მთავარი » ხატები და ფრესკები

კალუგის ღვთისმშობლის ხატი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.07.2011 4 კომენტარი | 4,179 ნახვა

კალუგის ღვთისმშობლის ხატიკალუგის სასწაულმოქმედი ხატი მისი გამოჩინების ადგილას იმყოფება, ხოლო ზუსტი ასლი ქალაქ კალუგის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული.

კალუგის ხატი 1748 წელს კალუგიდან 7 ვერსით დაშორებულ სოფელ ტინკოვში მემამულე ვასილი ხიტროვის სახლში გამოჩნდა.

მის კარზე მოსამსახურე ორმა ქალიშვილმა სხვენზე ნივთების მოწესრიგებისას უხეში ტილოს გრაგნილი იპოვა. გრაგნილი გაშალეს და მუქი შესამოსელით მოსილი მონაზვნის მსგავსი ქალის ფერწერული გამოსახულება ნახეს. ქალი წიგნს კითხულობდა. ერთმა ქალიშვილმა მეტად განიცადა ეს ამბავი და გამოსახულებას იღუმენია უწოდა, ხოლო მეორემ – ევდოკიამ, რომელიც მეტად კადნიერი და უგუნური იყო, არად ჩააგდო ის და თქვა: როგორ მეშინია შენი იღუმენიასიო, მაგრამ მაშინვე უხილავმა ძალამ მოიცვა: უგრძნობლად დაეცა და ხელ-ფეხი ძლიერი კრუნჩხვებისგან დაებრიცა. სრულიად დაუძლურდა, მხედველობა და მეტყველება წაერთვა. მისმა შეშინებულმა მეგობარმა მომხდარი სხვებს შეატყობინა. ევდოკია პირზე ქაფმომდგარი და სრულიად უგრძნობი ნახეს. წმიდა ხატის ქვეშ დააწვინეს და მის სიკვდილს ელოდნენ. ღამით ევდოკიას მშობლებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა, რომ ხატზე, რომელსაც მან დასცინა, სწორედ ის იყო გამოსახული. შემდეგ მათ უბრძანა, დილით გამოცხადების შესახებ ღვთისმსახურებისთვის ემცნოთ, სნეულისთვის აიაზმის წყალი ეპკურებინათ, შეურაცხყოფილი ხატის წინაშე პარაკლისი აღესრულებინათ და ამის შემდეგ იგი განიკურნებოდა.

დილით პარაკლისი გადაიხადეს, ნაკურთხი წყლის სხურების შემდეგ ევდოკიაც გამოჯანმრთელდა და მას შემდეგ ღვთისმოსავი გახდა. ხიტროვის სახლში ხატი საპატიო ადგილას დააბრძანეს. მოსახლეობა სასწაულმოქმედი ხატის მოსალოცად ყოველი მხრიდან მოდიოდა. მრავალი სასწაული, კურნება აღესრულა და ხიტროვმა ხატის სახლში გაჩერება ვეღარ გაბედა. ის შესაფერისი პატივით კალუგის ქრისტეშობის ეკლესიაში გადააბრძანა და შთამომავლობას უანდერძა, რომ უკან აღარასდროს დაებრუნებინათ.

ცალკეულ პირთა მიმართ მინიჭებული წყალობის გარდა, ხატმა კალუგის მთელი მოსახლეობაც არაერთხელ იხსნა უბედურებისგან. 1771 წელს ქალაქ კალუგაში და მის შემოგარენში ჭირიანობა მძვინვარებდა. მოსახლეობამ მოინდომა კალუგიდან ღვთისმშობლის ხატი ჩამოებრძანებინა და ქალაქის გარშემო ლიტანიით შემოეტარებინა. მარხვისა და ლოცვის შემდეგ სამდღიანი ლიტანია გაიმართა, ზეციური შუამდგომლის მიმართ ყველა გულმხურვალედ ლოცულობდა, რათა ძისთვის მათი ცოდვათა მიტევება ეთხოვა. რწმენით ლოცვა ღვთისმშობელმა შეისმინა და ჭირიანობა შესუსტდა. ამ სასწაულებრივი მოვლენის მოსახსენებლად ყოველი წლის 2 სექტემბერს ლიტანიაა დადგენილი და ხატი ქალაქში რამოდენიმე დღით რჩება კიდეც.

1812 წელს რუსეთზე ფრანგების თავდასხმის დროს ეს ხატი ქალაქ ეფრემოვაში გადაიტანეს. ტყვე ფრანგებმა, რომლებმაც იხილეს კალუგის ხატი, ჰყვებოდნენ, რომ კალუგაზე და მალოიაროსლავზე ლაშქრობისას ის არაერთგზის იხილეს ჰაერში ამაღლებული, ცეცხლისსახიანი მეომრებით გარშემორტყმული. სწორედ ამ დროს მოიპოვეს რუსებმა გამარჯვება. ამ სასწაულების შესახებ იმპერატორმა ალექსანდრე პირველმაც შეიტყო და მისი ნებართვითა და წმიდა სინოდის კურთხევით, ფრანგთა შემოსევებისგან ქალაქ კალუგის სასწაულებრივი გადარჩენის მოსახსენებლად, 12 ოქტომბერს ყოველწლიური დღესასწაული დაადგინა. ამავდროულად, ხატთან ერთად ქალაქის გარშემო ლიტანია აღესრულება. ღვთისმშობლის ხატი მდიდრული, ძვირადღირებული, მოოქროვილი და ძვირფასი ქვებით მოჭედილი პერანგითაა შემკული.

ტროპარი

მამულისათვის ჩუენისა და უცხო თესლთა ზედამოსვლისა ჟამსა მბრძოლო უბრძოლველო და სიკუდილშემოსილისა წყლულებისაგან მხსნელო მოწყალეო, ყოველთა ჭირთა და სენთაგან მიხსნენ მონანი შენნი, რომელნი სარწმუნოებითა და სიყუარულითა შეუვრდეთ სასწაულთმოქმედსა ხატსა შენსა და აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი