ჟოლოსთვის ნაკვეთის შერჩევა
ჟოლო მოითხოვს კარგად განათებულ მზიან ადგილს. იგი ცუდად იტანს ჭარბ ტენიანობას. არასასურველი დრენაჟის პირობებში სასურველია შემაღლებული კვლების გაკეთება. ადგილის შერჩევისას უპირატესობა ენიჭება წყალგამტარ, ორგანული ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგებს.

საქართველოს პირობებში ჟოლოს პლანტაციის გასაშენებლად უკეთესია ჩრდილოეთის, ჩრდილო-აღმოსავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის დაქანებების გამოყენება.
პლანტაციის გაშენებამდე აუცილებელია ნიადაგის ანალიზის ჩატარება, რათა ზუსტად განისაზღვროს ნიადაგის დასაბალანსებლად აუცილებელი საკვები ელემენტების ოპტიმალური რაოდენობა.
ჟოლო ნაკლებად მგრძნობიარეა ნიადაგის pH-ის მიმართ, მაგრამ უფრო კარგად ვითარდება 6.0 – 6.5 pH-ის ფარგლებში (ოდნავ მჟავე). კარბონატების მაღალ შემცველ ნიადაგებზე, სადაც pH > 8, შეიძლება განვითარდეს ქლოროზული მოვლენები.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჟოლოს დარგვა ნაკლებად სასურველია ისეთ ადგილებში, სადაც წინა წელს პომიდვრის, კარტოფილის ან წიწაკის წარმოება ხორციელდებოდა, რადგან შესაძლოა, ახალგაზრდა მცენარეზე დაავადებების გავრცელება მოხდეს.
პლანტაციის გაშენებისთვის ნაკვეთი კარგად უნდა მომზადდეს: ნიადაგი უნდა იყოს კარგად დამუშავებული – მოხნული და დაფარცხული. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ნაკვეთის სარეველებისაგან გასუფთავებას, რადგან გაშენების შემდეგ სარეველების სიჭარბე დიდ სირთულეებს ქმნის და მკვეთრად აქვეითებს მოსავლიანობას.
წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.