მთავარი » საეკლესიო ხელოვნება

ირინე ჩუტკერაშვილის ხატწერა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.08.2011 3 კომენტარი | 4,297 ნახვა

“ღმერთი რასაც მეტს გაძლევს, მეტს გთხოვს”…

ირინე ჩუტკერაშვილიიყო პერიოდი, როცა საქართველოში ძალიან ბევრი ტაძარი დაკეტილი გახლდათ. არ მოქმედებდა არც ხაშურის რაიონში, სოფელ წრომში მდებარე VII საუკუნის წრომის ეკლესია. თუმცა ტაძრის მახლობლად გაზრდილ მომავალ ხატმწერზე ბავშვობის შთაბეჭდილება და ინტერესი საეკლესიო საიდუმლოებების მიმართ მის შემოქმედებით ხასიათზე მნიშვნელოვნად აისახა.
ქვეყანაში ვითარება მალე შეიცვალა. ადამიანებმა ტაძარში სიარული დაიწყეს. ქალბატონი ირინეც ამ დიდი სიკეთის მაზიარებელი გახდა. მიხვდა, ღვთის წყალობით თუ ხატმწერი გახდებოდა, ეს დიდი ბედნიერება იქნებოდა და როგორც ქრისტიანი ადამიანი, ვალდებულადაც თვლიდა თავს, ღვთის სამსახურში ყოფილიყო.

ირინე ჩუტკერაშვილის ხატებს მრავალ ეკლესია-მონასტერში შეხვდებით. ბევრიც საზღვარგარეთაა გატანილი ქართველი ემიგრანტებისა თუ უცხოელი ტურისტების მიერ. ხატწერა 1995 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ დაახლოებით 3 000-მდე ხატი აქვს შექმნილი. ამჟამად დროის დიდ ნაწილს შვილების – გაბრიელისა და თეკლეს გაზრდას უთმობს, თუმცა ცდილობს, მთავარ საქმესაც არ მოსწყდეს. ხატწერაც ხომ გადაუდებელია, გვერდს ვერ აუვლი?! როგორც ბავშვზე, მასზეც გამუდმებით უნდა იზრუნო.

“ამბიონი” ხატმწერს, მხატვარსა და რესტავრატორს ირინე ჩუტკერაშვილს თავად გაესაუბრა.

ირინე ჩუტკერაშვილი: “როგორც ყველა ბავშვი, მეც ვხატავდი. არაფერი ამაში გამორჩეული არ იყო. თუმცა როცა პროფესიის არჩევის დრო დადგა, გადავწყვიტე მხატვრობის გზას გავყოლოდი. ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში სწავლისას ჩემმა პედაგოგმა, რომელიც მორწმუნე ადამიანი გახლდათ, მითხრა, რომ ხატწერა ძალიან საინტერესო და დიდი სფერო იყო. მირჩია, მეც დავინტერესებულიყავი და მომიტანა საეკლესიო ალბომები. პირველად სწორედ მან მაზიარა ამ ხელოვნებას. სამხატვრო აკადემიაში სწავლა რესტავრაციის ფაკულტეტზე გავაგრძელე. გავეცანი ხატწერის სტრუქტურას, ტექნიკას, გამომსახველობას და რესტავრირების შესწავლის პარალელურად უფრო მეტად დავუახლოვდი მას.

სწავლა ქართული ხატწერის შესწავლით დავიწყე. პედაგოგი ისეთ ხატებს გვირჩევდა, რაც შედარებით ადვილი აღსაქმელი იყო გრაფიკულად, ტექნიკურადაც და შეგვეძლო იმიტირება. მალე ეს აღარ გაკმაყოფილებს და როდესაც კლასიკურ, რთულად შესასრულებელ ხატწერაზე გადადიხარ და მასაც დაძლევ, მიხვდები, ეს ყოფილა ძალიან საინტერესო, შინაგანი სამყაროსა და დიდი შინაარსის მატარებელი პროცესი”.

ამავდროულად, რესტავრატორიც ხართ…

ნიკოლაძის დამთავრების შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ფერწერის რესტავრაციის ფაკულტეტზე გავაგრძელე სწავლა. ასპირანტურაში კი პრაქტიკებს ხელოვნების მუზეუმში რესტავრაციის განყოფილებაში გავდიოდი. განყოფილების გამგის, ბ.-ნი ჯონი ახობაძის რეკომენდაციითა და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მუშაობა საპატრიარქოში არსებულ სარესტავრაციო განყოფილებაში დავიწყე. ბედნიერება მხვდა წილად და რამოდენიმე წლის განმავლობაში საპატრიარქოს არქივიდან უნიკალურ ხატებთან მქონდა შეხება. ადრე საპატრიარქოში ხანძარი მომხდარა და ქეთევან მაღალაშვილის “კათოლიკოს ეფრემ მეორის“ ფერწერული ტილო დამწვარა. დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი, როცა პირველად ამ ნამუშევარზე მომიწია მუშაობა. შემდეგ მოხდა პატრიარქის ოჯახის, ღვთისმშობლის ხატების რესტავრაცია. სამწუხაროდ, დღეს საპატრიარქოში ეს განყოფილება აღარ არსებობს.

განსაკუთრებულად საფრთხილოა სახლის პირობებში რესტავრაციაზე მუშაობა. კვლევა, ფოტოფიქსაციაა საჭირო და თუ ტექნიკური თვალსაზრისით ჩემს ძალებს აღემატება მისი დამუშავება, ხელს არ ვკიდებ. შეიძლება უარესადაც კი დააზიანო მასალა. სამეგობრო წრე ერთმანეთს ხშირად ვეხმარებით, ვაძლევთ რჩევებს და ვაკეთებთ ანალიზს, რა და როგორ აჯობებს. ბევრი კითხვა, შრომა და გამოცდილებაა საჭირო.

თანამედროვე ხატწერაში თუ შეიმჩნევა რაიმე ტენდენციები?

მაცხოვარიადრე ხატმწერები საეკლესიო პირები, უშუალოდ ბერები იყვნენ. ხატმწერი თეოფანე კრეტელი (ბერძენი) თავისუფალი ხელწერის მატარებელი გახლდათ. მისი ფრესკები შემოქმედებითია. ვთქვათ, თვალს გუგებს არ უკეთებდა, მაგრამ ეს არ იყო კანონიკის დარღვევა. მთავარია ჭეშმარიტ მხატვრობას ემსახურო. შემოქმედებითი თვალით უნდა შეხედო ყველაფერს და ღვთის საწინააღმდეგოს არაფერს გააკეთებ.

ბევრი დამკვეთი ითხოვს, ხატის ზუსტი ასლი გავაკეთო. როცა თავისუფალი არჩევანის საშუალება მაქვს, ვცდილობ ჩემეული სახე მივცე ხატს.

ხშირად ვეცნობი თანამედროვე ხატმწერების ნამუშევრებს. დღეს ბევრი სტილის ხატი იწერება, მაგრამ ცოტაა რეალურად კარგი. ზოგჯერ პოპულარული ხატმწერებიც კი დამწყების დონეზე ხატავენ და ბევრს ეს დიდი შრომის ნაყოფი ჰგონია.
თუმცა სასწაული, ღვთის წყალობით, ნებისმიერმა ხატმა შეიძლება მოახდინოს. სასწაულს ხომ რწმენა ახდენს?! მე რადგან მხატვარიც ვარ, ტექნიკური თვალითაც ვუყურებ და მსიამოვნებს, როდესაც კანონიკური ხატი კარგად არის შესრულებული ხატწერის თვალსაზრისით და მხატვრულადაც ძლიერია.

თქვენ ხატმწერის პედაგოგადაც მუშაობდით … ყველას შეუძლია ისწავლოს ხატის დაწერა?

ოჯახის გამო პედაგოგად ცოტა ხანს ვიმუშავე… შრომის შედეგად ყველას შეუძლია რაღაც დონეზე რაღაც დახატოს, თუნდაც დაწეროს ხატი, ან შექმნას ფერწერული ნამუშევარი, მაგრამ ხშირად ეს არ არის ჭეშმარიტი ნამუშევარი. არ დევს მასში შემოქმედებითი იმპულსი და არც სულიერება არ გამოსჭვივის. ზოგჯერ მინახავს რაიმე ნამუშევარი და ისე ავფორიაქებულვარ, იმ წამსვე მომდომებია საღებავს შევხებოდი, ემოცია, რასაც ის მხატვარი განიცდიდა, ჩემზე გადმოსულა. ესაა შემოქმედებითი იმპულსი.

ბევრს შეიძლება მსგავსი რამ მარტივ ნიმუშად მოეჩვენოს, რომ მის შესრულებას ყველა შესძლებს… პროფესიონალურ ნამუშევარს ზოგი ვერ წვდება, ამას სხვანაირი ხედვა უნდა.

ქალბატონო ირინე, ოჯახთან ერთად როგორ ახერხებთ ყოველდღიურად მუშაობას?

მცირეწლოვანი ბავშვების აღზრდის მიუხედავად, როცა შეკვეთა მაქვს ეკლესია-მონასტრისა თუ კერძო პირისგან, ვცდილობ, დრო გავანაწილო. დღეში თუნდაც 2 საათით ვიმუშავო. ყველა ხატს სხვადასხვა სირთულე აქვს. შეიძლება ერთ ხატზე 1 კვირა, თვე ან უფრო მეტიც დამჭირდეს. გააჩნია, რა მოცულობისა და კომპოზიციის ხატია შესასრულებელი. ახლახან სამების ტაძრისთვის ვმუშაობდი “წმიდანი ათორმეტნი უვერცხლონის” ხატზე. ის მოცულობითაც დიდი იყო, ტექნიკურადაც რთულად შესასრულებელი და 3 თვე გაგრძელდა მასზე მუშაობა.

წმიდა გიორგიხშირად ხატის დაწერის დროს რაც გინდა, ბოლომდე იმას მაინც ვერ აკეთებ. დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გიჩნდება. როცა რაღაც მაწუხებს, ბევრჯერ ამომირეცხავს, წამიშლია დეტალი. ვცდილობ, ღვთის წყალობით, ცოტა მაქსიმუმს მაინც მივაღწიო და გადმოვცე ის, რაც მე მინდა და თვალსა და გულს შორის არის ჩაფიქრებული.

როცა შეიქმნი ხატწერისათვის შესაბამის გარემოს, წაიკითხავ ლოცვას, დაანთებ სანთელს, გამოეთიშები ყოველდღიურ პრობლემებს, საოცარი შინაგანი სიმშვიდე გეუფლება. ეს რომ არ იყოს, ძალიან გამიჭირდება.

ყოველდღიური შრომა უნდა ხატწერას. არ თქვას ვინმემ, რომ წლების მერე გააგრძელებს შეწყვეტილ მუშაობას. შინაგანადაც უნდა გინდოდეს და ტვინიც უნდა გაძლევდეს განუწყვეტლივ შრომის იმპულსს. ერთხელ და ორჯერ თუ აღელვდები, მერე ვერანაირად ვეღარ დაანებებ თავს, სულ გექნება სურვილი, ამ პროცესს დაუბრუნდე.

თქვენ მიერ დაწერილ ხატს სასწაული თუ მოუხდენია?

ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, გარკვეული დროის შემდეგ მოძღვარს ან მეგობარს უთქვამს, რომ ხატი სასწაულთმოქმედი გახდა. მაგრამ აქ მე არაფერ შუაში ვარ, ეს ღვთის ნებით ხდება. მე და ჩემმა მეუღლემ დაქორწინებამდე შევასრულეთ წმიდა იერონიმეს ხატი, რომელიც დაბრძანებულია ბორჯომის რაიონში, ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში. ახლო მომავალში ჯვარიც დავიწერეთ. წლების შემდეგ გვითხრეს, რომ ხატი შეყვარებულთა მფარველი გახდა და დაქორწინების მსურველნი მასზე ლოცულობენ.

გაბრიელზე ვიყავი ორსულად, როცა სარკის წმიდა გიორგისთვის ხატი დავწერე. მამა იოანემ ხატი, რომელიც საკმაოდ დიდი მოცულობის იყო, ქარელის რაიონში ხელით წაიღო და 4 დღე და ღამე იმგზავრა. დღეს ამ ხატს შვილიერებაზე ევედრებიან. შეიძლება მამაოს დამსახურება უფრო დიდია, ღმერთმა ამ ხატს ამხელა მადლი რომ შესძინა.

ხატწერის ნიჭი რამდენადაც სასიხარულო და ბედნიერებაა, იმდენად დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. ღმერთი რასაც მეტს გაძლევს, მეტს გთხოვს. ოჯახს განსაცდელი მუშაობის პროცესში მოგვვლენია, მაგრამ ამას ხატწერას არ ვუკავშირებ. არასდროს მიფიქრია, რომ ღმერთს ვემსახურები და ეს რატომ დამემართა. ბევრს ჩემზე მძიმე განსაცდელი აქვს, მაგრამ ყველამ დიდი შრომის ფასად ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ.

თეონა ნოზაძე

გთავაზობთ ირინე ჩუტკერაშვილის მიერ რესტავრირებულ და დაწერილ ხატებს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

  • ana says:

    maqvs bedniereba rom piradad vicnobde irines da mis shemoqmedebas,udavod unichieresi xelovani da usayvarlesi adamiania,upalma gvimravlos irine shennairo nichieri da sulierad spetaki adamianebi,miyvarxar dzalian :*

  • ნინო says:

    ირინესნაირი ღვთისნიერი,კეთილი,სათნო და სანდომიანი ადამიანები გვიმრავლოს ღმერთმა.დალოცვილი იყავი შენს ლამაზ ოჯახთან ერთად.ძალიან დიდ პატივს გცემ.გაიხარე,მეტი და მეტი ხატები დაგეწეროს.

  • ირინე საკმაოდ კარგი მხატვარია, ძალიან კარგი პიროვნება, პროფესიონალია და ყოველთვის ხალისიანი და კეთილი… ღმერთმა გაგახაროს შენს ოჯახთან ერთად :) რამდენი კარგი მოგონება დაგვრჩა აკადემიის ხატწერის სახელოსნოში:)))))))))) ის დრო სულ მენატრება, მიუხედავად იმისა რომ ძირითადად გაყინულ სახელოსნოში და მშივრებს გვიწევდა ხატვა :)))))

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი