მთავარი » ახალი ამბები

კობა გურულის გამოფენა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.04.2011 | 1,912 ნახვა

წმ. გიორგი გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმში, ქართული თანამედროვე ჭედური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლის, საქართველოს დამსახურებული მხატვრის, კობა გურულის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე დამთვალიერებელი არა მარტო ჭედურ ნამუშევრებს, არამედ ქანდაკებას, გრაფიკასა და პოეზიას გაეცნო. ექსპოზიცია სამ ნაწილად გახლდათ დაყოფილი.

,,ამბიონს” გამოფენის შესახებ მხატვრის შვილი, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის უნიკალურ წიგნთა კოლექციის კურატორი, ქალბატონი გვანცა გურული ესაუბრა, რომელიც ამავდროულად მამის წიგნის, ,,ძახილი უდაბნოში” შემდგენელია.

წმ. აბო გვანცა გურული: ,,პირველ დარბაზს პირობითად ,,წიგნის დარბაზი ვუწოდეთ”. აქ ლექსებთან ერთადაა გამოფენილი ის ნამუშევრები, რომლებიც ილუსტრაციებად შევიდა მხატვრის ლექსების წიგნში ,,ძახილი უდაბნოში”. წიგნში შესულია მხატვრის მიერ სხვადასხვა წლებში დაწერილი ლექსები. პროექტის ავტორი ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი რუსუდან ნიშნიანიძე გახლავთ, რედაქტორი კი გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის საგამომცემლო განყოფილების მენეჯერი ლალი ცომაიაა.

მეორე დარბაზი მთლიანად ჭედურ ხელოვნებას ეთმობა: კედლებზე 20 ჭედური ნამუშევარია განთავსებული. ვიტრინებში გამოფენილია 18 შეჭედილი წიგნი, ამ დარბაზშივეა შესაძლებელი 1970 წელს შექმნილი ქანდაკების ,,დუმილის” ხილვა.

მესამე დარბაზში კი დამთვალიერებელი 60-70-იან წლებში შექმნილ 21 გრაფიკულ ნამუშევარს გაეცნობა. მათი უმრავლესობა, დღეს პირველადაა წარმოდგენილი ფართო საზოგადოების წინაშე.”

ხე დამთვალიერებლისთვის მესამე დარბაზში ხისგან შექმნილი ნამუშევრები გახლავთ თვალშისაცემი. როგორც გვანცა გურული იხსენებს, 90-იან წლებში, უშუქობის, უგაზობის პერიოდში, მამას (კობა გურულს) შეშის ღუმელი აჩუქეს. ტატო ლასხიშვილს (“სვაბოდნაია გრუზია” ს რედაქტორი) ყოველი ხელფასის აღებისას, ერთი საბარგული შეშა მიჰქონდა მათთან, შემდეგი შეშის მოტანისას კი მამა მათ შეშისგან გამოთლილ ნამუშევრებს, უმთავრესად ქალის ფიგურებს ახვედრებდა. ნამუშევრის ფორმებში მხატვრის ფილოსოფიური ხედვა კარგად ჩანს.

გიორგი ჩუბინაშვილი თავის წიგნში ,,ქართული ოქრომჭედლობა” წერდა: ,,ქართული ჭედურობა, არქიტექტურის შემდეგ, ქართული ხელოვნების ერთადერთი დარგია, რომელმაც მოაღწია მხატვრული დასრულებულობის მწვერვალს. ამ დარგში ქართულმა ხელოვნებამ შექმნა არა მარტო უზადოდ სრულყოფილი ნაწარმოები, არამედ გამოიმუშავა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სტილი.”

ჭედურობა საქართველოს დამსახურებული მხატვრის, კობა გურულის ხელოვნება ამ სიტყვების კიდევ ერთი დასტურია. ეროვნული ფესვები, ამ ფესვებზე აღმოცენებული თანამედროვე ფორმები და თემები, პოეტური, განსაცვიფრებელი, დახვეწილი პლასტიკა და საოცარი მრავალფერადოვნება, – ასე შეგვიძლია დავახასიათოდ რამდენიმე სიტყვით მისი შემოქმედება.

მხატვარი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 2010 წლის 9 აპრილს გარდაიცვალა და დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი