მთავარი » ქრისტიანობა

ისიხაზმი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.02.2013 3 კომენტარი | 7,740 ნახვა

ისიხაზმი – ბერძნული სიტყვიდან მოდის და “გონებისა და სხეულის სიმშვიდეს” ნიშნავს. წმინდა მამათა ნააზრევის მიხედვით, ისიხაზმი დაყუდება საუკეთესო გზაა განწმენდისა და უფალთან შეერთებისთვის. ისიხაზმი დაყუდებული ცხოვრებაა. დაყუდებულ მოღვაწეებს ისიხასტები (დაყუდებულები) ეწოდებათ.

ისიხაზმი ქრისტიანობის დასაბამიდან არსებობს. მასზე საუბარია წმინდა წერილში. ამ თემაზე წერდნენ ადრეული საუკუნეების მოღვაწე მამები.

ისიხაზმი ქრისტიანული ცხოვრების ჭეშმარიტი სახეა. ტერმინით “ისიხაზმი” ჩვენ აღვნიშნავთ გონების გულში კონცენტრაციას.

ადამიანის გონება განწმენდისას მტკიცედ დგას გულში და იმეორებს იესოს ერთსიტყვიან ლოცვას. ერთსიტყვიანი ეწოდება, რადგან მასში მხოლოდ ერთი სიტყვა მეორდება – იესო ქრისტეს სახელი, გონება ამ დროს იცავს გულს აზრებისგან.

– რა არის ისიხაზმი? როგორ დავუახლოვდეთ ღმერთს? ამ და სხვა თემებზე “ამბიონს” სამთავისისა და გორის ეპარქიის, მარიამხევის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის მსახური სქემიღუმენი საბა (სულუხია) ესაუბრა:

“სანამ საუბარს დავიწყებდე, მინდა თავიდანვე აღვნიშნო, ძალიან ხშირად ისიხაზმთან დაკავშირებულია არასწორი გაგება, რომ, ძირითადად ისიხაზმი არის გარეგნული მეთოდები, სუნთქვითი ვარჯიშები, თავის დახრა და ასე შემდეგ, მაგრამ, რეალურად, საფუძველი ისიხაზმისა, როგორც ყველა მართლმადიდებლური, ქრისტიანული ღვაწლისა,გახლავთ ღრმა სინანული. სინანული არის ცხონების ერთადერთი გზა. სხვანაირად, ადამიანი არ ცხონდება.

მინდა ვთქვა ასეთი რამ: ქრისტიან ადამიანს ებრძვის სამი მტერი: უმეცრება, დავიწყება და უდებება.

უმეცრება – აქ საუბარია ქრისტიანობის არცოდნაზე: რა მადლი ეძლევა ნათლობისგან? რას იღებს ადამიანი ღირსეული ზიარებით, აღსარებით? რას ნიშნავს მადლის მოქმედება? როდესაც ადამიანი არის ქრისტიანი და ეს ყველაფერი არ იცის, მისთვის ქრისტიანობა მხოლოდ გარეგნული წესებისა და რიტუალების აღსრულებაა, ისიც – ზერელედ. რეალურად, ქრისტიანობა თავად ქრისტეა. ღმერთი და ადამიანი არის ერთი და მათ შორის ვერაფერი ჩადგება, გარდა ცოდვისა.

დავიწყება – ეს ნიშნავს, რომ ვიცი, რა არის ქრისტიანობა,მაგრამ მავიწყდება და ვცხოვრობ ისე, როგორც ის ადამიანი, ვინც არ იცის ქრისტიანობის არსი და მიზანი.

უდებება – რომ ეს ყველაფერი ვიცი, მახსოვს, მაგრამ მეზარება და ვცხოვრობ ისე, როგორც ზემოთხსენებული ადამიანები.

ეს სამი მტერი ებრძვის ადამიანს. თუ ადამიანმა ეს სამი რამ დაძლია და დაამარცხა, მაშინ მას არაფერი უშლის ხელს, იყოს ღმერთთან.

ახლა შევეხოთ რწმენას. რწმენა არის საწყისი და ცოცხალი. საწყისი რწმენაა, მაგალითად, როდესაც რაღაცა მოვლენის, ამბის ან ისტორიის ზეგავლენით მე დავიჯერე, რომ ღმერთი არსებობს და დავიწყე სახარებისეული ცხოვრება, ლოცვა, მარხვა, აღსარება, ზიარება, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ ბოლომდე გააზრებული არ მაქვს, თუმცა ფორმალურად მაინც ვაკეთებ. ეს საწყისი რწმენა გახლავთ. მაგრამ თუ ამას გულწრფელად ვაკეთებთ და რამდენადაც შეგვიძლია, ცოდვას ვებრძვით, გულწრფელად გადავდივართ ცოცხალ რწმენაზე, ამ დროს ადამიანში ცოცხლდება ღმერთის შეგრძნების უნარი. ამ შემთხვევაში ადამიანს შეუძლია თქვას, რომ ღმერთი სწამს და გრძნობს მას. ადამიანი ღმერთის შეგრძნებას სიტყვებით ვერ გადმოსცემს, თუმცა ის შეიგრძნობს მას. ისიხასტი რა თქმა უნდა, შეიძლება ადამიანმა ეს ყოველთვის ვერ იგრძნოს, როდესაც იგი ყოველდღიური საქმიანობით არის გართული, მაგრამ ლოცვის დროს მაინც იგრძნობს. შემდეგ ეტაპებზე კი შეიძლება ადამიანი მთელი თავისი გონებითა და გულით გრძნობდეს უფალს და სწორედ ეს არის ისიხაზმი – როცაპიროვნება მიხვდება, რომ ეს გახლავთ მისთვის ყველაზე ძვირფასი და იფიქრებს: რატომ უნდა გავცვალო რწმენა რაღაც მატერიალურში? აღარ ჩავიდენ ცოდვას, ოღონდ ეს არ დავკარგოო. როდესაც ასეთი ადამიანი შესცოდავს, ის მაშინვე მოკვდება სულიერად და მიხვდება თავის შეცდომას, მაგრამ ამას შეიცნობს ადამიანი, რომელიც უკვე დარწმუნებულია, რომ ღმერთში არის სიცოცხლე და გამოცდილი აქვს ღვთის შეგრძნების ბედნიერება.

დღეს ვინ ხვდება, რომ ცოდვას სჩადის? პირიქით, ცოდვა, ანუ მატერიალურით მიღებული სიამოვნება ბედნიერება ჰგონიათ და იბრძვიან ამ მოჩვენებითი ბედნიერებისთვის, მაგრამ, როდესაც ადამიანი მიხვდება და შეიგრძნობს, რას ნიშნავს უფალთან სიახლოვის ბედნიერება, მისთვის ყოველგვარი მიწიერი ბედნიერება თუ მატერიალური ფუფუნება გაუფერულდება და აზრს დაკარგავს.

ყოველი ადამიანი იტანჯება სულის შიმშილით, მაგრამ ამას ვერ გრძნობს, ხოლო მან, ვინც გამოსცადა სულიერი ბედნიერება და დაკარგა ცოდვის გამო, ამას განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვამს.

და რა არის ისიხაზმი? ისიხაზმი იბადება მაშინ, როდესაც ადამიანი გამოცდის ღმერთთან პირველ შეხებას. ასეთი ადამიანი ცხოვრების მიზნად ისახავს, ეს ბედნიერება აღარ დაკარგოს და არა მარტო ცოდვას, საზრუნავებსაც კი გაურბის, რომ ჰქონდეს იმის დრო და საშუალება, მაქსიმალურად, რამდენადაც ეს ადამიანისთვის შესაძლებელია, ემსახუროს ღმერთს და მისი მთელი ყურადღება გადატანილია ღმერთზე. ის ცდილობს, არანაირმა ცოდვამ ფიქრადაც კი არ გაუაროს, რათა ღვთის მადლი არ შეურაცხყოს.

– რამდენად არის შესაძლებელი, ადამიანმა ერში მიაღწიოს ისიხაზმის იდეალს იესოს ლოცვის საშუალებითა და საერო საქმეების კვალდაკვალ?

