მთავარი » საზოგადოება

ჯონ ვურდემანი – ამერიკელი “ქართველი” სიღნაღში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.08.2011 14 კომენტარი | 8,793 ნახვა

“ხოხბის ცრემლები” ასე ჰქვია კომპანიას, რომელიც 2007 წელს დაარსდა და უძველესი ქართული ტრადიციების დაცვით ნატურალური ღვინის წარმოებასა და ამ ტრადიციების პოპულარიზაციას ემსახურება. სახელწოდებაც ერთ-ერთი ძველი ქიზიყური გამონათქვამიდან მომდინარეობს. ხოხბის ცრემლები ყველაზე მაღალი შეფასებაა, რაც შეიძლება ღვინოზე ითქვას. მხოლოდ განსაკუთრებული წესების დაცვით დამზადებულ ღვინოს შეუძლია სიხარულისგან ხოხობის ატირება.

კომპანიის ღვინოები ამ ეტაპზე, საქართველოს გარდა მსოფლიოს 9 ქვეყანაში იყიდება: ნორვეგიაში, შვედეთში, აშშ-ში, კანადაში, გერმანიაში, ჩინეთში…

ჯონ ვურდემანიკომპანიის დამფუძნებელი პროფესიით მხატვარი, ამერიკელი ჯონ ვურდემანია, ის 1998 წელს დასახლდა სიღნაღში. მოინათლა ქრისტიანად, შექმნა ქართული ოჯახი და ემსახურება ქართულ საქმეს. “ამბიონი” ამერიკელ “ქართველს” სიღნაღში, საკუთარ სარდაფში ესტუმრა, საუკეთესო ღვინის დაგემოვნებასა და ქართული კულტურის განსხვავებული კუთხით გაცნობასთან ერთად, ბატონ ჯონს კომპანიის სამომავლო გეგმებსა და საქართველოში მისი საქმიანობის შესახებ ესაუბრა.

ჯონ ვურდემანი: “ვირჯინიაში, ქალაქ რიჩმონდში ვცხოვრობდი. საქართველო, პირველად 15 წლის ასაკში გავიცანი, როცა ქართული ხალხური სიმღერების ჩანაწერი შევიძინე. მოსმენილით მოვიხიბლე, მრავალხმიანი სიმღერა საოცარ ჰარმონიაში იყო, განსხვავებით იმისგან, რაც ოდესმე მქონდა მოსმენილი. 90-იან წლებში, ამერიკაში, ინგლისურ ენაზე საქართველოს შესახებ ლიტერატურის მოძიება საკმაოდ რთული გახლდათ. დავდიოდი ბიბლიოთეკაში და მცირე ინფორმაციას მაინც ვაგროვებდი. რაც მეტს ვკითხულობდი უფრო დიდი ინტერესი მიჩნდებოდა საქართველოს შესახებ და ვფიქრობდი, ეს იყო განსხვავებული კულტურის მატარებელი ქვეყანა, სადაც ოდესმე, აუცილებლად ჩამოვიდოდი.

მალე მოსკოვში სურიკოვის სახელობის ხელოვნების ინსტიტუტში სასწავლებლად წამოვედი. ჩემს მეზობლად მცხეთელი გოგონა ცხოვრობდა. მისი დახმარებით ქართული ენა საწყის დონეზე შევისწავლე. 1995 წელს საქართველოში პირველად ჩამოვედი. აქ შემთხვევით შევხვდი იმ მუსიკოსებს, რომელთა სიმღერაც ამერიკაში, ჩანაწერის სახით მქონდა მოსმენილი. მივხვდი, საქართველოსთან უფრო მჭიდრო კავშირი უნდა მქონოდა. ერთი წლის შემდეგ სიღნაღში შევიძინე სახლი. ამ დროს საქართველოში მძიმე პერიოდი იყო, ქვეყნიდან ყველა გარბოდა… 1998 წელს, სადიპლომო ნამუშევრის დასრულებისთანავე სიღნაღში დავბრუნდი.

ამერიკაში მყავს მშობლები, და-ძმა, მცირე ხნით მათთანაც ჩავდივარ, ისინიც მსტუმრობენ. თუმცა ძირითადად საქართველოში ვარ.”

თქვენი დაინტერესება ღვინით რამ განაპირობა?

ხოხბის ცრემლებიჩემთვის ქართველობა რამდენიმე ელემენტით იყო საინტერესო. საერთო სურათის გასაცნობად, შევისწავლე სხვადასხვა მხარე. ღვინით, არა როგორც მხოლოდ სასმელით, არამედ მისი ისტორიით, ვაზის ჯიშების წარმომავლობით დავინტერესდი. მიუხედავად უმძიმესი პერიოდებისა, არ გვხვდება წელი, როცა ქვეყანაში რთველი არ ჩატარებულა. ეს არის მაჩვენებელი იმისა, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოში მეღვინეობისა და მევენახეობის განვითარებას.

ხშირია შემთხვევა, როცა საქართველოში ჩამოსული უცხოელი ფრანგული ან იტალიური მეთოდოლოგიის მიბაძვით დამზადებულ ღვინოს აგემოვნებს, რადგან ბევრი კომპანია სწორედ სხვა ტექნოლოგიების მიბაძვით არის დაკავებული. როცა საქართველოში ღვინის დამზადების მრავალი უნიკალური მეთოდი არსეობობს, სხვის მიბაძვას არ უნდა ვცდილობდეთ. ქართულ ღვინოს თავისი უნიკალურობა უნდა შევუნარჩუნოთ, ამას აქვს ფასი.

“ხოხბის ცრემლებს” მხოლოდ ქართული ჯიშების ყურძნისგან, ტრადიციული მეთოდით ქვევრში ვამზადებთ. ექსპორტზე კი ბიო ღვინის სტატუსით გაგვაქვს.

სიღნაღში ჩამოსული ბევრი ქართველი თუ უცხოელი ტურისტი გსტუმრობთ…

ჩვენი დარბაზი და სარდაფი დაინტერესებულ პირთათვის ხელოვნების გაცნობასა ემსახურება. აქ არის პირადი სახელოსნო, სადაც ვხატავ. ხალიჩა პატარა სამხატვრო გალერეა, შემიძლია გაგაცნოთ ჩემი ნამუშევრები. იხილავთ ფარდაგი-ხალიჩის გალერეას, რომელიც გამორჩეულია ფერებითა და ორნამენტებით.

მოთხოვნიდან გამომდინარე მოვაწყვეთ მცირე რესტორანი, რომელიც განსხვავებულია სტანდარტული რესტორნებისგან ინტერიერითა თუ სამზარეულოთი. ყურადღება ადგილობრივ, ქართულ ტრადიციულ, მივიწყებულ კერძებზე გვაქვს გადატანილი. რომელიც, ამავდროულად, ღვინოსაც უხდება. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ კამეჩის მაწონი ქიზიყური ზეთითა და სუნელებით შეზავებული; ხოხბის და არა გაყინული ქათმის ჩახოხბილი…

ბევრი სტუმარი გვთხოვს, თბილისშიც შევქმნათ მსგავსი გარემო. ყოველთვის ვერ ხერხდება სიღნაღში ჩამოსვლა, ან თუნდაც უცხოელი სტუმრის დაპატიჟება. ამიტომ ვაპირებთ, მეიდანზე გავხსნათ ღვინის ბარი. საინტერესოა რაჭისა და მესხეთის რეგიონები უძველესი ღვინის დამზადების ტრადიციებით. ვფიქრობ, ამ რეგიონებშიც გავაკეთო ადგილი, სადაც ხელს შევუწყობთ ადგილობრივი ვაზის ჯიშების ტრადიციის აღდგენას, სტუმრებს კი ექნებათ შესაძლებლობა, დააგემოვნოს ქართული ტრადიციული სამზარეულო და ღვინო, უფრო ახლოს გაეცნოს ქართულ კულტურას.

აქ მოსულმა ადამიანმა ეს მხარე, გამოკვეთილი ხასიათით უნდა შეიგრძნოს.

მხატვრობას, ძირითად პროფესიას, რამდენად უთმობთ დროს?

ამერიკელი მხატვარი ძირითადი აქცენტი ღვინოზე მაქვს გადატანილი. თუმცა უახლოეს წლებში ვიმედოვნებ, მოვახერხებ და მასზეც აქტიურად გადავერთვები. ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ არ ვხატავ, მაგრამ გული მტკივა, რომ ყოველდღიურად ვერ ვახერხებ. ხატვაშიც ისეთივე ტრადიციული მიდგომა მაქვს, როგორც სიმღერაში, ღვინოში. ვხატავ პეიზაჟებს, პორტრეტებს, ნატურმორტებს…

ჩემი პერსონალური გამოფენა ოქტომბრის ბოლოს, სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში მოეწყობა.

ნათლობის სახელი იოანე გაქვთ, როგორ მოხდა თქვენი გაქრისტიანება?

მამა აღმოსავლეთის მხარის სულიერებით იყო დაინტერესებული, დედა ირლანდიური კათოლიკე გახლდათ. მე კი მორწმუნე არასდროს ვყოფილვარ.

თუმცა ისე გავიზარდე, რომ ღმერთის ძეიება და მასთან ყოფნა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პირველად, რუსეთში ყოფნისას გავეცანი მართლმადიდებლობას, რაც პრაქტიკაში ცოტა სხვა ხასიათით იყო გამოხატული, ფანატიკოსურ მომენტებს ვაწყდებოდი. პომპეზურად მოოქროვილი სიწმინდეები და ტრაგიკული სიმკაცრე ჩემთვის უცხო აღმოჩნდა. რუსულ ეკლესიას უძლიერესი წმიდანები ჰყავს, მაგრამ ტაძარში შესულმა უცხოელმა სიცივე ვიგრძენი. მართლმადიდებლობამ დამაინტერესა, მაგრამ სურვილი იმისა, მეც გავმხდარიყავი მართლმადიდებელი, არ გამჩენია.

საქართველოში ჩამოსული სხვა გარემოში მოვხვდი. მყავდა მორწმუნე მეგობრები, ზოგიერთი გალობდა. ვაკვირდებოდი, ყველა ის ადამიანი ვინც ჩემს მოწონებას იმსახურებდა მორწმუნე ქრისტიანი გახლდათ, ყოველი კარგი თვისება მათი რწმენისა და ცხოვრების წესის დამსახურება იყო. მაშინ მივხვდი, სწორედ მართლმადიდებლობაში არის ის, რასაც ყოველთვის ვეძებდი.

მართლმადიდებლობის შესახებ ბევრი რამ ვიცოდი, გაქრისტიანების სურვილიც გამიჩნდა და თელავში, ღვთაების ტაძარში მოვინათლე.

ქართული ოჯახი როგორ შექმენით?

ჩემი მეუღლე, ქეთევანი ეკლესიურად ცხოვრობდა, მონასტერში წასვლას აპირებდა… რადგან მართლმადიდებელი არ ვიყავი, ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ მეგობრობით შემოიფარგლებოდა. როცა ჩემი მონათვლის შესახებ შეიტყო, გაჩნდა აზრი რომ შეიძლებოდა ოჯახიც შეგვექმნა. აკვანიქეთევანს მამა 14 წლის ასაკში ჰყავდა გარდაცვლილი, ამიტომ გადაწყვეტილებას მხოლოდ მოძღვრის კურთხევის შემდეგ მიიღებდა. ვიფიქრე, ამდენი ხანია ადამიანს ვეძებ, რომელიც ჩემი მეუღლე უნდა გახდეს, ძლივს ვიპოვე და ახლა ჩემი ბედი სხვა ადამიანზე იყო დამოკიდებული. ალავერდის ტაძარში მისულებს, მეუფემ მოგვცა კურთხევა დავოჯახებულიყავით, თუ ჩავაბარებდი აღსარებას, შევინახავდი მარხვას და ვიცხოვრებდი ქრისტიანულად. ჯვარი 2 თვეში დავიწერეთ.

გვყავს 2 შვილი, 10 წლის ლაზარე და 7 წლის გვანცა. საქართველოში დაიბადნენ, სიღნაღში იზრდებიან. აქვე დადიან სკოლაში, უყვართ ამერიკა, მაგრამ მათი ძირითადი სამშობლო საქართველოა.

ქართულ სიმღერასთან რა დამოკიდებულება გაქვთ?

“ზედაშე” ჩემი მეუღლის ანსამბლია. მის ჩამოყალიბებაში მეც მიმიძღვის წვლილი. გვსურს, ადგილობრივი კილო, ხასიათი არ დავკარგოთ და მსმენელს შევთავაზოთ დახვეწილი სიმღერა. თავადაც ვმღერი ხოლმე. დიდი მნიშვნელობა აქვს ტონალობას. ბევრი გუნდი პროფელიონალურად მღერის, მაგრამ ქართულსა და ევროპულ ელემენტებს ერთმანეთში ურევს. ეს ნიშნავს იმის მოკვლას, რაც ცოცხალია.

ხალხური საკრავიხშირად ვმოგზაურობთ სქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ვისმენთ და ვიწერთ ძველ ხალხურ სიმღერებს. “ზედაშე” ცდილობს გააცოცხლოს მივიწყებული სასიმღერო ტრადიციები. გუნდი დაკომპლექტებულია მამაკაცებითა და ქალებით.

მცდარია მოსაზრება, თითქოს ქალი და მამაკაცი ერთად არ მღეროდა ხალხურ სიმღერას ან საგალობლებს. პირიქით, სვანეთს, როგორც ერთ-ერთ გადარჩენილ მხარეს თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, აქ ქალები და კაცები ერთად ყველაზე ხშირად მღერიან. გურჯაანის მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარშიც, უამრავი მასალაა, იმისა რომელიც გვიდასტურებს რომ მგალობელთა გუნდი შერეული იყო. ასევე, მესხეთსა და ჯავახეთში ყოფნის დროს გავიგე, რომ მოსავლის აღების დროს ოჯახი სწორედ ხმების მიხედვით ნაწილდებოდა მინდორში და სიმღერის თანხლებით მუშაობდა.

ჯონ ვურდემანი საქართველოში მცხოვრები ბევრი უცხოელისგან იმითაც გამოირჩევა, რომ ის ძალიან კარგად საუბრობს ქართულ ენაზე. მისი თქმით, ენის შესწავლამ გააუქმა ბარიერი მასსა და საქართველოს შორის. „როცა მთათუშეთში ავალ სიმღერის ჩასაწერად და უფროს ადამიანებთან მაქვს ურთიერთობა, მას ქართულად ვესაუბრები და არა რუსულად, ან ინგლისურად, ეს უფრო მისაღები და მოსაწონია ყველა ქართველისთვის“ – აღნიშნა ჯონმა, რომელიც პატივისცემას ქართველი ერისადმი ამ ფორმითაც გამოხატავს.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

14 კომენტარი »

  • ლევანი says:

    ქართველობა სულის თვისებააო! ღმერთი გფარავდეს იოანე!

  • ლია says:

    momwons sainteresoa,chveni xalxi amerikashi garbis da arsrboben xalxi,romelic amerikidan saqartveloshi saxldeba.rac mtavaria qartuli iswavla (tanac kargad)da qartuli ojaxic sheqmna.ghmertma gaumarjos… sxva erovnebis xalxi,romelic saqartveloshi daibadnen da cxovroben qartuli ar ician da arc undat,rom iswavlon. romel qveyanashic ar unda waxvidet tu ena ar ici verafers ver miaghwev. ertaderti qveyana saqartveloa sadac sxva erovnebis xalxo uketesat cxovrobs vidre qartveli.naxevari qartveloba wasulia sazghvargaret, cxva erovnebis xalxi ki mand darcha.javaxishvilis gvadi-bigva,rom dawera me mgoni icoda,tu ra mohyveboda chveni”saxelmwifos” politikas. kidev ertxel mivesalmebi aset xalx rogoric jon vurdemania ghmertma xeli moumartos yvela ucxoels,romelic qartvelad igrdznobs tavs.

  • ანი says:

    არაჩვეულებრივი ადამიანია!! ძალიან, ძალიან ბევრ ქართველზე უკეთესად იცის საქართველოს ისტორია, ქართული კულტურა და ტრადიციები და ძალიან ბევრ ქართველზე მეტად ზრუნავს შევინარჩუნოთ ეს თავისთავადობა ყველა სფეროში.

  • ხვიჩა says:

    საინტერესო სტატია და საინტერესო ისტორიაა, ღმერთმა გაუმარჯოს იოანე ვურდემანს, მართლაც სანაქებო ადამიანია.

    მაგრამ ერთ რამეზე კი დავფიქრდი, კაცო ადამიანი ცხრა მთას იქიდან ჩამოვიდა და ხედავთ, როგორ აზროვნებს ეს ქართული კულტურაო, ეს ტრადიციული ფესვებიო, ეს თვითმყოფადობაო და იმისგან რაც ჩვენ მოძველებული, უვარგისი და გადასგდები გვგონია, აგერ ამ პატიოსანმა ადამიანმა საუცხოო და მომგებიანი ბიზნესი შექმნა, ღმერთმა ხელი მოუმართოს…

    ჩემო ტკბილო და საყვარელო ხალხო კი მაგრამ ჩვენ რაღამ დაგვაჩლუნგა და გამოგვაჩერჩეტა? ოქრო ჩვენს გარშემო ყრია და ჩვენ სხვის ჟანგიან რკინას მივტირით. ჩვენ ტრადიციას და კულტურას სხვა ქვეყნის შვილი რუდუნებით უვლის და ეფერება, ჩვენ კი ამ ფენომენს ამრეზით და აგდებულად ვუყურებთ…

    ჩვენი სახელმწიფო აპარატის მთავარი მიზანიც ხომ ესაა, ახალი ქართველის შექმნა, რომელიც თავისუფალი იქნება საქართველოს ისტორიისა, კულტურისა, რწმენისა, ენისა და ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე მამულისაგანაც (აფხაზეთი და ოსეთი). განა ყოველდღიურად არ ცდილობს იმედი, რუსთავი და სხვა სახელმწიფო ტელე და რადიო არხები, თავისი მძლავრი პროპაგანდისტული მანქანით, გადაგვაჯიშონ, გადაგვაკეთონ აზროვნება შეგვიცვალონ…

    გავანძრიოთ ტვინი ქართველებო, ცოტა გამოვფხიზლდეთ და აზრზე მოვიდეთ, თორემ ცოტა ხანში საზღვარგარეთ წასული ქართველები უფრო მეტნი იქნებიან ვიდრე აქ მყოფნი. აქ დარჩენილებიდან კი ნახევარზე მეტს ისეთი აზროვნება და ცხოვრების წესი გვექნება, ჩვენი წინაპრები საფლავებში ბზრიალს დაიწყებენ.

    გ ა ი ღ ვ ი ძ ე თ ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ო ო ო ! ! !

  • ლია says:

    mec vetanxmebi xvichas.gaighvidzet qartvelebo….

  • კოლხი says:

    გეთანხმებით ბატონო ხვიჩა ყველაფერში გარდა ერთისა,,,,ოსეთი კი არა ,არამედ სამაჩაბლო

  • ლია says:

    არაჩვეულებრივი ადამიანია. ბევრი ქართველი ვერ ხვდება რა სიმდიდრის პატრონები ვართ. მოკლედ ახალს ვერაფერს ვიტყვი ხვიჩას კომენტარის მერე.
    გაიხარეთ ბ-ნო ხვიჩა.
    ღმერთმა ხელი მოუმართოს ბ-ნ ჯონის და ყველას, ვისაც საქართველოსთვის სიკეთე უნდა.

  • თამარი says:

    საოცარი და ძალიან ლამაზი სტატიაა… ყველაფერში გეთანხმებით… მხოლოდ ერთს შევასცორებდი გ ა ვ ი ღ ვ ი ძ ო თ ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ო ო ო ! ! !

  • ნონა says:

    მადლობა თეონა ნოზაძეს, რომ გაგვაცნო ასეთი არაჩვეულებრივად კარგი ადამიანი. გეთანხმებით, ხვიჩა, უცხოელების მიბაძვის სურვილი მუდამ გვქონდა ქართველებს სამწუხაროდ. ხოდა, უცხოელი არაა ეს კაცი? ხოდა მივბაძოთ საქართველოს სიყვარულში :))

  • ღმერთმა ამრავლოს და დალოცოს შენნაირი ადამიანები ამ ქვეყანაზე!

  • თამთა says:

    ადამიანი რომელიც ბევრ ქართველზე მეტად აფასებს ქართველობასა და საქართველოს! <3 #respect

  • ნათია says:

    მადლობდა მეც მქონდა გადავუხადო თეონას ძალიან მიხარია ასეთ სტატიებს რომ ვკითხულობ მართალია ცოტა გულიც მწყდება რომ ემიგრაციაში მყოფი ბევრი ვერაფრით ვეხმარები ჩემს საქრთველოს გარდა იმისა რომ ქართველის სითბო და სიყვარული ჩავუდო უცხოელებს გულში და იცოდნენ რა კეთილი და უანგარო ერი ვართ და რაც მთავარია უნიჭიერეს ერი…

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი