მთავარი » ეკლესია-მონასტრები

კაპადოკია – მსოფლიოს მერვე საოცრება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.07.2012 12 კომენტარი | 30,827 ნახვა

“კაბადოკია არის ბუნებისა და ადამიანის სულის შედევრი, რომლის ნახვაც აუცილებელია ყველა ქრისტიანთათვის.”

ილია II – სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი

კაპადოკია – მსოფლიოს მერვე საოცრებად მიჩნეული ბუნების უჩვეულო სასწაული თითოეულ ადამიანს ადვილად აოცებს. ამ მიწის სახელი “კატ პადოკა” ძველ სპარსულად “ლამაზი ცხენების ქვეყანას” ნიშნავს.

რამდენიმე მილიონი წლის სამი ვულკანის ამოფრქვევამ ასი კილომეტრის რადიუსის ტერიტორიაზე უცნაური ფორმების, ულამაზესი ლანდშაფტი წარმოშვა. წვიმის, ეროზიისა და სხვა ბუნებრივი მოვლენების გარდა მოგვიანებით მის შექმნაში ადამიანმაც მიიღო მონაწილეობა. წმიდა ნინოსა და წმიდა გიორგის სამშობლოს – კაპადოკიის ნახვა ნებისმიერ მსურველს საკუთარი თვალით შეუძლია.

გიორგი დვალაშვილი (გეოგრაფი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი): “თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე უნიკალური მხარე – კაპადოკია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიო სინამდვილეში. მას ბევრი მერვე საოცრებასაც უწოდებს და ამ აზრს მეც ვიზიარებ. მასში შედის აქსარაის, ნევშეჰირის, ნიღდესა და ქაისერის პროვინციები. ისინი ერთმანეთისგან საკმაოდ მოშორებითაა განლაგებული.

კაპადოკია

ტერიტორია გამორჩეულია ბუნებრივი წარმონაქმნების, ვულკანური წარმოშობის ლანდშაფტებით, კლდეში ნაკვეთი და მიწისქვეშა ქალაქებით, რომლებიც დაარსდა ძვ. წ. I ათასწლეულში… კაპადოკია თავისი მასშტაბებით 10 000 დავით-გარეჯს, 1 000 ვარძიასა და უფრო მეტსაც შეგვიძლია მივაკუთვნოთ, ამიტომ პილიგრიმმა ამ ადგილის მონახულებისთვის მცირე დროც კი კარგად უნდა დაგეგმოს, რადგან კაპადოკიის საფუძვლიანად და სრულად დასათვალიერებლად 1 წელიც არ არის საკმარისი.

თბილისიდან ქალაქ გორემემდე, რომელიც კაპადოკიის ცენტრად ითვლება, საკმაოდ დიდი მანძილია. ამ დასახლებულ პუნქტში ყველაზე მეტი კლდეში ნაკვეთი ქალაქი, ეკლესია-მონასტერი, უზარმაზარი კომპლექსი და უნიკალური ბუნების ძეგლია. გორემედან 100 კმ-ის მოშორებით არის იჰლარას ხეობა. გურჯი ხათუნის ეკლესია ბევრი წყაროს მიხედვით დადასტურებულია, რომ აქ არსებული მონასტრის გამოკვეთა თამარ მეფის შვილიშვილის, გურჯი – ხათუნად წოდებულ თამარ ბაგრატიონის (მოღვაწეობდა მე-13 ს-ში რუმის სასულთნოში) სახელსა და ქართულ ფესვებს უკავშირდება. წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია, სავარაუდოდ, მიწისძვრისგანაა დაზიანებული, თუმცა კედლის მხატვრობა, მათ შორის – გურჯი-ხათუნის ფრესკაც კარგად იკითხება და საამაყოა, რომ თბილისიდან 1 300 კმ-ის მოშორებით კლდეში ნაკვეთი ეკლესია დღეს შედარებით კარგად არის წარმოდგენილი. ეს ადგილი ძალიან წააგავს ვარძიას. ამასთან, ამ ეკლესიაში ტურისტმა შეიძლება მთელი დღეც დაჰყოს განსხვავებით სხვა ძეგლებისგან, რადგან ზოგიერთ ტაძარში დღეში 20 000 დამთვალიერებელი გადაადგილდება და ტაძარში გაჩერებისათვის 5 წუთია გამოყოფილი, შესაბამისად, სანთლის დანთებაც კი შეუძლებელია. ამდენად, კაპადოკიაში მყოფი ადამიანი გორემედან იჰლარას ხეობის მიმართულებითაც უნდა გადაადგილდეს.

სოღანლის ხეობაში, ქაისერის პროვინციაში, რომელიც კაპადოკიის ცენტრს საკმაოდ მოშორებულია, გამორჩეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, უნიკალური ფრესკებია შემორჩენილი და მათ მონახულებას აუცილებლად უნდა შევეცადოთ. თუ ვიზიტორი ამ მიმართულებით გადაადგილდება, გზად საინტერესო ძეგლებს ნახავს: მე-19 ს-ის ბერძნულ ტაძარს, ასევე, უზარმაზარ მიწისქვეშა ქალაქს. საგულისხმოა, რომ ამ რეგიონში 36-მდე მიწისქვეშა ქალაქია აღმოჩენილი. სოღანლის ხეობა ისინი რთულ სისტემას წარმოადგენენ და ადამიანის ნამოქმედარადაა მიჩნეული. მათ შექმნას ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდებოდა. ეს ქალაქები ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე არსებობდა.

იჰლარას ხეობის გზაზე შევხვდებით დერინკოუს მიწისქვეშა კომპლექსს. ის 60 მ-მდე სიღრმეში მდებარეობს. აქ 7 სართულით დაბლა ეკლესიაა ჯვრის ფორმის გამოსახულებით გამოკვეთილი. ამ ტერიტორიაზე სოღანლის ხეობის გავლის შემთხვევაშიც მოვხვდებით.

მნიშვნელოვანია, რომ გორემეს ხეობაში, გორემეს ღია მუზეუმში გახლავთ ყველაზე მთავარი, გამორჩეული ძეგლები: ბნელი ეკლესია, ვაშლების ეკლესია, ბასილის ეკლესია, წითელი ეკლესია, წმ.ბარბარეს სახელობის ეკლესია და სხვ. ისინი ერთმანეთის მიყოლებით კლდეში ნაკვეთ კომპლექსს წარმოადგენენ. ამ რეგიონში მოგზაურობისას პილიგრიმს განსაკუთრებული ემოცია ტოკალის ეკლესიის ხილვისას უჩნდება. ტაძრის შესასვლელში დამთავლიერებლის ყურადღებას ღვთისმშობლის შედარებით დაზიანებული ფრესკა იქცევს, რომელიც 1994 წელს “შენ ხარ ვენახის” ხატის სახელით დაიწერა და დღეს უკვე ცნობილი საგალობელი და ხატწერის ნიმუშია. ის სწორედ ტოკალის ეკლესიას უკავშირდება.

შენ ხარ ვენახი

საინტერესო დეტალია, რომ მე-11-12 სს.-ში შესრულებული ფრესკის შემორჩენილი ფრაგმენტები მცირედი განსხვავებით მე-12 საუკუნის საქართველოს კონტურებს, საზღვრებს ემთხვევა. ამის თქმის საფუძველს ჩვენ მიერ თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩატარებული გეოგრაფიული შედარებები წარმოადგენს. ზოგადად, ტოკალის ეკლესია ერთ-ერთი განუმეორებელი ძეგლია კაპადოკიის რეგიონში. ეს დასახლება იუნესკოს დაცულ ძეგლად და ეროვნულ პარკადაა გამოცხადებული. აქ, ასევე, თვალშისაცემია ბუნებრივი პირამიდები, ქვის სოკოები, სვეტები… გიორემეში 3-4 დღის განმავლობაში ადამიანმა შეიძლება ნახოს ის ძირითადი ძეგლები, რაც კაპადოკიაზე, გარკვეულწილად, ზოგად წარმოდგენას შეუქმნის”.

რა პერიოდშია ყველაზე ხელსაყრელი ამ ტერიტორიების მონახულება?

კაპადოკიის მოსანახულებლად ყველაზე კარგი პერიოდია მაისის, სექტემბრისა და ოქტომბრის თვეები. არანაკლებ ლამაზია ეს ტერიტორია ზამთარში, როცა ეს ძეგლები მთლიანად თოვლის თეთრ საბურველშია გახვეული. მაგრამ ამ დროს სასტუმროების უმრავლესობა დაკეტილია და ზოგიერთი მუზეუმი 1-ლი ნოემბრიდან 1-ელ აპრილამდე იკეტება. ამიტომ ვიზიტორი ფიზიკურადაც ვერ ნახავს გარკვეულ ძეგლებს და ძალიან ცივა, ნოემბერში ტემპერატურა -10 გრადუსამდეც კი ეცემა. ზაფხულში შესაძლოა თვითონ კაპადოკიაში არ იყოს დიდი სიცხე, მაგრამ არის გარკვეული მარშუტები, სადაც ტრანსპორტით დიდ მანძილზე გადაადგილება სიცხისას გარკვეულ დისკომფორტს ქმნის.

რა თანხებთანაა დაკავშირებული კაპადოკიაში მოგზაურობა?

თბილისიდან კაპადოკიამდე მანძილი დიდია. ტრანსპორტით ჯგუფური გადაადგილებისას ტრანსპორტირების ხარჯი თავისთავად ნაკლებია. კაპადოკია ადგილზე თითოეული ძეგლის მონახულება გარკვეული თანხა ღირს. მუზეუმებსა და მღვიმეებში შესასვლელად საშუალოდ 60-80 ლირაა საჭირო. რაც შეეხება სასტუმროებს, ვფიქრობ, კაპადოკიაში ჩასული ვიზიტორი კლდეში ნაკვეთი სასტუმროებით უნდა დაინტერესდეს. არის სხვა ალტერნატივაც. მაგრამ გაცილებით იაფია გამოქვაბულში ძილი (ნორმალური პირობებია), ვიდრე 2-სართულიან სასტუმროში ღამისთევა.

კაპადოკიის ტურისათვის 5-6 დღის განმავლობაში 500-550 ლარი საკმარისია მთლიანი ხარჯებისთვის. გასათვალისწინებელია, რომ ეს ადგილი მდიდარია სუვენირებითაც. ჩვენ გვყავს უკვე იქაური მეგობრები, რომლებიც ჩვენს თანხმლებ ტურისტებს მიზერულ თანხებში ყიდიან ნივთებს. მათ ქართველები განსაკუთრებულად უყვართ.

რამდენად ხშირად დადიან ქართველები კაპადოკიაში?

კაპადოკიაში 12-ჯერ მოგზაურობისას ქართველი დამთვალიერებლების დიდი ორგანიზებული ჯგუფი არც ერთხელ შემხვედრია. მეტწილად, აქ ის ქართველები შეგხვდებათ, რომლებიც ანკარაში, ანტალიაში საკუთარი ტრანსპორტით გადაადგილდებიან და გზად კაპადოკიაში შეივლიან. გიორგი დვალაშვილი თუ ადამიანს საშუალება აქვს, სულ მცირე კაპადოკიის ერთხელ მოლოცვას აუცილებლად უნდა ეცადოს. კაპადოკიაში ყოველ ჩასვლაზე ახალ ინფორმაციასა და ახალ ძეგლს ნახულობ.

უდიდესია კაპადოკიის მნიშვნელობა რელიგიური კუთხით. კაპადოკიიდან იყო წმიდა ნინო, წმიდა გიორგი. გეოგრაფიული კუთხით დღესაც ვმუშაობ ამ რეგიონზე, ცენტრალურ ანატოლიაზე, კაპადოკიის მხარეზე. ისტორიული და რელიგიური კუთხითაც ვცდილობ საინტერესო მასალების მოპოვებას, თუმცა ვერსად მივაკვლიე კონკრეტულად ინფრომაციას, სად შეიძლება დაბადებულიყვნენ და გაზრდილიყვნენ ეს წმიდანები. ერთ-ერთი ვერსიით, წმიდა გიორგი იჰლარას ხეობაში უნდა გაზრდილიყო. ნევშეჰირის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლის ინფორმაციით კი ნევშეჰირიდან დაახლოებით 5კმ-ში სამხრეთით არის სოფელი გორე, სადაც წმიდა ნინოს სახლი უნდა ყოფილო. თუმცა ეს ცნობა ჯერ დადასტურებული არ არის.

კაპადოკია მართლმადიდებლური სამყაროს გამორჩეული ტერიტორიაა. აქ დიდი მადლი ტრიალებს. ქართველების ინტერესი მის მიმართ ყოველთვის დიდი იყო და იმედია, ასე იქნება მომავალშიც.

სტატიაში გამოყენებული ფოტომასალა ეკუთვნის გიორგი დვალაშვილს.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

12 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი