მთავარი » ქრისტიანობა

ჯოჯოხეთური სატანჯველი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.07.2011 8 კომენტარი | 3,397 ნახვა

“და წარვიდეს ცოდვილნი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი -ცხონებასა საუკუნესა”
(მათე 25, 46)

“მუდმივად ემზადე აღსასრულისთვის, განაგდებდე ყოველგვარ შიშს; ემზადე, რომ შეძლო საჰაერო სივრცის გავლა, რომ გაექცე ბოროტ სულებს, შეხვიდე თამამად და უშიშრად ზეციურ სფეროებში, შეერთო ანგელოზთა დასებს, შეემატო ყველა რჩეულისა და მართლისაგან შემდგარ გუნდს, იხილო ღმერთი, რამდენადაც მისაწვდომია ეს ხილვა”,- ღირსი თეოგნოტოსი.

სიკვდილი თითოეული ადამიანის ხვედრია. მასზე ფიქრს შეუძლია ცოდვილი ადამიანი სინანულისკენ მოაქციოს. ვიცით, ყველა მოკვდავია, მაგრამ ვინ, როდის, სად და როგორ გარდაიცვლება არავინ უწყის. რაც უფრო დიდხანს ვცხოვრობთ, მით მეტად მოკლდება ჩვენი სიცოცხლე და ვუახლოვდებით სიკვდილს.დღეს უფრო ახლოს ვართ მასთან, ვიდრე გუშინ, ამ საათს უფრო მივუახლოვდით, წინასთან შედარებით…

სიკვდილის შემდეგ ცოდვილნი, მოაკლდებიან ზეციურ სასუფეველში მართალთათვის მომზადებულ ყველანაირ ზეციურ მადლს და “განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაი კბილთაი”. (მათე 8,12).

ჯოჯოხეთიწმიდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: “შეუძლებელია გონებამ წარმოიდგინოს სამომავლო სიკეთენი, მეტადრე გადმოსცეს სიტყვამ; რამეთუ ამათგან სრულიად განსხვავებული, თუმცა ჩვენთვის გასაგები ჩვეულებრივი სიტყვებით გადმოიცემა, რომ იქ, წმიდა წერილის სიტყვებით, ცეცხლია, წყვდიადი, ბორკილები, მატლი დაუძინებელი, მაგრამ ისინი არა მარტო აღნიშნულს გულისხმობს, არამედ რაღაც სხვასაც, ბევრად უფრო საზარელს. ამაში რომ დარწმუნდე, პირველ ყოვლისა, ყურადღება მიაქციე შემდეგს: თუკი იქ ცეცხლია, მაშინ მითხარ, იქვე როგორღაა წყვდიადი? ხედავ, რომ იქაურობა აქაურობასთან შედარებით ბევრად უფრო შემაძრწუნებელია? იგი არ ქრება, ამის გამოც იწოდება ჩაუქრობლად. ახლა წარმოვიდგინოთ, როგორი ტანჯვაა, განუწყვეტლივ იწვოდე, იყო წყვდიადში, დაუსრულებლად მოთქვამდე, კბილებს აღრჭენდე და არ იყო შესმენილი? როგორია, მთელი ქვეყნის მკვლელებთან ერთად იწვოდე, ვერაფერს ხედავდე, არც შენ ჩანდე და ხალხმრავლობაში მარტო გრძნობდე თავს? რამეთუ წყვდიადი და უსინათლობა არ იძლევა საშუალებას შეიცნო თვით ახლობელნიც კი, არამედ თითოეული ისეთ ყოფაში იქნება, თითქოსდა მარტო ის იტანჯება.”

ყოველი ადამიანი კითხულობს: ექნება თუ არა დასასრული გეენის ცეცხლს? ქრისტემ გაგვიმჟღავნა, რომ ამ ცეცხლს არა აქვს დასასრული: “სადა-იგი მატლი მათი არა დაესრულების, და ცეცხლი არა დაშრტების”(მარკოზი9,46).

წმიდა ეფრემ ასური საუბრობს ჯოჯოხეთური სატანჯველის სხვაგვარობის შესახებ: “როგორც სახარებიდან გსმენიათ, სხვადასხვაგვარია ტანჯვა და უბედურნი თავისი შეცოდებისდა მიხედვით განაწილდებიან. როგორც განირჩევა ცოდვები, ასევე განირჩევა სატანჯველი სატანჯველისგან.

სხვაგვარად იტანჯება მრუში, სხვაგვარადა – მეძავი, განსხვავებულად – მკვლელი, სხვაგვარად – ქურდი, სხვაგვარად – მემთვრალე..

ვისაც სხვის მიმართ ჰქონდა მტრობა, განიკითხება როგორც მძულვარე და წარიგზავნება უკუნ წყვდიადში, რამეთუ მოიძულა ქრისტე, მთქმელი ამისა: იყვარებოდეთ ურთიერთარს და შეუნდობდეთ ერთმანეთს.

ვაი, მაშინ მეძავთა. ვაი, მემრუშეთა. ვაი, მემთვრალეთა. ვაი, გრძნეულთა და მარჩიელთა. ვაი, განცხრომასა და ცეკვა-თამაშით ღვინისმსმელთა. ვაი, ერეტიკული გმობით შებღალულთა. ვაი, სინანულისთვის ბოძებული დროის სიცილსა და გართობაში გამფლანგველთა. ვაი, უკეთურთა ქრთამით გამამართლებელთა. ვაი, სხვისი საკუთრების გამფლანგველთა. ვაი, მუშაკისთვის გასამრჯელოს წართმევთა, რამეთუ ასეთები იგივე არიან, რაც სისხლის დამქცევნი.

ვინც დედამიწაზე ძარცვა-გლეჯვით შეურაცხყოფდა ღმერთს და ფარავდა თავის საქმეებს, ჩაგდებულ იქნება უკუნ წყვდიადში, სადაც სხივიც კი არაა სინანულისა. ვინც გულით მზაკვრობას ატარებდა, ხოლო გონებით – შურს, საშინელი უფსკრული დაჰფარავს, აღსავსე ცეცხლითა. ვინც მრისხანებას ეძლეოდა და გულს სიყვარულს არ აკარებდა ისე, რომ მოყვასიც კი სძულდა, ანგელოსებს გადაეცემა სასტიკი ტანჯვისთვის. ვინც პურს არ უტეხდა მშიერს, არ შეეწეოდა გაჭირვებულს, ხმამაღლა მოუხმობს თავის ტანჯვებში, მაგრამ არავინ გამოეხმაურება და არავინ განუსვენებს. ვინც მდიდარი იყო და გემოთმოყვარებითა და ფუფუნებით ცხოვრობდა, მაგრამ გაჭირვებულს კი კარს არ უღებდა, ცეცხლის ალში გახვეული წვეთ წყალს ინატრებს, მაგრამ ბაგეს არავინ დაუსველებს… ვინც ბაგეს ავსიტყვაობით იბილწავდა და ენას – ღვთისმგმობობით, მყრალ წუმპეში შთაეფლობა და საშუალება აღარ ექნება პირი გახსნას. ვინც ძარცვავდა და სხვებს ავიწროებდა და უმართლებულო შენაძენით თავის სახლს ქონებას მატებდა, შეუბრალებელი დემონები თავისთან წაათრევენ. კბილთა ღრჭენა იქნება მისი მონაპოვარი. ვინც სამარცხვინო ავხორცობის ჟინით განხურდებოდა, სატანასთან ერთად მიეცემა საუკუნო წვას გეენიაში. ვინც სამღვდელოების აკრძალვას არღვევდა და თვით ღმერთისაგან ბრძანებულს ფეხით თელავდა, ყველაზე უფრო მძიმესა და ყველაზე უფრო საზარელ ტანჯვას მიეცემიან…

მაშინ ცოდვილნი და მართალნი განცალკევებულ იქნებიან ერთმანეთისგან და გაჰყვებიან გზას, საიდანაც არ ბრუნდებიან.
განცალკევებულ იქნებიან ისინიც, ვინც ერთ დროს მეფობდნენ: ბავშვებივით ატირდებიან და მონებივით გააძევებენ. განცალკევებულ იქნებიან უდებად მცხოვრებნი მონაზონნი, ამა სოფლის შემყვარებელნი და მიწიერად განმსჯელნი. განშორებულ იქნებიან მშობელნი შვილთაგან, მეგობრები მეგობართაგან. განცალკევებულ იქნებიან მეუღლენი, რომელთაც არ დაიცვეს სარეცელი შეუბღალავად. თუმცა აღარას ვიტყვი, რამეთუ თავად მეც შიში მომიცავს…

გაიქცევიან მაშინ ცოდვილნი, განდევნილნი, იძულებულნი და მძვინვარე ანგელოსთაგან გამათრახებულნი; გაიქცევიან ისინი კბილების ღრჭენით და სულ უფრო და უფრო ხშირად მიჰხედავენ უკან მართალთ, რომელთანაც განაცალკევეს. იმ სიხარულსა და სინათლეს დაინახავენ, რომელშიც წილი უძევთ და უკანასკნელ მწარედ ატირდებიან, თვალს მიეფარებიან. და მიაღწევენ ისინი ყველაზე უფრო საზარელ ადგილს, სადაც კიდევ ერთხელ იქნებიან განცალკევებულნი და განაწილებულნი სატანჯველისდა მიხედვით.”

“თუკი ღმერთი სამართლიანი მსაჯულია, არამარტო კეთილთათვის, არამედ მანკიერთათვისცა, მიმგებელი თითოეულისთვის საქმეთაებრ მათთა, მაშინ ერთი შეიძლება ჩაუქრობელი ცეცხლის ღირსი იყოს, მეორე უფრო სუსტისა, ან უფრო მწველისა, სხვა კი – დაუძინებელი მატლისა, მაგრამ აქაც ან ასატანი, ან აუტანელი ტკივილის მომყენებლისა, თითოეულის შესატყვისად, ხოლო სრულიად სხვანი – გეენიისა, რომელშიც, უეჭველია, სხვადასხვაგვარი სატანჯველია, სხვები – უკუნი წყვდიადისა, სადაც ერთი ტირილამდეა მისული, მეორე კი – გადამეტებული ტანჯვისგან, კბილთა ღრჭენამდე. თავად უკუნი წყვდიადი გვაფიქრებინებს, რომ მასში არის რაღაც შინაგანი. და იგავში ნათქვამი სიღრმესა შინა ქვესკნელისასა (იგავი 9,18) გულისხმას გვაძლევს, რომ ზოგიერთები, თუმცაღა ჯოჯოხეთში არიან, მაგრამ არა ქვესკნელის სიღრმეში, განიცდიან რა შედარებით მსუბუქ ტანჯვას,” – წმიდა ბასილი დიდი.

შავ სამოსის რამდენიმე წლით, ან მთელი ცხოვრება ტარება, ყოველდღიურ ცხოვრებას ჩამოშორება, გამუდმებული გლოვა, წუხილი.. ამ ფორმით გამოხატავენ ადამიანები უახლოესი წევრის გარდაცვალებას. თავიანთი არასწორი ქცევით ისინი ამძიმებენ გარდაცვლილის სულს. უმჯობესია, მათ ილოცონ და მიცვალებულის სულისათვის ღვთის სათნო საქმეები აღსრულონ.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

8 კომენტარი »

  • მამუკა says:

    ვისაც ყური აქვს – ისმინოს.
    ვისაც ჭკუა აქვს – მიხვდება, რომ ეს სიმართლეა.
    სულელს ამის წაკითხვისას გაეცინება და განაგრძობს მაიმუნობას. მისი დროც მოვა.

  • აბელი says:

    ეგრეა ნამდვილად…
    მერე გვიანღა იქნება სინანული და ტირილი…

  • elisabedi says:

    ღმერთმა დაიფაროს ყველა მართლმადიდებელი ჯოჯოხეთის ცეცხლისაგან!ამინ!

  • ირინე says:

    ღმერთმა დაიფაროს მართლაც ყველა მართლმადიდებელი ჯოჯოხეთისაგან,მაგრამ ეს ხომ ყველაფერი სინადმვილეა, უფლის შიში და სიყვარული ჯერ კიდევ გვაკლია და ამიტომაც ვისჯებით, იქნებ დროა აზრზე მოვიდეთ???????????????

  • გვანცა says:

    :(

  • ბელა says:

    გამოფხიზლება ყველას გვწირდება…იქნებ სინანულიტ და უფლის მცნებებიტ ვიცხოვროტ და ტავიდან ავიცილოდ მარადიული სატანჯველი?ყელა მარტლმადიდებელი დაიფაროს უფალმა ჯოჯოხეტისგან…..ამინ….

  • David says:

    sul ramdenime weligaa darchenili, niraferze fiqrobt, vinc cocxlebi xart-bolo zhamis dgeebistvis gaemzadet yvela,is zalian axloa,ukve imaze ufro axlos,vidre chven gvgonia!!

  • Nana says:

    es simartlea da amas mxolod gonieri gaigebs