მთავარი » ქრისტიანობა

კათაკმეველთა ლიტურგია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.12.2020 | 1,136 ნახვა

ლიტურგიის მეორე ნაწილს ეწოდება კათაკმეველთა ლიტურგია, რადგან მასზე დასწრების უფლება აქვთ კათაკმეველთაც, ე.ი. იმათ, ვინც ემზადება მოსანათლად და იმათაც, ვინც სინანულშია, ე.ი. ვინც განყენებულია წმ. ზიარებისაგან. კვეთის დამთავრების შემდეგ მღვდელი ხელაღპყრობილი ევედრება უფალს, რომ გარდამოავლინოს სულიწმიდა შესაწირავზე და განაძლიეროს თავად იგი მსახურებაში.

დიაკონი მიიღებს მღვდლისაგან კურთხევას, გადის აღსავლის კარით ამბ
ონზე და ხმამაღლა ამბობს: „გვაკურთხენ მეუფეო“, რაც ნიშნავს შემდეგს: გვაკურთხე მეუფეო, რათა დავიწყოთ წირვა და ტაძარში შეკრებილმა მორწმუნე ერმა მიიღოს მონაწილეობა ღვთის დიდებასა და მსახურებაში.
მღვდელი წმ. სახარებით ტრაპეზზე გამოსახავს ჯვარს და ამბობს წირვის ასამაღლებელს: „კურთხეულ არს მეუფება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა…“. ამ ასამაღლებლით წირვის დასაწყისშივე ადიდებს მღვდელი წმ. სამებას. ამის შემდეგ დიაკონი ამბობს დიდ კვერექსს, რომელშიც თანმიმდევრობითაა ჩამოთვლილი ქრისტიანთა თხოვნა-ვედრებანი, და ის პირნი, რომელთათვისაც ლოცულობს მორწმუნე ერი. მღვდელი ამ დროს საკურთხეველში საიდუმლოდ ლოცულობს და ევედრება ღმერთს, რომ მოწყალება გარდამოავლინოს წმ. ტაძარსა და მასში შეკრებილ მორწმუნეებზე. დიდი კვერექსის ბოლოს მღვდელი ამბობს ასამაღლებელს: „რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა…“.

ამის შემდეგ იგალობება ფსალმუნები: 102-ე – „აკურთხევს სული ჩემი უფალსა…“ და 145-ე – „აქებს სული ჩემი უფალსა…“. ეს ფსალმუნები ერთმანეთისაგან გამოყოფილია მცირე კვერექსით. თავიანთი შინაარსით აღნიშნული ფსალმუნები იწოდება გამომსახველობით ფსალმუნებად, რადგან მათში უდიდესი მხატვრული სილამაზითაა ასახული მოწყალება ღვთისა და შეწყალება კაცობრიობისა. ამ საგალობლებს ანტიფონებსაც უწოდებენ. დიდ საუფლო და ღვთისმშობლის დღესასწაულებზე აღნიშნული ფსალმუნები არ იგალობება, არამედ მათ ნაცვლად სრულდება განსაკუთრებული მუხლები, რომელთა შინაარსიც შეესაბამება დღესასწაულს.

მე-2 ანტიფონის დასასრულს იგალობება „მხოლოდშობილი ძე და სიტყვა ღმრთისა…“, რომელშიც მოცემულია მართლმადიდებლური სწავლება წმ. სამების მეორე პირზე – იესო ქრისტეზე. ამას მოსდევს მცირე კვერექსი. შემდეგ ეკლესია მორწმუნეთა ყურადღებას ამახვილებს სახარების ცხრა ნეტარებაზე – სასუფეველზე (იხ. მათ. 5, 3-12), სადაც მოცემულია ჭეშმარიტი მორწმუნის სახე, თუ როგორი უნდა იყოს ქრისტეს მიმდევარი და როგორი სიხარული ელის მას ქვეყნიური განსაცდელებისა და დევნა-შევიწროების დათმენის შემდეგ.

ამის შემდეგ გაიხსნება აღსავლის კარი, მღვდელი აიღებს ტრაპეზიდან წმ. სახარებას, გადასცემს დიაკონს და გამოდის მასთან ერთად საკურთხევლიდან ჩრდილოეთის კარით. სამღვდელო პირების ამ გამოსვლას წმ. სახარებით ეწოდება „მცირე შესვლა“, რაც ნიშნავს იესო ქრისტეს უდაბნოში ცხოვრებისა და მონათვლის შემდეგ ხალხისადმი მიქცევას და სახარების ქადაგებას.
დღევანდელ საეკლესიო მსახურებაში სახარებით შესვლას საკურთხეველში მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, უწინ კი ის აუცილებელი შესასრულებელი იყო. უძველესი ქრისტიანობის ხანაში წმ. სახარება ინახებოდა არა საკურთხეველში – ტრაპეზზე, როგორც დღეს ხდება, არამედ საკურთხევლის მახლობლად მდებარე საცავში, რომელსაც „სადიაკვნე“ („საჭურჭლე“, „სალარო“) ეწოდება. როცა დადგებოდა სახარების წაკითხვის დრო, საზეიმოდ ხდებოდა მისი გადასვენება ტრაპეზზე.

ძველად კვეთაც სრულდებოდა არა საკურთხეველში მოწყობილ სამკვეთლოზე, არამედ მოშორებით, სხვა შენობაში. ასე, რომ მცირე შესვლამდე სამღვდელო პირნი თითქმის არც კი შედიოდნენ საკურთხეველში. ამიტომაცაა, რომ სამღვდელმთავრო წირვაზე მცირე შესვლამდე მღვდელმთავარი იმოსება და ისმენს კათაკმეველთა ლიტურგიის დიდ ნაწილს არა საკურთხეველში, არამედ შუა ეკლესიაში – კათედრაზე, ხოლო საკურთხეველში შედის მხოლოდ მცირე შესვლის შემდეგ.

მღვდელი აღსავლის კარის წინ საიდუმლოდ კითხულობს ლოცვას, სადაც ევედრება ღმერთს, რომ აკურთხოს და წმინდა-ჰყოს მათი შესვლა, და თანასახურად მოუვლინოს ანგელოზნი ღირსეული მსახურებისათვის. მღვდლის მიერ აღსავლის კარის კურთხევის შემდეგ დიაკონი აღამაღლებს წმ. სახარებას, გამოსახავს ჯვარს და იტყვის ხმამაღლა: „სიბრძნით აღემართენით“.
სანთელი, რომელიც მცირე შესვლისას წინ უძღვის სახარებას, მოასწავებს იოანე წინამორბედსა და ნათლისმცემელს და ახალი აღთქმის ნათელს. მღვდლის გამოსვლა ჩრდილოეთის კარიდან და აღსავლის კართან მისვლა ნიშნავს იესო ქრისტეს ქვეყნიურ მსვლელობას – ცხოვრებას ნათლისღებიდან ჯვარცმამდე. აღსავლის კარში წმ. სახარებით ჯვრის გამოსახვა მოასწავებს მის ჯვარცმასა და ქვეყნიურ სიკვდილს. შესვლის შემდეგ სახარება დასვენდება ტრაპეზზე, რაც ნიშნავს მაცხოვრის შუამდგომლობას ზეციური მამის წინაშე მორწმუნეთათვის. მღვდელი ემთხვევა მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატს, რაც მოასწავებს ადამიანის ღმერთთან შერიგებას.

სახარების შესვლის შემდეგ, რომელსაც მორწმუნენი აღიქვამენ როგორც უშუალოდ ქრისტეს შესვლას, გუნდი გალობს: „მოვედით თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, გვაცხოვნენ ჩვენ ძეო ღმრთისაო, წმიდათა შორის საკვირველო, მგალობელნი შენნი. ალილუია“. ამას მოებმის დღის ტროპარ-კონდაკი იმ წმინდანების გასახსენებლად და სადიდებლად, რომელთა ხსენებასაც აღნიშნავს წმ. ეკლესია ლიტურგიის აღსრულების დღეს. ტროპარ-კონდაკის გალობა იმასაც ნიშნავს, რომ წმინდანები დაიმკვიდრებენ სასუფეველს.

საკურთხეველში შესული მღვდელი კითხულობს საიდუმლო ლოცვას, რომელშიც შესთხოვს ღმერთს, რომ შეიწიროს ცოდვილთაგან აღვლენილი სამწმიდაობითი გალობა, რომ შეუნდოს მორწმუნეებს ყოველგვარი ცოდვა. ამ დროს დიაკონი დგას მაცხოვრის ხატის წინ და ამბობს: „უფალო, აცხოვნე კეთილმსახურნი და ისმინე ჩვენი“. საიდუმლო ლოცვის შემდეგ მღვდელი ამბობს ასამაღლებელს: „რამეთუ წმიდა ხარ ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის…“. დიაკონი ოლარით მიუთითებს მორწმუნე ერზე და ასამაღლებელს დაასრულებს: „და უკუნითი უკუნისამდე“. ამის შემდეგ იგალობება „წმიდაო ღმერთო“ იმის აღსანიშნავად, რომ უფალი ჩვენს ლოცვა-ვედრებას ისევე ისმენს, როგორც ანგელოზებისას.

ქრისტეს შობას, ნათლისღებას, აღდგომასა და სულთმოფენობას, ასევე ლაზარესა და დიდ შაბათს „წმიდაო ღმერთო“-ს ნაცვლად იგალობება „რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელგვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს, ალილუია“. ძველად კათაკმევლები ძირითადად ინათლებოდნენ ზემოთ აღნიშნულ დიდ დღესასწაულებზე, ამიტომაც სრულდებოდა ეს საგალობელი. ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაულზე „წმიდაო ღმერთო“-ს ნაცვლად იგალობება „ჯვარსა შენსა თაყვანისვსცეთ…“.

„წმიდაო ღმერთო“-ს გალობის შემდეგ წაიკითხება სამოციქულო და სახარება. იმისათვის, რომ შეამზადოს მლოცველნი მოსასმენად, დიაკონი მოუწოდებს ერს: „მოხედენ!“ (იყავით ყურადღებით). სამოციქულოს წინ უძღვის წარდგომა თავისი მუხლებით, რომლებშიც მოკლედაა გადმოცემული შინაარსი წასაკითხი სამოციქულოსი და დღესასწაულისა. ამ დროს მღვდელი დგას მაღალ-დასაჯდომელთან, რომელიც დიდების მეუფის უზენაეს ადგილსა და ელეონის მთას განასახიერებს. სამოციქულოს კითხვა მოასწავებს მოციქულ- თა ქადაგებას ქვეყნად. მისი კითხვისას დიაკონი (ან მღვდელი) ასრულებს კმევას, რაც ნიშნავს სულიწმიდის მადლს, რითაც იყვნენ აღვსილნი მოციქულები ქვეყნად ქრისტიანობის ქადაგებისას და რამაც დააახლოვა ისინი ხალხს. ამ დროს მღვდელი მაღალ-დასაჯდომლის მარჯვნივ დამჯდარი ისმენს სამოციქულოს, ხოლო სახარებას მოისმენს ფეხზე მდგომარე, თავდახრილი. სამოციქულოს შემდეგ იგალობება „ალილუია“, რაც ნიშნავს: „ადიდეთ, აქეთ უფალი“. წმ. სახარების კითხვას, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი იესო ქრისტეს ქვეყნიური ცხოვრება-მოღვაწეობა, სასწაულები და მოძღვრება, დასაწყისში და ბოლოს თან ახლავს სადღესასწულო სადიდებელი: „დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა!“. სამოციქულოსა და სახარების წაკითხვა წარმოადგენს საღვთო ლიტურგიის მნიშვნელოვან ნაწილს, რადგან სწორედ აქ, უშუალოდ უფალი ქადაგებს და მოძღვრავს ერს.

სახარების შემდეგ იკითხება მრჩობლი კვერექსი, რომელზეც გაიშლება ტრაპეზზე დასვენებული ოდიკი, რაც სიმბოლურად ნიშნავს იოსებ არიმათიელის მიერ ქრისტეს საფლავის მომზადებას.

მრჩობლი კვერექსის შემდეგ სრულდება მიცვალებულთა კვერექსი, სადაც მორწმუნენი ევედრებიან უფალს გარდაცვლილთა სულებისა და მათი ცოდვების მიტევებისათვის. ამას მოჰყვება კათაკმეველთა კვერექსი, რითაც ღმერთს ვევედრებით მათ შეწყალებას, ჭეშმარიტ გზაზე დაყენებას და იმას, რომ გახდნენ ღირსნი ნათლისღებისა. დიაკონის მოწოდებაზე „რაოდენი კათაკმეველნი ხართ, განვედით!“, კათაკმეველნი ტოვებენ ტაძარს. ამით მთავრდება კათაკმეველთა ლიტურგია.

ძველ დროს ეკლესიის კარები ამის შემდეგ იხურებოდა, რათა ტაძარში არ შემოსულიყვნენ მოუნათლავები.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი