მთავარი » ქრისტიანობა

ჯვარცმა ქრისტესი – წმ.გაბრიელ ეპისკოპოსი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.11.2020 | 150 ნახვა

რაც ჯვარზე გაკრულმა მაცხოვარმა დაითმინა, ის მხოლოდ ნაწილია მისი ღვაწლისა, შეიძლება ითქვას, რომ ქრისტე არა მხოლოდ მოკვდა ჯვარზე, არამედ მთელი ამქვეყნიური ცხოვრება მასზე გაატარა. რა თქმა უნდა, ამაში ამსოფლიური ჭირი და განსაცდელი არ იგულისხმება, თუმცა, მას არც ესენი აკლდა. იგი უპირველესად ცოდვაში ჩავარდნილი კაცობრიობის მდგომარეობით იტანჯებოდა.

თუ ჩვენ, ცოდვილებს, გვემძიმება ყურება კაცის ბუნების წახდენისა და დაცემისა, წარმოვიდგინოთ, როგორ შეწუხდებოდა უწმინდესი არსება, რომლისთვისაც თვით მცირე ცოდვაც კი საძაგელია, როცა კაცის ბუნების უკიდურესად წახდენასა და გაფუჭებას ხედავდა: უმიზეზოდ როდი უთხრა მან გეთსამანიის ბაღში მოწაფეებს: მწუხარე არს სული ჩემი ვიდრე სიკვდილამდე. რა თქმა უნდა, ამ სიტყვებში შიში ხორციელი ტანჯვის წინაშე არ იგულისხმება.

მაცხოვარმა წინასწარ უწყოდა, რომ მოახლოებული იყო დღე, როცა ცხადად გამოჩნდებოდა, სანამდე მიიყვანა ცოდვამ კაცის ბუნება: უბედურმა იუდამ ფულზე გაყიდა მოძღვარი და მეგობარი თვისი, ფარისევლებმა და მოხუცებულებმა სჯულის ერთგულების ნიღბით ქრისტეს დასასჯელად უბნელეს საშუალებებს მიმართეს, ურიების უმადურმა ერმა, რომელსაც მაცხოვარმა ურიცხვი სიკეთე უყო და რომელიც იერუსალიმში შესულს ოსანას გალობით შეხვდა, მისი ჯვარზე გაკვრა ერთხმად მოითხოვა. პილატემ სიკვდილის განაჩენი გამოიტანა, მაგრამ იქვე აღიარა, რომ ვერცერთ მის დანაშაულს ვერ ხედავდა. აი, ეს იყო ის, რაც ქრისტესთვის უფრო მძიმე და მტანჯველი იყო, ვიდრე ჯვარი, რომელიც მხრებით აზიდვინეს, ვიდრე ლურსმნები, რომლითაც ჯვარზე მიამსჭვალეს, ვიდრე ცემა, შეურაცხყოფა და ეკლის გვირგვინი, რომელიც თავზე დაადგეს. ყოველივე ამას დაემატა სისასტიკე მხედრებისა, რომელთაც ჯვარზე უდანაშაულო კაცის ტანჯვა თავშესაქცევ სანახაობად მიაჩნდათ და უმაგალითო ბოროტება ფარისევლებისა და მოხუცებულებისა, რომელნიც ჯვარზე გაკრულ მაცხოვარს დასცინოდნენ. ყოველივე ამან სალმობათა უმწარესი სასმელი შეასვა მას. მიუხედავად ამისა, კაცთ მოდგმის სიყვარული ერთი წამითაც არ შერყევია, იგი მამას მათ შენდობას ევედრებოდა: მამაო, მიუტევე მათ, არა უწყიან, რასა იქმან! იმ ტანჯვათა სანაცვლოდ, რომელიც ქრისტემ ჩვენთვის დაითმინა, ჩვენგან იგი მხოლოდ იმას მოითხოვს, რომ მისი სწავლებითა და მაგლითით ჩვენი განათლებისა და ბედნიერებისათავის ვისარგებლოთ. ჩვენ გვძულს იუდას ღალატი, მაგრამ განა ჩვენ კი არ ვღალატობთ მაცხოვარს, როცა ცოდვას ჩავდივართ და მის სწავლებას ვივიწყებთ? საღმრთო წერილში ვკითხულობთ, რომ ქრისტიანი, რომელიც ცოდვას არ ერიდება, მაცხოვარს ჯვარზე მეორედ აცვამს. მართლაც, როგორ შეუძლია მას გულგრილად უყუროს ჩვენს ცოდვებს, რომელთა მოსასპობადაც ესოდენი ტანჯვა დაითმინა? ურიებს, რომელთაც უფალი იესო ქრისტე აწამეს, ერთი შესანდობელი მიზეზი მაინც ჰქონდათ, მათ დაჯერებით არ იცოდნენ, ვინ იყო იგი. ჩვენ კი ვიცით და გვჯერა, მაშასადამე, არც შესანდობელი მიზეზი გვაქვს, როცა ჩვენი ცოდვებითა და ურჩობით ტანჯვას ვაყენებთ.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი