მთავარი » კულტურა

ჟურნალ “ხელეურის” ლიტერატურული კონკურსის დაჯილდოება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.03.2010 | 1,377 ნახვა

ჟურნალ სამშაბათს, 2 მარტს, 2 საათზე ილია ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაციაში ჟურნალ “ხელეურის” ლიტერატურული კონკურსის დაჯილდოება გაიმართა. კონკურსი შარშან გამოცხადდა. სამი პრემია იყო დაწესებული: პირველ ადგილზე – 500 ლარი, მეორეზე – 300, ხოლო მესამეზე – 150 ლარი. ჟიურის წევრები გახლდნენ: თამარ შაიშმელაშვილი, დოდო ხიმშიაშვილი და ნინო ჩხიკვიშვილი.

კონკურსის თაობაზე ინტერნეტ-ჟურნალი “ამბიონი” ქალბატონ თამარ შაიშმელაშვილს ესაუბრა: “ორმოცდაათზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კონკურსში თითქმის მთელი საქართველო ჩაერთო. ნაშრომებს გვიგზავნიდნენ ფოთიდან, გორიდან, ახალციხიდან, მცხეთიდან, საგარეჯოდან და სხვა ქალაქებიდან. კონკურსში იმდენად ბევრი პროფესიონალი მწერალი მონაწილეობდა, რომ ჟიურის არჩევანის გაკეთება გაუჭირდა კიდეც. საბოლოოდ საუკეთესოთა შორის საუკეთესო გამოვავლინეთ. ჟურნალმა “ხელეურმა” სპეციალური პრიზებიც დააწესა. ჩვენი მეგობარი მხატვრები არიან: ბატონი რეზო ადამია და ბატონი ღვთისო ბიკაშვილი. მათ საჩუქრად ნახატები გადმოგვცეს იმ მონაწილეებისათვის, რომლებიც ამ სამეულში ვერ მოხვდნენ. ადგილები კი ასე განაწილდა:

I ადგილი – ლაშა გვასალია (მოთხრობა “სასაფლაო”)
II ადგილი – თემურ აბულაშვილი (“მეწისქვილე ბიჭი და სახედარი”)
III ადგილი – ირაკლი ლომოური (“ბუტუნდა”)

კონკურსის მიზანი, პირველ რიგში, მწერლების წახალისებაა. მოგეხსენებათ, როგორი ცხოვრებაა დღეს, როგორ უჭირთ მათ… მეორე რიგში კი – ლიტერატურის პოპულარიზაცია, ნიჭიერი მწერლების გამოვლენა. ჩემი აზრით, ყველა შემოქმედისათვის სანატრელია რეზო ინანიშვილის პრემია, რადგან ის მაღალზნეობრივი ადამიანი გახლდათ როგორც პიროვნულად, ისე შემოქმედებითად.

გვსურს, “ხელეურის” ლიტერატურული კონკურსი ტრადიციული გახდეს და ყოველ წელს ჩატარდეს, თუმცა, მოგეხსენებათ, ეს სპონსორებზეც არის დამოკიდებული”.

დაჯილდოებას ესწრებოდა ბატონი რეზო ინანიშვილის მეუღლე, ქალბატონი როზა ინანიშვილი: “პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჟურნალი “ხელეურის” დაარსებამ ძალიან გამახარა. რეზოს სახელობის პრემიის დაწესება კი ჩემთვის ორმაგი ბედნიერება იყო. ბევრს ნოველები დიდ ხელოვნებად შეიძლება არ მიაჩნდეს, მაგრამ ჩემი მეუღლე მეტად აფასებდა ამას. მე, პირადად, ასეთი კონკურსები, შეხვედრები თუ წიგნის გამოცემები ისეთ შთაბეჭდილებას მიქმნის, თითქოს რეზო ისევ ცოცხალია. თუმცა თვითონ არ უყვარდა ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა. მხოლოდ სიცოცხლის ბოლო წლებში სკოლებს, საზოგადოებას შეხვედრებზე დასთანხმდა. მახსოვს ჩემი ბავშვობა, როგორ გვიხაროდა, როცა რომელიმე მწერალს ვნახავდით. რეზოს სულ ვთხოვდი, რომ ამგვარ შეკრებებში გამოჩენაზე უარი არ ეთქვა.

“ხელეურის” თანამშრომლებს დიდ მადლობას ვუხდი. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. სულ ვამბობ, რომ რეზოს გარეშე აღარც მე მინდა ამქვეყნად ყოფნა, მაგრამ ასეთი ღონისძიებები სტიმულს მაძლევს და ცხოვრების ხალისს მიბრუნებს”.

დღეს ქართული ენა საფრთხეშია. უამრავი სიბილწე მოდის პრესიდან, მედია საშუალებებიდან. ჩვენი მშობლიური ენის სიწმინდის დასაცავად დაუღალავი ბრძოლაა საჭირო. იშვიათია ამგვარი ღონისძიებებიც. დიდ პრობლემას წარმოადგენს ქართული წიგნების გამოცემა. ასეთ ვითარებაში კი “ხელეურის” ლიტერატურული კონკურსის ჩატარება მნიშვნელოვანი და სასარგებლო საქმეა. უღრმეს მადლობას ვუხდით ქალბატონ თამარ შაიშმელაშვილს – ამ იდეის ავტორს, ჟურნალი “ხელეურის” რედაქტორს, პოეტს და წარმატებებს ვუსურვებთ.

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი