მთავარი » ქრისტიანობა

კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ III ფხალაძე (1952-1960 წწ.)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.11.2011 6 კომენტარი | 5,449 ნახვა

ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი მელქისედეკ III, ერისკაცობაში მიხეილ გიორგის ძე ფხალაძე, 1872 წლის 2 ნოემბერს, სიღნაღის მაზრის სოფელ ზემო ყანდაურაში, მედავითნის ოჯახში დაიბადა. მელქისედეკ ფხალაძე სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში. ამ დროს მას დაეღუპა მშობლები, გაუჭირდა როგორც მატერიალურად, ასევე სულიერად, მაგრამ ფარ-ხმალი არ დაუყრია, წარჩინებით დაამთავრა სასწავლებელი და 1890 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა, სადაც იმ დროისათვის მომავალი რევოლუციონერები სწავლობდნენ. სემინარიის დამთავრების შემდეგ მიხეილმა სწავლა ყაზანის სასულიერო აკადემიაში განაგრძო, რომლის დასრულებისთანავე ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში რუსული ენის მასწავლებლად დაინიშნა. მოგვიანებით კი ქუთაისის სასულიერო სემინარიაში ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად გადაიყვანეს. 1904 წლის 8 აპრილიდან სმოლენსკის გუბერნიის ქ. ბელის სასულიერო სასწავლებელში გეოგრაფიის მასწავლებელია, 1915 წლის 15 მაისს – ქ. ტივროვოს სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი.

მელქისედეკ ფხალაძე 1915 წლის 31 მაისს მღვდლად აკურთხეს. 1917 წელს ივნისში იგი დაბრუნდა საქართველოში და გორის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა. 1918 წლის 21 ნოემბერს დეკანოზის ხარისხში აიყვანეს. 1920-1922 წლებში იყო უმუშევარი და განმოსილი. 1922 წლის 5 აპრილს დაბრუნდა ეკლესიაში და დაინიშნა სიონის საპატრიარქო ტაძრის კანდელაკად. 1925 წლის თებერვალში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველის მიტროპოლიტ ქრისტეფორეს ლოცვა-კურთხევით ანჩისხატის ეკლესიის წინამძღვრი გახდა. ოქტომბერში კი უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის ლოცვა-კურთხევით აღიკვეცა ბერად და სახელად მელქისედეკი ეწოდა. 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას ეპისკოპოსად აკურთხეს და ალავერდის ეპარქია ჩააბარეს.

ეპისკოპოს მელქისედეკს ეპარქიაში საქმიანობა რთულ პირობებში უხდებოდა. ანტირელიგიური პროპაგანდა, სასულიერო პირების მიმართ ძალადობა, ეკლესია-მონასტრების ძარცვა-რბევა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ამ დროს ალავერდის ეპარქიაში შედიოდა თიანეთის ოლქიც. ეპისკოპოსი მხარს უჭერდა უწმიდესსა და უნეტარეს ამბროსის და უპირისპირდებოდა “განახლებისა და რეფორმების” ჯგუფის წევრებს. 1927 წლის 17 ოქტომბერიდან იგი ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველია. 1928 წლის 24 მარტიდან იწოდება წილკნელად, მაგრამ ვინაიდან ეპარქიაში თითქმის აღარ იყო დარჩენილი მოქმედი ეკლესია, გადაიყვანეს თბილისის ფერიცვალების მამათა მონასტრის წინამძღვრად.

1935 წლის 2 იანვარს უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით მიენიჭა მიტროპოლიტობა და კვლავ გაიგზავნა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში, სადაც ყოველთვის რთული ვითარება იყო. ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში სამი დიდი სოფელი და ახალი სასაფლაოს ეკლესია სოხუმში უმღვდელოდ გახლდათ დარჩენილი. შესაფერისი კანდიდატების არყოლის გამო კი ახალი მღვდლის კურთხევა შეუძლებელი იყო. ამას დაემატა 1937 წლის 9 ოქტომბერს დეკანოზების სვიმონ გიგინეიშვილისა და ელიზბარ ანჩიბაძის დაპატიმრება. ამასთან, ადგილობრივი ხელისუფლება მოითხოვდა ქართული, რუსული, ბერძნული, კათოლიკური, პროტესტანტული, ებრაული რელიგიური საზოგადოებების გაერთიანებას ერთ ეკლესიაში., რის შესახებაც მეუფე მელქისედეკი ხელისუფლების წარმომადგენლებს წერდა: “გაერთიანება შეიძლება მხოლოდ ქართული, რუსული და ბერძნული ეკლესიების, კათოლიკური, პროტესტანტული და ებრაული მასში ვერ გაერთიანდება. მაშასადამე, ლაპარაკია ქართულ-რუსულ-ბერძნული ეკლესიების გაერთიანებაზე. აქაც საქმე თავისთავად შესრულებულია. ბერძენთა ეკლესიის მღვდელი ორი თვეა, რაც დაპატიმრებულია, ბერძნები თავის რელიგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მომართავენ ქართულ ეკლესიას, სადაც ღვთისმსახურება სრულდება ქართულ, რუსულ და ბერძნულ ენებზე. ამნაირად საკითხი რჩება ქართული და რუსული ეკლესიებისა, თუ რომელი უნდა გაუქმდეს. ძნელი არ უნდა იყოს ამ საკითხის გადაწყვეტა იმ საზოგადოებრივ მოღვაწეებისათვის, რომელმაც იცის სოხუმში ქართული გაზეთის “საბჭოთა აფხაზეთის” არსებობა, რომელიც დაკვირვებია ამ გაზეთის პირველ ნომერს, რომლის პირველ გვერდზე არის სტალინის დიდი სურათი.”

1938 წელს მიტროპოლიტი მელქისედეკი იძულებული გახდა სოხუმიდან თბილისში დაბრუნებულიყო. 1943 წლის 1 აპრილს დაინიშნა კუკიის ეკლესიაში რიგით სასულიერო პირად, 1944 წლის 30 აპრილიდან ითვლებოდა ურბნელად და თბილისის დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარი გახლდათ. თბილისში ყოფნის დროს მის წინააღმდეგ საერო ხელისუფლებაში სისტემატურად იგზავნებოდა ხელმოუწერელი საჩივრები, ბრალდებებს უყენებდნენ. შესაძლოა ამის მიზეზი იყო უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატეს გადაწყვეტილება კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ მიტროპოლიტ მელქისედეკის გამორჩევის შესახებ. მიტროპოლიტი მელქისედეკი მრავალმხრივი განათლების სასულიერო პირი გახლდათ. მან ბერძნულიდან თარგმნა ჰეროდოტეს “ისტორია,” არიანეს “ევქსინის ზღვის გარშემო მოგზაურობა.” ამავე დროს, ფიცხი და მკაცრი ბუნების კაცი იყო. 1952 წლის 5 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. გარდაიცვალა 1960 წლის 10 იანვარს, 17 იანვარს სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

მოამზადა თეონა ნოზაძემ

წყარო: სერგო ვარდოსანიძე – “ქართველი მღვდელმთავრები”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

6 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი