მთავარი » ქრისტიანობა

კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე ციცქიშვილი (1927-1932წწ.)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.11.2011 ერთი კომენტარი | 3,221 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ქრისტეფორე III, ერისკაცობაში ქრისტეფორე ციცქიშვილი 1873 წლის 15 მარტს შორაპნის მაზრის სოფელ ვერტყვიჭალაში დაიბადა. “ექვსი წლის ვიქნებოდი, მამამ რომ ლოცვები დამაწყებინა ზეპირად, მოასწრო ესწავლებინა ჩემთვის ლოცვანი და “მრწამსის” დასაწყისი. ქრისტეფორე ციცქიშვილი შვიდი წლისას გარდამეცვალა მამა, დავრჩით ოთხი ძმა და ორი და პაპის ამარა სიღარიბეში,” – იხსენებს ქრისტეფორე. ბიძამ იქაურ სამრევლო სკოლაში მიაბარა. 1882 წელს კი პაპამ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში ჩაიყვანა. ობლობისა და სიღარიბის მოწმობის წარდგენის შემდეგ მეორე სასწავლო წელს სახელმწიფო ხარჯზე გადაიყვანეს. ასე რომ არ მომხდარიყო, სწავლაზე ხელის აღება მოუხდებოდა, რადგან მის რჩენას ვეღარ შეძლებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო სასწავლებელში მკაცრი რუსიფიკატორული რეჟიმი იყო, ქართველი მასწავლებლები მაინც ახერხებდნენ მოსწავლეებთან ეროვნულ პრობლემებზე მსჯელობას. სემინარიის დამთავრების შემდეგ ოცი წლის ქრისტეფორე ციცქიშვილმა იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელს მღვდლად კურთხევა სთხოვა. მეუფე გაბრიელმა ურჩია, ჯერ მასწავლებლად ემუშავა და მღვდლად კურთხევაზე შემდეგ ეფიქრა. 1895 წლის 9 აპრილს ქრისტეფორე ციცქიშვილი მღვდლად აკურთხეს და გაგზავნეს კასპის ოლქში, 1897 წელს მსახურობდა გორის მაზრის სოფელ ხიდისთავში, 1898 წლიდან – სოფელ იტრიაში. იგი ბევრს მოგზაურობდა, აკეთებდა ჩანაწერებს, მასწავლებლობდა, ფხიზლად ადევნებდა თვალს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

მღვდელი ქრისტეფორე ციცქიშვილი მკაცრად უპირისპირდებოდა იანოვსკისა და ვოსტორგოვის დიდმპყრობელურ შოვინისტურ საგანმანათლებლო პოლიტიკას, რომელიც ქართველი ერის დაშლა-დანაწევრებისაკენ გახლდათ მიმართული. ის აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიისათვის წარმოებულ ბრძოლაში. “ქართული საეკლესიო საქმეების გამო” შენიშვნებში ჩამოყალიბებულია შემდეგი მოთხოვნები: 1. დამოუკიდებლობა ეკლესიისა კათოლიკოსის მეთაურობით. 2. ძირითადი რეფორმა სკოლისა, რომელიც იქნება ქართულენოვანი და სადაც აღარ იქნება წოდებრივი პრინციპი. 3. სასულიერო პირთა მომზადებისათვის აუცილებელია ორწლიანი კურსები. 4. სიტყვის, კრების, ბეჭდვის თავისუფლება. 5. სასულიერო პირთათვის სრული სამოქალაქო უფლებების მინიჭება.”

მამა ქრისტეფორე თავმჯდომარეობდა 1905 წლის მაისში თბილისში ჩატარებულ ქართველი საზოგადოების ყრილობას, რომელმაც 412 კაცის ხელმოწერით იმპერატორ ნიკოლოზ II -ისადმი გასაგზავნ მოთხოვნაში მკაფიოდ დააყენა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხი. ამას მოჰყვა შეხლა-შემოხლა, ავტოკეფალისტების დარბევა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად კირიონ II-ის არჩევის შემდეგ ის რედაქტორობდა ოპოზიციურ სასულიერო ჟურნალ “ახალ სიტყვას”.

1921 წლის 1-5 სექტემბერს გელათში გამართულ III საეკლესიო კრებაზე მიიღეს გადაწყვეტილება დეკანოზ ქრისტეფორეს ურბნელ ეპისკოპოსად გამორჩევის შესახებ. ამ აზრს შეეწინააღმდეგნენ დეკანოზები: იოსებ ჩიჯავაძე, ნიკიტა თალაკვაძე, ვასილ კარბელაშვილი.

1922 წლის 18 მარტს სვეტიცხოველში შესრულდა მისი ეპისკოპოსად ხელდასხმა. წირვის დამთავრების შემდეგ ამ სიტყვებით მიმართა მან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს წევრებს, საზოგადოებას: “უწმიდესო მეუფეო, თქვენო ყოვლად უსამღვდელოესობავ, მოწყალენო ხელმწიფენო! ღვთის განგებით, ნებითა სრულიად საქართველოს მესამე საეკლესიო (გელათის) კრებისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და მღვდელმთავართა, მე მოწოდებულ ვარ უმაღლეს სამღვდელო ხარისხის, ეპისკოპოსობის მისაღებად. ვმადლობ, პირველ ყოვლისა, ღმერთსა და ზეციერ მღვდელმთავარსა, უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა, რომელმაც ღირსმყო ასეთსა დიდსა პატივსა. გმადლობთ თქვენ, უწმიდესო მეუფეო, სრულიად საქართველოს ეკლესიის მწყემსო კეთილო, ვმადლობ მესამე საეკლესიო კრების წევრთ-მღვდელმთავართა, სხვათა სასულიერო და საერო, პირთა, რომ არ მიჰხედეთ ჩემს უღირსებას და მიცანით ღირსად ეპისკოპოსის ხარისხის მიღებისა: ცხადია ჩემთვის – თქვენმა ლმობიერებამ დაჰფარა აურაცხელნი ნაკლოვანებანი ჩემნი… მე ვიტყვი, რომ ამ ბოლო დრომდე ფიქრადაც არ მომსვლია ეპისკოპოსობის ხარისხის მიღება, არც არავინ შემიწუხებია ამისათვის. ვიცოდი, რომ არ შემიძლია ღირსეულად ვატარო ეს მძიმე ტვირთი… ძნელია დღეს ღვთისა და ერის სამსახური… დღეს სარწმუნოება მიაჩნია ნასწავლსა და უსწავლელს ადამიანის დამამცირებელ და უკან ჩამომრჩენ ფაქტორად. ასეთი გარემოება გვაძლევს ჩვენ, სასულიერო მოღვაწეთ, შესაფერისად აღვიჭურვოდ და ისე ვიმოქმედოთ. მართალია, ეკლესია ქრისტესი ურყევია თავის საფუძვლებით, მაგრამ ეკლესიის მოქმედება, ხან მარტივდება, ხან კი რთულდება და ფართოვდება, ცხოვრებისდაგვარად. გონებრივი, ზნეობრივი, პოლიტიკური, ეკონომიური და სოციალური ცვალებადობა აღიბეჭდების ეკლესიის ცხოვრებაზეც. ასეთი საზოგადოებრივი ცვლილებანი მოითხოვენ ეკლესიისა და მის მსახურთაგან ცხოვრებასთან შეფარდებულ მოქმედებას, ერთგვარ შეგუებას და ალღოს აღებას. ერთ წერტილზე გაჩერება ნიშნავს უკან ჩამორჩენას და ერთგვარ სიკვდილს… როდესაც ჩვენის ეკლესიის წყლულებს გავითვალისწინებ, უნებლიეთ შემიპყრობს შიში და სასოწარკვეთილება წინამდებარე სარბიელზე გამოსვლის ჟამს. მაგრამ დიდ არს უფალი და განუზომელია მოწყალება მისი ჩვენდა მიმართ!… მივანდობ უფალს ჩემს თავს და შევთხოვ მას, მომცეს ძალი და სიმხნე, ურცხვენელად ვიღვაწო სადიდებლად მისდა და სასარგებლოდ ერისა ჩვენისა…”

მეუფე ქრისტეფორეს სიტყვა ზუსტად ასახავდა XX საუკუნის 20-იანი წლების საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური და სულიერი ცხოვრების სურათს. ბოლშევიკური საოკუპაციო ხელისუფლება როგორი ნათელი ფერებითაც არ უნდა შეფუთულიყო, გონიერ ადამიანებს ვერ მოატყუებდა. მოდიოდა ნგრევისა და წარსულის უარყოფის მძიმე პერიოდი… სასულიერო წოდება მომზადებული უნდა შეხვედროდა მოსალოდნელ განსაცდელს…

1922 წლის აპრილში გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე წაიკითხეს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის მემორანდუმი, რომელშიც პატრიარქი სთხოვდა ევროპის ქვეყნებს, დახმარებოდნენ პატარა საქართველოს და არ დაეტოვებინათ იგი მარტოდმარტო რუსეთის პირისპირ. განრისხებულმა საოკუპაციო ხელისუფლებამ 1923 წლის 12 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს წევრების ნაწილისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ამბროსის დაპატიმრების შესახებ. დაპატიმრებამდე რამდენიმე საათით ადრე უწმიდესი ამბროსის წერილობითი განკარგულებით შეიქმნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველობა ურბნელ ეპისკოპოს ქრისტეფორეს თავმჯდომარეობით. ეპისკოპოსი კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის წერილს შეცდომად აფასებდა. ის ხელისუფლებასთან ლოიალობისა და თანამშრომლობის მომხრე გახლდათ. მან ეპისკოპოს დავით კაჭახიძესთან ერთად 1924 წლის 16 ოქტომბერს მეტეხის ციხეში გამომწყვდეულ კათოლიკოსს მოსთხოვა მონანიება და გადადგომა, რაც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ მისი გადადგომის მოსურნეთ შემოუთვალა, რომ იგი თავისი ნებით არ გადადგებოდა, თუ სურდათ, ოფიციალურად გადაეყენებინათ. ეპისკოპოს ქრისტეფორე ციცქიშვილის სახელს უკავშირდება საეკლესიო დღესასწაულის ახალ სტილზე გადასვლის მცდელობა, განახლებისა და რეფორმების ჩატარება საქართველოს ეკლესიაში.

მიუხედავად იმისა, რომ ეპისკოპოსი ბოლშევიკურ ხელისუფლებასთან დამოკიდებულებაში სიფრთხილეს იჩენდა, 1924 წლის 15 მაისს იგი იძულებული გახდა აგრესიული ანტირელიგიური ისტერიის პირობებში, როდესაც ანგრევდნენ ან ადმინისტრაციული წესით ხურავდნენ ეკლესიებს, სდევნიდნენ სასულიერო პირებს, მკაცრად დაპირისპირებოდა ხელისუფლებას. იგი მთავრობის თავმჯდომარეს ატყობინებდა: “მიუხედავად 1923 წლის ხელისუფლების ინსტრუქციებისა და რელიგიურ საზოგადოებათა დაარსების ორგანიზაციისა და თავისუფლად მოქმედების შესახებ ცხოვრებაში არ ტარდება, ფაქტობრივად, ხალხს აკრძალული აქვს სარწმუნოებაზე ხმის ამოღება. საქართველოში, დაკეტილია 1000-ზე მეტი ეკლესია. ეს გარემოება ვერ აიხსნება ვერც ჩვენი ხალხის ვითომდა დაწინაურებით, ვითომც სარწმუნოებისადმი გულგრილობით… არსად საკავშირო რესპუბლიკების ტერიტორიაზე არ წარმოებს სარწმუნოების ისე შევიწროება, როგორც საქართველოში… ქართველი ხალხი სარწმუნოების საკითხში დაჩაგრულად გრძნობს თავს… ნებას მივცემ ჩემს თავს, გულახდილად აღვნიშნოთ ერთი გარემოება. მიმდინარეობს დაცინვა, გამასხარავება სასულიერო პირებისა, საზოგადოდ და ნამეტნავად ქუჩებში, ეს უფრო ამცირებს მათ, ვინც დაცინვას აწარმოებს, ხოლო სამღვდელოებას მოსახლეობის თვალში მოსავს შარავანდედითა და მოწამებრივი გვირგვინით. ასეთ დაცინვას აწარმოებდნენ ახალგაზრდები, ასე იქცევიან განსაკუთრებით რუსები, სომხები და ებრაელები. შეგიძლიათ მთლიანად დაკეტოთ ეკლესიები, სარწმუნოება ისევ დარჩება უმრავლესობის გულში. განა სამღვდელოებამ არ იცის, რომ საეკლესიო ცხოვრებაში ყველაფერი რიგზე არ არის, მაგრამ ხმას ვერავინ იღებს, ჩვენ გვიხდება ეკლესიის განახლებაზე ფიქრი, როცა მთავრობა წმინდად ათეისტურია…”

პატრიარქის ლოცვა-კურთხევის გარეშე 1926 წლის დეკემბერში ქრისტეფორე ციცქიშვილმა მოიწვია ქუთაისის საეკლესიო კრება, შექმნა საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობა. კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი, ფაქტობრივად, ჩამოშორდა ეკლესიის მართვას. 1927 წლის 21-27 ივნისს თბილისში ჩატარებულმა IV საეკლესიო კრებამ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ქრისტეფორე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. ახლად არჩეულმა პატრიარქმა საბჭოთა ხელისუფლება ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების გამომხატველ ხელისუფლებად გამოაცხადა და იმედოვნებდა, რომ შეაჩერებდა ბოლშევიკური ხელისუფლების ანტირელიგიურ კამპანიას, მაგრამ ასე არ მოხდა. პირიქით, კიდევ უფრო გაძლიერდა სასულიერო პირებზე ზეწოლა, ეკლესია-მონასტრების ადმინისტრაციული წესით დახურვა, სასულიერო პირების რეპრესიები. ასეთ ვითარებაში იგი 1930 წლის 15 ოქტომბერს იძულებული გახდა, დაპირისპირებოდა ბოლშევიკურ ხელისუფლებას და ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს, ფილიპე მახარაძეს მისწერა: “საქართველოს საკათალიკოსო სინოდის დავალებით პატივისცემით წარმოგიდგენთ ამ განცხადებას, რომლითაც ჩვენ მივიქცევთ საქართველოს ცაკის ყურადღებას, რომ მთავრობის დეკრეტები და განკარგულებები ეკლესიის შესახებ არ სრულდება. ა) ბევრს ანტირელიგიური პროპაგანდა გაგებული აქვს, როგორც მორწმუნეთა, ეკლესიისა და სამღვდელოების შეუზღუდველი დევნა; ბ) დაუსჯელად მიმდინარეობს ეკლესიების ძარცვა, მისი ქონების მითვისება, ხელოვნური ხანძრებით შენობათა განადგურება; გ) მღვდლებს სრულიად ათახსირებენ, რევოლვერის გულზე დადებითაც კი აშინებენ; დ) ეპისკოპოსებს არ აძლევენ ნებას ეპარქიებში მოგზაურობისა და წირვა-ლოცვის ჩატარებისა; ე) აქამდეც დიდი იყო საშემოსავლო გადასახადები, ახლა კიდევ უფრო გაიზარდა იგი, ვ) სამღვდელოებას ართმევენ მიწის ნორმას, ზ) ხდება მორწმუნეთა დაბეგვრა ეკლესიებში სიარულისათვის. ჩვენი აზრით, ეკლესიის შევიწროება ისე ძლიერად არსად არ არის საბჭოთა კავშირში, როგორც საქართველოშია. ჩვენ მოგახსენებთ, რომ დღეს წარმოებული შევიწროებანი საქართველოს ეკლესიის უდრის მის მოსპობას. რაც არ უნდა იყოს სასურველი არავისათვის”.

სამწუხაროდ, ხელისუფლებისათვის საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის სრული მოსპობა სასურველი იყო. ეკლესიის გაუსაძლის მდგომარეობაზე მიუთითებდა 1931 წლის 28 აპრილის მიმართვა ხელისუფლებისადმი, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორე III-ის მიერაა შედგენილი: “მე მაქვს წარმოდგენილი დეკლარაციები ჩემი შემოსავლისა 1929-30 წლებში, მაგრამ იმდენი გადასახადი შემომაწერეს, რასაც ვერ გადავიხდი… ფინაგენტმა აღწერა ჩემი ბინა, ნივთები… ვთხოვ თბილისის აღმასკომს, მოახდინოს განკარგულება, სრულიად მომეხსნას გადასახადები, როგორც მცირე შემოსავლიანს და მძიმედ დასნეულებულს.” ჩანდა, რომ ბოლშევიკურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისა და ლოიალობის კურსს არავითარი შეღავათი არ მოჰყვა და ეკლესიამ ხალხის თვალშიც ავტორიტეტი დაკარგა. მართლაც უმძიმესი დღეები დაუდგა საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას…

უნეტარესი ქრისტეფორე III შეეცადა რუსეთის ეკლესიასთან ნორმალური ურთიერთობის აღდგენას, მაგრამ მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ტერიტორიალური ავტოკეფალიის აღიარების პირობის შემთხვევაში. რუსებთან მოლაპარაკებებს სასურველი შედეგი არ მოჰყვა… კათოლიკოს-პატრიარქი უნეტარესი ქრისტეფორე III ცდილობდა IV საეკლესიო კრების შემდეგ მღვდელმთავართა სრული თანხმობით მუშაობას.

უნეტარესი ქრისტეფორეს ჯანმრთელობა დღითიდღე უარესდებოდა, ფიზიკურად ძლიერი, შთამბეჭდავი აღნაგობის კაცი დასუსტდა, მოძრაობა უჭირდა… 1932 წლის 10 იანვარს საღამოს 18 საათსა და 20 წუთზე იგი გარდაიცვალა. დაიკრძალა სიონის საპატრიარქო ტაძარში განსვენებულ პატრიარქთა გვერდით.

ქრისტეფორე III იყო მრავალმხრივი განათლების, მებრძოლი და ეროვნული სულისკვეთების ადამიანი, ჰქონდა წარმატებებიცა და წარუმატებლობაც… მან თან წაიყოლა თავისი სამშობლოს – საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ურთულესი მდგომარეობით გამოწვეული დიდი ტკივილი და სევდა.

მოამზადა თეონა ნოზაძემ

წყარო: სერგო ვარდოსანიძე – “ქართველი მღვდელმთავრები”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.