კარსანის წმ. ნინოს ეკლესია

კარსანის წმინდა ნინოს ეკლესია — ეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კარსანში. მდებარეობს მთა ქართლის განაპირას, ჩრდილოეთით, ანტიკური ციხესიმაგრის ცხრა მართკურთხა ბურჯთაგან ერთ-ერთზე, ქარაფის პირას მაღალ სუბსტრაქციაზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესიას პირვანდელი სახე შეცვლილი აქვს.
ეკლესია დარბაზულია (7,75 X 7,45 მ). იგი რამდენიმეჯერ არის გადაკეთებული, თუმცა მასში ნათლად ჩანს ადრეული ხანის არქიტექტურის დახვეწილი ფორმები და პროპორციები — პარალელურწირთხლებიანი სარკმლები და ნალისებური ფორმის აბსიდი. ასევე ციხესიმაგრის შემორჩენილ კედლებზე კარგად იკითხება ანტიკური ხანის მშრალი წყობის ქვის რიგები. ეკლესიის ცოკოლი ნაგებია ნატეხი ქვით, ლავგარდანი — სწორკუთხა ფილებით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აფსიდი ნახევრად რელიეფური ფორმისაა. აფსიდში სამი ნიშია, ერთი — ჩრდილოეთით, ორი — სამხრეთით. აღმოსავლეთ კედელში ერთი სარკმელია (გადაკეთებულია), ხოლო სამხრეთისაში — ორი. დარბაზი კამარითაა გადახურული. ეკლესიის კედლები შიგნიდან შელესილია (შელესილობა გვიანდელია).
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.