მთავარი » ქრისტიანობა

იოანე მთაწმინდელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.06.2010 6 კომენტარი | 4,816 ნახვა

ნეტარი მამა, იოანე (ერისკაცობაში ვარაზ-ვაჩე ჩორდვანელი), დაიბადა სამცხეში, დაახლოებით 920 წელს. წმინდანის მამა, საქართველოს მეფის, დავით კურაპალატის, კარზე დაახლოებული დიდებული იყო. იოანეს ბავშვობიდანვე საუკეთესო განათლება მიაღებინეს: “სიყრმითგან თჳსით განსწავლულ იყო თავისუფლისა ხელოვნებათა და გონიერ გონებითა და გულისჴმისყოფითა, მეცნიერი ენისა ელინთასა და სხვათაცა ენათა ზედმიწევნულობით სწავლული და აღსავსე სიბრძნითა და შიშითა ღვთისათა”.

მამა იოანეს ცოლ-შვილი, მოსავლელად, სიმამრმა, აბუჰარბმა და ცოლისძმებმა წაიყვანეს. წმიდა იოანე კი, მამების კურთხევით, საბერძნეთში გაემგზავრა და ულუმბოს მთის ერთ-ერთ მონასტერში შეუდგა მოღვაწეობას.

ამასობაში, საბერძნეთის იმპერატორმა ზემო ქვეყნები დავით კურაპალატს გადასცა და სანაცვლოდ, ერთგულების ნიშნად, ამ ქვეყნებიდან აზნაურთა შვილები მოითხოვა მძევლებად. მამა იოანეს ნათესავებმა, სხვებთან ერთად, იოანეს ძე, ექვთიმეც, მიჰგვარეს ბერძენთა მეფეს. იოანემ რომ შეიტყო ეს ამბავი, კონსტანტინეპოლში წავიდა და იმპერატორს თავისი შვილი გამოსთხოვა. მან თავისი ძე, ყრმა ექვთიმე (ხს. 13 მაისს), თან წაიყვანა და რამდენიმე სხვა მოწაფესთან ერთად, ათონის მთაზე წავიდა (დაახ. 965 წელს); აქ წმიდა ათანასეს ლავრაში დამკვიდრდა და ორი წელი მორჩილებაში გაატარა.

ამ დროს, წმიდა იოანესთან მივიდა ცნობილი ქართველი მხედართმთავარი, თორნიკე ერისთავი (ხს. 12 ივნისს), ბერად აღიკვეცა იოანეს სახელით და წმიდა ათანასეს კურთხევით, ლავრაში დამკვიდრდა სამოღვაწეოდ.

წმიდა ათანასეს ლავრას იმდენმა ქართველმა მიაშურა, რომ იოანე იძულებული გახდა, ლავრისგან მოშორებით, საკუთრად ქართველებისათვის აეშენებინა ეკლესია, იოანე მახარებლის სახელზე. ეკლესიასთან ერთად, ივერიელებმა სენაკებიც ააგეს საცხოვრებლად.

ამის შემდეგ დიდი ხანი არ იყო გასული, რომ საბერძნეთის მეფეებს, ბასილისა და კონსტანტინეს, ბარდა სკლიაროსი განუდგა და ძლიერ შეავიწროვა. იმპერატორების დედამ, თეოფანიამ, წერილი გაუგზავნა ათონელ მამებს და სთხოვა, თორნიკე სასახლეში მისულიყო. თორნიკეს საერო საქმეში ჩარევა არ უნდოდა, მაგრამ, იოანესა და ათანასეს რჩევით, გამოცხადდა საბერძნეთის სამეფო კარზე და დედოფლის თხოვნით, დავით კურაპალატს ეახლა საქართველოში.

დავით კურაპალატმა გაიხარა საყვარელი სპასალარის ხილვით, დედოფლის თხოვნაც შეასრულა და დამხმარე ლაშქარს თორნიკე დაუნიშნა სარდლად. ცხოვრებისაგან გადგომილ ბერს არ სურდა, ურჩობით უფალი გაენაწყენებინა და კვლავ სპასალარის უფლებით, სათავეში ჩაუდგა ქართველთა მხედრიონს.

ღვთის შეწევნითა და ქართველთა ლაშქრის დახმარებით, აჯანყებული ბარდა სკლიაროსი დამარცხდა. ბრძოლის ველიდან წამოღებული ნადავლი, დავით კურაპალატის სურვილით, იოანე-თორნიკემ ათონის წმიდა მთაზე წაიღო. “მამანი სიხარულით მიეგებნეს და ამბორი ჰყვეს და ჰმადლობდეს ღმერთსა, რომელმან კვალად მოაქცია მშვიდობით”.

უფლის ნებით, ათონის მთაზე ისე მომრალდნენ ქართველები, რომ წმიდა იოანემ და თორნიკემ ახალი ეკლესია-მონასტრების აშენება წამოიწყეს. სულ მალე ათონზე ორი ეკლესია აშენდა: ერთი – ღვთისმშობლისა, მეორე კი – იოანე ნათლისმცემლის სახელზე. ღირსმა მამებმა მთაწმინდის სხვა ეკლესია-მონასტრებსაც გაუწოდეს დახმარების ხელი.

ბრძოლის ველზე დაუმარცხებელმა სარდალმა და უხილავ მტერზე გამარჯვებულმა იოანე-თორნიკყოფილმა მშვიდად ჩააბარა სინანულით განწმენდილი სული უფალს.

თორნიკეს გარდაცვალების შემდეგ, მამა იოანეს, წმიდა მთაზე ჩამოვარდნილი შუღლის გამო, იქ ცხოვრება გაუძნელდა და გადაწყვიტა, რამდენიმე მოწაფესთან ერთად, სხვაგან წასულიყო სამოღვაწეოდ, მაგრამ ბერძენთა მეფის თხოვნით ისევ ათონზე დარჩა.

მამა იოანე ნეკრესის ქარებით დაავადდა და “მრავალთა წელთა ცხედართა ზედა დავრდომილი მდებარე იყო და ფრიადთა ტკივილთა მოითმენდა”. სიკვდილის წინ მან იხმო თავისი შვილი, წმიდა ექვთიმე და მონასტრის წინამძღვრობა გადააბარა. შემდეგ, როგორც უკვე წინამძღვარს, სთხოვა, შეენდო მისთვის ადამიანური სისუსტეები და დაუბარა, თავის შემდგომ გიორგისთვის (სხ. 18 ივლისს) გადაეცა წინამძღვრობა; დალოცა მამები და ძმები, ნეტარი ექვთიმეც “აკურთხა… ზეგარდამოჲთა კურთხევითა და ჴელთა შინა მისთა წმიდაჲ სული თჳსი ღმერთსა შეჰვედრა კურთხევითა და ჴელთა შინა მისთა წმიდაჲ სული თჳსი ღმერთსა შეჰვედრა და მშჳდობით მას ზედა დაწვა და დაიძინა”.

ღირსმა ექვთიმემ ჯეროვანი პატივით შემოსა მამის წმიდა ცხედარი, შემდეგ კი მის საფლავზე წმიდა მთავარანგელოზთა ეკლესია ააშენა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

6 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი