მთავარი » საზოგადოება

“ჯვარი” – ვაზის მივიწყებული ძველი ქართული ჯიში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.11.2017 | 502 ნახვა

მრავალჯერ ნათქვამს კიდევ ერთხელ გავიმეორებთ და ვიტყვით, რომ ადილობრივი ვაზის ჯიშების სიმრავლისა და მრავალფეროვნების თვალსაზრისით საქართველო უთუოდ გამორჩეული ქვეყანაა. თუმცა, რიგი მიზეზების გამო ჩვენი ქვეყნის კუთხეებში ძირითადად 2-3 ვაზის ადგილობრივი ჯიში გვხვდება და ამ გარემოებას, როგორც ითქვა აქვს კიდევაც თვისი მიზეზი. ერთსა და ორ დღეში, თუ წელში ჩვენი ქართული ვაზის ჯიშები არც შექმნილა და არც გამქრალა. ჯვარი-ვაზი ეს პროცესები და მეტადრე ქართული ვაზის ჯიშების გამოყვანა საუკუნეების განმავლობაში გრძელდებოდა…

რაც შეეხება ვაზის ჯიშების გაქრობისა, თუ შემცირების საკითხს ამის მიზეზად ორი უმთვრესი საგანი გვევლინება. საქართველოში შემოჭრილი შორეული, თუ მეზობელი მტერი განსაკუთრებული სისასტიკით ებრძოდა ქართულ გენსა და ქართულ ვაზს. ამის გამოისობით ხშირად ამა თუ იმ სოფელში ვენახები პირწმინდად იჩეხებოდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგიერთი ვაზის ჯიში მხოლოდ ერთ კონკრეტულ სოფელში იყო გავრცელებული, მაშინ დიდად სავარაუდოა, რომ ზოგიერთი ქართული ვაზის ჯიში სწორედ ამგვარად იყოს გამქრალი. თუმცა მეორე მიზეზი, თუ რისთვისაც შემცირდა და თითქმის გაქრა ქართულ ვაზის ჯიშთა მდიდარი სორტიმენტი ისაა, რომ ქართული ღვინო საქართველოს ისტორიის ახლო წარსულში პირისპირ აღმოჩნდა რუსული ყოვლისჩამნთქმელი ბაზრის წინაშე, რაც, შეიძლება ითქვას, რომ დამღუპველად აისახა ქართული მეღვინეობის მიმართულებაზეც და ქართული ვაზის ჯიშებზეც. აქვე ერთი სიმართლეც უნდა ითქვას, რომ ამ ყოველივეს ჩვენი ნება/დასტურიც ახლდა და შექმნილი პრობლემის გადამთიელებისათვის დაბრალება არ უნდა იყოს მთლად მართებული. ცხადია ამა თუ იმ მხაერში ერთდროულად ყველა ადგილობრივი ვაზის ჯიში ერთნაირი დატვირთვისა ვერ იქნება, მაგრამ არც ის უნდა იყოს მართებული, რომ მაგალითად ქართლი, ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი რეგიონი ჩინებულისა, თავკვერისა და გორული მწვანის ანაბარაა დარჩენილი. არადა ქართლი ნიადაგურ-კლიმატური პირობების თვალსაზრისით მევენახეობის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე უფრო საინტერესო რეგიონია. დღეს დღეობით ორი კინკილა ჯიშის ანაბარა დარჩენილი ეს რეგიონი 100-მდე ადგილობრივი ვაზის ჯიშითაა განთქმული. თუ აქაურ ტოპონიმიკას მივმართავთ, ბევრი სოფლისა და ადგილის ჩამოთვლა შეიძლება, რომელთა სახელდება სწორედ ვაზთან და ღვინოსთნაა მიმართებაში, რაც იმისი მიმანიშნებელი უნდა იყოს, რომ ამ მხარეში ვაზის კულტურა ძლიარად იყო გამჯდარი. ალბათ სამარცხვინოც კია ის გარემოება, რომ ვაზისა და ღვინის კულტურის ამგვარ უნიკალურ მხარეში მევენახეობის მხოლოდ ერთადერთი განსაკუთრებული ადგილი, ანუ მიკროზონაა – ატენი. არადა რეგიონში ნამდვილადაა იმისი პოტენციალი, რომ არსებობდეს არა ერთი, არამედ ათეულობით მევენახეობის მიკროზონა… მაგრამ ერთი რამაა გასათვალისწინებელი და კერძოდ ის, რომ ზოგიერთი მიკროზონა ნიადაგურ-კლიმატური პირობების თვალსაზრისით მართალია მაღალხარისხიანი ყურძნის მოყვანის საშუალებას იძლევა, მაგრამ ეს გარემოება ვაზის აბსოლუტურად ყოველ ჯიშზე ერთნაირად არ ვრცელდება. თუ, მაგალითად ზოგიერთი ადგილი ძალიან კარგია შავკაპიტოსათვის, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ამავე ადგილას აუცილებლად მაღლხარისხიანი გორული მწვანე, ან სხვა რომელიმე ჯიში მოიწევა. საინტერესო ისაა, რომ ყოველი ქართული ვაზის ჯიში მათი ბუნებიდან გამომდინარე ღვინის ქართულად დაყენების თვალსაზრისით ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს.

ისე, როგორც მთელი საქართველო, ქართლიც მეტნაკლებად მთაგორიანი რეგიონია, თუმცა სიმაღლისა და სიცივეების მიუხედავად ქართლში ყურძენი თითქმის ყველგან მოდის. შესაბამისად რეგიონის მაღალ ადგილებში ისეთი ვაზის ჯიშები გვხვდებოდა, რომლებიც ხსენებულ მკაცრ პირობებს იყო შეგუებული.

ერთ-ერთი ასეთი ვაზის ჯიში, რომელიც კარგად ეგუება სიმაღლესაც და ზამთრის ყინვებსაც ესაა ქართლის თეთრყურძნიანი მცირედ გავრცელებული ვაზის საღვინე ჯიში – „ჯვარი“, რომელიც სამწუხაროდ თითქმის გადაშენებულია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ქართლშივე ეს ჯიში სულ რამდენიმე მეურნის კარმიდამოში გვხვდება ერთეული ნარგაობის სახით. ჯიში დაცულია საქართველოს ამპელოგრაფიულ ნაკვეთებში. სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მცირედი მახასიათებელი ცნობები მოგაწოდოთ ამ ჯიშის შესახებ. (არსებობს წითელყურძნიანი სახეობათაშორისი ჰიბრიდი, რომელიც „ჯვარისას“ სახელითაა ცნობილი. ძველქართულ ვაზის ჯიშ „ჯვარს“ ყოვლად უვარგის ჰიბრიდ „ჯვარისასთან“ არაფერი აქვს საერთო).

უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ვაზის ჯიშ „ჯვარს“ ფუნქციონალურად მდედრობითი ყვავილები აქვს. ესე იგი უბრალო ენით რომ ვთქვათ მდედრობითი ჯიშია. ამგვარი ჯიშები ქართულ ვაზის ჯიშთა სორტიმენტში არაერთია და მათი რიცხვი 50-ს აღემატება. ვაზის მდედრობითი ჯიშები სხვა რომელიმე დამატვერიანებელი ვაზის ჯიშის გარეშე ძალზე მცირე მოსავლით ხასიათდება და შესაძლოა ყურძნის მოსავალი არც კი მოგვცეს. ამიტომ ვენახის გაშენების დროს მდედრობით ვაზის ჯიშებს დამამტვერიანებელ ვაზებს შორის რგავენ. დამტვერიანება ცხადია, ვაზის ყვავილობის დროს ხდება და აქ ერთი მეტად მნიშვნელოვანი მომენტია გასათვალისწინებელი და კერძოდ ის, რომ აუცილებლად უნდა გაირკვეს გასაშენებელი ვაზის ყვავილობის ზუსტი დრო და ვენახიც ამის მიხედვით უნდა გაშენდეს, რათა ვაზის ჯიშების ყვავილობა ერთმანეთს დაემთხვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საქმე არაეფექტური იქნება და მდედრობითი ვაზიც მოსავალს არ მოგვცემს. სწორედ ამგვარი მიდგომით, მაგალითად ქართლში ჩინებულის (ჩინური) ვენახებში შიგა და შიგ რგავენ თავკვერს, რომელიც ასევე მდედრობითი ვაზია. ამ ორი უკანასკნელი ვაზის ყვავილობის პერიოდი ერთმანეთს იდეალურად ემთხვევა და შესაბამისად თავკვერის მოსავალიც გარკვეულწილად რეგულარულია. ამ გარემოების გათვალისწინებით ვენახის გაშენების დროს, თუკი საქმე გვაქვს მდედრობით ჯიშებთან, საქმის ძირეული შესწავლაა საჭირო!

რაც შეეხება „ჯვარის“ დანარჩენ მახასიათებლებს ასეთია: მისი მტევანი საშუალო, ან მომცროა კონუსური ფორმისა. მტევანი ხშირად გვხვდება დატოტვილი და მეჩხერიც. მარცვალი მრგვალი, ან მომრგვალოა და არის ჩალისფერი სასიამოვნო შეფერვისა. მარცვალი საკმაოდ წვნიანია, მისი კანი კი ზომიერი სისქისა. მარცვალს გემო ძალიან გემრიელი აქვს, ამასთან მწკლატრე. „ჯვარი“ აშკარად საღვინე მიმართულებისაა. მართალია მისი მარცვალი საკმაოდ გემრიელია, მაგრამ ის სასუფრე ვაზის არცერთ პარამეტრს არ აკმაყოფილებს. ჯიში ხასიათდება საშუალო, ან საშუალოზე დაბალი მოსავლიანობით. მისი საშუალო საჰექტარო მოსავალი 5 ტონამდე ადის. ჩვეულებრივ პირობებში ჯიში „ჯვარი“ აგროვებს 18 – 20% შაქრიანობას. ვაზი სოკოვანი დაავადებებისა და განსაკუთრებით კი ნაცრის მიმართ საკმაოდ მგრძნობიარეა და ამ მხრივ ის საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას. ამ ჯიშის ვაზის ფოთლები საშუალოზე დიდია და ხშირად შესაძლოა იყოს ძლიერ დანაკვთული. ზრდასრული ფოთლის ქვედა მხარე ძლიერ სუსტადა შებუსული ჯაგრისმაგვარი ბუსუსით.

ჯვარის ღვინო საკმაოდ სხეულიანია. ღვინის შეფერილობა მოოქროსფრო ქარვისფერია. ხალისიანი ღვინოა ნაზად გამოხატული არომატით. ღვინის დაყენების დროს სასურველია, თუ შეირჩევა ჭაჭაზე დადუღებისა და გარკვეული დროით მასზე დავარგების მეთოდი. უდედოთ დაყენებული ჯვარის ღვინო გამოდის ნაკლებშინაარსიანი და დაბალი სტრუქტურისა. რთული სათქმელი იქნებოდა ჯვარის ღვინის კახური მეთოდით დაყენების შემთხვევა, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო შედეგის მომცემია, მაგალითად ღვინის დადუღება სრულს ჭაჭაზე და მისი იმავე ჭაჭაზე დავარგება დუღილის ჩათვლით ერთ თვემდე. დასკვნის სახით ვიტყვით, რომ ძველი ქართული ვაზის ჯიში – „ჯვარი“ იმ ჯიშთაგანია, რომელზეც ნამდვილად ღირს ყურადღების გამახვილება. მითუმეტეს, ქართლის რეგიონის მაღალმთიან ადგილებში შესაბამისი საღვინე ვაზის ჯიშის მოძიება ბოლო პერიოდში ერთგვარ პრობლემას წარმოადგენს. როგორც ძველი დოკუმენტური წყაროებიდან ირკვევა ვაზის კულტურა გარდა ბარისა მთისპირა ადგილებშიც გვხვდებოდა. სწორედ ამის მიმანიშნებელი უნდა იყოს ის, რომ ქართულ ვაზის ჯიშთა სორტიმენტში გვხვდება ისეთი ჯიშები, რომლებიც, როგორც სიმაღლეს, ისე ზამთრის მკაცრ სიცივეებსაც ადვილად ეგუებიან.

გიორგი ბარისაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ღვთის სიბრძნეს განეშორება ის, ვინც საკუთარ თავს ბრძნად ჩათვლის"- წმ. ისააკ ასური.