მთავარი » დღესასწაულები

ჯვართაღმართება – აღდგენილი დღესასწაული

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.04.2018 | 7,095 ნახვა

“სვეტიცხოვლის სასწაულის შემდეგ, როდესაც გასრულდა მირიანისეული ტაძრის მშენებლობა და მცხეთაში კონსტანტინე დიდის წარმოგზავნილ სასულიერო პირთა მიერ მოინათლა მეფე–დედოფალი ოჯახით და “ყოველი ერი”, წმიდა ნინომ და ეპისკოპოსმა იოანემ მეფესთან ერთად ჯვრების აღმართვა განიზრახეს”. მცხეთის ჯვარი სწორედ IV საუკუნეში წმ. ნინოს მიერ ქართლის მოქცევას უკავშირდება მივიწყებული დღესასწაული ჯვართაღმართება და პირველი ქრისტიანი მეფის მირიანის დროსაა დაწესებული.

2007 წელს, ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულზე, ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილიაII–ის ლოცვა–კურთხევით ეს უძველესი დღესასწაული – ჯვართაღმართება – აღადგინა.

IV საუკუნეში ჯვრის შესაქმნელად “აკაკის ხე” გამოიყენეს, რომელიც დღევანდელი მცხეთის ჯვრის ფერდზე, წმიდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულ წყაროსთან იყო აღმართული. მარადმწვანე, სურნელოვანი ხე სასწაულებრივად კურნავდა ცხოველებსა და ფრინველებს.

ქართულ საისტორიო წყაროებში დაცული გადმოცემის თანახმად, ძვ. სტილით 25 მარტს, ხარება დღეს მეფის ძემ – რევიმ და ეპისკოპოსმა იოანემ მორწმუნეების თანხლებით მოკვეთეს ხე, მიწაზე შეუხებლად შეაბრძანეს მცხეთაში და სვეტიცხოვლის სამხრეთ კართან აღმართეს, სადაც 37 დღე კვლავ მარადმწვანედ იყო.

“1 მაისს იმ ხისგან ხუროებმა, მღვდლების სწავლებით, სამი ჯვარი შექმნეს. 7 მაისს კი “ხელის დადებითა მეფისაითა” აღმართეს სვეტიცხოვლის ტაძარში, სადაც შეკრებილნი იყვნენ მორწმუნენი. იმავე ღამეს ზეციდან გარდამოვიდა ვარსკვლავებით დაგვირგვინებული ცეცხლოვანი ჯვარი და თავზე დაადგა წმიდა ეკლესიას. რიჟრაჟზე მას გამოეყო ორი ვარსკვლავი, რომელთაგან ერთი – აღმოსავლეთისკენ, ხოლო მეორე დასავლეთისკენ გაემართა. “იგი თავადი – ჯუარი ცეცხლისაი დაგვირგვინებული ვარსკულავითა”, იდგა თავისი ბრწყინვალებით და ნელ–ნელა დაიძრა აღმოსავლეთისკენ, განვლო არაგვი და დაადგა წმიდა ნინოს ცრემლით აღმოცენებულ წყაროს. იქიდან ბორცვის თავზე აღემართა და კვლავ წყაროზე დაბრუნდა, რის შემდეგაც ზეცად ამაღლდა. ეს სასწაული რამდენჯერმე განმეორდა და მორწმუნე ერმა ყოველივე იხილა”.

ერთი ჯვარი – თხოთში აღმართეს, მეორე – მირიან მეფის ძის, რევის მეუღლემ სალომემ ქალაქ უჯარმაში აღმართა, რადგან უჯარმა სამეფო ქალაქი იყო და ერის სიმრავლითაც გამოირჩეოდა.

ისტორიული გადმოცემით, ჯვართაღმართებას ქართლში კერპების დაცემა და განადგურება მოჰყვა.

ჯვართაღმართების დღესასწაულის აღდგენის ნიშნად, კათოლიკოს-პარტიარქის ლოცვა–კურთხევით სვეტიცხოველსა და ჯვარს შორის, არაგვის პირას ქართლის მოქცევის ეპიზოდებით შემკული, ჯვრით დაგვირგვინებული სვეტი აღიმართა. ეს ადგილი ერთგვარი ცენტრია, საიდანაც კარგად ჩანს ქართლის ცხოვრებასთან დაკავშირებული ყველა წმიდა ადგილი – მტკვარ–არაგვის შესართავი, ბაგინეთი, ბეთლემის გამოქვაბული, სვეტიცხოველი, სამთავრო–მაყვლოვანი…

დღესასწაულთან ერთად აღდგა ამ გზაზე ლოცვით მსვლელობის წესი: ხარების დღესასწაულზე საგანგებოდ მომზადებულ სამ ჯვარს პატრიარქი სამების ლავრის ხარების ტაძარში აკურთხებს. მრევლი მათ მიაბრძანებს მცხეთის ჯვრის მონასტერში, გადაიხდის პარაკლისს, შემდგომ კი მთის ფერდით წმ. ნინოს “ძუძუს წაროსთან” გალობით დაეშვება და ლიტანიით გაემართება სვეტიცხოვლისკენ, სადაც ჯვრები ჯვართაღმართების დღესასწაულამდეა საკურთხეველში. დღესასწაულზე წირვის შემდეგ ერთ–ერთ ჯვარს ლიტანიით მდინარე არაგვის გადაკვეთით, “ძუძუს წყაროს” მოლოცვით ააბრძანებენ ჯვრის მონასტერში, ორ დანარჩენს – თხოთისა და უჯარმის ტაძრებში, საიდანაც წინა წელს აღმართული ჯვრები, პატრიარქის კურთხევით, საქართველოს სხვადასხვა ეპარქიაში გადაბრძანდება.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ჯვართაღმართების დღესასწაულზე მრევლს სახლსა და ეზოში ჯვრის აღმართვის კურთხევა მისცა.

“ჯვარს აქვს ძალიან დიდი ძალა. აუცილებლად უნდა იყოს ნაკურთხი იგი და მე გაძლევთ ლოცვა-კურთხევას, რომ ყოველი თქვენგანის სახლში, ეზოში იყოს აღმართული პატარა ჯვარი”, – ბრძანა პატრიარქმა.”…და ასე განმეორდება ყოველ წელს, რათა მადლი პატიოსანი ჯვრებით წმ. დედაქალაქიდან მთელ საქართველოში განიფინოს ფრიად და მცველად ქართველთა”. 

 

ანა შეშაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.