მთავარი » ქრისტიანობა

„იყავნ ნებაჲ შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეთცა ქუეყანასა ზედა“ – მამაო ჩვენო

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.05.2022 | 659 ნახვა

მესამე თხოვნა

„იყავნ ნებაჲ შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეთცა ქუეყანასა ზედა“ – ეს მუხლი წინა თხოვნის პირდაპირი გაგრძელებაა და მისი აზრობრივი განმარტება შემდეგია: ამ სიტყვებში საუბარია მასზედ, რომ უფლის ნება განუყოფლად ჰგიებდეს ცათა შინაც და ქვეყანაზეც. როგორ უნდა გავიგოთ ეს სიტყვები? – უფალი ღმერთი სამყაროს შემოქმედი და მისი მპყრობელია. მის ნებას ყოველივე ემორჩილება ამ ქმნილ სამყაროში. და მიუხედავად ღმერთის მოწინააღმდეგე ძალების მზაკვრული მანქანებისა, საბოლოოდ ყოველთვის ღმერთის ნება იმარჯვებს, გადააქცევს რა ბოროტებას სიკეთედ. მაგრამ მიუხედავად ღმერთის ნების დაურღვევლობისა, უფალმა ადამიანს მოანიჭა შესაძლებლობა თავადვე გამოავლენდეს ნების თავისუფლებას და გამოხატავდეს მას თავის მოქმედებებში. ბევრი ადამიანი ბოროტად იყენებს თავისუფალ ნებას და უფლის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რასაც ისინი უბედურებამდე და დაღუპვამდე მიჰყავს. ადამიანის ნების დაპირისპირებამ ღმერთის ნებასთან იქამდე მიიყვანა მსოფლიო, რომ იგი გაიყო ადამიანთა ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ბანაკად, რომელთაგან ერთი თავის ცხოვრებაში მხოლოდდამხოლოდ ღმერთის ნების აღსრულებით ხელმძღვანელობს, მეორე კი თავის ნებაზე ცხოვრობს, იყენებს რა ნების თავისუფლებას იმგვარი ცხოვრებისეული საქციელების ასარჩევად, რომლებიც მიმართულია სიმდიდრის, ძალაუფლების, სიამოვნებათა მოპოვებისაკენ. ადამიანთა ეს ორი ბანაკი ალეგორიულად უპირისპირდება ერთმანეთს როგორც ცა (სადაც განუხრელად აღასრულებენ ღმერთის ნებას) და ქვეყანა (სადაც ქაოსი და ბოროტება ბატონობს).

ადამიანი სუსტია, მისი ძალები შეზღუდულია, იგი გარემოცულია განსაცდელებითა და საცთურებით, და ღმერთის შეწევნის გარეშე მას არ შეუძლია დამოუკიდებლად მოიპოვოს ბედნიერება ცხოვრებაში. მაგრამ ადამიანი საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ ღმერთის მცნებები აღასრულოს და თავისი ცხოვრება საღვთო რჯულის მიხედვით ააგოს. და მაშინ უფალი შეეწევა ასეთ ადამიანს ბედნიერების მოპოვებაში, თავს ევლება მას თავისი მზრუნველობით, ყურადღებითა და მხარდაჭერით. ანიჭებს რა ადამიანს ნების თავისუფლებას, უფალს ის სურს, რომ იგი დამოუკიდებლად, თავისი თავისუფალი ნებით მივიდეს ღმერთთან და გაიგოს, რომ სწორედ ღმერთია მისი მეგობარიც, დამცველიცა და შემწეც, რომ მხოლოდ ამ ერთადერთ – კეთილ გზას მიყავს იგი ბედნიერებისა და ხსნისაკენ. გონიერ ადამიანებს გაცნობიერებული აქვთ ცხოვრების ეს პრინციპი, და ისინი სიკეთეს იქმან ღმერთის განსადიდებლად, ცხოვრობენ რა საღვთო რჯულით და ყოველივეში აღასრულებენ რა ღმერთის ნებას.

განსახილველ სიტყვებში ჩვენ სწორედ იმას ვითხოვთ, რომ ღმერთის ნება ხელმძღვანელობდეს ადამიანთა საქციელთ (ადამიანთავე საკეთილდღეოდ) ისევე, როგორც იგი ხელმძღვანელობს და წარმართავს მთელს სამყაროს (ბუნებრივსაც და ზებუნებრივსაც). და იმასაც ვითხოვთ, რომ ადამიანთა ნება საკუთარ ეგოისტურ, ცოდვიან სურვილებს კი არ ემონებოდეს, არამედ – ღმერთის ნებას ემორჩილებოდეს; რომ ადამიანები თავის სასიკეთოდვე მხოლოდ იმას ისურვებდნენ და აღასრულებდნენ, რაც ღმერთს ნებავს და სათნო-ეყოფა. ის ფაქტი, რომ ადამიანი ღმერთის ნებას ემორჩილება, სულაც არ ნიშნავს ადამიანის თავისუფალი ნების მოსპობას. პირიქით, ის, რომ, ადამიანმა ნებაყოფლობით ამჯობინა ღმერთის ნების შესრულება, იმაზე მეტყველებს, რომ მან შეძლო გარკვეულიყო ცხოვრების დანიშნულებაში, ჯეროვნად გამოევლინა თავისი გონიერება, მიხვედრილობა და გულისხმაჰყო, რომ უმჯობესია მხოლოდ ღმერთის ნებას აღასრულებდეს, რადგან სწორედ ეს არის ერთადერთი სწორი გზა და მხოლოდ მას მიჰყავს ადამიანი სიკეთემდე, ბედნიერებამდე და ცხონებამდე. ამიტომაც, ღმერთის ნების ნებაყოფლობითი აღსრულება კი არ სპობს ადამიანის თავისუფალ ნებას, არამედ თანხმობაში მოჰყავს იგი ღმერთის ნებასთან.

საკუთარი ნების დამორჩილებაზე მამა-ღმერთის ნებასთან თავად იესო ქრისტეც ლაპარაკობდა: „…არა ვეძიებ ნებასა ჩემსა, არამედ ნებასა მომავლინებელისა ჩემისა მამისასა“ (იოან. 5, 30). გეთსიმანიის ბაღშიც იესო ქრისტემ თავმდაბალი მორჩილებით დაასრულა თავისი ლოცვა სიტყვებით: „…მამაო ჩემო… იყავნ ნებაჲ შენი“ (მათ. 26, 42). და თუკი თავად მსოფლიოს მაცხოვარი, იესო ქრისტე ყოველივეში ზეციური მამის ნებას უთანხმებდა თავის ნებას, მაშინ ჩვენც, ადამიანებს, მით უფრო გვესაჭიროება ამ მაგალითის მიბაძვა და ყოველივეში ღმერთის ნების აღსრულება.

უფლის ნების შესრულება ჩვენთვის, ადამიანებისათვის, აუცილებელიცაა და სასარგებლოც. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ უფალი შეგვეწეოდეს და ზრუნავდეს ჩვენზე ქვეყნიურ ცხოვრებაში, ხოლო ბოლოს ნება მოგვცეს ცათა სასუფეველში შევიდეთ. „არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ“ (მათ. 7, 21).

საუფლო ლოცვის ამ სიტყვებით („იყავნ ნებაჲ შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეთცა ქუეყანასა ზედა“) ჩვენ შევთხოვთ ღმერთს, რომ მის ნებას ყველა ადამიანი აღასრულებდეს; აგრეთვე იმასაც, რომ ქვეყნიურ ცხოვრებაში იგი გვეხმარებოდეს თავისი ნების შესრულებაში ზუსტად ისე, როგორც მას ცათა შინა აღასრულებენ წმინდა ანგელოზები, და რომ ამქვეყნადაც ყველაფერი ისე ხდებოდეს და სრულდებოდეს, როგორც ეს ზეცაში ხდება და აღესრულება. ამ სიტყვებით ჩვენ ვეუბნებით უფალს: დაე, ისე კი ნუ მოხდება ყველაფერი, როგორც ჩვენ გვსურს, არამედ როგორც შენ, ღმერთს, გნებავს. იმიტომ, რომ ჩვენ შეიძლება ვცდებოდეთ ჩვენს სურვილებში და ამის გამო ღმერთის საწინააღმდეგო საქციელთ ჩავდიოდეთ, ხოლო ღმერთი ყოვლის მცოდნე და სრულყოფილია და შეუძლებელია ცდებოდეს. მან უმჯობესად იცის, თუ რა არის ჩვენთვის სასარგებლო და რა – საზიანო. და მას, უფრო მეტად, ვიდრე ჩვენ გვსურს საკუთარი თავისთვის, სურს ჩვენთვის სიკეთე და ყველაფერს აკეთებს ჩვენი სარგებლობისათვის. ამიტომ, დაე, ყოველთვის მისი ნება იყოს ყველაფერში – როგორც ცათა შინა, ასევე ქვეყანაზეც.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი