მთავარი » ქრისტიანობა

იოანე კიბისაღმწერელის ხსენება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.04.2021 | 3,915 ნახვა

დიდმარხვის მეოთხე კვირიაკეს წმიდა მამის, იოანე სინელის, კიბისაღმწერელის ხსენება აღინიშნება.

ღირსი იოანე სინელმა აღწერა სულიერი კიბე, რომლითაც ღვთივსათნო ცხოვრებით მოღვაწეები უფალთან მიდიან. წმიდა მამა მე-7 საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი 16 წლის ასაკში სინას მთაზე მივიდა. მონასტერში ოთხი წელი დაჰყო და შემდეგ ბერად აღიკვეცა. მოგვიანებით კი, 40 წელი უდაბნოში განმარტოებული ცხოვრობდა.

კიბისაღმწერელი

ღირს იოანეს ჰყავდა მოწაფე, სახელად მოსე. ერთხელ ღირსმა მამამ მორჩილს დაავალა ბოსტნისათვის მიწა მოეზიდა. შუადღის ხვატით ქანცგაწყვეტილი მოსე კლდის ძირას წამოწვა. ამ დროს წმიდა იოანე სენაკში ისვენებდა. მოულოდნელად მას გამოეცხადა ღირსებით აღსავსე მამაკაცი და უთხრა: „რატომ ისვენებ, როცა მოსე განსაცდელშია?“ ღირსი იოანე ლოცვად დადგა. როდესაც მოწაფე დაბრუნდა, მოძღვარმა ჰკითხა, რამე ხომ არ შეგემთხვაო. ბერმა უპასუხა, რომ კლდის ძირას დასასვენებლად წამოწოლილს ძილში მოესმა მოძღვრის ხმა, რომელიც უხმობდა, წამოხტა და გაიქცა. მოულოდნელად კლდეს ქვა მოწყდა და სწორედ იმ ადგილს დაეცა, სადაც მოსე იწვა.

ღირსი იოანე იკვებებოდა იმით, რასაც ბერული ცხოვრების წესი არ კრძალავდა. ღამით ეძინა იმდენი, რამდენიც საჭირო იყო ძალების შესანარჩუნებლად. უმაღლესი გონიერებითა და ღრმა სულიერი გამოცდილებით აღჭურვილი მამა სიხარულით მოძღვრავდა ყველა მნახველს. როდესაც მას მრავალსიტყვაობა უსაყვედურეს, ღირსმა იოანემ საერთოდ შეწყვიტა ლაპარაკი და ერთი წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღია. მოშურნეებმა შეიგნეს თავიანთი შეცდომა და ღირს მამას შეევედრნენ, არ მოეკლო მათთვის სულის მარგებელი საუბარი.

ადამიანთაგან თავისი ღვაწლი რომ დაეფარა, ღირსი იოანე ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე გამოქვაბულში, მაგრამ მისი მოღვაწეობის ამბავი ყველგან იყო ცნობილი. ხალხი რჩევის თუ ლოცვის სათხოვნელად უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა მასთან. 74 წლის ასაკში წმიდა მამა სინას სავანის იღუმენად აირჩიეს. სიცოცხლის ბოლო წლებში წმიდა იოანეს სასწაულმოქმედებისა და წინასწარხედვის ნიჭი მიემადლა უფლისაგან.

რაითის მონასტრის იღუმენის წმიდა იოანეს თხოვნით წმიდა იოანემ დაწერა „კიბე“ – სახელმძღვანელო სულიერი სრულყოფილების მიღწევისთვის. ამ ნაწარმოების მიზანია ქრისტიანს ასწავლოს, რომ ცხოვრებისათვის აუცილებელია თავგანწირვა და მოღვაწეობა. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ცოდვათაგან განწმენდა, ძველი ადამიანის ნაკლისა და ვნებების აღმოფხვრა, შემდგომ კი ადამიანში ღვთის ხატის აღდგენა. თუმცა წიგნი მონაზვნებისთვის დაიწერა, მისი მეშვეობით ნებისმიერი ქრისტიანი სწავლობს სულიერი ცხოვრების კიბის საფეხურების გავლასა და უფალთან მიახლოებას.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი