მთავარი » ეკლესია-მონასტრები

XIII ს-ის ირქას წმ.გიორგის სახ. ტაძარს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.09.2017 | 1,098 ნახვა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფ. ვალეში მდებარე ირქას წმ. გიორგის სახელობის ეკლესია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა (2017 წელი, 30 ივნისი).

ირქას წმ.გიორგის სახ. ტაძარი

ეკლესია აგებულია სპეციალურად გაკეთებულ ბაქანზე, რომლის კიდეს ქვის მშრალი წყობით ნაგები გალავანი შემოუყება. ტაძარი დარბაზულია (8.3×5.67 მ) ჩაწერილი ნახევარწრიული აბსიდით. დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე. ნაგებია რუხი ფერის კარგად დამუშავებული ქვით. შესასვლელი დასავლეთის კედელშია. სამხრეთის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებში თითო ვიწრო, თაღოვანი სარკმელია. ნახევარწრიული აბსიდის ღერძზე სარკმელია გაჭრილი. მის მარჯვნივ ფართო და ღრმა თაღოვანი ნიშაა, მარცხნივ კი შედარებით მომცრო და ოთხკუთხა. ამ ნიშის თავზე კიდევ უფრო მცირე ზომის ოთხკუთხა ნიშაა. დარბაზისგან გამოყოფილია ფართო პილასტრებით და მასზე გადაყვანილი კამარის საბჯენი თაღით. ასეთივე თითო პილასტრია გრძივი კედლების შუაშიც, რომლებიდანაც კამარის საბჯენი თაღი გადადიოდა. თითო პილასტრი თავისი თაღით დასავლეთის კედლის კიდეებშიცაა გაკეთებული. პილასტრებს შორის თითო დეკორატიული თაღია გაკეთებული.

ირქას წმ.გიორგის სახ. ტაძარი

ტაძარს საპერანგე წყობა თითქმის არ შემორჩა. გამონაკლისია ჩრდილოეთის კედელი, რომლის ზედა რიგის პერანგია შემორჩენილი და აღმოსავლეთის კედელი. მის შუაში სარკმელს ზემოდან გამოსახული ყოფილა რელიეფური და ორნამენტით შემკული ჯვარი. ამჟამად მისი მკლავია შემორჩენილი. ტაძრის კედლები რელიეფური ქვის თაროსებრი ლავგარდნით სრულდება.

ირქას წმ.გიორგის სახ. ტაძარი

ტაძარი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია. ესაა XIII ს. დამახასიათებელი დარბაზული ტიპის ეკლესია მაღალი კონსტრუქციებით, რომელშიც კარგადაა შერწყმული ამ ეპოქის საქართველოს არქიტექტურულ სტილში გაბატონებული ცალკეული ელემენტები და ორნამენტები, რომლებიც შემდეგ სამცხის საათაბაგოს არქიტექტურაში აგრძელებს არსებობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ტაძარი იმსახურებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის განსაზღვრას.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი