მთავარი » სხვადასხვა

კარგი რამ მჭირდეს გიკვირდეს, ავი რა საკვირველია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.04.2013 | 4,875 ნახვა

“კარგი რამ მჭირდეს გიკვირდეს, ავი რა საკვირველია”
ი. ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძეაი, ესეც ახალი გაზეთი ჩვენის ძველის სახელითა.
ძლივს არ დაიბადა!… მაგრამ რაღაც უგემური კი გამოდის. ფხა არა აქვს, ფხა!… მოჰყოლია, ბატონებო, ეს მეცნიერებაო, ეს ცხოვრებაო, ეს ისაო, ეს ესაო. ვსთქვათ, რომ მართლაც მეცნიერი იყოს (ტყუის კი, თქვენმა მზემ), ვსთქვათ, რომ ცხოვრების ამწონიც და დამწონიცა, – ვითომ მაგით რაო? არა, ვის წინა თამაშობთ მალაყებსა? მაგითი გინდათ თვალი აგვიბათ, განა? მაშ კარგად გიცნიათ ქართველები. მოგესევით, ბატონებო, ასეთს კორიანტელს აგიყენებთ, რომ თქვენის საქმისა ვერც თავი გაიგოთ და ვერც ბოლო. ვითომ ბევრი ქექა და თავის-ტკენა დაგვჭირდება თუ!… ამის მეტი ხომ არა დაგვეხარჯება-რა, რომ ეგ თქვენი “ივერია” უკუღმა წავაკითხოთ საზოგადოებასა. ეგ სახელი უკუღმა რომ წავიკითხოთ, “აირევი” გამოვა. აი, აგერიოთ გზა და კვალი!… კაი სახელი დაგირქმევიათ, ო, თქვენმა მზემ!

რაო? მეცნიერება და ცხოვრებაო?!… აი, მეხი კი დაგეცათ. გაზეთიო მეცნიერებისა და ცხოვრების შორის შუამავალიაო. მაჭანკალი გეთქოთ. არა, ჯერ ერთი ეს მითხარით: ჩვენს უფერულს, უგემურს, ზლაზვნით მოარულს ცხოვრებას რა აქვს დასაბარებელი მეცნიერებასთან, რომ მოციქული აგიჩენიათ. ან თითონ მეცნიერებას ნუთუ უჩვენოდ ვეღარ გაუძლია, ნუთუ უჩვენოდ ფეხი წინ ვერ წაუდგამს, რომ მის მხრითაც შუამავლის მოგზავნა საჭიროდ დაგინახავთ. ჩვენს ცხოვრებას მეცნიერებასთან რა ხელი აქვს და მეცნიერებას ჩვენს ცხოვრებასთან?

ვითომ აქამომდე რომ ესენი უმძრახად იყვნენ და უერთმანეთოდ სუფევდნენ, – რა ცუდი იყო, და დაგვაკლდა? არაფერი, თქვენმა მზემ, მაშ ისე რა გასჭირვებია ან მეცნიერებას, ან ცხოვრებას, რომ ერთმანეთთან მოციქულის მიგზავნა დასჭირებიათ და ამ მოციქულად ამოურჩევიათ ეს ახალი გაზეთი. მაგრამ ვინ იცის? იქნება ერთს მეორის ვალი ედოს, იქნება ეხლა დრო მოვიდა გადახდისა და, ვიდრე ისტორიის წინაშე განიბჭობიან, სურთ რომ მოციქულის პირით როგორმე მოშველდნენ? იქნება თითონ ცხოვრებაც ადამიანისა სესხი და ვალი იყოს? თუ ეგრეა, ჩვენ ქართველებს, ათადამ-ბაბადამ მაგ სესხისა და ვალის მეტი არა გვიკეთებია რა! გვიღია სესხიცა და გვიხდია ვალიცა. ეგ დიდის ხნის ამბავიაო, მეტყვი, მკითხველო! მაშინდელია, როცა ჩვენი ცხოვრება ჩვენს მხრებზედ ეყუდა; როცა ამ მძიმე ტვირთიდამ მხარის გამოცლა ჩვენში სირცხვილი ყოფილა. ეხლაო? ეხლა სესხია ჩვენი ცხოვრება ყველასათვის და ვალია თუ არა ვისთვისმე – ეგ კი ღმერთმა იცის.

შორს წავედი. რაზედ დავიწყე ლაპარაკი და რაში გავები. ქართველი ვარ და ტიტინი მიყვარს. შემინდეთ მეტი სიტყვა.

გაზეთმაო მეცნიერების შენობისთვის ცხოვრებისაგან მოგროვილი ქვა-კირი უნდა ზიდოსო და იქიდამ კიდევ დედა-აზრები უნდა გადმოიტანოს ცხოვრებაშიო. ნეტა რას მიჰქარავთ!… ნუ დამიღონდი, მკითხველო! რა ვქნა, სიცილით ვიწყებ და გლოვით ვათავებ ხოლმე. სიცილი და გლოვა ვითომ და-ძმანნი არ არიან? ვითომ ხელი-ხელ გაყრილნი არ დაიარებიან იმ მუშტის-კრივში, რომელიც არსებითის პურისათვის დღე-ყოველ გამართულია და რომელსაც ცხოვრებას ეძახიან? ორპირია, ბატონო, ცხოვრება: როცა ერთი პირი უცინის, მეორე უტირის. ნუ დამიღონდი. ავყვეთ კიდევ ამ ჩვენს ახალს გაზეთსა. თუ ეგრეა დაწესებული, დეე სიცილ-ტირილმა, ამ და-ძმამა გვდიოს ჩვენ ბოლომდინა.

მოჰყოლია ეს ახალი გაზეთი და ყვირის: ჩვენ არ ვიკადრებთო ადამიანის შეურაცჰყოფასაო. ნუ იკადრებთ, თუ გიყვარდეთ. განა ქართველები არა ხართ? ვაი თქვენს ლხენასა, თუ ეგრეა. და თუ ქართველები ხართ, გული გაგიძლებთ, რომ არ იმასხარაოთ!… ყოველი წესი, ჩემო საყვარელნო, პაჭიჭსა ჰგავს: თუკი ერთი წვერი შემოერღვა, გათავდა კიდეც – სულ ბოლომდე რღვევით წავა. ეს კარგათ დაიხსომეთ და ჩაიჭდიეთ გულში.
ეს ადამიანის უფლებაო, ეს ზნეობითი კანონიო!… დასწყევლოს ღმერთმა. რეებს არ მოიგონებენ კაცის მაცდურებისათვის. გვიხსენ, უკუღმართო წუთისოფელო, ამ ბოროტებისაგან! ბევრი კევრი დატრიალებულა ჩვენს თავზედ და ამისთანა კი ჯერ არც ერთხელ. რაებს ბოდვენ!… ახლა გინდათ ეგ ვალიც დაგვადოთ კისერზედ, რომ კაცის უფლებას, ზნეობითს კანონს საყარაულო გავუმართოთ – ცოტა ვალი გვაქვს, რომ ეგეც ზედ არ დაართათ…

ადამიანის უფლების დარღვევაო!… ვიშ რა მოუგონიათ! რა გაბერილი სიტყვაა!… რამოდენი კალთები აქვს! რასაც გინდა, ქვეშ იმას შეაფარებ. აი, აი, აი!… ახლა მაგ ქანდარაზედ რომ შემსხდარხართ, ვითომ ფეხს მოიკიდებთ და თავდაყირა ძირს არ დაეშვებით? ერთი მითხარით, თქვენ ადამიანები ხართ თუ არა? თუ ადამიანები ხართ, “არა-რა ადამიანური თქვენ არ უნდა გეუცხოებოდეთ”… ვითომ თქვენ უარჰყოფთ ვნებათა-ღელვის ძალმომრეობასა; ვითომ უმსგავსოდ დაბრეცილი და აწოწვილი თავმოყვარეობა ადამიანისა – არაფრად მიგაჩნიათ, ვითომ ადამიანის შური, მტრობა, შურისძიება თქვენ დაგიმორჩილებიათ; ვითომ გაწუწკებულის გულის ლაქლაქობის სენი – ადამიანის თვისებად არ გიცვნიათ! დავიჯერო, რომ ესენი ყველა ერთად და თვითეული ცალკე გულიდამ სამუდამოდ გაგიდევნიათ? მაშ, ადამიანობისა საერთოდ და ქართველობისა საკუთრივ, რაღა დაგრჩენიათ? აი, თქვე ანგარების მოყვარენო! თქვე ადამიანის უარმყოფელნო, თქვე ქართველობის მოღალატენო! მიგიხვდით, მიგიხვდით; რაც ადამიანობის, ქართველობის უბედურებას შეადგენს, იქიდამ თავს ისხლეტთ, და რაც სიკეთეს და ბედნიერებას, იმაში კი წილს იდებთ. ფუ, თქვენს ვაჟკაცობასა, გულშემატკივრობასა, თქვენს სულგრძელობასა! განა ეგრე უნდა? ლხინში მეც შენთანაო, ჭირში კი შენ შენთვისო და მე ჩემთვისო. ამას უცილოდ თქვენ ვინ დაგითმობთ!…

ჩვენი გაზეთიო ჩვენის ცხოვრების სარკე უნდა იყოსო. თუ ეგრეა, მაშ, ხომ ჩვენს ცხოვრებაში უნდა ჩაებათ. ის კი აღარ იცით, ხარი ხართან დააბიო, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო, ვნახოთ, თუ ფერიცა და ზნეც არ გაცვლევინოთ. მე ადამიანის ცხოვრება ცოტად თუ ბევრად მიწვნევია და მწამს, რომ შექსპირი მართალია; “სულელთ თამაშია ადამიანის ცხოვრებაო, – ამბობს იგი, – გინდათ თუ არა, უნდა ჩავდგეთ და ვიტრიალოთო”. ჩვენც, გვინდა თუ არა, ჩავდგებით, ვიტრიალებთ და თან ჩავითრევთ ამ ახალ გაზეთსაცა. მაშინ ვნახავთ, ეს თქვენი “ივერია” როგორ გადიხატავს ამ ტრიალსა. ერთი სიტყვით, კარგი რამ გეჭირება – გაგიკვირდება, ავს კი აღარ გავიკვირვებთ. ვნახოთ, მოვიცდით! ჯერ კი როგორღაც უგემურია. უფხოა, უფხო, თუ შენც იტყვი, მკითხველო. იქნება გემო და ფხა იმაშია, რისთვისაც ამ “ივერიას” თავი დაუნებებია? ვინ იცის! ეჰა, ქვეყნის უკუღმართობავ, არა იყავნ ნება შენი!…

დაიბეჭდა “ივერიაში”, 1877 წ. 1 იანვარი #1

რუბრიკას უძღვება თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი