ჯუმათის მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია
ჯუმათის სამონასტრო კომპლექსი ქალაქ ოზურგეთის ცენტრიდან დაახლოებით 15 კილომეტრითაა დაშორებული. ის საკმაოდ მაღალი გორაკის მწვერვალზეა აშენებული. ეკლესიიდან ფართო ჰორიზონტი იშლება.
ჯუმათი შემოქმედის შემდეგ ყველაზე თვალსაჩინო როლს ასრულებდა გურიის ისტორიაში. იგი ჯუმათელ ეპისკოპოსთა მდიდარი და პატივდებული კათედრა იყო; ჰქონდა დიდძალი უძრავი ქონება და ძვირფასი ხატები. ვახუშტის ცნობით, ,,მთის მაღალსა თხემსა ზედა არს ეკლესია ჯუმათს, დიდი, გუმბათიანი, დიდშენი…ზის ეპისკოპოზი, მწყემსი სუფსეის მდინარისა და რიონს შორისის ადგილთა“.

ჯუმათის სამონასტრო კომპლექსში შედის განვითარებული შუა საუკუნეების მთავარანგელოზის ეკლესია, სამრეკლო და სხვა ნაგებობანი. ეკლესიის ინტერიერის ფრესკები XVI-XVIII საუკუნეებს მიეკუთვნება. ეკლესიაში ინახებოდა ქართული ჭედური ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუში – წმ. გიორგის XI საუკუნის ოქროს ხატი, რომელიც ეკლესიის გაძარცვის დროს დაიკარგა. ჩარჩოს ფრაგმენტი დაცულია ერმიტაჟში.
წყარო: www.guria.gov.ge
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.