მთავარი » ქრისტიანობა

11 სექტემბერი – იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.09.2017 ერთი კომენტარი | 16,182 ნახვა

“წინა-მორბედო და ნათლის-მცემელო იოანე, უდაბნოსა მოქალაქეო, რომელსა გესმა საღმრთო იგი ხმა მამისა, რომელი ღირს-იქმენ ძისა და უფლისა ნათლის-ცემად და იქმენ მხილველ სულისა წმიდისა, და ყოველთა გვიქადაგე ნათლისღება სინანულისა, ჩუენ ცოდვილთაცა მეოხ-გვეყავ, რათა ლოცვითა შენითა მოვიღოთ შენდობა ცოდვათა.”

იოანე ნათლისმცემელიიოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე ახალი სტილით 11 სექტემბერს (ძვ. სტილით 29 აგვისტოს) აღინიშნება. ქრისტიანები ამ დღეს მარხულობენ. ტაძრებში კი წირვა-ლოცვა აღევლინება.

უფალმა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან მიიღო ნათლობის მადლი, ნათლობა სინანულისა, ამიტომ ეწოდა მას “ნათლისმცემელი”. უდიდესი წინასწარმეტყველი, უფლის წინამორბედი, რომელმაც მაცხოვარს სამოღვაწეო ასპარეზი განუმზადა მოწამეობრივად აღესრულა.

იოანე ნათლისმცემლის სიკვდილი უკავშირდება ჰეროდე ანტიპას, ჰეროდეადასა და სალომეას სახელებს. სწორედ მათი ხელით აღესრულა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი.

ჰეროდე ანტიპამ (ჰეროდეს ძე, რომელმაც ბეთლემში ყრმათა ჟლეტა მოაწყო) ცოლად შეირთო თავისი ნახევარძმის ქალიშვილი, ავხორცობით განთქმული ჰეროდეადა, ის ამ დროს გათხოვილი იყო თავის ბიძაზე ჰეროდე ფილიპეზე. ერთხელ, როცა ჰეროდე ანტიპა ძმას ეწვია, ჰეროდეადამ მასთან დანაშაულებრივი კავშირი გააბა და დაითანხმა, ცოლს გაყროდა და იგი შეერთო. მათ ქორწინებას რჯული კრძალავდა და “უწმინდურად” მიიჩნევდა, ამიტომ ჰეროდე ანტიპას და ჰეროდეადას შეუღლებამ იუდეველები ძლიერ აღაშფოთა. მიუხედავად ამისა, ავხორცი და პატივმოყვარე ქალი თავის ქალიშვილთან ერთად ახალი ქმრის სასახლეში გადაბარგდა.

ანტიპამ თავისი რეზიდენცია მკვდარი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ციხე-დარბაზ მახერუნში გადაიტანა. აქვე ქადაგებდა და ნათელს სცემდა წინამორბედი. ის რამდენიმეჯერ მიუწვევიათ სასახლეში. ანტიპა იოანეს ქადაგებებს ერთხანს ინტერესით ისმენდა, სანამ წინასწარმეტყველმა იგი ულმობლად არ ამხილა და არ უთხრა: “არა ჯერ არს შენდა, ვითარმცა ცოლად გესუა ძმის-ცოლი შენი” (მარკ. 6:17). ანტიპამ იოანე საპყრობილში სწორედ ჰეროდეადას დაჟინებული მოთხოვნით ჩააგდო.

ჰეროდე ანტიპამ იცოდა, რომ ნათლისმცემელს დიდი გავლენა ჰქონდა ხალხზე. ეშინოდა, მის სიკვდილით დასჯას აჯანყება არ მოჰყოლოდა. ჰეროდეადამ კი მზაკვრული ჩანაფიქრი ერთ-ერთ თავაშვებულ ნადიმზე აღასრულა. ამ დღეს ჰეროდე ანტიპა ტახტზე ასვლისა თუ დაბადების დღეს ზეიმობდა.

ღრეობა, სადაც ჰეროდიადას ასულს, სალომეას ცეკვის სანაცვლოდ ნებისმიერი სურვილის ასრულება აღუთქვეს, საპყრობილეში ჯალათის წარგზავნითა და იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთით დაგვირგვინდა.

სალომეა დედას გაფრთხილებული ჰყავდა, ცეკვის სანაცვლოდ ჰეროდესგან იოანე ნათლისმცემლის თავი მოეთხოვა. ჰრქუა ჰეროდე მეფემან ქალსა მას: “მთხოვე, რაჲცა გნებავს, და მიგცე შენ. და ეფუცა მას, ვითარმედ: რაჲცა ითხოო, მიგცე შენ, ვიდრე ზოგადმდე მეფობისა ჩემისა. ხოლო იგი გამოვიდა და ჰკითხა დედასა თჳსსა, ვითარმედ: რაჲ ვითხოო? ხოლო მან ჰრქუა მას: თავი იოვანე ნათლის-მცემელისაჲ. და შევიდა ქალი იგი მსრწაფლ მეფისა და ჰრქუა: მნებავს, რაჲთა აწვე მომცე მე ლაკნითა თავი იოვანე ნათლის-მცემელისაჲ.”

ჰეროდეს მართალია ეშინოდა, რომ წინასწარმეტყველის მოკვლისთვის ღვთისგან ძალიან დაისჯებოდა, მაგრამ არ ისურვა დაერღვია სტუმრების წინაშე დაუფიქრებლად დადებული ფიცი და ბრძანა, ნათლისმცემლის მოკვეთილი თავი სალომეასთვის მიერთმიათ. მართლაც, უფლის წინამორბედის მოკვეთილი თავი სალომეას მიართვეს. “მეყსეულად წარავლინა მეჴრმლე მისი და უბრძანა მოღებად თავი მისი. ხოლო იგი წარვიდა და მოჰკუეთა თავი საპყრობილესა შინა და მოიღო თავი მისი ფეშხუენითა და მისცა ქალსა მას, და ქალმან მან მიართუა დედასა თჳსსა.”

ამ ამბიდან ძალიან მალე, იესო ქრისტეს უკანასკნელ პასექზე, ანტიპას კიდევ ერთხელ მიეცა შესაძლებლობა, გაეკეთებინა უდიდესი სიკეთე – იესო ჯვარცმისგან ეხსნა. მაგრამ ჰეროდეს მსგავსიც არაფერი ჩაუდენია. ამის შემდეგ ჰეროდეს მეფობა დაღმა დაეშვა. ღვთის რისხვა მას, ჰეროდიადასა და სალომეას სიცოცხლეშივე მიეწია. ზამთარში, გაყინულ მდინარეზე როკვისას სალომეას ყინული ჩაუტყდა, წყალში ისე ჩავარდა, რომ ყინულმა თავი მოაჭრა. გვამი მდინარეში ჩაიძირა, თავი კი ანტიპასა და ჰეროდეადას მიუტანეს. არაბეთის მეფემ თავისი ასულის შერცხვენისთვის ჰეროდეს წინააღმდეგ გაილაშქრა. ჰეროდე დამარცხდა, რის გამოც განრისხებულმა იმპერატორმა იგი თავის ცოლთან ერთად ჯერ გალიაში, შემდეგ კი ესპანეთში გადაასახლა. ერთ ღამეს მოულოდნელად მიწა გაიპო და ჰეროდე ჰეროდიადასთან ერთად, უფსკრულმა შთანთქა.

იოანე ნათლისმცემლის თემა აისახა მხატვრობასა და ქანდაკებაში. შუა საუკუნეების ხატწერაში იოანე ნათლისმცემელი ვედრების კომპოზიციის ერთ-ერთი აუცილებელი ფიგურაა.

მართლმადიდებელი ეკლესია წმიდანის შობის დღეს 7 ივლისს აღნიშნავს.

წმიდა იოანე ნათლისმცემლის ლოცვა შეეწიოს სრულიად საქართველოს.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ღვთის სიბრძნეს განეშორება ის, ვინც საკუთარ თავს ბრძნად ჩათვლის"- წმ. ისააკ ასური.