მთავარი » ჯანმრთელობა

ჯანსაღი ღიმილი დაბადებიდან

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.07.2017 | 1,939 ნახვა

ბავშვთა სტომატოლოგია

ბავშვთა სტომატოლოგია საკმაოდ მნიშვნელოვანი სფეროა. ყველა პატარას დაბადებიდანვე სჭირდება პირის ღრუს კარგი ჰიგიენა, რომელიც უნდა უზრუნველყონ მშობლებმა, თუმცა მშობლების დამოკიდებულება სარძევე კბილების მიმართ ხშირად არასერიოზულია, რადგან თვლიან, რომ ეს კბილები ბავშვმა მაინც უნდა მოიცვალოს და ახალი ამოუვიდეს, ამიტომ არ სურთ შვილი “გააწვალონ“ სტომატოლოგთან ვიზიტით. თეონა ეს არასწორი მიდგომაა, რადგანაც სარძევე კბილების ნაადრევი დაკარგვა იწვევს თანკბილვის ანომალიებს და ყბების ანომალიებს, პათოლოგიურ თანკბილვას. კარგად ინფორმირებული მშობელი ყოველთვის ეცდება თავის შვილს ჯანსაღი ღიმილი ჰქონდეს და თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ამას, გაგვაცნობს ,,ლოკუსის“ სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის ექიმი-სტომატოლოგი თეონა კელაპტრიშვილი.

– ქალბატონო თეონა, დღეისათვის ბავშვებში ძალიან მომატებულია კარიესი. რა არის ამის მიზეზი?

– ბევრი ფაქტორი არსებობს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ჰიგიენა. ბავშვები სათანადოდ ვერ იხეხავენ კბილებს, ხშირ შემთხვევაში არ უშვებენ მშობელს, რომ გაუხეხონ კბილები. ნადების დაგროვებისას წარმოიქმნება მჟავები, რომლებიც იწვევს კარიესს. გარდა ამისა, კარიესს იწვევს კარიესოგენური მიკრობი, რომელსაც ,,მოსიყვარულე, თბილი“ მშობლები გადასცემენ შვილებს: ისინი კოცნიან ბავშვებს, სინჯავენ საკვებს ბავშვის კოვზიდან, გალოკავენ საწოვარას… ასეთი გზით ხვდებიან მიკრობები ახალშობილის პირის ღრუში.

ასევე მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორი, მუცლადყოფნის პერიოდი, როცა ყალიბდება სარძევე კბილები. თუ ამ პერიოდში დედას პრობლემები აქვს, იღებს გარკვეულ პრეპარატებს, ეს მომავალში აისახება ბავშვის კბილებზე.

… და სწორი კვება. ბავშვს არ უნდა მივცეთ ბევრი ტკბილეული, ჩიფსები, გაზიანი სასმელები. ეს კატეგორიულად უნდა იყოს აკრძალული. რაც შეეხება ე.წ. ,,ბოთლის კბილების“ პრობლემას: როცა ბავშვი ბოთლით ჭამს საჭმელს, სვამს ჩაის და ა.შ. როცა ტკბილი სითხე ხანგრძლივადაა კბილებთან კონტაქტში, ესეც კარიესს იწვევს.

– როდიდან არის რეკომენდებული კბილების პროფილაქტიკა?

– პირველ რიგში, დავიცვათ ჰიგიენა. როგორც კი პირველი კბილი ამოვა, მაშინვე ვიწყებთ მასზე ,,ზრუნვას“. არსებობს თითზე წამოსაცმელი ,,ჯაგრისები“, შეგვიძლია სველი მარლითაც გავუსუფთაოთ პატარას კბილები და პირის ღრუ. როცა წამოიზრდება, სასურველია, მშობელი მიეხმაროს კბილების გახეხვისას.

ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ კვებას. აუცილებელია ბავშვმა მიიღოს კალციუმით მდიდარი საკვები. მაგალითად, ყველი, ხაჭო, კეფირი.

ძალიან მნიშვნელოვანია მეექვსე კბილების პროფილაქტიკა.

– ეგ კბილები ხომ უფრო გვიან, 6 წლის ასაკში, ამოდის?

– დიახ, ეს კბილი არ არის მომწიფებული და ამოჭრის შემდეგ ხდება მისი ჩამოყალიბება, არამდგრადია მიკრობების მიმართ და ადვილად ფუჭდება. ჩანაჭდევებში, ბუნებრივ ფისურებში, რომელიც აქვს კბილს, მუდმივად ხელსაყრელი პირობებია მიკრობებისთვის, ჩნდება ნადები, ამისათვის ვაკეთებთ პროფილაქტიკურ ჩაბეჭდვა-ჰერმეტიზაციას სპეციალური ბჟენით, რომლითაც იფარება მეექვსე კბილი და ვიცავთ გაფუჭებისგან 2-3 წლის განმავლობაში, ვიდრე კბილი ჩამოყალიბდება. ყველა პაციენტს ვეუბნები, რომ ეს საჭიროა, მაგრამ 99 % თვლის, რომ არაა აუცილებელი, რადგან ბავშვს კბილი არ სტკივა.

– გამოდის, რომ კბილის მომინანქრება ხდება…

– დიახ, რომ არ გაჩნდეს მიკრო ნადები.

– ყველაფერი ხომ თანხებთანაა დაკავშირებული.

– არც ისე ძვირი ჯდება. არადა, შემდეგ უკვე მოდიან გაფუჭებული კბილებით. ბავშვების 50%-ს 1- 2 წელიწადში დასაბჟენი აქვთ ხოლმე მეექვსე კბილები.

– ძალიან ბევრს აწუხებს თანკბილვის პრობლემა…

– ეს უფრო ორთოდონტის საქმეა, მაგრამ გეტყვით, რომ ბავშვი პირველად 15 წლის ასაკში არ უნდა მიიყვანოთ სტომატოლოგთან… არსებობს გენეტიკური ფაქტორები და უამრავი მიზეზი, რაც განაპირობებს ასეთ პათოლოგოებს. ამიტომ თანდათან, ყოველ ეტაპზე, უფრო იოლია პრობლემის მოგვარება.

– როდის უნდა მივმართოთ სტომატოლოგს პირველად?

– აუცილებლად ერთი წლის ასაკში, 2 წლიდან კი – ყოველ 6 თვეში ერთხელ. შეიძლება ბავშვს საერთოდ არაფერი გართულება არ ჰქონდეს, მაგრამ ეს უნდა გადაუვიდეს ჩვევაში. სტომატოლოგთან მისვლა არ უნდა იყოს მისთვის სტრესი, არამედ ჩვეულებრივი ცხოვრების წესად უნდა იქცეს.

– კბილის მოვლის საშუალებებზე რას გვეტყვით?

– უნდა შევურჩიოთ კბილის პასტა. მშობელმა აუცილებლად უნდა წაიკითხოს ანოტაცია. ზოგიერთ კბილის პასტას აწერია, რომ საშიშია გადაყლაპვა, ამიტომ ავარჩიოთ ისეთი, რომელსაც ეს არ ეწერება. მცირე ოდენობით, დაახლოებით ცერცვის მარცვლისოდენა დავასხათ ჯაგრისს და გავუხეხოთ. სანამ ბავშვი ვერ ახერხებს გადმონერწყვებას, უმჯობესია მარლით ან მხოლოდ ჯაგრისით გავუხეხოთ.

რაც შეეხება ჯაგრისს, ის უნდა შევცვალოთ 2-3 თვეში ერთხელ. ჯაგრისი უნდა შეიცვალოს იმ შემთხვევაშიც, როცა ბავშვს ვირუსი აქვს გადატანილი. ზოგიერთი ჯაგრისის მწარმოებელი კომპანია უშვებს ფერად ჯაგრისებს, როცა ფერი გაუვა, ის უკვე აღარ ვარგა და უნდა გადავაგდოთ, ასევეა თეთრი ბუსუსებიანი ჯაგრისებიც. როცა გამუქდება, აღარ უნდა გამოვიყენოთ.

– როგორ მოვიყვანოთ პატარა თქვენამდე? მოგეხსენებათ, ალბათ, ბავშვთა ფობიებიც…

– არავითარ შემთხვევაში ბავშვი არ შეაშინოთ სტომატოლოგთან ვიზიტით. ხშირად გამიგია ასეთი ფრაზები: ,, იცოდე ექიმი ნემსს გაგიკეთებს , თუ არ გამოიხეხავ კბილებს“ და ა. შ.

თუ პატარა პირველად მოდის, იმან არც იცის, რატომ უნდა ეშინოდეს. ამიტომ მშობელმა არ უნდა ჩაუნერგოს ეს შიში. თუ მასაც ეშინია, თავისი ემოცია ბავშვის თანდასწრებით არ უნდა გამოხატოს. თავს თუ ვერ შეიკავებს, უმჯობესია, სხვას გამოაყოლოს ბავშვი. აქ ყველანაირი პირობაა იმისა, რომ ბავშვი არ შეშინდეს.

– და მაინც, თუ ბავშვს ანესთეზია სჭირდება?

– ანესთეზიის გარეშე, ძირითადად, მტკივნეული არ არის, მაგრამ, თუ დასჭირდა, მგრძნობელობაზე კეთდება სპეციალური სინჯი. ამ სინჯის გარეშე არ შეიძლება ანესთეზიის გაკეთება, შეიძლება სავალალო შედეგი მივიღოთ ალერგიული რეაქციის სახით. ანესთეზიის ქვეშ სრულიად უმტკივნეულოდ ვუბჟენთ კბილს. გვაქვს ფერადი ბჟენები, რომელსაც ხალისით ირჩევენ თავად ბავშვები. შემდგომი ვიზიტისას კი უფრო სიხარულით მოდიან ხოლმე.

– სიხარული და ღიმილი არ მოკლებოდეთ პატარებს!

– ბედნიერი და ჯანსაღი ღიმილი!

მოამზადა რუსუდან კენჭოშვილმა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი