მთავარი » საეკლესიო ხელოვნება

IV-VI საუკუნეთა ხუროთმოძღვრების ისტორიული მიმოხილვა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.01.2011 3 კომენტარი | 10,440 ნახვა

sveticxoveliშუა საუკუნეთა ქართულ ხუროთმოძღვრებას (და მთელ ხელოვნებასაც) შემდეგ ძირითად პერიოდებად ყოფენ:

1. ადრეული შუა საუკუნეების არქიტექტურა – IV საუკუნიდან VII-ის შუა წლებამდე. ეს პერიოდი, ნაწილობრივ, ემთხვევა ევროპული და წინააღმოსავლური ხელოვნების ე.წ. “ძველქრისტიანულ ხანას” და შუა საუკუნეთა ქართული არქიტექტურის პირველი ბრწყინვალე აყვავების ხანაა.

2. გარდამავალი ხანის არქიტექტურა –VII ს-ის მეორე ნახევრიდან X ს-ის ნახევრამდე. დამახასიათებელია წინა პერიოდის შემუშავებული სტილისტიკური პრინციპების თანდათანობითი უკუგდება და ახალი სტილის ჩამოყალიბება.

3. განვითარებული შუა საუკუნეების არქიტექტურა – შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების მეორე აყვავების ხანა – X ს-ის მეორე ნახევრიდან XIII – XIV საუკუნეთა მიჯნამდე. აამ პერიოდის დიდი ნაწილი საქართველოს გაერთიანებული სამეფოს არსებობის ხანას მიეკუთვნება.

4. გვიანი შუა საუკუნეების არქიტექტურა – XIV-XVIII საუკუნეები. ეს ის ხანაა, როდესაც აგრესიული ძალებით გარშემორტყმული ფეოდალური დაქუცმაცებული საქართველო დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის იბრძვის. დასავლეთ ევროპაში ამ დროს რენესანსის ბრწყინვალე კულტურა ვითარდება. პროგრესულ რეფორმებს განიცდის მეზობელი რუსეთის კუტურაც.

ქრისტიანულმა ეკლესიამ ხუროთმოძღვართ სრულიად გარკვეული ამოცანა დაუსახა: უნდა შექმნილიყო საგანგებო შენობა, რომელიც ბევრ მლოცველს დაიტევდა და სარწმუნოებრივი რიტუალის ჩასატარებლად გამოდგებოდა.
აუძველესი გადარჩენილი ნიმუშების დაკვირვება მოწმობს, რომ თავდაპირველად მლოცველები ეკლესიის გარეთ იდგნენ. ეკლესიაში მხოლოდ მღვდელი შედიოდა. ამიტომ გასაგებია, რომ სულ პირველი ეკლესიები ძალიან მცირე ზომისაა. სინამდვილეში ეს მხოლოდ მინიატურული სამლოცველოებია, რომლებიც თანდათან იქცა მეტ-ნაკლებად ტევად ეკლესიებად. V საუკუნის ბოლოს კი უკვე საკმაოდ დიდი ტაძრების მშენებლობაც დაიწყეს.

ძველ ქრისტიანულ ხანაში გავრცელებული იყო საეკლესიო ნაგებობათა ორი უმთავრესი სახეობა: წაგრძელებული უგუმბათო შენობა, ე.წ. ბაზილიკა და ცენტრალური – მრგვალი, მრავალწახნაგა, ჯვრისებრი შენობა, რომელიც ყოველთვის გუმბათით არ იხურებოდა.

საქართველოშიც ქრისტიანულ საკულტო არქიტექტურაში აგრეთვე ვხვდებით ამ ორ სახეობას – წაგრძელებულ უგუმბათო შენობებსა და ცენტრულ შენობებს.

საქართველოში შემუშავდა ბაზილიკის თავისებური ვარიანტი, რომელსაც ქართველმა მეცნიერებმა “სამეკლესიიანი – ბაზილიკა” უწოდეს: გარედან, თავისი “პროფილით”, იგი არ განსხვავდება ჩვეულებრივი სამნავიანი ბაზილიკისაგან, მაგრამ შიგნით ნავები ერთმანეთისაგან ბოძებით არ არის გაყოფილი, არსებითად, აქ ერთ შენობაში გაერთიანებული სამი დამოუკიდებელი სამლოცველოა.

სამნავიანი და სამეკლესიიანი ბაზილიკის გვერდით საქართველოში იმთავითვე შემუშავდა უგუმბათო ნაგებობათა კიდევ ერთი, უმარტივესი სახე: ერთნავიანი (ანუ ცალნავიანი) ეკლესია.

ქართული ეკლესია სავსებით ემხრობა მთელ ქრისტიანულ სამყაროში მიღებულ ნორმებს; აღმოსავლეთისკენ მიმართული, ნახევარწრიულ აფსიდიანი საკურთხეველი, სადიაკვნე და სამკვეთლო მის ორსავ მხარეს – ესაა ძირითადი შემადგენელი ნაწილები ყოველი ქართული ეკლესიისა.

პირველი ქართული ეკლესია, რომელიც IV ს-ის 30-იან წლებში ააშენა მირიან მეფემ საქართველოს “განმანათლებლის” წმ. ნინოს მითითებით, აღარ გადარჩენილა. მეორე ეკლესიისგან, რომელიც იქვე ააგო ვახტანგ გორგასალმა (V ს-ის მეორე ნახევარში), გადარჩა ცალკეული ნაწილები, ამჟამად ჩართული სვეტიცხოველის დღევანდელ კორპუსში.

ქართველი მემატიანეები იმ ადრინდელ ხანაში ყოველთვის აღნიშნავდნენ ეკლესიის აშენების ფაქტს, რადგანაც მაშინ ეს ახალი ამბავი იყო და ახალი იდეოლოგიის დანერგვას ემსახურებოდა.

მატიანეების ცნობით, პირველი ქართველი ქრისტიანი მეფის მირიანისა და მისი მემკვიდრეების – ბაკურის, მირდატისა და სხვათა დროს, მცხეთის გარდა, ეკლესიები აუშენებიათ: ერუშეთში, მანგლისში, ბოდბეში, წილკანში, ნეკრესში, რუსთავში, წუნდასა და თუხარისის ციხეში, ე.ი. ისტორიულ პროვინციებში: ქართლში, კახეთსა და მესხეთში. ამ ჩამოთვლილ პუნქტებში ტაძრები უფრო გვიანდელია, თუმცა ზოგი კი მაინც ადრეულ ხანას მიეკუთვნება. მხოლოდ ნეკრესის მონასტრის (კახეთშია) სხვადასხვადროინდელ ნაგებობათა შორის დგას ერთი სულ პატარა ეკლესია, რომელსაც მკვლევარნი IV საუკუნეს მიაკუთვნებენ და მატიანეთა ცნობებს უკავშირებენ.

ეს ნატეხი ქვითნაშენი სამნავიანი ეკლესიაა. იგი აღმართულია საგანგებო სუბსტრუქციაზე, რომელშიც კრიპტა (სამარხი) არის მოთავსებული. შენობის თავისებურებას ის შეადგენს, რომ მას სიგანე მეტი აქვს სიგრძეზე და არა – პირიქით, როგორც ნამდვილ ბაზილიკაში უნდა იყოს. შიგნით მას არ აქვს ბოძები, რომელთა მწკრივი აგრეთვე დამახასიათებელია ბაზილიკისათვის. მისი ნავები ფართოდ გახსნილი თითო თაღით უკავშირდება ერთმანეთს. გვერდის ნავებსაც ღია ჰქონდა გარეთკენ, ასე რომ, მთელი შენობა გამჭოლი ფანჩატურივით იყო. ეს საშუალებას აძლევდა მლოცველთ წირვის დროს გარეთ დარჩენილიყვნენ.

dzveli shuamtaV საუკუნის პატარა ეკლესია კახეთის მეორე მონასტრის – ძველი შუამთის – ანსამბლში თითქოს ბაზილიკური თემის განვითარების შემდეგ საფეხურს წარმოადგენს. აქ უკვე საგრძნობია სივრცის დაგრძელება აღმოსავლეთ – დასავლეთის ღერძის გასწვრივ, ნავები ერთმანეთისგან გაყოფილია ბოძებზე დაბჯენილი ორ – ორი თაღით; მაგრამ თაღოვანი მალების სიგანე უბრალო კარის სიგანეს არ აღემატება. გვერდის ნავები ვიწრო და გრძელი კორიდორებია საკუთარი საკურთხევლის ფასადების გარეშე. დასავლეთით ეს ორი განაპირა ნავი განივი ნავით უკავშირდება ერთმანეთს. ამის გამო, შუა ნავის გარშემო სამმხრივი გარშემოსავლელი იქმნება, ხოლო გვერდის ნავებს უბრალო დერეფნების მნიშვნელობა -ღა რჩებათ.

ძველი შუამთის ხუროთმოძღვრული გადაწყვეტა რამდენადმე უახლოვდება ქრისტიანული ეკლესიის ჩვეულებრივ ნორმებს, მაგრამ ბაზილიკის არსი აქ ჯერ კიდევ ვერ არის გაგებული.

V ს-ის მიწურულიდან დაიწყეს საქართველოში ნამდვილი ბაზილიკების შენება, თუმცა ეს ბაზილიკებიც სავსებით თავისებურია.

bolnisis sioniამ შენობათა პირველი და ყველაზე შესანიშნავი ნიმუშია ბოლნისის სიონი, სახელგანთქმული ძეგლი, რომელსაც თავისი ისტორიული მნიშვნელობითაც და მხატვრული ზემოქმედების ძალითაც ერთი პირველი ადგილთაგანი უჭირავს ძველ ქართულ ხუროთმოძღვრებაში.

ბოლნისის სიონი სამნავიანი ბაზილიკაა საკურთხევლის შვერილი ნახევარწრიული აფსიდით, ღია თაღოვანი გალერიით ჩრდილოეთის ფასადის გაყოლებით, მეორე მცირე თაღოვანი გალერიითა და სანათლავი ოთახით სამხრეთის მხარეს.

ბოლნისში შუა ნავი “სრული” კამარით იყო გადახურული, გვერდის ნავები კი – “ნახევარკამარებით”.

ეკლესიის შესასვლელები მოწყობილია არა დასავლეთით, არამედ გრძელ კედლებში, ერთი – სამხრეთით, ორი – ჩრდილოეთით. ეს, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება ბაზილიკის არსს, რადგანაც ბაზილიკაში ყველაფერი უნდა ემორჩილებოდეს სიგრძივი ღერძის გასწვრივ მოძრაობას, მოძრაობას დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, საკურთხევლისკენ, ყველაფერი ხაზს უნდა უსვამდეს ამ პერპექტივას, ამ მისწრაფებას.

anchisxatiსხვა უმთავრესი ქართული ბაზილიკები VI საუკუნისაა. ერთი ამათგანი, ე.წ. ა ნ ჩ ი ს ხ ა ტ ი, თბილისის ძველ უბანში მდებარეობს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და დედაქალაქის უძველესი შენობაა. ესეც სამნავიანი ნაგებობაა, სამი შესასვლელი აქვს: თითო-თითო – გვერდის კედლებში დასავლეთით. დასამახსოვრებელია, რომ საკურთხევლის აფსიდი გამოშვერილი კი აღარ არის, როგორც ბოლნისში, არამედ ჩამალულია ეკლესიის საერთო სწორკუთხა მოხაზულობის ფარგლებში.

VI ს –ის მეორე ნახევარსა და VII საუკუნეში ქართულ ბაზილიკათა განვითარებაში ახალი ეტაპი იწყება: განსაკუთრებით დამახასიათებელია სიგრძივი ღერძის საგრძნობი დამოკლება. VIII – IXსაუკუნეებში მისწრაფება სპეციფიკური ბაზილიკური სივრცის უარყოფისა კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება. არის ისეთი გეგმებიც, რომლებიც ძლიერ უახლოვდება გუმბათოვანი ეკლესიების გეგმებს.
გუმბათოვანი ეკლესიების გავლენა სივრცის აგების ზოგ თავისებურებაშიც იჩენს თავს.

სამეკლესიიანი ბაზილიკის ტიპის პირველი ნიმუშები VI ს –ის შუა წლებს მიეკუთვნება. მათი წარმოშობის მიზეზი ის იყო, რომ სურდათ დღის განმავლობაში რამდენჯერმე გადაეხადათ წირვა და ყოველი წირვისთვის ცალკე საკურთხეველი ჰქონდათ. უძველესი ნიმუშების აღნაგობა ელემენტარულია: სამი წაგრძელებული სადგომი ერთიმეორის გვერდით, ერთმანეთთან დაკავშირებული კარებით; შუა სადგომი დანარჩენ ორზე რამდენადმე უფრო მაღალი და ფართოა, რის გამოც გარედან შენობას ნამდვილი ბაზილიკის იერი აქვს.

სამეკლესიიანი ბაზილიკის ნიმუშებია VI – VII საუკუნეების ეკლესიები ზეგანში, უკვე ხსენებულ ნეკრესის მონასტერში.

ცალნავიანი ეკლესია საკულტო ნაგებობის უმარტივესი ტიპია. ეს არის წაგრძელებული სწორკუთხედი, რომელიც შიგნით, აღმოსავლეთის მხარეს ნახევარწრიული აფასდით მთავრდება. ხუროთმოძღვრული მასის სიმარტივე ცალნავიანი ეკლესიის მშენებელს თითქოს რამდენადმე ზღუდავს, და მაინც, ადრინდელი ხანის ძეგლები ამ ტიპისა გვიზიდავს თავისი მხატვრული ღირსებებით: პროპორციები ჰარმონიულია, კედლების წყობა მშვენიერი, იგრძნობა ის მომხიბვლელი არტისტიზმი, რომელიც იმ დროს თანაბრად ახასიათებს დიდ ძეგლებსაცა და მცირეთაც. ნიმუშებად შეიძლება დავასახელოთ ო ლ თ ი ს ი ს პატარა ეკლესია წალკაში, აგრეთვე ორი სამლოცველო ე.წ. კ ა ც ხ ი ს ს ვ ე ტ ზ ე (იმერეთი). ეს ორი სამლოცველო, თავისთავად, უმნიშვნელოა, მაგრამ დამახასიათებელია მათი სრულიად უჩვეულო მდებარეობა – ორმოცმეტრიანი კლდის სვეტის ზემო ბაქანზე. ოდესღაც ეს სვეტი ახლო მდებარე კლდის მასივთან იყო დაკავშირებული, მაგრამ შემდეგ, კლდის დაშლის შედეგად, გამოეთიშა ქედს და მარტო, განცალკევებით დარჩა: “ხრამსა შინა არს კლდე აყვანილი ვითარცა სვეტი, ფრიად მაღალი, – წერდა ვახუშტი, – მის კლდის თხემზედ არის ეკლესია მცირე, არამედ ვერღარა აღვალს კაცი, არცა უწყიან ხელოვნება აღსავლისაო”. მაგრამ 1944 წელს სვეტი მაინც დაპყრობილ იქნა ქართველი ალპინისტების დახმარებით.

VIს-ში კვლავ ბევრი ბაზილიკა აშენდა. ამ საუკუნის ნახევრიდან საკულტო არქიტექტურის უმთავრეს თემად თანდათანობით გადაიქცა გუმბათოვანი ტაძრის თემა, რომელმაც ასიოდე წლის მანძილზე თვალსაჩინო ევოლუცია განიცადა.

VI – VII საუკუნეებში გუმბათიან ნაგებობათა რამდენიმე ტიპი არსებობს: ტეტრაკონქების ვარიანტები, “თავისუფალი ჯვრის” ტიპი, აგრეთვე, რამდენიმე ვარიანტით “ჩახაზული ჯვრის ტიპი” და სხვ. ამ ტიპთაგან ადრინდელ ხანაში ყველაზე უფრო საინტერესო ევოლუცია ტეტრაკონქმა განვლო. ყველა ამ ეკლესიაში VII საუკუნემდე, წრომის ტაძრამდე გუმბათი ეყრდნობა უშუალოდ კედლებს და არა – ბოძებს. ცალკე მდგომი ბოძები მანამდე არ გვხვდება. ყველა გუმბათიანი ეკლესია ცენტრულია. მათი ორი ღერძი – აღმოსავლეთ – დასავლეთისა და სამხრეთ – ჩრდილოეთის – ან ერთნაირია, ან პირველი მხოლოდ ოდნავ სჭარბობს მეორეს.

VI ს- ის მეორე ნახევარსა და VII ს-ში ზომებიც იზრდება და კომპოზიციებიც რთულდება.

ერთი დამახასიათებელი მაგალითთაგანია შ ი ო მ ღ ვ ი მ ი ს მონასტრის ძველი ეკლესია VI ს-ის 50-60-იანი წლებისა (მცხეთის რაიონი).

ტეტრაკონქის ერთი უადრესი ნიმუშთაგანია მ ა ნ გ ლ ი ს ი ს ტაძარი თავდაპირველი სახით, აგებული V ს–ის უკანასკნელ მეოთხედში. დღეს ძნელია ტაძრის მაშინდელი სახის წარმოდგენა, რადგანაც XI ს-ში იგი საფუძვლიანად გადააკეთეს.

მცხეთის ჯვარი, წინა დროის ქართული ხუროთმოძღვრების ძიებათა დამაგვირგვინებელი და ყველაზე სრულად განმსახიერებელი ნაწარმოები, საფუძველს უყრის განვითარების მთელ საფეხურს: VII ს-ში იქმნება ანალოგიურ ძეგლთა მთელი ჯგუფი, რომლებიც გეგმისა და საერთო აგებულების მხრივ დიდად უახლოვდება მცხეთის ჯვარს. ეს ძეგლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებშია: ატ ე ნ ი ს ს ი ო ნ ი (გორის სამხრეთით), ძ ვ ე ლ ი შ უ ა მ თ ა (კახეთი), მ ა რ ტ ვ ი ლ ი (დასავლეთ საქართველო).

ishxaniსაქართველოს სამხრეთ-დასავლეთ პროვინცია ტაოში VI ს-ში აშენდა ერთი და იგივე ტიპის ორი მონუმენტური კათედრალი ი შ ხ ა ნ ს ა და ბ ა ნ ა შ ი. მათი გეგმა ტეტრაკონქის თემის თავისებური ვარიანტია, ტეტრაკონქი – მრგვალი გარშემოსავლელით. კონსტრუქციული თვალსაზრისით, ეს ფრიად ორიგინალური და რთული შენობებია. მოგვიანებით, IX და XI საუკუნეებში, იშხნის ტაძარი საფუძვლიანად გადააკეთეს.

cromiVII საუკუნის ოცდაათიან წლებს მიეკუთვნება წ რ ო მ ი ს ტ ა ძ ა რ ი (ხაშური). მხატვრული ღირსებებით იგი შესაძლოა თვით მცხეთის ჯვარსაც გავუტოლოთ. ამავე დროს, იგი უკვე შეიცავს ბევრ ისეთ ნიშანს, რომლებიც მოასწავებს ქართული საეკლესიო არქიტექტურის მომავალ განვითარებას. გეგმით იგი მიეკუთვნება ე.წ. “ჩახაზული ჯვრის” ტიპს. გუმბათი აქ კედლებს კი არ ეყრდნობა, რაც აქამდე განხილულ ყველა ტიპის ეკლესიებში იყო, არამედ ოთხ ცალკე მდგომ ბოძს. აფსიდი მხოლოდ ერთია, აღმოსავლეთით საკურთხევლისა. შენობის ინტერიერში, რომელშიც გარკვევითაა გამომჟღავნებული სიგრძივი ღერძი, დიდი მნიშვნელობა ენიჭება დასავლეთით მოთავსებულ პატრონიკეს – იგი აწონასწორებს მთელ შინაგან სივრცეს. ქართულ ეკლესიებში მტკიცე ტრადიციაა, რომ გუმბათი შენობის მთავარი ღერძის ცენტრში უნდა იყოს, ან ცენტრში მაინც. შემდგომი ევოლუციის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკურთხევლის აფსიდი შვერილს არ ქმნის და აღმოსავლეთის კედლის სწორი სიბრტყის უკანაა “დამალული”: შემდგომ ქართული საეკლესიო არქიტექტურა შეინარჩუნებს ამ თავისებურებას იმ ძეგლებში, რომლებიც განვითარების უმთავრეს ხაზს წარმოადგენენ.

წრომის ტაძარი საუკუნეთა მანძილზე ძლიერ დაზიანდა: მას აღარც გუმბათი აქვს და აღარც – კამარები.

samwevrisiს ა მ წ ე ვ რ ი ს ი ს ე კ ლ ე ს ი ა (ქარელის რაიონი), VII ს- ის კიდევ ერთი მშვენიერი ძეგლი. იგი დგას მცირე ქედზე. ეს “თავისუფალი ჯვრის” ტიპის შენობაა.

სამწვერისი აოცებს და, მართლაც, ატყვევებს მნახველებს თავისი უბრალო და ნათელი სილამაზით. მისი ლაკონიური ფორმები არაჩვეულებრივად მეტყველია.

სამწვერისის მინიატურული ეკლესია ნათლად გვიჩვნებს, რომ ხელოვნების დიდ ეპოქებში მხატვრული მომწიფება და სისრულე დიდ ძეგლებშიაც იჩენს თავს და მცირე დძეგლებშიც. განსაკუთრებით საინტერესოა რაფინირებული სამწევრისის შედარება ამავე ტიპის ადრინდელ,V-VI საუკუნეთა ნიმუშებთან, სადაც მხატვრული ამოცანა ჯერ კიდევ ბუნდოვნად ისახება. წინსვლა მეტად თვალსაჩინოა.

აამ დროის სამოქალაქო არქიტექტურის ძეგლთაგან სხვებზე უკეთაა ცნობილი ძველი ქალაქის უ ჯ ა რ მ ი ს ციტადელი ივრის მარჯვენა სანაპიროზე (გარეკახეთი).

ქალაქი წარმოიშვა ანტიკურ და არაფეოდალურ ეპოქათა მიჯნაზე. მაშინ იგი ქართლის სამეფოს აღმოსავლეთ ნაწილში იყო. IV– VI საუკუნეებში უჯარმა თბილისსა და მცხეთასთან ერთად ერთი უმთავრესი ცენტრთაგანია ქართლის. ერთხანს აქ მეფის რეზიდენციაც იყო, შემდეგ კი საუფლისწულო ქალაქად დარჩა.
თვით საქალაქო ნაგებობათაგან აღარაფერი არ გადარჩენილა.

IV-VII საუკუნეთა ქართული მოძღვრების ზოგად ხასიათზე უპირველესად უნდა ითქვას, რომ მისი თვისებებია საერთო აგებულების სიმკაცრე და სიცხადე, სრული წონასწორობა და სიმეტრიულობა მასების, რომლებიც საფეხურებად იზრდება საფუძვლიდან გუმბათამდე; შენობათა აღქმის ფრონტალობა; დიდებულება. მონუმენტურობა და იმავე დროს, ადამიანურობა მასშტაბისა, მშვიდი პროპორციული შეფარდებანი; სამკაულთა სიძუნწე, მათი გამოყენება მხოლოდ მახვილებად, რომლებიც ხაზს უსვამს ნაგებობათა ამა თუ იმ ნაწილს. ეს “წმინდა წყლის” არქიტექტურის ხანაა, კლასიკურობის სულით განმსჭვალული ხანა, როდესაც განსაკუთრებული ძალით იგრძნობა დაუფარავი კონსტრუქციის – მძლავრი კედლის, თაღის, კამარის, ტრომპის, კონქის – სილამაზე და მატერიალურობა.

IV ს –ის დასასრულსა და VIIს-ის პირველ ნახევარში, სტილის მომწიფების პერიოდში, მიღწეულია ნაგებობის ყველა ნაწილის, მთელისა და ნაწილთა სრული ჰარმონია, სრული ურთიერთშეპირობება, კანონზომიერება. მცხეთის ჯვარი, წრომი, სამწევრისი ძალაუნებურად მოგვაგონებს მშვენიერის განსაზღვრას რენესანსის დროის დიდი თეორეტიკოსის ლეონ-ბატისტა ალბერტის მიერ: ”მშვენიერია ხელოვნების ის ნაწარმოები, რომელშიც ვერც ერთ დეტალს ვერ შეცვლი ისე, რომ ამან მთელის დარღვევა არ გამოიწვიოსო”.

თემას განვაგრძობთ გარდამავალი ხუროთმოძღვრების ისტორიულ მიმოხილვით.

მოამზადა ქეთი ჭელიძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ცოდვათა შენდობისათვის აღსარება აუცილებელია. ხოლო სულიერი ზრდისათვის კაცს მოძღვარი სჭირდება", - პაისი მთაწმინდელი.