მთავარი » ქრისტიანობა

კამათის შესახებ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.05.2014 | 2,512 ნახვა

„ვთქვათ, ვიმყოფებით ახლობელთა წრეში, ან თუნდაც “მტრების” გარემოცვაში, სადაც მწვავე კამათია რაიმე საკითხის გამო. შენ მოკამათეს არ ეთანხმები, საპირისპირო აზრებს ვეღარ იტევ და მზად ხარ, შეესიტყვო და მიაგო ოპონენტს შენი სათქმელი. შეჩერდი, ნუ აჩქარდები, აუწონავი შენი ნათქვამი შენს წინააღმდეგვე მობრუნდება. მიეცი მოკამათეს საშუალება, ბოლომდე თქვას სათქმელი. კამათი დადუმდი, მაგრამ იფიქრე მთავარზე, მთავარ თემაზე, განაგდე შენგან ის ფიქრები, რაც პირადად გეხება, ამბიციებზე მოქმედებს და თავმოყვარეობას გილახავს. ვიდრე მოწინააღმდეგე ლაპარაკობს, სთხოვე უფალს, იყოს შუამავალი შენსა და შენს მოპასუხეს შორის, იყოს კეთილად წარმმართველი თქვენი გონებისა. წრფელი გულით ნათქვამს, უფალი აუცილებლად ისმენს, მუდამ შენთან იქნება და არ მიგატოვებს.
თუ მოწინააღმდეგე შენს მიმართ იყო უხეში და შეურაცხმყოფელი, უპასუხე სიმშვიდით, შესაძლო კორექტულობით, პატივისცემით და გამარჯვება, ნამდვილი გამარჯვება შენი იქნება,“ – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II (სააღდგომო ეპისტოლე,1994)

კამათის, განსხვავებული აზრის გამოთქმის დროს ადამიანები ხშირად იწვევენ ერთმანეთის აღელვებას, გაღიზიანებას. ხდება შეურაცხმყოფელი სიტყვებით ერთმანეთის მოხსენიება. რაზე მიგვანიშნებს, როცა ადამიანები ასე იქცევიან და როგორ უნდა მოიქცნენ ამ დროს? გვესაუბრება მღვდელი მალხაზ ყიფიანი (წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური):

„ადამიანები სხვადასხვა ხასიათისა და განწყობის არიან. მათ რიცხვში ძალიან ცოტაა ვინც მდუმარებისა და სიმშვიდის კეთილი გრძნობით ხასიათდება. მრავლისმეტყველება ძირითადად იმ ადამიანების დამახასიათებელია, ვისაც საკუთარი ცოდვები ვერ შეუმჩნევია და ვინც ვერ ახერხებს, ენას ლამაგი ამოსდოს. მას უნდა ახსოვდეს ეკლესიის მიერ უფლის მიმართ გამოთქმული სიტყვა: „დასდევ უფალო საცოი პირსა ჩემსა და კარი ძნელი ბაგეთა ჩემთა“.

შეიძლება ითქვას, კამათი მრავლისმეტყველების გამოხატულების ერთ–ერთი ფორმაა, რაც ძირითადად ერთმანეთის მიმართ შეურაცხმყოფელ და სალანძღვავ სიტყვებში ვლინდება. ეს თავისთავად არღვევს ადამიანის ენის ძირითად დანიშნულებას. რამეთუ ღვთის ქმნილებათაგან ერთადერთმა ადამიანმა მიიღო მეტყველების უნარი, მაგრამ ეს უმაღლესი ნიჭი მეტყველებისა ამავდროულად, დიდ სიფრთხილესაც მოითხოვს. ენა თავისთავად არ სცოდავს. იგი ამბობს იმას, რაც ადამიანს გულში აქვს. როგორც დიდი შოთა რუსთაველი ხატოვნად ამბობს: „კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების“.

მაშასადამე, ვინც ყოველთვის გონივრულად და დინჯად საუბრობს მას გულიც და ხასიათიც კარგი აქვს. ადამიანს ენა შეიძლება დაცემის, სიცრუის, ცოდვის, ორპირობის მიზეზად ექცეს. სიტყვას შეუძლია კაცი ერთდროულად მოწამლოს და სულიერად მოაკვდინოს კიდეც.

კამათში შესაძლოა სიმართლეც გამოიხატოს, მაგრამ გააჩნია ამ სიმართლეს მოკამათესთან როგორ მივიტანთ. განსხვავებული აზრი არ შეიძლება აღელვებულმა და გაღიზიანებულმა გამოხატო, რაც თავისთავად სიტყვის დადებით ძალას დანიშნულებას უკარგავს.

ყოველი უქმი, უსარგებლო, უშვერი სიტყვის გამო, რომელიც კაცის პირისაგან გამოვალს, უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს პასუხს ვაგებთ.

ღმერთმა ენა იმიტომ მოგვცა, რომ ვაკურთხოთ, ვადიდოთ და ვილოცოთ, დავლოცოთ და დავარიგოთ მოყვასი ჩვენი. თუ ვინმე ფიქრობს, რომ თუ ენას უშვერობას და ბოროტებას, ან ცუდ ხუმრობა–მასხარაობას მიაჩვევს და სხვა კეთილი საქმეებით ცხონდება, ის მწარედ შემცდარია.

წმინდა სახარება გვამცნობს: „სიტყვათა შენთაგან განმართლდე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯო“ (მთ. 12,37). თუ ენა ცუდის თქმისაგან დაცული არ არის, საუკუნო ცხონებას ვერ მიიღებს და თავის ჭეშმარიტ საღმრთო დანიშნულებას მოაკლდება. რაც, როგორც აღვნიშნეთ, მხოლოდ კეთილი დანიშნულებით უნდა გამოვიყენოთ. ხომ არ შეიძლება ერთი წყაროდან ერთდროულად ანკარა წყაროც მოედინებოდეს და – ბინძურიც?!

კამათისას ადამიანი სულიერ ძალებსა და ღრმა აზროვნების უნარს კარგავს. არ შეუძლია თავისი აზრის შეჩერება და წონასწორობიდან ადვილად გამოდის. რაც სულის დაცარიელებასა და მადლის დაკარგავს იწვევს. ამიტომ ყოველი ქრისტიანი უნდა ცდილობდეს, კამათში არ ჩაებას. პირიქით, თუ შეძლებს ეს კამათი დიალოგის, ანუ მშვიდი საუბრის რეჟიმში გადაიყვანოს. ეს დიდ ძალისხმევასა და სულიერ გამოცდილებას მოითხოვს, რაც თავისთავად დასაფასებელი და ანგარიშგასაწევია.

ჩვენ ვიცით ეკლესიის ისტორიიდან კამათისა და პაექრობის მაგალითები, ძირითადად სარწმუნოებრივ საკითხებზე. როდესაც I საეკლესიო კრებაზე სარწმუნოების სიმბოლოზე, იგივე მრწამსზე კამათი მოუწია წმინდა ნიკოლოზს – მირომ ლუკიის მღვდელმთავარსა და ცრუ სწავლების შემომტან არიოზს, წმ. ნიკოლოზმა სარწმუნოებრივ საკითხზე მკრეხელური აზრის გამოთქმისათვის არიოზს მთელი თავყრილობის თანდასწრებით კვერთხიც კი ჩაარტყა თავში. რის გამოც წმ. ნიკოლოზი ამ კრებიდან დაითხოვეს და სამღვდელმთავრო პატივიც ჩამოართვეს. თუმცა, ამ საღვთისმეტყველო კამათში გამოჩენილი ასეთი საქციელისათვის წმ. ნიკოლოზს უფალი და დედაღვთისმშობელი გამოექომაგა. როდესაც კრების მონაწილე მამებმა იხილეს რომ მათ ერთ მხარეზე მაცხოვარი ედგა სახარებით ხელში, მეორე მხარეს კი – ღვთისმშობელი ომოფორით, ამ ხილვის შედეგ უფლის რჩეული წმიდა ნიკოლოზი კვლავ მღვდელმთავრის პატივში აღადგინეს.“

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი