მთავარი » ქრისტიანობა

კეთილ საქმეთა – მცნებათა როლი მადლის მოპოვების საქმეში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.05.2019 | 282 ნახვა

დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე:

ჩვენ ვიცით, რომ წმიდა მამათა შემოქმედება არსობრივად ერთსულოვანია სულიერ საკითხებზე საუბრისას. მათ შორის მცირედი განსხვავება არ ცვლის საგნის მთავარ არსს. იგივე შეიძლება ითქვას ჩვენთვის საინტერესო საფრთხილო თავისებურებებზეც, რომელთაგან უმთავრესი ადგილი სიკეთის აღსრულებას მიეკუთვნება. სიკეთის აღსრულებაში სათნოებების ქმნა და მცნებათა დაცვა იგულისხმება. ვინაიდან, როგორც ბოროტება და ცოდვის ჩადენა არ განიყოფა ერთმანეთისაგან, ასევე სიკეთე და მცნების შესრულებაა განუყოფელი. ,,სიკეთის აღსრულება უფლის მცნებების დაცვაა” -ამოწმებს წმიდა ისააკ ასური.

ქრისტიანთა მხრიდან ხშირია გარეგნული კეთილმსახურებითა და მცნებათა აღსრულებით თავმომწონეობა. ადამიანი სიკეთეს აკეთებს, რაც შეიძლება ცოდვად ექცეს. ამიტომ, უნდა განვიხილოთ ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას, მცნებასა და ცოდვას შორის.

წმიდა წერილს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ თვით ქრისტეს ცხოვრება, მსახურება და ქადაგებაა სიკეთის ეტალონი. იგი ერთ-ერთ თავის ქადაგებაში, გვიამბობს იგავს საშინელი სამსჯავროს შესახებ, სადაც ნათლად ჩანს, რომ სიკეთისა და მცნებების აღსრულებაზე გადის ადამიანთა საუკუნო მდგომარეობის განსაზღვრა. იგი შემდეგი სიტყვებით მიმართავს მარჯვნივ მდგომ ცხვრებს – მართლებს: ,,ამენ გეტყვი თქუენ: რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ” (მათ.25,40), შემდეგ მარცხნივ მდგომ თხებს მიმართავს: ,,ამენ გეტყვი თქუენ: რაოდენი არა უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ. და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი – ცხორებასა საუკუნესა” (მათ.25,45-46). აქ, ძალზე მკაფიოდ ჩანს სიკეთის აღსრულების მნიშვნელობა: ვინც სიკეთით არ ცხოვრობს, ვერ მოიპოვებს ღვთის მადლს, ხოლო სიკეთის აღმსრულებელი უხვად დაჯილდოვდება უფლისაგან.

პირველი თავისებურება, რითაც სიკეთე ღვთის მადლის მომნიჭებლად უნდა იქცეს, მისი ფარულად აღსრულებაა. აი, რას მოგვიწოდებს მაცხოვარი: ,,ეკრძალენით ქველის-საქმესა თქუენსა, რაითა არა ჰყოთ წინაშე კაცთა სახილველად მათა; უკუეთუ არა, სასყიდელი არა გაქუნდეს მამისა თქუენისაგან ზეცათაისა” (მათ.6,1).

სხვა თავისებურებაზეც მიგვითითებს უფალი: ,,რამეთუ თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი” (იოან.15,5). აქ ორი მინიშნება გვაქვს ქრისტესაგან. პირველი ის, რომ მისი შეწევნის გარეშე მართლაც ვერ გავაკეთებთ ვერანაირ სიკეთეს, რადგან ,,ანუ რაი გაქუს, რომელი არა მიგიღებიეს?” (1კორ.4,7), თუ არაფერი მოგვცა გასაცემი, არც მატერიალური და არც სულიერი, მაშინ რის გაცემას შევძლებთ? ხოლო მეორე ის, რომ თუკი გასაცემელი გვაქვს და გვგონია, რომ უფლის დახმარების გარეშე დავაუნჯეთ, მაშინ რა კავშირი ექნება უფალთან ჩვენი მოპოვებულის გაცემას?

ამიტომ, ქრისტე, ერთი მხრივ, სიკეთის აღსრულების აუცილებლობაზე მიგვანიშნებს, თანაც ისე, რომ დაფარული იყოს კაცთაგან, რადგან სხვაგვარად ვერ მივიღებთ საზღაურს – მადლს უფლისაგან. მეორე მხრივ კი იმას – რომ თავად სიკეთის არსი დაიკარგება, თუკი მისი მონაწილეობის გარეშე აღესრულება იგი. მაგრამ რას ნიშნავს უფლის მონაწილეობა სიკეთის აღსრულებაში?

მაცხოვარი განაგრძობს სიკეთის არსის განმარტებას: ,,ეგრეცა თქუენ, ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა, თქუთ, ვითარმედ: მონანი ვართ უხმარნი; რომელი თანა-გუედვა ყოფად, ვყავთ” (ლუკ.17,10). აქ კარგად ჩანს ერთი მხრივ ის, რომ უფალი არ მონაწილეობს ჩვენს არჩევანში და მეორე მხრივ ის, რომ მცნებათა აღსრულებაში არაფერი სასიქადულო და დასაკვეხნი არ არის. ამიტომ, ,,რომელთაც თავიანთი თავი ქრისტეს ყველა მცნების მოვალედ არ შეურაცხავთ, ამგვარნი ღვთის რჯულს ხორციელად აღმოიკითხავენ, ვერ იმეცნებენ კი ვერც იმას, რას ამბობენ, ვერც თუ იმას, რის შესახებ ასაბუთებენ (Iტიმ.1,7). ამიტომაც ჰგონიათ, რომ საქმეებით განასრულებენ მას” ამბობს წმიდა მარკოზ განშორებული.

ასე რომ, უფლის მონაწილეობა სიკეთეთა აღსრულებისას, იმაში მდგომარეობს, რომ თვით საქმე კი არ უნდა მივიჩნიოთ სიკეთეთ, რადგან უფალი არ მონაწილეობს ამ საქმეში და შესაბამისად ვერ იქცევა მხოლოდ საქმე, უფლის გარეშე, სიკეთედ. სიკეთის, მცნების აღსრულება მხოლოდ ვალია ჩვენი. არამედ უნდა ვეცადოთ, რომ საქმის შედეგად მივიღოთ მადლი, რომელსაც უფლის გარდა ვერავინ მოგვანიჭებს. ეს კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ უფალი საქმის აღსრულების შემდეგ მონაწილეობს თავისი მადლით.

როდესაც უფალი ამბობს, ჩემს გარეშე არაფერი შეგიძლიათო, აქაც საქმეებს კი არ გულისხმობს, რომელიც უფლისაგან ჩვენთვის ბოძებული არჩევანის გამოხატულებაა მხოლოდ, არამედ იმ წყალობის ანუ მადლის ბოძებას, რომელსაც ჩვენს მიერ გონიერად აღსრულებული საქმეები უნდა გვანიჭებდეს. ,,ამიტომ, საქმეთა საზღაური როდია ცათა სასუფეველი, არამედ – მადლი უფლისა, სარწმუნო მონებისადმი გამზადებული”. ასკვნის წმიდა მარკოზ მონაზონი. ხოლო წმიდა ისააკ ასური შეგვაგონებს – ,,საქმეების გამო კი არ გვეძლევა საზღაური, არამედ თავმდაბლობით”.

ამრიგად, მადლს ვერ მოვიპოვებთ მხოლოდ კეთილი საქმეებით, მცნებათა დაცვითა და სათნოებათა აღსრულებით. იგივე წმიდა მარკოზ მონაზონი აღნიშნავს: ,,მავანნი, არ ასრულებენ რა მცნებებს, ფიქრობენ, რომ მართლად სწამთ, მავანნი კი, ასრულებენ რა, სასუფეველს მოელიან, როგორც კუთვნილ საზღაურს, მაგრამ ორივენი ჭეშმარიტებისაგან გადაცდომილნი არიან. როდესაც გესმის წერილის სიტყვები, რომ უფალი საქმეთაებრ მიუზღავს ყველას (ფს.61.13), იგულისხმე არა საქმენი – გეჰენიისა თუ სასუფევლის ღირსნი, არამედ საქმენი მისდამი ურწმუნოებისა თუ რწმენისა, რასაც ქრისტე შესაბამისად აუნაზღაურებს ყველას, თუმცა არა როგორც ნივთებით თანამოვაჭრე, არამედ როგორც ღმერთი – ჩვენი შემქმნელი და გამომსყიდველი”.

როგორც ვხედავთ, მხოლოდ სიკეთის ქმნითა და მცნებათა აღსრულების იმედით მადლის მოპოვება შეუძლებელია. მადლის გარეშე კი, ვერავინ შეუდგება განმღრთობისკენ სავალ გზას. ,,ყველა კეთილი საქმე, რასაც კი ჩვენი ბუნების კვალობაზე აღვასრულებთ, უკეთურისაგან განგვარიდებს, მაგრამ სიწმინდე რომ შეგვმატოს, მადლის გარეშე არ ძალუძს” აღნიშნავს წმიდა მარკოზ მონაზონი.
ამიტომ, მადლისმიერი ცხოვრების მსურველთაგან, საფრთხილო თავისებურებათა გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, შედეგიც ნათელია – უნაყოფობა. იმისათვის, რომ ჩვენმა შრომამ და მონდომებამ, სიკეთისა და მცნებათა დაცვით კეთილი ნაყოფი გამოიღოს, წმიდა მამათა შემოქმედებისადმი თვალის მიდევნება შემდეგშიც აუცილებლად უნდა განვაგრძოთ.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.