იქცა. ის ერთადერთი აღმოჩნდა იმ მომენტისათვის ომის კოშმარში, რომელმაც ქართველი მღვდელ-მონაზონის მამა ანდრიასა და პროგრესულად მოაზროვნე აფხაზი ბიზნესმენის იური ანუას დახვრეტის ფაქტი გააცნობიერა და ჩადენილი დანაშაული მოინანია.“ – სხვათა შორის უძლიერესი პერსონაჟი გამოვიდა და მის როლს შესანიშნავად ასრულებს ნიკა წერედიანი!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი