მთავარი » ჯანმრთელობა

ინსულტის დროული დიაგნოსტიკა აუცილებელია

ჟურნალისტი: | გამოქვეყნებულია: 05.08.20112 კომენტარი | 15,800 ნახვა

ინსულტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. იგი მესამე ადგილზეა სიკვდილის გამომწვევ დაავადებათა შორის.

რა არის ინსულტი, რა სიმპტომები ახასიათებს და როგორ უნდა ვიმკურნალოთ? ყოველივე ამის შესახებ “ამბიონი” ექიმ ნევროლოგ ნინო ბუკიას ესაუბრა:

ინსულტი“ინსულტი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლაა, რომელიც კეროვანი და დიფუზური (ზოგადტვინოვანი) ნევროლოგიური სიმპტომატიკის უეცარი (წუთების, საათების განმავლობაში) განვითარებით ხასიათდება.

ინსულტს განეკუთვნება: იშემიური ინსულტი (თავის ტვინის სისხლძარღვების თრომბით დახშობის შედეგად განვითარებული სისხლნაკლებობა), ჰემორაგიული ინსულტი (თავის ტვინის სისხლძარღვის კედლის დაზიანების გამო განვითარებული სისხლჩაქცევა) და სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა ( სისხლჩაქცევა თავის ტვინის გარსებქვეშ).

ნევროლოგიური დეფიციტის უკუგანვითარების დროის გათვალისწინებით განარჩევენ: საკუთრივ ინსულტს, როდესაც ნევროლოგიური დეფიციტი 3 კვირისა და მეტი ხნის განმავლობაში რჩება, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალ მოშლას (ტრანზიტორული იშემიური შეტევა), როდესაც ნევროლოგიური სიმპტომები უკუგანვითარებას განიცდის 24 საათში და მცირე ინსულტი, როდესაც ნევროლოგიური დეფიციტი დაავადების დაწყებიდან 3 კვირის განმავლობაში რეგრესირებს”.

- ისტორიული ექსკურსი

პირველი ცნობები ინსულტზე ჩვენს წელთაღრიცხვამდე 460 წელს ჰიპოკრატეს ნაშრომებში გვხვდება, სადაც აღწერილი იყო გონების დაკარგვის შემთხვევა თავის ტვინის დაავადების შედეგად. შემდგომში გალენმა აღწერა სიმპტომები, რომლებიც იწყებოდა გონების უეცარი დაკარგვით და აღნიშნა ტერმინით “აპოპლექსია”, რაც თარგმანში “დამბლას” ნიშნავს. ამ დროიდან ტერმინი „აპოპლექსია“ მედიცინაში უკვე ინსულტის აღსანიშნავად ხანგრძლივად და მყარად შემოვიდა.

უილიამ ჰარვეიმ 1628 წელს ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის პრინციპი სისხლის ცირკულაციის პროცესების აღწერით შეისწავლა, სადაც მან განსაზღვრა გულის, როგორც „ტუმბოს“ ფუნქცია. ამ ცნობებმა ინსულტის განვითარების მიზეზების შესწავლასა და მასში სისხლძარღვების როლის განსაზღვრას ჩაუყარა საფუძველი.

- რამდენად ხშირია ინსულტი და რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში?

ინსულტი საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა და მას, სიკვდილიანობის მაჩვენებლით, გულის იშემიური და სიმსივნური დაავადებების შემდეგ მესამე ადგილი უჭირავს. ინსულტის სიხშირე მერყეობს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში: 1 – დან 4 შემთხვევამდე ყოველ 1000 მოსახლეზე წელიწადში. ეპიდემიოლოგიური კვლევები ამ მხრივ საქართველოში არ ჩატარებულა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ინსულტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რუსეთის ფედერაციაშია და შეადგენს 486 შემთხვევას 100 000 მოსახლეზე, ხოლო საფრანგეთში კი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება – 151 შემთვევა 100 000 მოსახლეზე, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოში ინსულტით ავადობის მაჩვენებელი ამ ციფრებს შორის უნდა მერყეობდეს.
გამოთვლილია რომ მსოფლიოში ყოველწლიურად ინსულტით 6 მილიონამდე ადამიანი ავადდება, ანუ ყოველ 1,5 წუთში ერთს უვითარდება ეს დაავადება.

ტვინიასაკობრივი მაჩვენებლების მიხედვით: 65-74 წლის ასაკში ინსულტი 6 ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე 45-54 წლის ასაკში. იშემიური ინსულტი ინსულტების 70-85 % -ში გვხვდება, ჰემორაგიული ინსულტი – 20-25 %-ში, ხოლო სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა- შემთხვევათა 5% -ში. 45-54 წლის ასაკში ინსულტები მამაკაცებში 2 -ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე ქალებში, თუმცა 65 წლის ასაკისთვის ერთნაირი სიხშირითაა გამოვლენილი. თავის ტვინის გარსებქვეშ სისხლჩაქცევა (სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა) ძირითადად 25-50 წლის ასაკში გვხვდება და ქალებში ის 1.5 – 2-ჯერ უფრო ხშირია მამაკაცებთან შედარებით.

- ვის ემუქრება ინსულტი? საზოგადოების რა ნაწილი მიეკუთვნება რისკ-ჯგუფებს?

ინსულტის განვითარების რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება: ასაკი (> 60 წელი), მაღალი არტერიული წნევა, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები : გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია, გულის ინფარქტი), ათეროსკლეროზი, გულის მანკები და ა.შ ; შაქრიანი დიაბეტი, სისხლის დაავადებები (თრომბების წარმოქმნისადმი მიდრეკილება). წარსულში თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გარდამავალი მოშლის ეპიზოდი ერთ-ერთი წინაპირობაა ინსულტის განვითარებისა. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება გენეტიკურ წინასწარგანწყობას, ანუ თუ ინსულტი ჰქონდა ოჯახის რომელიმე წევრს (დედას, მამას, ბებიას, ბაბუას, დას, ძმას და ა.შ). რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება ასევე: თამბაქოსა და ნარკოტიკების მოხმარება, ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი, ჭარბი წონა. შესაძლოა ადამიანს ჰქონდეს რამოდენიმე რისკ-ფაქტორის თანხვედრა. ამ შემთხვევაში ინსულტის განვითარების რისკი შესაბამისად იზრდება. არსებობს სპეციალური შკალები, რომელთა მეშვეობითაც ინსულტის განვითარების ინდივიდუალური რისკის განსაზღვრა (პროცენტული მაჩვენებლებით) უახლოეს 10 წელიწადში არსებული რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით ხდება.

- რა იწვევს ინსულტს? ინსულტის რა სახეები არსებობს?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ინსულტი სხვადასხვა სახისაა და შესაბამისად, მისი გამომწვევი მიზეზებიცა და მექანიზმიც განსხვავებულია.

იშემიური ინსულტი, ანუ ტვინის ინფარქტი უფრო ხშირად უვითარდებათ 60 წელზე უფროსი ასაკის პირებს, რომელთაც ანამნეზში ჰქონდათ ათეროსკლეროზული ცვლილებები, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის რევმატიული მანკები, არითმიები, შაქრიანი დიაბეტი.

იშემიური ინსულტი ტვინის მკვებავი სისხლძარღვების თრომბებით დაცობის, ან ათეროსკლეროზული ფოლაქით შევიწროების შედეგად ვითარდება, რასაც ტვინის ქსოვილის შესაბამის უბანზე სისხლის მიწოდების შეწყვეტა მოჰყვება. ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდების შეწყვეტის გამო ტვინის უჯრედების ნაწილი იღუპება, ხოლო მის გარშემო არსებული უჯრედები განიცდიან „შიმშილს“. ადეკვატური და დროული ღონისძიებების ჩატარების შემთხვევაში ეს „ მოშიმშილე უჯრედები“ გადარჩებიან და განაგრძობენ ფუნქციონირებას. ამდენად, დროულ სამედიცინო დახმარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა ინფარქტის ზონა არ გაიზარდოს, რაც ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის, ან ღრმა ინვალიდიზაციის თავიდან აცილების გარანტიაა.

ჰემორაგიული ინსულტი, ანუ თავის ტვინში სისხლჩაქცევა ძირითადად 45-60 წლის ასაკშია გავრცელებული. ამ ადამიანებს ანამნეზში აღენიშნებათ მაღალი არტერიული წნევა, სისხლის დაავადებები, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, ტვინისა და ტვინის გარსების ინფექციური დაავადებები.

ჰემორაგიული ინსულტი უეცრად, ძირითადად დღის საათებში, ემოციური და ფიზიკური გადაძაბვის ფონზე ვითარდება. მაღალი არტერიული წნევის შედეგად ტვინის მკვებავ სისხლძარღვებში სტრუქტურული ცვლილებები ვითარდება, რაც მათი ელასტიურობის დაკარგვას იწვევს. მორიგი მაღალი არტერიული წნევის ფონზე შეცვლილი სისხლძარღვის კედელი ზიანდება, რაც ტვინის ქსოვილში სისხლის ჩაღვრასა და შესაბამისი უბნის დაზიანებას განაპირობებს.

სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა 30-60 წლის ასაკის პირებში ვითარდება. რისკ- ფაქტორებია: თამბაქოსა და ნაროტიკების (ხშირად კოკაინის მომხმარებლებში) ჭარბი მოხმარება, ქრონიკული ალკოჰოლიზმი, მაღალი არტერიული წნევა, ჭარბი წონა, თავის ტვინის სისხლძარღვების განვითარების ანომალიები (ანევრიზმა – სისხლძარღვის პარკისებური გაფართოება), სისხლის დაავადებები (ნამგლისებურუჯრედული ანემია) და სხვა.
სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევაც ასევე უეცრად ვითარდება. პაციენტები აღნიშნავენ ძლიერ, გამჭოლ (დანის ჩარტყმის მსგავს) ტკივილს და სიმხურვალის შეგრძნებას. ამ შემთხვევაშიც პათოლოგიურად გადაგვარებული სისხლძარღვის კედელი სკდება და სისხლი ჩაიღვრება არა ტვინის ნივთიერებაში, არამედ ტვინის რბილი გარსის ქვეშ -სუბარაქნოიდულ სივრცეში ( სივრცე ტვინის რბილ გარსსა და ტვინის ზედაპირს შორის).
კლინიკური გამოვლინებების სიმძიმე პირდაპირპროპორციულია ჩაღვრილი სისხლის მოცულობისა.

- რა სიმპტომები ახასიათებს ინსულტს?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ინსულტი დიფუზური (ზოგადტვინოვანი) და კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომებით ვლინდება.

ზოგადტვინოვანი გამოვლინებებიდან აღსანიშნავია: ცნობიერების მოშლა, გაბრუება, ძილიანობა, ან პირიქით, აღგზნება. შესაძლოა რამოდენიმე წუთით გონების დაკარგვა, ან კომა განვითარდეს. ძლიერ თავის ტკივილს ზოგჯერ გულისრევა ან ღებინება ახლავს თან. ხანდახან თავბრუხვევა ვლინდება. ადამიანმა შეიძლება დაკარგოს ორიენტირება დროსა და სივრცეში. ზემოთ აღნიშნულ სიმპტომებს თან ერთვის: წამოხურების შეგრძნება, ოფლიანობა, გაძლიერებული გულისცემა, პირის სიმშრალე.

ინსულტიზოგადტვინოვან სიმპტომებთან ერთად კეროვანი სიმპტომებიც ვითარდება. კლინიკური გამოვლინებები ტვინის დაზიანებული უბნის (დაზიანების კერის) ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. შესაბამისად სხეულის რომელიმე ნახევრის (მარჯვენა ან მარცხენა), კერძოდ, ხელისა და ფეხის ზოგჯერ სრულ დამბლამდე სისუსტე აღინიშნება (ჰემიპარეზი, ჰემიპლეგია). ამ შემთხვევაში მოძრაობები შეზღუდული, ან სრულად მოსპობილია. ასევე დამახასიათებელია მგძნობელობის დაქვეითება ან დაბუჟება იმავე მხარეს. პროცესში შეიძლება ჩაირთოს სახის კუნთებიც და მათი დამბლაც მივიღოთ. დაზიანების კერის ლოკალიზაციის მიხედვით შეიძლება განვითარდეს: მხედველობის დაქვეითება, მხედველობის ველის ნახევრის გამოვარდნა, სიელმე, გაორება (ერთი საგნის ორად აღქმა), სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება და ყველაზე ხშირი სიმპტომი: მეტყველების სხვადასხვა ხარისხის მოშლა (აფაზია).

ყურადსაღებია, რომ ჰემორაგიული ინსულტისას ზამოთ აღნიშნული სიმპტომები უეცრად, წამებსა და წუთებში ემოციური და ფიზიკური გადაძაბვის ფონზე ვითარდება, ხოლო იშემიური ინსულტის დროს, ხშირ შემთხვევაში, ნევროლოგიური დეფიციტი ძილის შემდეგ, თანდათანობით, წუთებისა და საათების განმავლობაში ვლინდება.

- როგორ შეიძლება წინასწარ ვიგრძნოთ ინსულტის მოახლოება?

ინსულტის წინასწარ განსაზღვრა რაიმე სპეციფიკური ნიშნით ცოტა ძნელია, რადგანაც მის დროს გამოვლენილი როგორც ზოგადტვინოვანი, ასევე კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომები თავის ტვინის სხვა დაავადებებსაც ახასიათებს (თავის ტვინისა და ტვინის გარსების ინფექციური და პარაზიტული დაავადებები, ტრავმა, სიმსივნე და ა.შ.). თუმცა უეცრად დაწყებული ძლიერი თავის ტკივილი, გაურკვეველი, დამარცვლილი მეტყველება, სხეულის ნახევარში განვითარებული დაბუჟება ან სისუსტე და სხვა ზემოთ აღნიშნული სიმპტომები ინსულტის აღმოცენების პირველ სიგნალს წარმოადგენს.

- რა პირველადი დახმარება შეიძლება გაეწიოს ადამიანს ინსულტის დროს?

პირველ რიგში, ავადმყოფი საწოლზე მოხერხებულად უნდა მოვათავსოთ, შევუხსნათ მჭიდროდ მომდგარი ტანსაცმელი და ვანიავოთ ოთახი, რათა სუფთა ჰაერის მიწოდება ადეკვატური იყოს. ავადმყოფს მოვაშოროთ პირიდან პროტეზი, პირნაღები მასები. თავი და მხრები უნდა იდოს ბალიშზე, რათა არ მოხდეს კისრის მოხრა და სისხლის მიმოქცევის გაუარესება ხერხემლის არტერიებიდან. დროულად გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა. გავზომოთ არტერიული წნევა. თუ არტერიული წნევის ციფრები ძალიან მაღალია, სასწრაფო დახმარების მოსვლამდე შეგვიძლია მივცეთ წნევის დამწევი საშუალებები, რომლებიც სწრაფად აქვეითებენ არტერიულ წნევას: კაპტოპრილი( კაპოტენი, კაპტი) 25 მგ. 1 აბი ენის ქვეშ, ან ჩავაღეჭინოთ, წნევის დაწევა იწყება 10 წუთში. წნევის ციფრების თუნდაც 10 – 15მმ/ვწყ/სვ დაქვეითებით სიკვდილიანობისა და შემდგომი ინვალიდიზაციის რისკი მნიშვნელოვნად მცირდება. ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ უბრალო ნიფედიპინი (კორინფარი, არარეტარდირებული ფორმა) – 10მგ. 1 აბი ენის ქვეშ. ის 20-25 წუთში აქვეითებს არტერიულ წნევას. ინსულტის განვითარების დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ძვირფასია პირველი წუთები და საათები. სწორედ ამ პერიოდში გაწეული პირველადი დახმარება და დროული ჰოსპიტალიზაცია ყველაზე ეფექტურია. ინსულტიანი ავადმყოფის ტრანპორტირება აუცილებლად მწოლიარე მდგომარეობაში უნდა მოხდეს.

- რა გამოკვლევებია საჭირო ინსულტის დიაგნოსტიკისათვის?

ინსულტის დროულ დიაგნოსტიკას, პაციენტის შემდგომი გამოჯანმრთელებისა და რეაბილიტაციის თვალსაზრისით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე ინსულტის სახეობის დადგენა მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას განსაზღვრავს. სწორედ ამის საშუალებას იძლევა ე.წ. ნეიროვიზუალიზაციის მეთოდები: თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) კონტრასტირებითა და მის გარეშე, კტ-ანგიოგრაფია (ტვინის ქსოვილთან ერთად მკვებავი სისხლძარღვების გამოსახვა), აგრეთვე უფრო დახვეწილი მეთოდები: მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) ანგიორეჟიმით, ან მის გარეშე (ანგიორეჟიმი- სისხლძარღვების გამოსახვით) , სპირალური ტომოგრაფია და ა.შ.

- მკურნალობა

ინსულტისას მკურნალობის დროული დაწყება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ინსულტის მკურნალობა როგორც თერაპიული, ასევე ქირურგიული მეთოდებით ხორციელდება. ჰემორაგიული ინსულტისას და სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევისას, როდესაც ჩაქცეული სისხლის მოცულობა დიდია და ტვინის ქსოვილზე ზეწოლა ხდება, საჭიროა სასწრაფო ქირურგიული ჩარევა, ჰემატომის ევაკუაცია (ჩაქცეული სისხლის ამოტუმბვა), ანევრიზმის არსებობის შემთვევაში – ანევრიზმის კლიპირება.

თერაპიული ღონისძიებებიდან: იშემიზირებული ტვინის უბნების სისხლის მიმოქცევის აღსადგენად მოწოდებულია ავადმყოფის სითხეებით ადეკვატური დატვირთვა; პარენტერალური გზით (ინტრავენური გადასხმები) მკურნალობა მიმართულია ისეთი პრეპარატების გამოყენებისაკენ, რომლებიც ტვინის მეტაბოლიზმსა და ჟანგბადის მიწოდებას აუმჯობესებენ; ასევე სასარგებლოა ანტიკოაგულანტებისა და დეზაგრეგანტების მოხმარება (იშემიური ინსულტისას). ისინი სისხლის რეოლოგიურ თვისებებს ავითარებენ; არტერიული წნევის მარეგულირებელი პრეპარატების მიღება, სტეროიდული და ანტიბაქტერიული თერაპია ინსულტის ადრეული გართულებების (ტვინის შეშუპება, ფილტვებისა და საშარდე გზების ანთება) თავიდან აცილების მიზნით.

- პროფილაქტიკა

ინსულტის პროფილაქტიკა მიმართულია რისკ-ფაქტორების თავიდან აცილებისაკენ. ამ დაავადების საწინააღმდეგო მნიშვნელოვანი საპროფილაქტიკო ღონისძიებებია: არტერიული ჰიპერტენზიის, ათეროსკლეროზის, გულის დაავადებების, ტრანზიტორული იშემიური შეტევების, ნარკოტიკების, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების, შაქრიანი დიაბეტის კორექცია.

- ხშირ შემთხვევაში როგორ სრულდება ინსულტი, რა გართულებები მოსდევს მას?

ინსულტისას ლეტალური გამოსავალი (სიკვდილიანობა) საკმაოდ მაღალია. კერძოდ, დაავადების განვითარებიდან პირველი 30 დღის განმავლობაში სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელი 35%-ს შეადგენს. გარდაცვალების რისკი სტაციონარში მკურნალობისას 24%-ია, სახლის პირობებში – 43%, დიდი ინსულტისას პირველი წლის განმავლობაში – 50%.

დღესდღეობით ინსულტი მოსახლეობის ინვალიდიზაციის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს წარმოადგენს. კერძოდ, ინსულტგადატანილი პაციენტების 70-80% ინვალიდია, ხოლო მათგან 20-30% საჭიროებს მუდმივ მოვლა-პატრონობას. ინსულტის შემდგომ ავადმყოფს შეიძლება დარჩეს მეტყველების (აფაზია), წერის (აგრაფია), მოძრაობის (ჰემიპარეზი), მხედველობის დეფექტები, ან დაკარგოს ცხოვრების მანძილზე შეძენილი უნარები (აპრაქსია), რაც ავადმყოფის ცხოვრების ხარისხს უკიდურესად აქვეითებს.

ინსულტის ადრეული გამოვლინებებიდან აღსანიშნავია: ტვინის შეშუპება, ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი, რაც სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზებია. შემდგომი პერიოდის გართულებებიდან აღსანიშნავია ფილტვებისა და საშარდე გზების ინფექციური დაავადება, რაც პაციენტის უმოძრაობის ფონზე ვითარდება. ამიტომაც საჭიროა პაციენტის ადრეული გააქტიურება: დღეში რამოდენიმეჯერ წამოჯენა, გულმკერდის ვიბრაციული მასაჟი, სუნთქვითი ვარჯიშები ( 5-7 რეზინის ბუშტის გაბერვა დღეში).

- ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია

მართალია, თავის ტვინს დიდი კომპენსატორული მექანიზმები გააჩნია, მაგრამ დაღუპული უჯრედების სრული აღდგენა, ხშირ შემთხვევაში, ვერ ხერხდება. სარეაბილიტაციო ღონისძიებები ტვინის რეზერვების სრულად გამოყენებისა და ადამიანის ფიზიკური, გონებრივი და ფსიქიკური შესაძლებლობების მაქსიმალური გაუმჯობესებისაკენ არის მიმართული. ყველაზე სასურველ შედეგებს იძლევა ინსულტის შემდგომი ადრეული სარეაბილიტაციო პროცესები, რომელშიც ჩართულია სხვადასხვა სპეციალისტი: ნევროლოგი, ფიზიოთერაპევტი, ერგოთერაპევტი, მეტყველების თერაპევტი, ფსიქოლოგი.

ნევროლოგი აკონტროლებს პაციენტის ნევროლოგიურ სტატუსს და მედიკამენტოზურ თერაპიას წარმართავს. ფიზიოთერაპევტი დაკარგული მოძრაობითი ფუნქციების აღდგენას უზრუნველყოფს. ერგოთერაპევტი ხელის მტევნის მოქმედების განახლებას ხელმძღვანელობს (ყველაზე ნატიფი ფუნცია ადამიანის ორგანიზმში), მეტყველების თერაპევტი მუშაობს მეტყველებისა და ყლაპვის გაუმჯობესებისათვის. მეტყველებისა და ყლაპვის მოშლისას ფსიქოლოგი პაციენტის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ზრუნავს, რათა მას არ განუვითარდეს ინსულტის შემდგომი დეპრესია, რაც ამ დაავადებას ძალიან ხშირად ახლავს. ამდენად, დროული და ადეკვატური სარეაბილიტაციო ღონისძიებები პაციენტის საზოგადოებრივ და სოციალურ რეინტეგრაციას განაპირობებს.

- მიეცით რჩევები საზოგადოებას, როგორ ავიცილოთ ინსულტი…

ინსულტისა და საერთოდ, მრავალი სხვა დაავადების თავიდან აცილების მთავარი წინაპირობა ცხოვრების ჯანსაღი წესია, რაც თავის თავში მოიცავს: კვების, დღის განრიგისა და ძილის მოწესრიგებას, ზომიერ ფიზიკურ და გონებრივ დატვირთვას, ვარჯიშს, ინსულტის გამომწვევი რისკ-ფაქტორების თავიდან აცილებას.

კვება უნდა იყოს რაციონალური, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი, დღეში 3-4 ჯერადი, მცირე ულუფებით. მოერიდეთ ცხოველურ ცხიმებს, რომელიც ზედმეტ ქოლესტერინს შეიცავს (კარაქი, არაჟანი, შებოლილი პროდუქტები, ღორისა და ცხვრის ხორცი), ზედმეტი მარილისა და ტკბილეულის გამოყენებას. რაციონში ჩართეთ მეტი ბოსტნეული და ხილი, თუ გულის უკმარისობის პრობლემა არ გაქვთ, მიიღეთ 1,5-2 სითხე (უბრალო სასმელი, ან მინერალური წყალი, ხილის წვენები), მოხარშული საქონლის მჭლე ხორცი, კვირაში ორჯერ მაინც მენიუში ჩართეთ მოხარშული თევზი (ორაგული, თინუსი, სარდინი). უმჯობესია იხმაროთ ზეითუნის ზეთი. ეს პროდუქტები შეიცავენ ომეგა-3 ცხიმოვან მჟავას, რომელიც ათეროსკლეროზისა და არტერიული ჰიპერტენზიის განვითარებას ხელს უშლის.

ზომიერი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა აუცილებელია, რადგანაც უმოძრაო ცხოვრების წესი და ჭარბი წონა, პირიქით, ინსულტის ერთ-ერთ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. ძილი უნდა იყოს არანაკლებ 7-8 საათისა დღე-ღამეში. ფიზიკური ვარჯიში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მეცნიერთა კვლევებით, ყოველდღიური 30 წთ-იანი ვარჯიში, ფეხით სეირნობა, ან სირბილი 25%-ით ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს. აგრეთვე აუცილებელია მავნე ჩვევების აღკვეთა (თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ნარკოტიკებზე დამოკიდებულება).

თუ გაწუხებთ ქრონიკული დაავადებები, რეგულარულად მიმართეთ ექიმ-სპეციალისტს. აუცილებლად იკონტროლეთ პულსი და არტერიული წნევა, სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონე.

ჯანმრთელი ცხოვრების წესის წარმართვითა და რისკ-ფაქტორების თავიდან აცილებით არა მარტო ინსულტს, არამედ მრავალ სხვა სერიოზულ დაავადებას აირიდებთ. გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება მედიაჰოლდინგ "ამბიონის" საავტორო უფლებები

2 კომენტარი »

დატოვეთ კომენტარი!

გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ აუცილებელი ველები.

"მოწყალებისა და თანაგრძნობის უნარი, - აი ჭეშმარიტი ბედნიერება, აი, ერთადერთი გზა, ზეცად მიმავალი," - ილია II.