მთავარი » კულტურა

ბრინჯაოს ეპოქის კოლხი ასული ცაიშიდან

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.04.2018 | 721 ნახვა

ბრინჯაოს მცირე თუ მოზრდილი არქეოლოგიური ფიგურებით ჩვენი ქვეყანა ნამდვილად მდიდარია, თუმცა ჩვენი შემთხვევა უპირატესად ბრინჯაოს იმ ფიგურებს ეხება, რომლებიც ვაზისა და ღვინის სიმბოლიკასთანაა დაკავშირებული. კოლხი ასული ამგვარი, მცირე ზომის ქანდაკებები ჩვენი ქვეყნისათვის წარმოადგენენ არა მხოლოდ ფასეულობას, არამედ ისინი ქარველი ერის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზეც საუბრობენ. ვფიქრობთ, რომ ელგუჯა ამაშუკელის მონუმენტი -„ქართლის დედა“ უძველესი ქართველი ერის სულიდან ამოძახილია. იმ ერისა, რომელიც ვაზთან და ღვინოსთანაა დაბადებული აქ, ამ მიწაზე. ქალის ქანდაკებას, რომელსაც ერთ ხელში მახვილი უკავია, ხოლო მეორეში კი ღვინით სავსე ფიალა დედამიწის ზურგზე ანალოგი არა აქვს და ამგვარ მოვლენას მხოლოდ საქართველოში თუ შევხვდებით.

საინტეერსოა, რომ ქართულ სამარნო არქიტექტურაში გვხვდება მარნის მშენებლობის ერთგვარი სტილი, რასაც წარმოადგენს ე.წ. „კოშკმარანი“. საბრძოლო ნაგებობის პირველ სართულზე გამართულია მარანი ქვევრებითა და საწნახლით. რა არის ეს, თუ არა ქართლის დედის პირველსახე? ამ შენობას, ქართლის დედის მსგავსად, როგორც მიეახლები სწორედ ისე გეგებება, ამიტმაც ქართლის დედის ფენომენი საუკუნეების მიღმიდან მომდინარეობს, რაც ყველაზე მეტად ქართველ ერში თუ გენში ვლინდება. ქართველი ერი ვაზთან და ღვინოსთანაა შესისხლხორცებული და ამგვარად ჩვენი ისტორია ამ ორ წმინდა საგანთანაა მიმართებაში. ქართველი ერის ყოფაში ქრისტიანობასთან ერთად არაფერს ისე მყარად არ გაუდგამს ფესვები, როგორც ვაზისა და ღვინის კულტურას. ამ კავშირს უღრმესი ფესვები აქვს, რასაც თვალნათლივს ხდის საქართველოს არქეოლოგია. ქართველი კაცის ღვინოსთან დამოკიდებულების ერთ-ერთი ბრწყინვალე მაგალითია ე.წ. „ვანის თამადა“, ბრინჯაოს მცირე ფიგურა, რომელიც დაახლოებით 2700 წლისაა. გაიარა 27-მა საუკუნემ და ქართველებისა და ღვინის დამოკიდებულება ერთი მისხალითაც არ შეცვლილა და ეს ყველაფერი დღესაც სწოერდ იმგვარად გამოიყურება, როგორც იმ შოერულ წარსულში.

ამ რამდენიმე წლის წინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში არქეოლოგების მიერ სხვა აღმოჩენებთან ერთად ნაპოვნი იქნა ბრინჯაოს მცირე ქანდაკება, რომელიც სწორედ, რომ ჩვენი ისტორიის ერთ ფურცლად უნდა ჩაითვალოს. ამავე ქანდაკებას შესაძლოა ეწოდოს „კოლხი ასული“, რადგან VIII-VII სს ეს ფიგურა ზედმიწევნით გადმოსცემს კოლხი ქალის ბუნებას. ცხენზე მჯდომი ქალის ფიგურას მარცხენა ხელში ბავშვი უკავია (დიდად სავარაუდოა, რომ ძე), ხოლო მარჯვენაში კი ღვინით სავსე ყანწი, რომელიც სტუმრისთვისაა განკუთვნილი. კოლხი ასული ცხენზე გვერდულადაა შემომჯდარი ისე, როგორც ქალის წესია. ეს ერთი შეხედვით უბრალო ფიგურა ძალზე ღრმა შინაარსისაა. მთავარი კი მაინც ის გახლავთ, რომ ცხენზე მჯდომი ქალი, რომელსაც ცალი ხელით ჩვილი ბავშვი უკავია მზადაა, რომ მოყვარეს ღვინით შეეგებოს ამგვარ რთულ ვითარებაშიც კი. არც ის არის გამორიცხული, რომ სკულპტურის ავტორმა გამოსახა ქალი, როლემსაც მეუღლე ბრძოლაში მოუკლეს და იმ დღიდან მოყოლებული სწორედ თვითონაა მომხდურის დამხვდურიცა და მასპინძელიც…

ჩვენეული ეს ქანდაკება მსოფლიოს ნებისმიერ მუზეუმს დაამშვენებდა და უპირატესად კი ღვინის მუზეუმებს, თუმცა კი მანამდე მისი შეფასება და დაფასება ჩვენ თავად უნდა შევძლოთ. მისასალმებელია, რომ კოლხი ასულის ქანდაკებას ზუგდიდის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით მალე ქალაქის ტერიტორიაზე დადგამენ. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს აღსანიშნავი მოვლენა იქნება საწინდარი იმისა, რომ სამეგრელოში და ზოგადად კოლხეთში ვაზისა და ღვინის კულტურა აღორძინდება და დადგება ისეთ სიმაღლეზე, რაზეც ცხენზე ამხედრებული კოლხი ასული გვესაუბრება საუკუნეების სიღრმიდან.

გიორგი ბარისაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.