მთავარი » საეკლესიო ხელოვნება

ირაკლი ლიჩელის ხატწერა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.01.2015 | 2,127 ნახვა

ხატმწერ ირაკლი ლიჩელის მიერ დაწერილი ხატები მრავლადაა დაბრძანებული საქართველოს თუ მის ფარგლებს გარეთ არსებულ ტაძრებში. მან პირველად მთავარანგელოზ გაბრიელის ხატი დაწერა. როგორც ხატმწერი დღეს აღნიშნავს, ირაკლი ლიჩელი ხატი იკონოგრაფიულად და მხატვრული თვალსაზრისით მეტ-ნაკლებად გამართული იყო, რასაც გამოუცდელობით ხსნის. ეს ნამუშევარი მისთვის განსაკუთრებულად ძვირფასია და დღესაც მის სახელოსნოშია დაბრძანებული.

ირაკლი ლიჩელმა ხატწერის მიმართულებით აქტიური მუშაობა სასულიერო აკადემიაში სწავლის მეოთხე კურსიდან დაიწყო და დღემდე ინტენსიურად მუშაობს.

“მადლობა ღმერთს, ყოველი ნამუშევარი რაღაცით უკეთესია წინაზე და ეს უფრო მიძლიერებს ენთუზიაზმს”, – აღნიშნა ხატმწერმა “ამბიონთან: საუბრისას, რომელსაც საკუთარი შემოქმედების შესახებ ვესაუბრეთ.

ირაკლი ლიჩელი: “ხატვა ბავშვობიდან მიტაცებდა, ვხატავდი ყოველთვის როცა ამის საშუალება მქონდა. მახსოვს, სკოლაში სწავლის პერიოდში, რვეულის უკანა ფურცლები მთლიანად ნახატებით მქონდა სავსე. სამწუხაროდ, ქალაქ ხაშურში, სადაც გავიზარდე, სამხატვრო სკოლა არ იყო (არც დღეს არსებობს), სადაც შევძლებდი უფრო სიღრმისეულად მესწავლა ხატვა. სკოლას იმ წელს ვამთავრებდი, როცა ეკლესიაში სიარული დავიწყე და ჩემი უფროსი ძმის რჩევით მის მოძღვარს (ამჟამად ჩვენი ოჯახის მოძღვარს) მამა ილია გოგოლაძეს დავუკავშირე ჩემი სულიერი ცხოვრების წარმართვა. რაც დრო გადიოდა უფრო და უფრო მაინტერესებდა რელიგიური საკითხები. სწორედ ამ პერიოდში გავიგე სასულიერო სემინარიის არსებობის შესახებ, გავარკვიე ისიც რომ ამავე სასწავლებელში არსებობდა ხატწერის ფაკულტეტიც, გადავწყვიტე ჩამებარებინა და ჩემი მომავალი საეკლესიო მხატვრობისთვის დამეკავშირებინა.

2008 წელს თბილისის სასულიერო აკადემიის ხატწერისა და ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი. უნდა აღვნიშნო რომ პედაგოგებში ძალიან გამიმართლა, ხატწერას და რესტავრაციას ისეთი მაღალი დონის პროფესიონალები მასწავლიდნენ, როგორიც ბატონი მერაბ ბუჩუკური და ლაშა ვანიძე არიან. ჯვარცმა პირველი კურსის დასრულებიდან აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას ისეთი სერიოზული ძეგლების საკონსერვაციო სამუშაოებში როგორიცაა: საფარის წმ.საბა განმწმედელის სახელობის ტაძრის, თბილისის სიონის, ლეჩხუმში-სოფელ დერჩის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის მოხატულობები.”

რას ნიშნავს თქვენთვის წმიდა ხატის დაწერა?

ხატწერა ჩემი ცხოვრების წესია, უკვე ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება ამ საქმის გარეშე, ამ დროს ვგრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად. მოგეხსენებათ, ხატწერა ლოცვის ერთ-ერთი ფორმაა, ლოცვა კი ყველაზე მეტად გვამშვიდებს და გვაახლოვებს უფალთან. ხატწერით დილის ცხრიდან შუადღის სამ საათამდე ვარ დაკავებული, შემდეგ კი პედაგოგიურ მოღვაწეობას ვეწევი. წმინდანის ხატის დაწერა უდიდესი პასუხისმგებლობაა უფლისა და თავად იმ წმინდანის წინაშე, რომლის ხატსაც წერს ოსტატი. ხატწერა უდიდეს ნებისყოფას მოითხოვს, ყოველთვის უნდა ეცადო სიმშვიდე შეინარჩუნო (ეს ყოველივე ჩვენს ყოფითი პრობლემებით დამძიმებულ ცხოვრებაში მეტად რთულია) გაღიზიანებულმა, აფორიაქებულმა ხატმწერმა გამორიცხულია ფუნჯი ხელში აიღოს და რაიმე ღირებული გამოუვიდეს.

ირაკლი ლიჩელის ხატწერა

არსებობს ლოცვა ხატწერის წინ, სადაც მხატვარი ევედრება უფალს, დედა ღვთისმშობელს, ასევე ლუკა მახარებელს (გადმოცემის თანახმად ხატმწერი იყო, სწორედ მას უკავშირებენ ღვთისმშობლის პირველი გამოსახულების დახატვას)რათა დაეხმარონ გონების მოკრებაში, მუშაობის დროს გალობის მოსმენა, იესოს ლოცვა და იმ წმინდანის ცხოვრებაზე ფიქრი, რომლის ხატიც იწერება ორმაგად ეხმარება ხატმწერს სულიერი ხატის შექმნაში.

როგორ მიმდინარეობს ხატის შექმნის პროცესი?

თავდაპირველად დამკვეთი მეუბნება თუ რომელი წმინდანის ხატი სურს, ზოგჯერ ისეც ხდება რომ ითხოვენ მაქსიმალურად მიმსგავსებული იყოს რომელიმე უკვე შექმნილ ხატთან, უფრო ხშირად კი უბრალოდ მენდობიან და თვითონ ვურჩევ თუ როგორი სტილის ხატი ჯობია დაიწეროს. ირაკლი ლიჩელის ხატწერა ყოველთვის ვცდილობ, ჩემი ნამუშევარი შუა საუკუნეების ხატწერიდან გამოვიდეს, ეპოქიდან როცა საეკლესიო მხატვრობა განვითარების ზენიტში იმყოფებოდა, სხვადასხვა ხატებიდან ვცდილობ საინტერესო დეტალები ჩემს ხატში გამოვიყენო. რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, ყოველთვის ხარისხიან მასალას ვიყენებ, ფერები აუცილებლად ბუნებრივი წარმოშობის უნდა იყოს, ასევე ხარისხი, ანუ ფუნჯი, ლაკი, ოქრო და ა.შ. ჩემი აზრით, ხატწერის დროს უხარისხო მასალის გამოყენება დაუშვებელია, რადგან ეს ყოველივე მხატვრობის ხარისხზე აუცილებლად ცუდად აისახება…

რა არის საჭირო ხატწერის შესწავლისთვის?

ხატწერის შესასწავლად აუცილებელია ნიჭიც და სულიერებაც, სიღრმისეული გააზრება იმისა, თუ რას ვკიდებთ ხელს, რამხელა პასუხისმგებლობას ვიღებთ თავზე. ზერელე დამოკიდებულებით, რაც არ უნდა ხატვის დიდი ნიჭი ჰქონდეს ადამიანს, ხატწერის შესწავლას ვერ შეძლებს. ხატწერის სწავლასთან დაკავშირებით მინდა ერთი ძალიან დადებითი მოვლენის შესახებ გითხრათ. ერთი წლის წინ გამიჩნდა სურვილი ჩემს მშობლიურ ქალაქ ხაშურში დამეწყო ხატწერის სწავლება, ჩემი იდეა და სურვილი მალევე გავუზიარე სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსს, მეუფე სვიმეონს, რომელიც ინტერესით შეხვდა ჩემს იდეას. მისი ლოცვა კირთხევით და გვერდში დგომით,გ ასული წლის 1-ლი ივნისიდან ხაშურის რაიონში, წმ.მარინეს დედათა მონასტერში პირველი მსურველების მიღება დავიწყეთ. ამ ეტაპისთვის კი მოსწავლეების რაოდენობამ 15 გადააჭარბა. წმინდა ნიკოლოზი მადლობა უფალს, მსურველი კიდევ არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომელიც მალე შემოუერთდება ჩვენს გაკვეთილებს. აქვე მინდა დიდი პატივისცემით, აღვნიშნო ამავე მონასტრის წინამძღვრის-დედა იულიანას დახმარება, რომელმაც ძალიან თბილად მიგვიღო და ახლაც ყველანაირად გვერდში გვიდგას.

ეკლესიის მოხატვაზე თუ მუშაობთ?

ეკლისიის მოხატვაზე დამოუკიდებლად ჯერ არ მიმუშავია. ვფიქრობ, ამისთვის ჯერ ახალგაზრდა ვარ – გამოცდილებითაც და სულიერადაც. თუმცა, დიდი გამოცდილება დავაგროვე დიღმის მასივში, სამი დიდი მღვდელმთთავრის ბასილი დიდის, იოანე ოქროპირის და გრიგოლი ღვთისმეტყველის სახ. ტაძრის მოხატვის დროს. ვეხმარებოდი ძალიან გამოცდილ ხატმწერებს (დეკ. მამა იოსებ ვანიძე, ბ. მერაბ ბუჩუკური, ბ ლაშა ვანიძეს).

ირაკლი ლიჩელის ხატები დაბრძანებულია ქ.ხაშურის საკათედრო ტაძარში, ასევე ქ.ხაშურის წმ. ნიკოლოზის და წმ. მარინეს ტაძრებში, სოფელ მარტყოფთან, მთავარანგელოზთა კრების სახელობის ტაძარში, ყაზბეგის რაიონში, თბილისის სხვადასხვა ტაძრებში…

დაწერილი აქვს საგვარეულოს მფარველი ხატები, ბევრი ხატი არის კერძო პირთან, ასევე რამოდენიმე ხატი საქართველოს ფარგლებს გარეთაცაა. ბოლო პერიოდში მის მიერ დაიწერა წმ.ნინოს ხატი, გერმანიაში-ოსნბრუკის წმ.ნინოს სამრევლოს დაკვეთით.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.