ერში, ფაქტობრივად, ეს შეუძლებელია, თუმცა არ გამოვრიცხავ, ვიღაცამ შეიძლება მოახერხოს კიდეც, მაგრამ, მე მაინც მგონია, რომ შეუძლებელია, რადგან დღეს მეტად გართულდა ცხოვრება, უამრავი საცდურია გარშემო. თუმცა ყველა ქრისტიანისთვის შესაძლებელია, იესოს ლოცვის ძალა საკუთარ თავზე გამოსცადოს. რა არის ამისთვის საჭირო? აუცილებელია სწორი ცხოვრება, ანუ სწორი ქრისტიანული ეკლესიური ცხოვრება, გულწრფელი სინანული, აღსარება, პატიოსანი ზიარება. თუ ადამიანი ამ ყველაფერს დამაკმაყოფილებლად ასრულებს, შემდგომ უკვე, ის მოძღვრის კურთხევით იწყებს იესოს ლოცვის კითხვას. რაში მდგომარეობს იესოს ლოცვა: “უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი”? იესოს სახელი მოზიარეა ღვთაებრივი ენერგიებისა, ანუ მადლის. ადამიანი როდესაც იესოს სახელს მოუწოდებს, ნელ-ნელა ეზიარება ამ ღვთაებრივ ენერგიას.იესოს ლოცვა განსაკუთრებულია იესოს ყოვლადძლიერი სახელის გამო, თუმცა, მაგრამ კიდევ ვიტყვი: იესოს ლოცვის ძალას მაშინ შეიგრძნობს ადამიანი, როცა ის ჭეშმარიტი სინანულითა და მოწიწებით აღასრულებს ყველა რიტუალს, ეს აღსარება იქნება, ზიარება, მარხვა თუ სხვა. მაგრამ დღეს კაცობრიობა განუდგა ღმერთს და მატერიალური სამყარო ძალიან მომძლავრდა. ის ამბობს: მე ვარ ერთადერთი რეალობა და სხვა რეალობა არ არსებობს, სულიერი რეალობები სისულელეა. კაცობრიობა ჩათრეულია იმ მორევში, რომელსაც მატერიალური სამყაროს მოჩვენებითი რეალობა ჰქვია და ადამიანი ფიქრობს, რომ თუ მარტო ეს არის რეალობა, რატომ უნდა დავიკლო ცხოვრებით მიღებული მატერიალური სიამოვნებაო? აი, სწორედ აქედან მოდის ყოველი ცოდვა. ადამიანი ვერ ხვდება, თუ რა სულიერ განძს მოიხვეჭს, თუ მატერიალურს უარყოფს.

ისიხაზმის ღვაწლი ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ქრისტიანულ სამყაროში. დღეს მთელი კაცობრიობა და განსაკუთრებით ჩვენ, ქართველები ვდგავართ დიდი პრობლემების წინაშე. მთელმა ქვეყანამ განვიცადეთ დიდი ტკივილი, ბრძოლები, ომები, ხელისუფლების ცვლილებები, ვცდილობთ, რომ უკეთესი საზოგადოება შეიქმნას, მაგრამ რას ვაკეთებთ ამისთვის? არაფერს, ერთ დაცემულ ადამიანს გადავაყენებთ და მოგვყავს მეორე დაცემული ადამიანი, რათქმაუნდა, გააკეთებს იგივეს, რაც გააკეთა მისმა წინამორბედმა, ამიტომ, უკეთესი საზოგადოება რომ შეიქმნას, ადამიანი უნდა გავხადოთ უკეთესი. ეს არის გზა ქრისტიანობისა და ისიხაზმისა, ისიხაზმი ადამიანს ხდის უკეთესს. ყველა პრობლემა, პოლიტიკაში იქნება, ოჯახსა თუ სხვადასხვა სფეროში, გამომდინარეა ადამიანიდან. ადამიანს თუ გავხდით უკეთესს, ამით თავისთავად მოვაგვარებთ მის პრობლემებს ყოველგვარი სოციალური ჩარევის გარეშე.

რა გარეგნული მახასიათებლები აქვს ისიხაზმს?

ისიხაზმს, რა თქმა უნდა, აქვს თავისი გარეგნული მხარე: დაბალ სკამზე ჯდომა, თავის დახრა, სუნთქვები და სხვა, მაგრამ ეს არის ინდივიდუალური. აქ არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ფორმაში ლოცულობ. თუ უძლურია ადამიანი, მან შეიძლება დაწოლილმა ილოცოს, ზოგი ფეხზე ამდგარი ლოცულობს, ზოგი – დამჯდარი. მთავარია არა ის, რა პოზაში ლოცულობ, არამედ ის, როგორი გულით ლოცულობ. მთავარია ილოცო მთელი გულით, წრფელად, ღრმა სინანულითა და თავმდაბლობით და მაშინ შეისმენს უფალი ჩვენს ლოცვას. ასე მიიღწევა ისიხაზმი.
ღვთისწყალობით, უამრავი რჩევა-დარიგება შემოგვრჩა წმინდა მამებისგან იესოს ლოცვისა და ისიხაზმის შესახებ.

იოსებ ათონელი (ისიხასტი) ამბობდა: “აიძულეთ თავი სულისა და ხორცის განსაწმენდად, არ შემოუშვათ არცერთი არაწმინდა გულისსიტყვა გონებაში.”

“გიყვარდეს იესო და დაუცადებლად ილოცე და იგი (ლოცვა) განგანათლებს მის (იესოს) გზაზე.”

“მრავალსიტყვაობას არ დაეჩვიო, სჯობს, ნაკლები ილაპარაკო, მდუმარება კი სულის სიმდიდრეა. ბევრ ლაპარაკს თუ მიეჩვევი, იესოს ლოცვასაც მალე დაკარგავ და შენს სულსაც დაქანცავ და უთუოდ ბევრ სხვა რამესაც ავნებ, რადგან მრავალსიტყვაობაში ცოდვას ვერ გაექცევი.”

წმ. სერაფიმე საროველი: “გულში მუდამ იმეორე იესოს ლოცვა: “უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი”. შთაგონებით ილოცე და შენი გონი სულს შეუერთე”.

წმ. თეოფანე დაყუდებული: “ყველა სახის ლოცვა გულიდან უნდა იწყებოდეს, სხვაგვარი ლოცვა ლოცვა არაა. ლოცვები ლოცვანის მიხედვით, თუ პირადი და მოკლე ლოცვები გულიდან უნდა მიემართებოდნენ უფლისაკენ. მით უფრო ასეთი ლოცვა უნდა იყოს იესოს ლოცვა”.

პაისი მთაწმინდელი: “ნეტარია, ვისაც გულში მთავარი ღერძი – ქრისტე ჰყავს; სიყვარულით აღვსილი შეუჩერებლივ ტრიალებს მისი წმიდა სახელის გარშემო და ღაღადებს: “უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე”.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

  • სერგი says:

    დიდი მადლობა საინტერესო თემის განხილვისთვის.

    ჩემის აზრით ისიქაზმი უფრო ბერებისთვის არის განკუთვნილი, როდესაც ვსაუბრობთ მატერიალურის უარყოფაზე და უპოვარებაზე ეს მხოლოდ ბერებს ეხებათ.

    რაც შეეხება შინაგან ცხოვრებას და იესოს ლოცვას მიმაჩნია რომ ძალიან სასარგებლოა ერიში მცხოვრები ადამიანისთვის.

    მოუკლებლად ილოცევდით (I თეს. 5,17)

  • დოდო says:

    “დოდოს დღიურიდან” (2006წელი)
    “ჩვენი ღვთისადმი სიყვარული იზომება მზადყოფნით_ მივიღოთ ჩვენთვის გამოგზავნილი ტანჯვანი და უბედურებანი და დავინახოთ მასში ღვთის ხელი. ამის ზალას მოგვცემს ის აზრი, რომ ეს განსაცდელი არის ასევე ჩვენდამი ღვთის სიყვარულის საზომი”__(მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი)
    ქრისტიანული მიდგომით, ღმერთი ავადმყოფობას გვიგზავნის როგორც სასჯელს ცოდვათატვის, ზოგჯერ უფალი ავადმყოფობით გამოცდის ჩვენს რწმენასა და მოთმინებას, რატა მოგვიზღოს, მოგვიმზადოს ჯილდო მომავალცხოვრებაში და არა მარტო მომავალში, სულიერ თვალახელილი ადამიანი დედამიწაზევე შეიგრძნობს ნეტარებას ხოციელი ტკივილის დაამებით….
    იმდენად შემაწუხა მარჯვენა ფეხის ტკივილმა, კინაღამ შევიშალე ჭკუიდან:( რა ტაბლეტები არ ვყლაპე, ა ნემსები არ ვიკეთე__ტკივილი კი უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდებოდა…თავს ვატყობდი სასოწარკვეთილების ვნებაში ვვარდებოდი. როდესაც ამას მივხვდი, ტკივილი ძალიან, რომ გამიმძაფრდებოდა “იესოს ლოცვის” კითხვას ვიწყებდი გულში. ლოცვაში ისე ვერთობოდი, ტკივილი მავიწყდებოდა:)
    რადიოში, ტელევიზიასა თუ ბილბორდებზე გაკრულ რეკლამაში ათასგვარ, სხვადასხვა დასახელების გამაყუჩებლებს გვთავაზობენ: “იცხოვრეთ ტკივილის გარეშე”, “დოლოფენი გაგიყუჩებთ აბსოლუტურად ყველა ფიზიკურ ტკივილს” ა.შ. და ა. შ.
    თითქმის ყველა გამაყუჩებელი მოვსინჯე__არაფერმა მიშველა:(
    მერე მორიგი რეკლამის მოსმენის თუ წაკითხვის შემდეგ, გონებაში, პროტესტის გამომწვევი აზრი გამიჩნდა. გავიფიქრე: “რა უბედურებაა ეს?!! გაგიყუჩებთ “ხორციელ” ტკივილს?!! ე.ი. რაღაც დროის მონაკვეთში გაგიყუჩებთ, მერე ისევ აგტკივდება, მაგრამ არაუშავს კიდევ დალევ, ახლა სხვა დასახელების წამალს, რომელიც უფრო ხანგრძლივი დროის მანძილზე შენში ჩაბუდებული ეშამკის ბოროტ ზრახვებს. ღმერთი თუ არ მიგატოვებს…ტკივილი არ გაგიყუჩდება. სანამ შენი მფარველი ანგელოზი არ მიგახვედრებს შენი სულის რომელი კუნჭულია ჯერ კიდევ ბნელით მოცული. შენი სულის, რომელ ბნელ კუნჭულშია ეშმაკის თავშესაფარი, სადაც სიბნელეს შეფარებული “ბოროტი” ხორცისათვის მაამებელ და სულისათვის დამღუპველი შხამით, წვეთწვეთობით სწამლავს ღვთის სახლად ანუ ტაძრად, სული წმიდის ნავსაყუდელად შექმნილ ადამიანის სხეულს. “ზრახვაი იგი ხორცთაი მტერობა არს ღმრთისა(რომ.87)
    ერთ დღესაც, ჯიხურის უკან ვზივარ. საშინლად მტკივა ფეხი:(
    ხორციელი ტკივილით გატანჯული, იესოს ლოცვას ვბუტბუტებ ჩუმად და პირჯვარს ვიწერ…მაგრამ გაოგნებულმა, შევამჩნიე, რომ თუ მანამდე “იესოს ლოცვა” მშველოდა, რაღაც მომენტში ტკივილი ცოტა ხნით მაინც ქრებოდა(მავიწყდებოდა), ახლა რაც უფრო მონდომებით ვლოცულობ, მით უფრო მეტად მიმძაფრდება ტკივილი:(
    რაღაც ძალამ ლოცვა მიმატოვებინა და მაიძულა, ჩამეხედა ჩემს სულსი, რათა, რაც არ უნდა დამჯდომოდა ამომეცნო, კონკრეტულად, რომელი ცოდვის გამო ვიტანჯებოდი ასე ძალიან__”ხორცის” ტკივილით. ეშმაკი კი ჩამძახოდა: “რის ცოდვა, რა ცოდვა, უბრალოდ ავად ხარ. ნევის ანთება გაქვს, მიდი ექიმთან და იმკურნალე:) ექიმები იმისთვის არსებობენ, რომ ხორციელი ტკივილი მოარჩინონ. შენ კი აგიჩემებია “იესოს ლოცვა”…იესოს ლოცვა, რომ წამალი იყოს აფთიაქში გაიყიდებოდა__საშინელმა მკრეხელურმა აზრმა გამიელვა უცებ:(
    სასწრაფოდ გადავიწერე პირჯვარი და კვლავ იესოს ლოცვა წარმოვთქვი.
    თან უფალს მთელი გულით შევსთხოვე, დამხმარებოდა: “უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო: ღირსი კი არ ვარ, მაგრამ გთხოვ შემეწიე, შემიწყალე და გამინათე გონება” მერე გამახსენდა სადღაც წაკითხულიწმ. მოციქულისა და მახარებლის_იოანეს ნათქვამი სიტყვები: “ვინცა სცოდა, იგი ეშმაკისაგან არს, ვინაიდან დასაბამიდან ეშმაკი სცოდავს, იმიტომაც მოგვევლინა ძე ღვთისა, რათა დაერღვია ეშმაკის საქმენი(1.იოანე 3.8.)
    აბა დამაცადე, რა გიყო ღვთისა და ადამიანის მტერო ეშმაკო! მაშ, უბრალოდ ავად ვარ არა?! ეს იგი შენი მოკლე ჭკუით უცოდველი ვარ და ღმერთი უსამართლოდ მსჯის(ხორციელი ტკივილით) არა?!! ე.ი. შენ გინდა გამაბრიყვო?!! გგონია დამარწმუნებ, რომ შენ არ არსებობ არა?!!…და შენ თუ არ არსებობ არც ცოდვა არსებობს ხო?! მართალია შენ არ არსებობ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი გაურბის შენთან დამეგობრობას, გამხელს და განგაგდებს, განგეშორება…
    ღვთის შეწევნით მრავალ ბრძოლაში დამიმარცხებიხარ და არც ამ ბრძოლაში მიმატოვებს ყოვლად სახიერი ღმერთი, რამეთუ “სწორედ იმიტომაც მოგვევლინა ძე ღვთისა, რათა დაერღვია ეშმაკის(შენი) საქმენი”..
    მაშ, რა არის ხორცისთვის მაამებელი და სულისთვის დამღუპველი ცოდვა? ჰო მიდი, მიდი თქვი! ჩემო ცოდვილო თავო, ვისი გრცხვენია ეშმაკის?! ღმერთმა ხომ ისედაც ყველაფერი იცის?! და ყველგან ხედავს, შენს გულში გაელვებულ ფიქრსაც(ანუ ზრახვასაც) კი ხედავს?!
    უპირველესი ხორცისთვის მაამებელი ცოდვა არის მრუშობა და სიძვა…
    “მერე შენ მრუში ხარ? არ გრცხვენია შენს თავზე მაგას, რომ ამბობ?”__თავი წამოჰყო ეშმაკმა, კვლავ.
    “ენა ჩაიგდე შე მაცდურო შენა! დიახაც მრცხვენია, მაგრამ იმის კი არა, ჩემს თავზე ამას, რომ ვამბობ ახლა, არამედ იმის დაგვიანებით, რომ ვაღიარებ!!” მრუშობა და სიძვა მარტო ის კი არ არის, მაინც და მაინც მამაკაცთან დაწვე. არც ამდაგვარი ცოდვებია ჩემთვის უცხო ხილი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩემი ჩვილი შვილის საწოლთან დაჩოქილმა, ღმერთს< ცრემლის ღვრით შევსთხოვე შენდობა და მივეცი აღთქმა, აღარასოდეს დავწვები_მეთქი კაცთან, აგერ უკვე 4 წელია(ისევ და ისევ ღმერთის შეწევნით)აღთქმა არ დამირღვევია"
    "მაგრამ შენ ხომ, შე უწმინდურო, ადამიანს თავს არ დაანებებ?! შენგან აღძრული "ზრახვაი იგი ხორცთაი", ხშირად მაცდუნებდა და მეც შენს ნებას დამორჩილებული "ხელთმრუშობით" ვიკმაყოფილებდი ხორციელ ვნებას…
    აუუუუ!! ვთქვი, ძლივს ვძლიე ცრუსირცხვილს!
    ღმერთო თავისუფლად ამოვისუნთქე! მივხვდი ეშმაკს "კუდში" ვწვდი. გმადლობ უფალო, რომ გამინათე გონება და მომეც ძალა მეძლია სირცხვილისათვის და მემხილებინა, უკვე ჩვევაში გადასული ბილწება ჩემი ცოდვილი სხეულისა…
    გმადლობ, სწორედ ამ ტკივილისათვის, რომელმაც მაიძულა ჩამეხედა ჩემი სულის ბნელ კუნჭულში, "კუდში" ვწვდომოდი სატანას და სააშკარაოზე გამომეთრია იგი!
    გმადლობ უფალო, რომ მომეცი ძალა უარმეყო ცრუ, დამღუპველი სირცხვილი, ეს ცოდვათა მფარველი და "დედა" მისი_ამპარტავნება;
    გევედრები გამაძლიერე უკვე აღიარებული ცოდვის წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა დავძლიო, შევიძულო იგი, რამეთუ იმდენხანს ვფარე იგი, სული ჩემი დაწყლულებული, დაავადებულია უკვე. განმკურნე უფალო იესო ქრისტე სიყვარულით შენით! და სანამ ჩემი სული არ განიკურნება შენდამი სიყვარულით, მანამ ნუ განკურნავ შენ ჩემს "ხორციელ" ტკივილს, რამეთუ მხოლოდ შენ ხელგეწიფება კურნება, როგორც სულისა ისე ხორცისა.
    ასე ვთხოვე უზენაესს სემწეობა და გადამწყვეტი ბრძოლისათვის მოვემზადე: გავაძლიერე ლოცვა, წმინდა წერილისა და სასულიერო ლიტერატურის კითხვა…მაგრამ არც ეშმაკს ეძინა.
    "არის ეშმაკი, რომელიც სარეცელზე წოლისას მოვა და ბოროტი და უწმინდური ზრახვებით(ფიქრებით) ცდილობს ჩვენს შებილწვას; ამიტომ თუ ჩვენ უდებება(სიზარმაცე)დაგვძლევს, მის წინააღმდეგ ლოცვით არ აღვიჭურვებით და ამ ბოროტი ზრახვებით დავიძინებთ, ბილწი სიზმრები მოგვიცავს"_ღირსი იოანე სინელი…"აი სწორედ ეს ეშმაკი მებრძვის. აღმოვაჩინე მე და გამახარა ამ აღმოჩენამ__"რადგან მღვიძარებისას, კარგახანია აღარ ჩამიდენია ეს ცოდვა. როგორც ჩანს, ჩემი თავის წინაშეც არ ვაღიარებდი ხმამაღლა, რომ ამ ცოდვის მონა ვიყავი. მაგრამ გაწმენდისკენ მიდრეკილი ჩემი გული, ჩემი ქვეცნობიერი, ფარულად მაინც ებრძოდა მას. შედეგად მღვიძარებისას ჩემი გული დახშული იყო უკეთური აზრებისათვის და შესაბამისად,მათგან აღძრული აშკარა ქმედებებისათვისაც. ე.ი. ცოდვის ჩადენისათვისაც. მაგრამ "მზაკვარი" სწორედ, რომ სარეცელზე წოლისას ჩამისაფრდებოდა ხოლმე და ბილწი, ეროტიკული სიზმრებით მაცდუნება, რადგან არ ვაღიარებდი მათ ხმამაღლა და არ ვებრძოდი, არ ვეწინააღმდეგებოდი მათ ლოცვებით:(
    მაგრამ უფალმა ღმერთმა არ მიმატოვა და და მომივლინა ტკივილი ხორციელი, განსაწმენდელად და სამკურნალოდ სულისა ჩემისათვის.
    "სულიერი უბედურებები ხდება ჩვენსი სიამაყისაგან, ხოლო სხეულებრივი ხშირად დაშვებულია ღმერთისაგან ჩვენდამი სიყვარულის გამო, როგორც ეს მოუხდა იობს"__გვასწავლის წმინდა სილუან ათონელი.
    მეც ამ სწავლებით გამხნევებულმა, მადლობა სევწირე უფალს მისი ჩემდამი სიყვარულის გამო და იმ ღამით მხურვალეთ ვილოცე: "უფალო, შემიწყალე!. ნუ დამტოვებ სარეცელზე წოლისას ეშმაკტან პიისპირ მარტო! ლოცვით დავიძინე:)
    სიზმარი ვნახე(თუ ხილვა?)…ხმა ცამესმა: "უფალს გაუმარჯოს! უფალს! უდიდეს სიყვარულს…პირველ სიყვარულს"__სადღეგრძელოთი ადიდებდა უფალს ვიღაცა…
    "არა, მე ამ სადრეგრძელოს არ დავლევ!!!"__ ჩამესმა მეორე ხმაც, რომელიც ისეთი ცივი იყო, შიშისგანძარღვებში სისხლი გამეყინა.
    "ვითომ რატომ?!"_იკითხა პირველმა.
    "იმიტომ, რომ სიყვარული ღმერთი არ არის! ღმერთი__ ღმერთია!!! სიყვარული კი სიძვის დედაა!! სიყვარულმა შეაყვარა ცოდვა ადამიანებს"__უპასუხა მეორემ.
    დაზაფრულს გამომეღვიძა:( ცივი ოფლი მასხამს და ყურში გუგუნით ჩამესმის ხმა:"სიყვარული სიძვის დედაა!"
    ლოგინში წამომჯდარმა ყურები თითებით დავიხშე. საძულველი ხმა ჩაკვდა და მის მაგივრად კეთილხმოვანი ხმა ჩამესმა:__"შეიყვარე ღმერთი ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა გონებითა შენითა, ყოვლითა ძალითა შენითა!"
    ყურებიდან თითები გამოვიღე, პირჯვარი გადავიწერე და ხმამაღლა ვთქვი: "მიყვარხარ, მიყვარხარ უფალო ჩემო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო"
    …სიყვარულმა კი არა ამპარტავნებამ, ამპარტავნების ცოდვით დაცემულმა ანგელოზმა სატანამ აცდუნა ადამიანი და მან მიატოვა ღმერთი(სიყვარული).
    "რისთვის მიმატოვე ადამიანო?__წმინდა ეპისკოფოს ტიხონ ზადონელის პირით გვყვედრის უფალი__რისთვის მაქციე ზურგი შენს მოყვარულს?…რატომ დაემონე მტერსა ჩემსა?…მე ტქვენი ყველაზე საუკეთესო მეგობარი ვარ, მაგრამ თქვენ არ გიყვარვართ მე; და თუ თქვენ არა ხართ ბედნიერნი, ნუ დამადანაშაულებთ მე!;
    …გაიხსენე, შენთვის დამამცირებელი სიკვდილით მოვკვდი.
    …ამისკენ ჩემმა სიყვარულმა და გულმოწყალებამ მომიწოდა. მე არ შემეძლო მომეთმინა, რომ შენ ესე გეტანჯა.
    …ნუთუ შენ ამ ჩემს სიყვარულს უარყოფ?
    …სიყვარულის წილ სიძულვილს მომაგებ?"
    არა, არა ვეღარ მომატყუილებ "მტყუვარტა მამავ",უწმინდურო სულო ეშმაკო! მე შენ გაგაბუნძულებ, როგორც ჩემი სულიდან ისე ჩემი სხეულიდან და შენ ისე გაიძურწები ჩემგან, როგორც ჩემს ხილვაში გაიძურწე, კუდამოძუებული, ნაცემი ძაღლივით"__დავექადნე ბოროტს, იესოს ლოცვა წარმოვთქვი რამოდენიმეჯერ და დავიძინე.
    დილამდე უშფოთველად მეძინა.
    დილით კარგ ხასიათზე გამომეღვიძა, რაღაც გაუთვითცნობიერებულ სიხარულის გრძნობას ვყავდი ატაცებული, რაღაც მიხაროდა და რა?!! არ ვიცოდი.
    …ავდექი, ფეხი აღარ მტკიოდა:)
    ეს იყო 2007 წლის აგვისტოს დასაწყისში…
    …დიდება შენდა უფალო! გმადლობ იესო, რომ ყოველთვის ჩემს გვერდით კი არა და ჩემში ხარ. ახლა კი ნამდვილად მაქვს, შენგან ბოძებული უფლება იმის თქმისაც, რომ მეც შენში ვარ:)
    გმადლობ, ყველა იმ განსაცდელისატვის, რომელსაც ჩემი სულის განსაწმენდად მომივლენდი ბავშვობიდანვე და ამ ცხოვრებაშივე,რამეთუ ღრმად მწამს "ამ სოფლიური" ჩაბარებული ეს გამოცდა ჩემს სულს, საჰაერო საზვერეებში გამოცდის ჩაბარებას გაუადვილებს.
    გულწრფელი ლოცვით გთხოვ! კვლავაც არ დატოვოს შენმა ნათელმა და გამაძლიეროს ეშმაკეულთან შემდგომ ბრძოლაში, რადგან ვიცი, სანამ ჩემი "ხორცი' ცოცხალია ეშმაკი არასოდეს შეწყვეტს ბრძოლას ჩემი სულის წარსაწყმედად!!!"

  • თამარი says:

    დიდი მადლობა ასეთი შემეცნებითი სტატიისათვის.ჩემი აზრით მთავარია ლოცვას ადამიანების ადამიანური ქცევაც სდევდეს თან .ღმერთს ემსგავსებოდეთ ხო არ ნიშნავს ილოცო და თან გძულდეს ადამიანი

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი