მთავარი » ეკლესია-მონასტრები

ჯრუჭის წმიდა გიორგის სახელობის მონასტერი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.01.2013 3 კომენტარი | 6,064 ნახვა

“1991 წლის მიწისძვრისაგან დანგრეული ჯრუჭის მონასტერი 2011 წელს გაიწმინდა. სამუშაოებს აწარმოებდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულის სააგენტოს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ფირმა “არქიტექსი”. სამწუხაროდ, გაწმენდითი სამუშაოები ნაჩქარევად, უყურადღებოდ და ისტორიული ძეგლისათვის შეუსაბამო ფორმით ჩატარდა. ჯრუჭის წმიდა გიორგის სახელობის მონასტერი არ წარმოებდა არქეოლოგიური გამოკვლევა, უმნიშვნელოვანესი ძველი წარწერა, რომელიც ცნობილ ქართველ მკვლევარებს (გიორგი ბოჭორიძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ვალერი სილოგავა და სხვანი) აქვთ აღწერილი, აღარ აღმოჩნდა ტაძრის გაწმენდის შემდეგ, აღარ ჩანს ტაძრის კედლებზე არსებული რამდენიმე ქანდაკება. ნანგრევების აღების დროს უყურადღებობის გამო გაითხარა რამდენიმე ძველი სამარხი. ტაძრის კედლების ნამსხვრევების ნაწილი ხევში გადაყარეს. დაზიანებულია არქეოლოგიური ფენები. უკვე დასრულდა მუშაობა მონასტრის აღდგენის პროექტზე, თუმცა მასში მრავალი ნაკლი გვხვდება, – აღნიშნა “ამბიონთან” საუბრისას მწერალმა გივი ჩიღვინაძემ, რომელიც ისტორიულ საკითხებზეც მუშაობს და ბოლო წლებში ჯრუჭის მონასტრის წარსულს იკვლევს. იგი მიიჩნევს, რომ ჯრუჭის მონასტერში აუცილებელია არქეოლოგიური გამოკვლევის ჩატარება, უნდა გაკეთდეს სრულყოფილი პროექტი და ამ უმნიშვნელოვანესი ძველი კულტურული ძეგლისა და საეკლესიო ცენტრის სრულფასოვან აღდგენაზე დროულად ვიზრუნოთ.

– ბატონო გივი, გვიამბეთ ჯრუჭის მონასტრის ისტორია…

– ჯრუჭის წმიდა გიორგის მონასტერს X-XI საუკუნეში დაარსებულად მიიჩნევენ. იგი მდებარეობს ზემო იმერეთის ჩრდილოეთ ნაწილში, საჩხერის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჯრუჭულას ხეობაში, რაჭის ქედის სამხრეთი ფერდობის დასასრულზე. ჯრუჭის მონასტრის აშენებას რაჭის ერისთავს მიაწერენ. შემდეგ იგი ფალავანდიშვილებს ეკუთვნოდა, ხოლო XVII საუკუნიდან წერეთლების ხელში ვხედავთ. ჯრუჭი მიწისძვრის შემდეგ XVIII საუკუნეში ჯრუჭის მონასტერს რაჭის ერისთავი და თავადი წერეთლები ეცილებოდნენ ერთმანეთს. მათ შორის მიმდინარე ბრძოლის დროს ნასოფლარებად იქცნენ მიმდებარე სოფლები, ხოლო მონასტრის ფუნქციები მოიშალა. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში იმერეთის მეფე სოლომონ I – მა მონასტერი დამოუკიდებლად გამოაცხადა და სასაფლაოდ მისცა წერეთლებს. ამის შემდეგ ამ წმიდა სავანემ აღორძინება დაიწყო და მისი ხელშეწყობით მონასტრის კუთვნილი ახლომდებარე სოფლები მოხვა, უზუმთა და ცხომარეთი თავიდან დასახლდა. XIX საუკუნის პირველ ნახევარში ცნობილი საეკლესიო მოღვაწის დავით მიტროპოლიტის (წერეთლის) არქიმანდრიტობის დროს ჯრუჭის მონასტერი განსაკუთრებით გაძლიერდა და გამდიდრდა. მას მრავალი გლეხი ეკუთვნოდა ზემო იმერეთსა და რაჭაში, დიდ ფართობს მოიცავდა მისი კუთვნილი სავარგულები და ტყეები. მაგრამ XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასწყისში მისი ეკონომიური მდგომარეობა გაუარესდა, რადგან გლეხები და სავარგულები ჩამოართვეს. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მონასტერში ღვთისმსახურება შეწყდა. ერთხანს იქ 7-წლიანი სკოლა გახსნეს. ბოლოს კი გაუკაცრიელდა. სახელმწიფო ნაკლებად ზრუნავდა მის დასაცავად. 1968 წელს ძვირფასი სპილენძის სახურავი მოხსნეს და თუნუქით გადახურეს.

1991 წლის მიწისძვრამ ჯრუჭის მონასტერი ნანგრევებად აქცია.

ტაძარი გუმბათიანი ბაზილიკა გახლდათ, ნაგები თლილი ქვისა და კირისაგან. იქვე იყო სამრეკლო და სხვა სამონასტრო ნაგებობანი. მონასტრის კედლებზე არსებობდა რამდენიმე ლაპიდარული წარწერა და ბარელიეფი. რომელთაგან დღეს უმეტესობა გადარჩენილია.

– ვისი საფლავები გვხვდება ჯრუჭის მონასტერში?

– ჯრუჭის მონასტერში თავადი წერეთლები და იქვე მოღვაწე სამღვდელო პირები არიან დაკრძალული. იქ აგრეთვე განისვენებენ წერეთლებთან დაკავშირებული სამეფო გვარის წარმომადგენლებიც, კერძოდ, იმერეთის მეფეები, მამა-შვილი გიორგი VII (მეფობდა 1741 წ.) და დავით II (მეფობდა 1784-1789 წ.წ.), ასევე დავით II-ის ასული მზეხათუნ ბატონიშვილი, რომელიც სახლთუხუცეს ზურაბ წერეთლის ვაჟის, სვიმონის მეუღლე იყო. მიტროპოლიტ სვიმონის საფლავის წარწერა იქვე დასაფლავებული არიან იმერეთის სამეფოს ზემო მხრის სარდლები, მამა-შვილი პაპუნა და ქაიხოსრო წერეთლები. სახლთუხუცესი ზურაბ ქაიხოსროს ძე წერეთელი და მისი მეუღლე თამარ დადიანის ასული, მათი ძე გრიგოლი, ასული ქეთევანი – ქართლ-კახეთის მეფის გიორგის XII-ის რძალი, ბატონიშვილ იოანეს მეუღლე. აგრეთვე წერეთელთა სათავადო სახლის სხვა წევრები, რომლებსაც იმერეთის მეფის კარზე მნიშვნელოვანი თანამდებობები ეჭირათ.

აქვე განისვენებენ მონასტრის არქიმანდრიტები, მათ შორის მიტროპოლიტი სვიმონ აბაშიძე, მიტროპოლიტი დავით წერეთელი, სხვა წინამძღვრები და მღვდელ-მონაზვნები.

– რომელი სიწმინდეები და ხელნაწერები ინახებოდა ამ მონასტერში და როდის დაინტერედნენ მისი ისტორიით?

– ჯრუჭის მონასტერში ინახებოდა წმინდა გიორგის წმინდა ნაწილები, რომლებიც დღეს თბილისის სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული. ექვთიმე თაყაიშვილს ამ მონასტრის კვლევისას აღწერილი აქვს მოოქროვილი, ვერცხლით შეჭედილი და ძვირფასი ქვებით შემკული წმინდა გიორგის დიდი ხატი ფირუზის ჯვრიანი სანაწილით, რომელზედაც ეწერა: წმიდა გიორგისა და წმიდა დიმიტრის გამოსახულება “წმინდა გიორგის სისხლის ნაწილი”. იქვე ყოფილა წმინდა დიმიტრის მინანქროვანი ხატი ძელიჭეშმარიტის ნაწილით. მონასტერი სავსე ყოფილა სხვა უმშვენიერესი ხატებით, ჯვრებით, ვერცხლითა და ოქროთი შემკული საეკლესიო ინვენტარით.

ჯრუჭის მონასტერმა შემოგვინახა უნიკალური ხელნაწერები. მათგან ყველაზე ძვირფასია “ჯრუჭის I სახარება” და “ჯრუჭის II სახარება”, პალავრაში გადაწერილი “წმინდა იოანე ოქროპირის ცხოვრება”. იქ იყო აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი წიგნები, კრებულები და სიგელები.

ჯრუჭის მონასტერმა, როგორც ქრისტიანულმა ცენტრმა, კულტურულმა კერამ და ისტორიულმა ძეგლმა XIX საუკუნეშივე მიიპყრო მკვლევართა ყურადღება. მას იკვლევდნენ მარი ბროსე, დიუბუა დე მონპერე, დიმიტრი ბაქრაძე, თედო ჟორდანია, ალექსანდრე ხახანაშვილი, პავლე ინგოროყვა და სხვანი.

ჯრუჭის მონასტრის, მისი ხელნაწერების შესწავლასა და დაცვაში განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის ექვთიმე თაყაიშვილს – წმინდა ექვთიმე ღვთისკაცს. მან 1919 წელს მოინახულა მონასტერი, აღწერა იგი, მისი ხელნაწერები, ხატები და საეკლესიო ნივთები. თან წამოიღო იქიდან საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებაში უნიკალური წიგნები და სიგელ-გუჯრები. აღსანიშნავია, რომ ექვთიმე თაყაიშვილის აღწერილობანი ჯრუჭის მონასტერსა და მის სიძველეებზე, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში იყო დაცული, ახლახანს წიგნად გამოიცა.

XX საუკუნის 20-იან წლებში ჯრუჭის მონასტერი, მისი წარწერები და შემორჩენილი საეკლესიო ნივთები აღწერა აგრეთვე გიორგი ბოჭორიძემ.

საბჭოთა პერიოდში დიდი ამაგი დასდეს ჯრუჭის მონასტრის დაცვასა და სათანადო მოვლის საქმეს ნოდარ, ბეჟან და შოთა სივსივაძეებმა. მნიშვნელოვანი სამეცნიერო გამოკვლევები აქვს ამ საეკლესიო სავანის შესახებ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ძველ წიგნთა ფონდის მცველს ქალბატონ მაია ქებულაძეს. რამდენიმე წერილი მიუძღნა მას ქუთაისის ისტორიული არქივის დირექტორმა ბატონმა მერაბ კეზევაძემ. 2008 წელს ამ მონასტერზე გამოცემული მასალა შეკრიბა და ისტორიული ნარკვევი გამოსცა ტრისტან მაჭარაშვილმა.

მიუხედავად ამისა, ჯრუჭის მონასტერი და მასზე არსებული საარქივო მასალა ჯერ კიდევ არაა სათანადოდ გამოკვლეული და ჩვენ ვცდილობთ ამ ნაკლის შევსებას.

გვესაუბრეთ ტოპონიმ “ჯრუჭის” ეტიმოლოგიის შესახებ…

– ტოპონიმი ჯრუჭი მეტად უცნაურად ეჩვენებათ და ჯერ თითქმის არავის უცდია მისი ახსნა. ვფიქრობ, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ ზემო იმერეთში, კერძოდ, ჯრუჭის მონასტრის ახლომდებარე ტერიტორიებზე საკმაოდ გავრცელებულ ტოპონიმებს: ღრუჭი, ღრუჭები, ღრუჭუნი, ღრუჭუნოღელე და მისთანანი. ეს ტოპონიმები სხვადასხვა ადგილების სახელებად გვხვდება ზემო იმერეთის რეგიონში. სოლომონ II-ის ყმა-მამულის წყალობის სიგელი ჯრუჭის ყველა დასახელებული ტოპონიმის ამოსავალი ფორმაა ღრუჭი. იგი ზემოიმერული დიალექტური წარმონაქმნია, თუმცა მსგავსი სიტყვები რაჭულ დიალექტშიც გვხვდება.

გვახსენდება კიდეც ასეთი სახელების (ღრუჭუმი, ღრუჭე), როგორც რომელიმე ადგილის დამახასიათებელი სიტყვების, გამოყენების შემთხვევები ჩვენი სოფლის (საჩხერის რაიონის სოფელი მოხვა, ჯრუჭის მონასტრის ახლოს) წარმომადგენელთა მეტყველებაში. ასე უწოდებიათ ჩავარდნილი, ძნელად გასავალი ხევებისთვის, ანუ იგი ნიშნავს მკვეთრად ჩაღრმავებულ ადგილს, თუნდაც ხევს, უფრო მეტად წყლიანს. ჯრუჭის მონასტრის ახლოს რამდენიმე ხევი და ჩაღრმავებული ადგილი შეიძლება მოვიძიოთ, რომელსაც შეიძლება სახელი ღრუჭი მიესადაგოს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ადგილების სახელი შემდეგ დღევანდელი მონასტრის ტერიტორიაზეც გავრცელდა. თუ როგორ მივიღეთ ღრუჭი-დან ჯრუჭი ეს ადვილი ასახსნელია: მოხდა ბგერათა ნაწილობრივი ასიმილაცია – ბგერა ნაწილობრივ დაემსგავსა -ს და მივიღეთ ჯ, ღრუჭი > ჯრუჭი. უფრო მეტიც, ისევ ზემო იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, იქ სადაც მსგავსი სახელები დასტურდება, სოფელ კვახაჯელეთში გვხვდება ჰიდრონიმი ჯრუჭიღელეც. კვახაჯელეთი ზედა და ქვედა ჭალოვანის დაბლა მდებარეობს. ჯრუჭიღელე იმ ადგილებიდან უნდა მოდიოდეს, რომლებსაც ქვედა ან ზედა ჭალოვანში ღრუჭი, ღრუჭის ყანა ან ღრუჭყანის ტბა ეწოდება. ეს კი დასტურია იმისა, რომ ტოპონიმიდან ღრუჭი არა მარტო ჯრუჭის მონასტრის ტერიტორაზე მივიღეთ ჯრუჭი, არამედ მისგან საკმაოდ შორს, ჭიათურის რაიონის სოფელ კვახაჯელეთში.

ამრიგად, დღევანდელი ჯრუჭის მონასტრის ადგილას ან მის შორიახლოს არსებობდა ჩაღრმავებული ადგილი ან ხევი სახელწოდებით ღრუჭი,რომლისგანაც მიღებული ჯრუჭი მრავალსაუკუნოვანი მონასტრის სახელად მოგვევლინა.

– რა ინფორმაციას გვაწვდის ჯრუჭის მონასტრის ახლადაღმოჩენილი წარწერა?

– მიწისძვრისაგან დანგრეული მონასტერი რამდენიმე წლის წინათ იქ მოღვაწე ბერებმა და მორჩილებმა ნაწილობრივ გაწმინდეს. შენობის გარეთ დაცვენილი ქანდაკებებიანი, ჩუქურთმიანი და სამშენებლო ქვები, რკინის ნივთები და სხვა მასალები ცალკე დააწყეს და მონასტრის ეზო მოაწესრიგეს. ახლადაღმოჩენილი წარწერა 2009 წლის 23 აგვისტოს ჩვენ აქ ვნახეთ ქვა ასომთავრული წარწერით, რომელიც, როგორც ჩანს, ტაძრის კედელში კირის ფენით იყო დაფარული და აქამდე ჯრუჭის მონასტრის არც ერთ მკვლევარს არა აქვს აღწერილი. მონასტერის ყოფილმა წინამძღვარმა მამა ლუკა ფალავანდიშვილმა შეგვატყობინა, რომ ეს წარწერიანი ქვა ტაძრის ნანგრევებში უნახავთ და სამრეკლოს კედელთან გადმოუტანიათ.

აი, ამ ქვაზე არსებული წარწერა:

“წ(მიდა)ო გ(იორგ)ი ა(დიდე) არსენ მამადმთავარი”.

მამადმთავარი ეწოდებოდა ადრე და შუა საუკუნეებში კათოლიკოსს, იშვითად ამ სახელით ეპისკოპოსს, მთავარეპისკოპოსს ან მონასტრის წინამძღვარს (არქიმანდრიტს) მოიხსენიებდნენ.

კათოლიკოსებს შორის 5 არსენი გვყავს: არსენ I დიდი (საფარელი) – დაახლ. 860-887 წ.წ., არსენ II – დაახ. 955-980წწ., არსენ III – XIII საუკუნის 20-30-იანი წწ., არსენ IV (ბულმაისიმისძე) – 1241/42-1249/50 წწ., დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსი არსენი – 1390 წ. აქედან პირველი ორი ქართლის კათოლიკოსები არიან, არსენ III და არსენ IV – ერთიანი საქართველოს პატრიარქები, მეხუთე არსენი დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსია, თანაც მცირე ხნით. ამ სახელის მატარებელი ეპისკოპოსებიდან და მთავარეპისკოპოსებიდან არავინ ჩანს ამ სავანესთან დაკავშირებული. მონასტრის წინამძღვარი კი ამ ფორმით არ უნდა იყოს მოხსენიებული (თანაც ამ მონასტრის ჩვენთვის ცნობილ წინამძღვრებს შორის არსენი არავის ერქვა). სავარაუდოა, რომ ზემოთ ნახსენები პატრიარქებიდან რომელიმეა ჯრუჭის მონასტის ახლადაღმოჩენილ წარწერაში მოხსენიებული (მიუხედავად იმისა, რომ არსენ I და არსენ II ქართლის კათალიკოსები არიან, ჯრუჭის მონასტერთან მათი კავშირი მაინც დასაშვებია). აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სიტყვა “მამადმთავარი” ამ ფორმით უფრო ადრეულ საუკუნეებში იხმარება. ჩვენი პალეოგრაფები ამ წარწერას X საუკუნის II ნახევრით ათარიღებენ. აქედან გამომდინარე, იგი ყველაზე ძველია ჯრუჭის მონასტრის წარწერათა შორის და მონასტრის დაარსების დროსაც აზუსტებს. კერძოდ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჯრუჭის მონასტერი X საუკუნის II ნახევარში უკვე არსებობდა და ქართლის კათალიკოსს არსენ II-ს მის აშენებასა თუ განახლებაში გარკვეული წვლილი შეუტანია.

– როდის აღდგა ჯრუჭის მონასტერში საეკლესიო მსახურება და რა არის აუცილებელი იქ სრულყოფილი სამონასტრო ცხოვრების უზრუნველსაყოფად?

– ჯრუჭის მონასტერი ჭიათურა-საჩხერის ეპარქიაში შედის. იქ საეკლესიო მსახურება აღდგა გასული საუკუნის ბოლო წლებში. პირველად იქ ბერი მაქსიმე (ქავთარაძე) მივიდა, რომლის თაოსნობითაც ნანგრევებად ქცეული მონასტრის ეზოში პატარა სამლოცველო და ბერების საცხოვრებელი სენაკები ააშენეს. მამა მაქსიმემ შემდეგ კაცხის სვეტზე დაიწყო მონასტრის მშენებლობა და დღესაც იქ მოღვაწეობს. რამდენიმე წელი ჯრუჭის მონასტერში ბერი ლუკა (ფალავანდიშვილი) მსახურობდა, თანაც ზოგჯერ მარტოდმარტო იყო. ახლა მამა ლუკა ბარსელონასა და ტულუზას ქართული სამრევლოს წინამძღვარია. 2010 წლიდან ჯრუჭის მონასტრის არქიმანდრიტია მამა ბიძინა (ქობალია), მასთან ერთად იქ ერთი მორჩილი იმყოფება.

როგორც იქ მოღვაწე საეკლესიო პირები, ისე ახლომდებარე სოფლების მცხოვრებლები მოუთმენლად ელიან ამ უძველესი მონასტრის მთავარი ტაძრის აღდგენას. აქვე უნდა ვთქვა, რომ პროექტში არაა შეტანილი სამრეკლოს აშენება. არადა მის გარეშე მონასტერი სრულ სახეს ვერ მიიღებს. ვფიქრობ, კარგი იქნება თუ განვაახლებთ იქვე არსებულ ნახევრად დანგრეულ დიდი ქვიტკირის შენობასაც, რომლის ერთ ნაწილში სასურველია, წარმოვადგინოთ მონასტრისა და მისი მიმდებარე სოფლების ისტორიის ამსახველი მასალები. ამით იქ მისულ მომლოცველებს უკეთ გავაცნობთ ამ სავანესა და მისი შემოგარენის ისტორიას, მოსწავლე ახალგაზრდობისათვის იქვე მოეწყობა ღონისძიებები მხარის წარსულის უკეთ შესასწავლად. დღეს ჩვენი მთიანი სოფლების მთავარი პრობლემა მოსახლეობის ქალაქში მიგრაციაა. როცა ადამიანი მშობლიური ადგილის ისტორიას ეცნობა, უფრო უყვარდება იგი და მის დატოვებაზე ნაკლებად ფიქრობს. ჩემი აზრით, ჯრუჭის მონასტრის აღდგენა, იქ საეკლესიო და კულტურული ცხოვრების სრულყოფა, იმ მშვენიერი ხეობის აღორძინების საწინდარი იქნება, ხელს შეუწყობს მოსახლეობის ადგილზე დამაგრებასა და ახლომდებარე სოფლების გამოცოცხლებას.

ესაუბრა თეონა ნოზაძე

[nggallery id=109]


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

  • მართლა როგორ მიყვარს ჯრუჭის მონასტერი. ერთი პერიოდი სანამ მამა ლუკა იქ მოღვაწეობდა რაღაცა დაეტყო და სულ თავიდან მამა მაქსიმემ დაიწყო ყველაფერი . მაგრამ მაქსიმე კაცხში წავიდა სვეტზე და ლუკა კიდევ დაიმტვრა და საერთოთ წამოიყვანეს იქედან. ეხლა კიარის ობოლი ბავშვივით დარჩენილი ობლათ მონასტერი.

  • მეა says:

    თუ თბილისი რაჭის გზა მართლა გაკეთდება ეშველება ამ სოფლებს და მონასტერს

  • ელზა says:

    სულ ახლახანს ვნახე პირველად ჯრუჭის მონასტერი, ჩემს მოსწვლეებთან ერთად და ძალიან მოხიბლული დავრჩი მისი ლამაზი ბუნებით, მაგრამ გულნატკენი მისი უპატრონობით. დასანანია, რომ ასეთ მნიშვნელოვან კულტურულ ძეგლს სათანადო ყურადღებას არ ვუთმობთ…

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი